აზიური „ტიტანიკი“ - უდიდესი საზღვაო კატასტროფა მშვიდობიანობის დროს - კვირის პალიტრა

აზიური „ტიტანიკი“ - უდიდესი საზღვაო კატასტროფა მშვიდობიანობის დროს

სამგზავრო ბორანი "დონია პასის" ჩაძირვა მშვიდობიანობის დროს მომხდარი ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფაა ისტორიაში. მასზე 4 300 კაცი იმყოფებოდა - თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე "ტიტანიკზე".

"დონია პასი" 1987 წლის დეკემბერში ფილიპინების სანაპიროსთან ჩაიძირა. ის ფაქტი, რომ ბორნის თითქმის ყველა მგზავრი დაიღუპა, მას XX საუკუნის ნაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და მასშტაბურ ტრაგედიად აქცევს.

შობა, რომელსაც ვერავინ შეხვდა

1987 წლის 20 დეკემბერი შობის წინა კვირა იყო. ხომალდის მგზავრების უმეტესობას შეადგენდნენ სტუდენტები, დაბალშემოსავლიანი მუშები და ოჯახები, რომლებიც დღესასწაულის საყვარელ ადამიანებთან ერთად გასატარებლად მანილაში მიემგზავრებოდნენ.

დაახლოებით 22:30 საათზე "დონია პასი" ტაბლასის სრუტეს გადიოდა. მგზავრების უმეტესობას ეძინა, ეკიპაჟის წევრები კი, კაპიტნის მეთაურობით, კაიუტ-კომპანიაში იყვნენ, ლუდს სვამდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ხიდურაზე მხოლოდ ერთი მეზღვაური მორიგეობდა. მოულოდნელად ხომალდი საშინელმა დარტყმამ შეაზანზარა... ბორანი ტანკერ "ვექტორს" შეეჯახა, რომელიც ბენზინითა და სხვა ნავთობპროდუქტებით იყო გადატვირთული. შეჯახების შედეგად გაირღვა ბენზინის ერთ-ერთი ავზი და საწვავი ზღვაში ჩაიღვარა. დეტონაცია მეორე ავზმაც განიცადა და ტანკერი მომენტალურად ცეცხლმა მოიცვა.

შეჯახებისთანავე, პირველივე წამებში, ბორანზე ელექტროენერგია გაითიშა. გემზე წყვდიადი ჩამოწვა.

არალეგალური რეისი

მოგვიანებით, კატასტროფის გამოძიებისას, ექსპერტებმა დაადგინეს: "ვექტორის" რეისი უკანონო იყო, სათანადო სანავიგაციო განათებისა და კვალიფიციური კაპიტნის გარეშე. მან "დონია პასს" კურსი გადაუჭრა და გზა არ დაუთმო, თუმცა საზღვაო ნავიგაციის წესების მიხედვით, უპირატესობა სწორედ სამგზავრო ბორანს ენიჭებოდა. გარდა ამისა, კომპანიას, რომელსაც ტანკერი ეკუთვნოდა, სატვირთო გადაზიდვების ლიცენზიაც კი არ გააჩნდა.

"ვექტორის" ეკიპაჟი არაპროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული. მეზღვაურებად ხალხი უახლოესი პორტების დუქნებიდან ჰყავდათ აყვანილი. სიტუაციის ტრაგიზმი და საშინელება კი იმაში მდგომარეობდა, რომ არც ტანკერზე და არც ბორანზე რადიოსადგურები არ აღმოჩნდა, რის გამოც SOS სიგნალის გაგზავნა ვერ შეძლეს!..

ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი

რამდენიმე წუთში ტაბლასის სრუტე ცეცხლოვან ჯოჯოხეთად იქცა. ტანკერიდან ცეცხლი მომენტალურად ბორანზე გადავიდა, მალე კი ზღვაც აგიზგიზდა - იწვოდა დაზიანებული ავზებიდან გადმოღვრილი საწვავი. "დონია პასის" ბორტზე პანიკა დაიწყო, ჭყლეტისა და კვამლის გამო ბევრმა მშობელმა შვილები დაკარგა. ამას დაემატა სხვა უბედურებაც: შეჯახების შემდეგ გაირკვა, რომ სამაშველო ჟილეტები ჩაკეტილ კაიუტაში ინახებოდა, ხოლო გასაღები სად იყო, არავინ იცოდა. რკინის კარის შემტვრევა შეუძლებელი აღმოჩნდა, დრო კი სწრაფად გადიოდა. ცეცხლი ელვისებურად ედებოდა ბორანს, მგზავრები მხუთავი კვამლისგან იგუდებოდნენ. მგზავრები საშინელი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: დარჩენილიყვნენ ცეცხლმოდებულ გემბანზე და ცოცხლად დაფერფლილიყვნენ, თუ გადამხტარიყვნენ ზღვაში, სადაც ტანკერიდან დაღვრილი ბენზინი იწვოდა. ტაბლასის სრუტე სავსეა ზვიგენებით. იმ მცირერიცხოვან მგზავრებს, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ, მტაცებლები დაესხნენ თავს. რამდენიმე დღის შემდეგ ნაპირზე გამორიყულ ადამიანთა სხეულის ნაწილებს პოულობდნენ, ბევრი მათგანი ზვიგენებისგან ისე იყო შეჭმული, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი გახდა. ზვიგენების თავდასხმის კვალის გარდა, გვამები დასახიჩრებული იყო ძლიერი დამწვრობისგანაც, რაც მათი ვინაობის დადგენას უფრო ართულებდა. ასობით დაღუპული მასობრივ სამარხებში დაკრძალეს, საფლავის ქვებზე კი სახელებისა და გვარების ნაცვლად მხოლოდ რიცხვები დააწერეს.

bax-1790536558.jpg

გადარჩენა

დაახლოებით ღამის 2:30 საათზე სიბნელეში სატვირთო ხომალდი "დონ კლაუდიო" გამოჩნდა. ეს იყო ერთადერთი გემი, რომელმაც შორიდან შენიშნა ხანძრის ალი და კატასტროფის ადგილისკენ გაემართა.

"დონ კლაუდიოს" ეკიპაჟმა წყლიდან 26 კაცი ამოიყვანა (24 "დონია პასის" მგზავრი და 2 "ვექტორის" მეზღვაური). მათ შორის იყო 36 წლის პაკიტო ოსაბელიც, რომელიც "დონია პასზე" დასა და 3 წლის დისშვილთან ერთად მგზავრობდა. პაკიტო გადარჩა, მისი და და 3 წლის დისშვილი კი 4 300-ზე მეტ დაღუპულს შორის აღმოჩნდნენ.

კოშმარული გამოღვიძება

პაკიტოსთვის კი ყველაფერი ასე დაიწყო: დაახლოებით საღამოს 22:30 საათზე მას უკვე ეძინა, როცა ძლიერმა დარტყმამ და აფეთქების ყრუ ხმამ გამოაფხიზლა. სიბნელეში მხოლოდ ათასობით ადამიანის განწირული ყვირილი, მინის მსხვრევის ხმა ისმოდა.

პაკიტომ დას ხელი ჩაჰკიდა, რომელსაც გულში 3 წლის შვილი ჰყავდა ჩაკრული.მათ გემბანზე ასვლა სცადეს, თუმცა ვიწრო დერეფნებსა და კიბეს ათასობით თავზარდაცემული მგზავრი აწყდებოდა. ჭყლეტისა და მხუთავი კვამლის გამო ხალხის ტალღამ ისინი ერთმანეთს დააშორა. პაკიტოს არჩევანი აღარ ჰქონდა - ღრმად ჩაისუნთქა და ცეცხლოვან უფსკრულში გადახტა.

ოთხ საათზე მეტხანს სრულ სიბნელეში, ძალაგამოცლილი, დამწვარი სხეულით სიკვდილს ებრძოდა...

როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ყველაზე საშინელი იყო იმის გააზრება, რომ მის გარშემო წყალში ასობით დასახიჩრებული ადამიანის სხეული ტივტივებდა და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ზვიგენების ლუკმა გამხდარიყო.

მტანჯველი მოლოდინი

...დილას მანილის პორტში ათასობით ადამიანი ყვავილებითა და საშობაო საჩუქრებით ხელში ახლობლების გამოჩენას ელოდა, ბორანი კი ძალიან იგვიანებდა. რადგან არც ერთ ხომალდს შOშ-სიგნალი არ გაუგზავნია, პორტში არავინ იცოდა, რა მოხდა. შუადღისას, როდესაც კატასტროფის შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა, პორტი გლოვამ მოიცვა. სასოწარკვეთილი ადამიანები ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე: გადარჩენილებს შორის იყვნენ თუ არა მათი ახლობლები.

ასევე დაგაინტერესებთ: ყველაზე საშიში სექტა, რომელმაც ერთ დღეში 900-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა

როგორ გადააბარა ელცინმა პუტინს პრეზიდენტის სავარძელი

საბჭოთა „ტიტანიკის“ ტრაგედია

ბავშვი Airbus A310-ის შტურვალთან: შოკისმომგვრელი კატასტროფა - "მამა, რატომ ბრუნავს თვითმფრინავი?"

გამოძიება და მიზეზები

ტაბლასის სრუტეში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი ფილიპინების ხელისუფლებამ მხოლოდ რვა საათის შემდეგ შეიტყო. დაიწყო სამაშველო ოპერაცია, თუმცა ძვირფასი დრო დაკარგული იყო.

მალე გაირკვა გამაოგნებელი ფაქტი: ბორანზე გადარჩენილთა უმეტესობა მგზავრთა სიებში საერთოდ არ ირიცხებოდა. ლეგალურად გაყიდული იყო მხოლოდ 1 500 ბილეთი და ნათელი იყო, რომ ბორანზე მგზავრთა რეალურმა რაოდენობამ 4 300 კაცს გადააჭარბა.

როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, ბორნის მფლობელი სანაოსნო კომპანია რეისზე დამატებით ბილეთებს არალეგალურად, ფასდაკლებით ყიდდა, მგზავრებს გემბანსა და დერეფნებში ათავსებდნენ. მათი გვარ-სახელები სიებში არ ფიგურირებდა, რის გამოც დაღუპულთა ვინაობის ზუსტად დადგენას 10 წელზე მეტი დასჭირდა.

დაღუპულთა ნათესავებისთვის კომპენსაციების გაცემა ძალიან ნელა მიმდინარეობდა. პროცესი მხოლოდ 2010-იანი წლების ბოლოს დასრულდა. ეს მცირე თანხები იყო - ამერიკულ დოლარზე გადაანგარიშებით, დაახლოებით 400 დოლარი თითო დაღუპულზე.

გამოძიება 1999 წელს დასრულდა. მიუხედავად უხეში დარღვევებისა, XX საუკუნის უდიდესი საზღვაო კატასტროფისთვის პასუხი არავის უგია. ადვოკატებმა კანონმდებლობაში ხვრელები იპოვეს და სანაოსნო კომპანიების მფლობელებს პასუხისმგებლობის არიდებაში დაეხმარნენ.

ვინაიდან ორივე კაპიტანი კატასტროფაში დაიღუპა, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. შესაბამისად, არავინ დასჯილა.

ხომალდების აღმოჩენა

2019 წლის აპრილში Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის სამეცნიერო-კვლევითმა ექსპედიციამ ორივე ხომალდი: "დონია პასი" და "ვექტორი" ტაბლასის სრუტის ფსკერზე - 500 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ "დონია პასი" საშინელ ხანძარში დაიწვა, წყლის ფსკერზე ის ვერტიკალურად, სწორად დგას და კორპუსი თითქმის უვნებელია, თითქოს ხელუხლებელი წყალქვეშა მონუმენტი იყოს.

შორენა ბიწაძე