ანზორ ჩუბინიძის ფაქტორი - სდსს: ყველაზე ჩრდილში მყოფი სპეცსამსახური, რომელიც სუს-სა და შსს-ზე ძლიერია?! - კვირის პალიტრა

ანზორ ჩუბინიძის ფაქტორი - სდსს: ყველაზე ჩრდილში მყოფი სპეცსამსახური, რომელიც სუს-სა და შსს-ზე ძლიერია?!

ერთი ძველი ამბავი მინდა გავიხსენო. თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლას სიმკაცრით გამორჩეული დირექტორი (პირობითად - ”შ“) ჰყავდა. სწორედ მასზე იყო ნათქვამი: „ მისი შიშით ჰაერში ფრინველი ვერ დაფრინავს და მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადისო“.

სკოლის ტერიტორიას ხომ სრულად აკონტროლებდა, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები სახლში რას აკეთებდნენ და როგორ იქცეოდნენ, ისიც აინტერესებდა. ამიტომაც კლასის დამრიგებლებს ევალებოდათ მოსწავლეების მუდმივი შემოწმება/კონტროლი. დირექტორი განსაკუთრებით ერთ დამრიგებელს (პირობითად - ”ჭ“) ენდობოდა. სკოლაში ჩუმად იმასაც ამბობდნენ ფრონტზე ერთად იყვნენ და ”ჭ“ მრავალ ბრძოლებში შემოწმებული მისი ერთგული კაცია და იმიტომ ენდობაო. ამ დამრიგებელს ჩაბარებული ჰქონდა ერთი დამამთავრებელი კლასი, სადაც ყველაზე რთულად სამართავი „ამრევი“ მოსწავლეები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ, თუ მოინდომებდნენ, მთელი სკოლა “შატალოზე“ წაეყვანათ და სასწავლო პროცესი ჩაეშალათ. ისინი მუდმივ ყურადღებას საჭიროებდნენ, მათ შორის - გაკვეთილების დასრულების შემდეგაც.

”ჭ“-ს თავისი ინფორმატორ/მოენეები ჰყავდა ყველა უბან/ეზოში და მოსწავლეების ყველა „შარიშური“ და „ცელქობა“ კარგად იცოდა. დირექტორმა იმდენად დახვეწა მართვის ამგვარი მეთოდი, რომ თითქმის ორი ათეული წელი ეჭირა მთელი სკოლა ხელში, იქამდე, სანამ განათლების რაიონული განყოფილების ახალმა და ახალგაზრდა გამგემ პენსიაზე არ გაუშვა. ”ჭ“-ც უკან მიჰყვა დირექტორს. რას ვიზამთ, მუდმივი არაფერია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ეს მივიწყებული ამბავი ახალი სასწავლო წლის დაწყებამ გამახსენა. თუმცა ლექცია-სემინარების განახლების მოლოდინმა „ჩვენ სკოლაში“ არსებული პრობლემები მაინც ვერ გადამავიწყა.

სამწუხაროდ, სუს-ის „საკადრო კონვეიერი“ შეუფერხებლად მუშაობს, საიდანაც, ბოლო ერთ წელიწადში უკვე მეხუთე (ლილუაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე, გელაძე და ბორაშვილი) უფროსი „ჩამოვიდა/ავიდა“. არც სხვა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამინისტრო/უწყებებშია საქმე სტაბილურად და იქაც მუდმივი საკადრო ცვლილებებია.

დღევანდელი მდგომარეობით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოს შვიდ სამინისტროს ან უწყებას აქვს. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ფინანსთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა. თეორიულად სწორედ ამ „შვიდმა ვეშაპმა“ (საგარეო დაზვერვის სააგენტოს ჩათვლით, რომელიც 2025 წლის 1 აგვისტოდან უკვე სუს-ის სტრუქტურაშია) უნდა შეძლოს ამ არეულ დროში და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს დაცვა შიდა და გარესაფრთხეებისგან, თუმცა ამგვარ პირობებში ვითომ ეს შესაძლებელია?

picture1-1790055517.png

ფოტო: ანზორ ჩუბინიძე

2012 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 22 სექტემბრამდე ამ შვიდ სტრუქტურაში 48 ჯერ შეიცვალა ხელმძღვანელი: შსს - 7-ჯერ; სუსი - 6-ჯერ, (მათ შორის დაზვერვის სამსახური/სააგენტო - 7- ჯერ); თავდაცვის სამინისტრო - 7-ჯერ; იუსტიციის სამინისტრო - 5-ჯერ; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - 9-ჯერ; მთავარი/გენერალური პროკურორი - 7-ჯერ. თუ იმასაც დავამატებთ, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, პრემიერ-მინისტრიც შვიდჯერ შეიცვალა, სურათი უფრო ნათელი (თუ პირიქით?) იქნება.

ერთადერთი უწყება, სადაც ამ პერიოდში ხელმძღვანელი ფაქტობრივად არ შეცვლილა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია (შემოკლებით - სდსს), რომელსაც 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი ანზორ ჩუბინიძე მეთაურობს (თუ არ ჩავთვლით 2014 წლის თებერვალ-დეკემბერში მის მცირეხნიან “ჩამოქვეითება-გადასახლებას” საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში). ვფიქრობ, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ჩინოვნიკების სისტემატური გაშვება/გადალაგების „პანორამის“ გაცნობის შემდეგ არ გაჩნდება კითხვა, თუ ვის ენდობა ყველაზე მეტად “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების ლიდერი. ვფიქრობ, საკამათო არ იქნება იმის დაშვება, რომ სდსს-ის უფროსს ძალზე ბევრი ფორმალური და უფრო მეტი არაფორმალური მოვალეობა/დავალების შესრულება უწევს. სამწუხაროდ, სდსს-ის როლი საქართველოს ისტორიაში და მისი აგენტურულ-ოპერატიული შესაძლებლობები დაუმსახურებლადაა მივიწყებული სუს-ისა და შსს-ს ფონზე.

picture2-1790055550.jpg

ფოტო: ანრი ოხანაშვილი

სდსს ყოველთვის ჩრდილშია, თუმცა ძალზე ბევრს აკეთებს. ამ სამსახურის წვდომა და მისი ინფორმაციული წყაროები ხშირად გაცილებით ღრმა და ეფექტიანია, ვიდრე - სუს-ისა და შსს-ს რესურსები და მონდომება. სდსს „მთავარი ბირთვი“: პირადი დაცვის დეპარტამენტი; სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი; ოპერატიული დეპარტამენტი და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი დასაცავი პირის და მისი ოჯახის წევრების „მფარველი ანგელოზები“ ხდებიან და აქტიურად არიან ჩართულნი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შიდა და გარეკომუნიკაციებში, პრობლემებსა და წარმატებაში. სდსს-ს მიერ დასაცავ პირთა ნუსხა საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვა შეიძლება დაენიშნოს სხვა დასაცავ პირს და მისი ოჯახის წევრებს, აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. განსაკუთრებული ყურადღება ბოლო ფორმულირებას უნდა მივაქციოთ: სახელმწიფო დაცვა შეიძლება დაენიშნოს ყოფილ საჯარო მოხელეს, თუ არსებობს ინფორმაცია საფრთხის შესახებ.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა ყოფილი ჩინოვნიკისათვის შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:

დასაცავი პირის გადაადგილების დაცვას - მუდმივ და დროებით მარშრუტებზე. მის მუდმივ და დროებით ყოფნის ადგილებში ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას - ანუ წინასწარ უსაფრთხოების შემოწმებას იმ ადგილების, სადაც დაცული პირი უნდა იმყოფებოდეს. დაცვის ობიექტებზე უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებას, მათ შორის - ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას კანონით დადგენილი წესით, როდესაც ეს სამსახურის კომპეტენციაში შედის. განსაკუთრებული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას, თუ არსებობს განსაკუთრებული ვითარება ან ოპერატიული ინფორმაცია დასაცავი პირის უსაფრთხოების საფრთხის შესახებ. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.

picture3-1790055577.png

ფოტო: მამუკა მდინარაძე

კანონში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრინციპია ორგანიზაციული, დაცვითი, რეჟიმული, ოპერატიულ-სამძებრო, ტექნიკური, ღია და ფარული მეთოდების ურთიერთშერწყმა. ასე რომ, პრაქტიკულად, „დაცვა“ მხოლოდ ერთი ან ორი შეიარაღებული პირის თანხლებას არ ნიშნავს - ის მოიცავს გადაადგილების მარშრუტების, საცხოვრებელი/სამუშაო ადგილების, შეხვედრებისა და სხვა კონკრეტული ღონისძიებების უსაფრთხოების კომპლექსურ უზრუნველყოფას და ა.შ.

საჯარო მოხელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო დაცვის დანიშვნის გამონაკლისი შემთხვევები რატომღაც ნორმად 2024 წლის შემდეგ იქცა. ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა 2024 წლის 23 მაისს დატოვა. მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, თანაც განკარგულების მოქმედება 2024 წლის 23 მაისიდან (?!) დაიწყო. ეს არის ძალიან საინტერესო შემთხვევა: შოთაძეს გადადგომიდან დაახლოებით სამ თვეში ოფიციალურად დაენიშნა სახელმწიფო დაცვა, გადაწყვეტილება კი გავრცელდა გადადგომის დღიდან. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი დაცვის ღონისძიებები 23 მაისის შემდეგაც “დე ფაქტო” გრძელდებოდა, 26 აგვისტოს კი მხოლოდ “დე იურედ” დამტკიცდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევა კი კიდევ უფრო საინტერესოა: 2025 წლის 12 მარტის მთავრობის განკარგულებით მისთვის სახელმწიფო დაცვა 2026 წლის 1 აპრილამდე გაგრძელდა. 2025 წლის 17 ოქტომბერს კი სუს-მა ღარიბაშვილის (ისევე, როგორც ლილუაშვილისა და ფარცხალაძის) სახლში ჩხრეკა ჩაატარა. 2025 წლის 24 ოქტომბერს ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს 1-მილიონიანი გირაო შეუფარდეს - გარდა ამისა, მას პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ამავე დღეს მას გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა და ირაკლი ღარიბაშვილმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ. 2026 წლის 12 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე, მისი დაკავებაც მოხდა.

ერთი წლის წინ, 2025 წლის 4 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა სუს-ის ყოფილ უფროსს ანრი ოხანაშვილს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში დაცვა მას „ყოფილი იუსტიციის მინისტრის“ და არა “ყოფილი სუს-ის უფროსის” სტატუსით დაენიშნა.

picture4-1790055609.jpg

ფოტო: გეკა გელაძე

2026 წლის 8 სექტემბრის მთავრობის განკარგულებით სუს-ის კიდევ ერთ ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, როგორც “მთავრობის ყოფილ წევრს”, 2027 წლის 1 აგვისტომდე დაენიშნა სახელმწიფო დაცვა. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 სექტემბრის №2197 განკარგულებით სუსის უფროსობიდან გათავისუფლებულ გელა გელაძეს მეორე დღესვე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა 2027 წლის 15 სექტემბრამდე.

ამ დროს ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით, უნდა არსებობდეს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დასაცავი პირის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. საინტერესოა, რა ინფორმაცია არსებობდა და არსებობს ანრი ოხანაშვილის, მამუკა მდინარაძის და გეკა გელაძის ან მათი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მუქარის შესახებ? ვისგან ემუქრებათ მათ საფრთხე? საზოგადებამ როგორ უნდა აღიქვას ის ფაქტი, რომ თუ მოქმედ (!) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, მაშინ რიგითი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა რა დონეზეა?

საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანაა, კარგად ვიცით. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ ყურადღებით წაიკითხავთ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილების (“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე”) ტექსტს. ამ დადგენილების №3 დანართის მე-9 პუნქტში პირდაპირაა დაფიქსირებული: „დაცვით სარგებლობის შესახებ დასაცავი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება, შეწყდეს ან შეჩერდეს მის მიმართ დაცვის ღონისძიებების განხორციელება.“ თუმცა იქვე მე-10 პუნქტი აზუსტებს: “პირადი დაცვის ან/და ობიექტის დაცვის (დაცვის განაწესის) მოხსნის შემთხვევაში, შესაძლებელია, შენარჩუნდეს უსაფრთხოების ცალკეული პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.”

ასევე დაგაინტერესებთ: ფარცხალაძის "ღალატის გზა": რა საიდუმლოს ინახავს "ეფ-ეს-ბეს" მეხუთე სამსახურის კართოტეკა?! - ყოფილი გენპროკურორის ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ბიოგრაფია

რატომ წავიდა სუსის უფროსობიდან გეკა გელაძე და რა მისია შეიძლება დაეკისროს ქართული სპეცსამსახურის ახალ შეფს - თამაზ ბორაშვილს?!

კიტოვანიდან ფარცხალაძემდე იგორ გიორგაძის "გავლით" - როგორ დაუფასებს პუტინი ანზოროვიჩს სამშობლოს ღალატს?!

ინიციალი "C" ანუ რატომ დანიშნეს ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის MI-6-ის გენერალურ დირექტორად?!

ასე რომ, ფორმულირება - „შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს“ ნიშნავს, რომ დასაცავი პირის უარი და გადაწყვეტილება სამართლებრივი საფუძველია, მაგრამ ნორმატიული ტექსტი არ ამბობს, რომ დაცვა ავტომატურად, იმავე დღეს და ყოველგვარი სხვა მოქმედების გაგრძელების გარეშე შეწყდება. სდსს თავად განსაზღვრავს, რა „ცალკეული პრევენციული ღონისძიებები“ (მათ შორის ფარული) დატოვოს და შეინარჩუნოს! სხვადასხვა ისტორიული ფაქტი ადასტურებს, რომ შესაბამისი დავალების არსებობის შემთხვევაში, „დაცვის“ ეს „ღონისძიებები“ მეთვალყურეობის ოპერაციებად უპრობლემოდ შეიცვლება.

ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვა იმ „დამრიგებელს“ დაემსგავსება, რომელიც ქართველ ყოფილ „შტირლიცებს“ ყურადღებით აკვირდება, რათა სახლში არ „იცელქონ“ და „საშინაო დავალება“ მითითებების შესაბამისად შეასრულონ. შეიძლება ვინმე “ახირებულმა” ისიც თქვას: ეს დაცვა კი არა “ჩიტის გალიაში” გამოკეტვა არის და რაც უნდა იფართხალო, მაინც ვერ გამოფრინდებიო. თუმცა, როგორც იტყვიან: “ენას ძვალი არ აქვს”.