ტრამპი-ზელენსკის დღევანდელი „მძიმე“ შეხვედრის წინ,  უკრაინამ მორიგი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააგიზგიზა... - კვირის პალიტრა

ტრამპი-ზელენსკის დღევანდელი „მძიმე“ შეხვედრის წინ  უკრაინამ მორიგი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააგიზგიზა...

22 სექტემბრის გამთენიისას რუსეთის ქალაქ სამარაში მოქმედ კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მორიგი საჰაერო დარტყმა მიაყენეს და მას ცეცხლი გაუჩინეს...

ამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინულმა მხარემ მესამედ მიაყენა ასეთი სერიოზული ზიანი და ამაში თითქოს განსაკუთრებული უკვე აღარაფერია...

თუმცა ეს მოხდა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების დღევანდელ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, სწორედ იმ შეხვედრამდე, რომლიც, სავარაუდოდ, ძალიან „მძიმედ“ წარიმართება ტრამპსა და ზელენკის შორის...

ამ შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება, პრეზიდენტ ზელენკსის თავის „მუდმივი“ ხვეწნა-თხოვნა ექნება ტრამპის მიმართ - როგორმე ამერიკამ უკრაინას მიჰყიდოს „პეტრიოტის“ ანტირაკეტების საჭირო რაოდენობა, რათა ამ ზამთარს უკრაინელმა სამხედროებმა დედაქალაქ კიევის დაცვა მაინც შეძლონ რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან...

ზელენკის თხოვნა, მინიმუმ, 300 ანტირაკეტას მოიცავს, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით ტრამპი არც ერთ ანტირაკეტას არ მიჰყიდის უკრაინას იმ მოტივით, რომ თავად ძალიან სჭირდება „პეტრიოტის“ ანტირაკეტები სპარსეთის ყურეში ამერიკული სამხედრო ბაზებისა და, ასევე, ისრაელის დასაცავად, ირანული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებისას.

სამაგიეროდ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ძალზე „მიმწოლი“ იქნება უკრაინელი კოლეგის მიმართ შემდეგ საკითხში - უკრაინამ სასწრაფოდ შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე საჰაერო დარტყმები, რადგან ამან, თურმე, მსოფლიოში დიზელის საწვავის დიდი დეფიციტი გამოიწვია!

და ამას ითხოვს იმ ზესახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც დაუშვა სტრატეგიული დონის შეცდომა, აჰყვა ისრაელის პრემიერ-მინისტრის „იდეებს“ და აშშ-ს შეატოპინა ირანთან „ომის ჭაობში“, რომლიდანაც „მშრალად“ გამოსვლა ტრამპის ადმინისტრაციას უკვე აღარ გამოუვა.

და რატომ აკეთებს აქცენტს ტრამპი მხოლოდ დიზელის საწვავის გაძვირებაზე (რომლის ერთი გალონი ამერიკულ საწვავის გასამართ სადგურებში უკვე 6,4 დოლარი ღირს, რაც ამერიკელ ამომრჩეველს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ავტომატურად უარყოფითად განაწყობს), როდესაც ასევე ძალიან გაიზარდა ბენზინისა და საავიაციო ნავთის მსოფლიო ფასებიც და ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომზე მეტად სწორედ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა, რომლიდანაც მსოფლიო საწვავის 20%-ზე მეტს იღებდა?

უბრალოდ, ტრამპს სურს, თავისი უზარმაზარი სამხედრო-პოლიტიკური შეცდომა, რამაც რეალურად გამოიწვია საწვავზე მსოფლიო ფასების ამხელა ზრდა, ამერიკელი ამომრჩევლის თვალში რუსეთ-უკრაინის ომს და კერძოდ... უკრაინული კამიკაძე-დრონების რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სისტემატურ თავდასხმებს გადააბრალოს...

კიდევ კარგი, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა აღარ გაიმეორა ა.წ.-ის 28 თებერვლის შეცდომა, ირანზე ისრაელთან ერთად შეტევის დაწყების სახით და ამჯერად აღარ აჰყვა საუდის არაბეთის თხოვნას, ერთად დაერტყათ იემენელი ჰუსიტებისთვის (ინკოგნიტო ამერიკელი გენერლები აღიარებენ, რომ უკვე ბომბებ და რაკეტებჩამოკიდებული ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა იემენელ ჰუსიტებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება), წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაბ-ელ-მანდების სრუტეც დღეს ჰუსიტებს მარტო საუდის არაბეთისა და ისრაელის ტანკერებისთვის როდი ექნებოდათ ჩაკეტილი, არამედ, ირანელებივით ყველა ტანკერს ესროდნენ, რაც ნავთობის მსოფლიო ფასს საერთოდ კოსმოსში „გააფრენდა“...

რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სისტემატური თავდასხმების შედეგად უკრაინამ მოახერხა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი წარმოების 45%-ის მწყობრიდან გამოყვანა, რაც მართლაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკისთვის და, პირველ რიგში, იმ რუსული საოკუპაციო ძალების ჯავშანტექნიკის, სამხედრო ხომალდებისა და საბრძოლო ავიაციისთვის, რომლებიც ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან მიღებული დიზელის საწვავის, საავიაციო ნავთის, მაზუთისა და ბენზინის გამოყენებით აგრძელებენ ომს უკრაინის სრულად დასაპყრობად.

შესაბამისად, იმ უკრაინისთვის, რომელსაც ფრონტის ხაზზე ძალზე უჭირს ბევრად ძლიერი აგრესორი რუსეთის შეკავება, პირდაპირ მისწრებაა რუსული ნავთობგადმამუშავებელი ქარხნების სისტემატურად აგიზგიზება, რითაც უკრაინელები უკან, სახლში უბრუნებენ რუსებს მათი ლიდერის მიერ დაწყებულ ამ საშინელ ომს, რასაც ყველაფერთან ერთად ძალიან დიდი პროპაგანდისტული ელფერიც ეძლევა, როდესაც რუსული ქალქების მილიონობით მაცხოვრებელი უკვე ტელევიზორის ეკრანზე კი არა, არამედ საკუთარი ფანჯრებიდან ხედავს მეზობლად აგიზგიზებულ მორიგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლიდანაც ამოსული შავი კვამლი ცას ფარავს...

და მიუხედავად ასეთი „კოზირისა“, ზელენსკი დაეთანხმება ტრამპის ზეწოლას რუსულ ნავთობგამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებისთვის, ოღონდ მთავარი პირობით - რუსეთიც საპასუხოდ აჩერებს უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას...

და სწორედ აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული - ომის დაწყების დღიდან, როდესაც კრემლს ჩაეფუშა მთელი უკრაინის ბლიცკრიგით დაპყრობა, პუტინი ომის ყველა წლის ზამთრის დადგომას მოუთმენლად ელის, რათა რუსულმა ბალისტიკურმა და ფრთოსანმა რაკეტებმა, კამიკაძე-დრონებმა და საავიაციო ბომბებმა, რაც შეიძლება მეტი უკრაინული ელექტრო და თბოსადგური, ასევე, სასმელი წყლის საქაჩები და კანალიზაციის სისტემები ააფეთქონ, რათა უკრაინული ქალაქებისა და, პირველ რიგში - დედაქალაქ კიევის მილიონობით მაცხოვრებელს უშუქოდ, სითბოსა და სასმელი წყლის გარეშე გაუსაძლისი პირობები შეუქმნან, რათა უკიდურესად გაჭირვებულმა მოსახლეობამ უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვოს მათი ქვეყნის წამგებიან ზავზეც წასვლა, ოღონდ რამენაირად დამთავრდეს ეს სასტიკი ომი...

ომის ოთხი ზამთრის შემთხვევაში პუტინის რუსეთმა ამას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ დაუნდობელი დაბომბვები არ დაუკლია უკრაინული ქალაქებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ: რუსეთი ევროპას წლის ბოლოს დაარტყამს?! - რეალური საფრთხე თუ სიტუაციის სპეციალურად დაძაბვა?

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ...

უკრაინელებს მორიგი საფრთხე გამოუჩნდათ ბალისტიკურად გადაკეთებული რუსული საზენიტო რაკეტების სახით...

რუსულ „ალიგატორს“ აფრენა არ აცადეს - როსტოვის სამხედრო აეროდრომზე უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგები

2026-27 წლების ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი ემზადება კიდევ უფრო „სასიკვდილო“ ზამთარი მოუწყოს უკრაინელებს და ამიტომაც, დიდი ალბათობით, პუტინი არანაირად არ წავა შეთანხმებაზე, რომელიც ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივ მორატორიუმს გაითვალისწინებს...

ტრამპს კი შეუძლია, სცადოს ზელენსკიზე პირდაპირი ზეწოლა (რაც მილიონობით ადამიანმა ერთხელ უკვე იხილა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გადაღებულ ვიდეოკადრებში, 2025 წლის თებერვალში), მაგრამ აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი ამას ვერ გაუბედავს რუსეთის მე-2, მე-4 და მუდმივ პრეზიდენტს...