რატომ ადანაშაულებდა ილჰამ ალიევი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ემანუელ მაკრონს?! - საფრანგეთის დაზვერვის მძიმე დღეები სამხრეთ კავკასიაში
ისტორიული მაგალითები ადასტურებს, რომ სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა ძალზე მავნეა, როგორც ამ სამსახურების უფროსების კარიერის, ასევე - ჯანმრთელობისთვის.
გასული საუკუნის 20-50-იან წლებში საბჭოთა იმპერიის სპეცსამსახურების, ფაქტობრივად, არც ერთი ხელმძღვანელი არ გარდაცვლილა თავის სიკვდილით - ისინი საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელების რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. მომდევნო ათწლეულებში კი, თუ სიკვდილით აღარ სჯიდნენ, სპეცსამსახურის ხელმძღვანელის ბედს და კარიერას მაინც პოლიტიკური ხელმძღვანელობა წყვეტდა: ზოგ ქვეყანაში ობიექტური, ზოგან კი - სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე. დღეს მინდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მძიმე დღეების შესახებ ვისაუბროთ.
აზერბაიჯანში დიპლომატების მუნდირს შეფარებული ფრანგი მზვერავების ჩავარდნას, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (DGSE) გენერალური დირექტორის, ბერნარ ემიეს გათავისუფლება მოჰყვა. საქართველოში კი 2026 წლის მაისში, ასევე ფრანგი მზვერავ -„დიპლომატების“ გამოვლენის შემდეგ, სულ რამდენიმე თვის მანძილზე სუს-ის ორმა უფროსმა დაკარგა პოსტი. თუ პირველ შემთხვევაში ეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დადასტურებულია, მეორე შემთხვევაში - ეს ჯერ ვარაუდი/ვერსიის დონეზეა.

ფოტო: ბერნარ ემიე
საფრანგეთის მიერ სომხეთისადმი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის ფონზე და აზერბაიჯანის მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ მზარდი პოლიტიკური და საინფორმაციო შეტევის პირობებში, ამ ქვეყნებს შორის არსებულმა ფარულმა დაპირისპირებამ 2023 წლიდან უკვე „დიპლომატიური ომის“ ფორმა მიიღო. 2023 წლის 4 დეკემბერს ბაქოში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანში რეგისტრირებული კომპანია „მერკორამას“, რომელიც საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის იმპორტის სფეროში საქმიანობდა, აღმასრულებელი დირექტორი, საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი, რომელიც აზერბაიჯანში 2015 წლიდან ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. 2026 წლის 16 მარტს ბაქოს სასამართლომ ფრანგ ბიზნესმენ მარტინ რაიანს, ჯაშუშობის ბრალდებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ერთ ბრალდებულს, აზერბაიჯანის მოქალაქე აზად მამადლის, „სამშობლოს ღალატის“ მუხლით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მარტინ რაიანის ხელმძღვანელობაში დადანაშაულებული აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები კი გაძევებულნი იქნენ ქვეყნიდან.

ფოტო: მარტინ რაიანი
ფრანგი ბიზნესმენი მარტინ რაიანი, რომელსაც ბაქო საფრანგეთის სპეცსამსახურის აგენტ-ჯაშუშად მიიჩნევს, დანაშაულს არ აღიარებს. მან უარყო ჯაშუშობის ბრალდებები და მხოლოდ საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებთან კონტაქტების დამყარებისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მათ შესახებ ინფორმაციის გაუზიარებლობის გამო მიიჩნია თავი დამნაშავედ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა, უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილება, აქვს ბიზნესკავშირები, იცის უცხო ენები და ადგილობრივ გარემოსთან საკმაოდ ადაპტირებულია. ეს ყველაფერი მარტინ რაიანს საშუალებას აძლევდა, ჰქონოდა ფართო კონტაქტები, როგორც ადგილობრივ, ისე - უცხოელ ბიზნესმენებთან და აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებთან. ეს ჩამონათვალი თავისთავად მის ჯაშუშობას არ ადასტურებს, თუმცა საფრანგეთის დაზვერვისთვის რაიანი პოტენციური ოპერატიული ღირებულების მქონე პირი ნამდვილად გახლდათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, საფრანგეთის DGSE-ის თანამშრომლებმა რაიანი აგენტ-ინფორმატორად გადაიბირეს და მას უნდა მიეწოდებინა საკმაოდ ფართო პროფილის სადაზვერვო ინფორმაცია, კერძოდ: აზერბაიჯანში წარმოებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ; აზერბაიჯანის არმიის შემადგენლობისა და იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, რომლებიც თანამშრომლობაზე დათანხმდებოდნენ; ინფორმაცია ფრანგულ ენაზე განათლებამიღებული აზერბაიჯანელების შესახებ; აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან, ასევე, იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის შესახებ; რუსეთთან, თურქეთთან, პაკისტანთან, ირანთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ალჟირთან, სომალისთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ და ა.შ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულები შეხვედრებს მართავდნენ საელჩოს მეორე მდივან ფრედერიკ დევოსთან და საელჩოს სხვა თანამშრომლებთან. გამოძიების ვერსიით, ფრანგი დიპლომატები ცდილობდნენ აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცის მიღებასა და ადგილობრივი მოქალაქეების საიდუმლო თანამშრომლობისთვის გადაბირებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის აზერბაიჯანის გამოძიებისა და სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ვერსია. მისი დადასტურება ან უარყოფა საჯაროდ ხელმისაწვდომი და სრულიად სანდო სხვა წყაროებით ამ ეტაპზე შეუძლებელია.
2023 წლის 26 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ან ბუიონი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მკაცრი პროტესტი განუცხადეს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ქმედებების გამო, რომლებიც შეუთავსებელი იყო მათ დიპლომატიურ სტატუსთან და ეწინააღმდეგებოდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციას, და საფრანგეთის ელჩს აცნობეს, რომ ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ „პერსონა ნონ გრატად“ (არასასურველ პირებად) გამოაცხადა. ამ პირებს მოსთხოვეს აზერბაიჯანის ტერიტორიის 48 საათის განმავლობაში დატოვება და შესაბამისი ნოტა წარუდგინეს ფრანგულ მხარეს.

ფოტო: ან ბუიონი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2022-2025 წლებში.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, ფრედერიკ დევომ ფარული თანამშრომლობისთვის გადაიბირა ფრანგი ბიზნესმენი, კომპანია Mercorama LLC-ის ხელმძღვანელი მარტინ რაიანი, ხოლო მისი მეშვეობით კავშირი დამყარდა აზერბაიჯანის მოქალაქე აზად მამედლისთან. ამიტომ ქვეყნიდან გააძევეს ფრანგი დიპლომატები: საფრანგეთის საელჩოს მეორე მდივანი ფრედერიკ დევო (Frédéric Devos) და მესამე მდივანი ლორან ლოდი (Laurent Lody). სასამართლო პროცესი ბაქოში 2025 წლის იანვარში, მარტინ რაიანისა და აზად მამადლის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ (!) დაიწყო და განაჩენი მხოლოდ 2026 წლის მარტში (!!!) გამოცხადდა. აზერბაიჯანის ერთპიროვნული მმართველი ილჰამ ალიევი ცდილობდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანეულ მაკრონის პოლიტიკური

ფოტოზე დაფიქსირებულია საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი სუმგაითში, „სოკარ პოლიმერის“ კომპანიაში, 2020 წლის 21 თებერვალს. ცენტრში ელჩი ზაქარია გროსი, მის გვერდით ფრედერიკ დევო.
დამცირებისგან მიღებული სიამოვნება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. ბაქოში საფრანგეთის აგენტურული ქსელის გამოაშკარავებისა და ფრედერიკ დევოს გაძევებისთანავე, 2023 წლის 20 დეკემბერს, თანამდებობიდან გადააყენეს DGSE-ის დირექტორი ბერნარ ემიე. პრეზიდენტმა მაკრონმა მას არ აპატია დაზვერვის წარუმატებლობება აზერბაიჯანში, ამის შემდეგ დაწყებული საერთაშორისო სკანდალი და საფრანგეთის დაზვერვის ქილიკი, განსაკუთრებით, ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან. 2024 წლის 9 იანვარს საგარეო დაზვერვის გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი ნიკოლა ლერნერი დაინიშნა.

ფოტო: საფრანგეთის “პირველი მზვერავი” ნიკოლა ლერნერი
აზერბაიჯანში საფრანგეთის დაზვერვის მარცხს მალე “თბილისური ფიასკო” მოჰყვა. 2026 წლის მაისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება/მინიშნებით საქართველოს ორი მოქალაქე საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ იყვნენ გადაბირებულები და მათ დავალებებს ასრულებდნენ. 2026 წლის ივნისის დასაწყისში კი სპეციალიზებულმა საერთაშორისო საიტებმა (Intelligence Online და SPY NEWS) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაის-ივნისში საფრანგეთმა საქართველოდან სამი (ზოგი ინფორმაციით - ორი) დაზვერვის ოფიცერი სასწრაფოდ გაიწვია. საინტერესოა, ხომ არ იყო რაიმე კავშირი საფრანგეთის დაზვერვის ამ ორ ჩავარდნას შორის?
ასევე დაგაინტერესებთ: ანზორ ჩუბინიძის ფაქტორი - სდსს: ყველაზე ჩრდილში მყოფი სპეცსამსახური, რომელიც სუს-სა და შსს-ზე ძლიერია?!
თუ გავითვალისწინებთ საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელ პერიოდში ძალზე გართულებულ ურთიერთობებს, საქართველოში განვითარებული „ჯაშუშური თავგადასავლები“ და „საფრანგეთის დაზვერვის აგენტების გამოვლენა“ ბაქოსთვის ძალზე სასიამოვნო ინფორმაცია იქნებოდა. მით უფრო, თუ ილჰამ ალიევის „ანტიმაკრონულ“ განწყობებს გავიხსენებთ. ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში რუსეთის პროპაგანდისტული VGTRK-თან და RIA Novosti-სთან ტელეინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მაშინ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: „კარგია, რომ სიტუაცია საქართველოში უკვე სტაბილურობისკენ მიდის, და ხედავთ, ისევ მაკრონის „ყურები ჩანს“. ამ კაცს არ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში იჯდეს და აუცილებლად უნდა ჩაერიოს საქართველოს საქმეებშიო“. როგორ ფიქრობთ ამ განწყობის მქონე, ფაქტობრივად შეუზღუდავი რესურსების მქონე პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, არ გაუმართავდა ფარულ ბრძოლას პრეზიდენტ მაკრონს საქართველოშიც? ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს შორის ოფიციალური შეხვედრები რეგულარულად იმართება და

“იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის”
არაოფიციალურს ვინ დათვლის? აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უცვლელი უფროსი ალი ნაგიევი, რა თქმა უნდა, მიაწვდიდა საფრანგეთის საგარეო დაზვერვის შესახებ არსებულ იმ ინფორმაციას ქართველ კოლეგებს, რასაც მარტინ რაიანის საქმის საგამოძიებო მასალებიდან საქართველოსთან ექნებოდა რაიმე შემხებლობა. საფრანგეთის დაზვერვის სავარაუდო მეორე მარცხი უკვე ნიკოლა ლერნერის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა. ბაქოსთან კრიზისის განმუხტვის მიზნით, საფრანგეთის დაზვერვის გენერალური დირექტორი აქტიურ კულუარულ დიპლომატიაში ჩაერთო. დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 2026 წლის 23 სექტემბერს, პარიზსა და ბაქოს შორის მიღწეული ფარული დიპლომატიური შეთანხმების (ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის) საფუძველზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მარტინ რაიანი შეიწყალა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. არსებული ინფორმაციით, “რიგითი აგენტის, რაიანის” წამოსაყვანად აზერბაიჯანში პირადად საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ნიკოლა ლერნერი ჩავიდა. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ საბაბი იყო და მას პრეზიდენტ მაკრონის დანაბარები ექნებოდა ილჰამ ალიევისთვის გადასაცემი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კვლავ მეგობრული გახდება. ერთი კი ნამდვილად უნდა ითქვას: პირველი პარტია ილჰამ ალიევის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ხომ გაგიგონიათ: “იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო.” უახლოესი მომავალი კი გვიჩვენებს თუ რა ტრაექტორიით განვითარდება საფრანგეთ-საქართველოს, ისტორიულად მუდამ მეგობრული, ურთიერთობები.