რას და ვის ზვერავს ოკუპირებულ აფხაზეთში ამერიკული „არტემისი“?!
არტემისი (ანუ არტემიდა) ძველბერძნულ მითოლოგიაში ნადირობის, ტყეებისა და ცხოველების ქალღმერთია, რომელსაც ქართულ მითოლოგიაში ხშირად ადარებენ ნადირთა დედოფალ დალის და ეს „არტემისი“ოკუპირებულ აფხაზეთს ახლო მანძილზე სისტემატურად აუფრენს და ჩაუფრენს ხოლმე…
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე აშშ-ის არმიის სადაზვერვო თვითმფრინავი Bombardier ARTEMIS II (რომელიც შექმნილია Bombardier Challenger 650 / CL-600 ბიზნესჯეტის ბაზაზე) რეგულარულად ახორციელებს სადაზვერვო მისიებს შავი ზღვის აკვატორიაში, მათ შორის - ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლისა და რუსეთის კრასნოდარის მხარის (სოჭის) მიმდებარედ.

ფოტო: ამერიკული სადაზვერვო Bombardier ARTEMIS II-ი ოკუპირებული აფხაზეთის მთელი სანაპიროს ღრმა ზურგშიც „იჭვრიტება“...
ის წარმოადგენს საჰაერო რადიოელექტრონული და კომუნიკაციური დაზვერვის (ISR) პლატფორმას და აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ 600 კილომეტრამდე რადიუსში აღმოაჩინონ და გააანალიზონ მოწინააღმდეგის რადარებისა და კავშირგაბმულობის სისტემების მუშაობა.
თვითმფრინავი მუდმივად ბაზირებს რუმინეთში, კონსტანცას აეროდრომზე. ის შავი ზღვის ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში დაფრინავს, საიდანაც აკონტროლებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის კრასნოდარის მხარეს.
ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, 2020 წელს, პროგრამის საწყის ეტაპზე და 2026 წლის მაისში) ამ ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავებმა განახორციელეს ფრენები უშუალოდ საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეშიც. ეს მისიები ემსახურება რეგიონში რუსული სამხედრო აქტივობისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგს.
თვითმფრინავი ოფიციალურად ეკუთვნის კერძო თავდაცვით კონტრაქტორ კომპანიას (Leidos), თუმცა ოპერირებს აშშ-ის არმიის ინტერესების შესაბამისად.
აშშ-ის არმიის სადაზვერვო თვითმფრინავის, Bombardier ARTEMIS II-ის ბოლო აქტივობა შავი ზღვის აკვატორიაში, მათ შორის - ოკუპირებული აფხაზეთისა და სოჭის სანაპირო ზოლის სიახლოვეს, დაფიქსირდა 2026 წლის 28 სექტემბერს.

ფოტო: რუმინეთიდან აფრენილი „არტემისის“ სადაზვერვო საჰაერო მონიტორინგის მარშრუტი შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე, ოკუპირებული სოხუმიდან 150-იოდე კმ-ში...
თვითმფრინავი დილით აფრინდა რუმინეთის მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის ავიაბაზიდან და რამდენიმე საათის განმავლობაში ასრულებდა სადაზვერვო ფრენას შავი ზღვის ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში, ყირიმის, კრასნოდარის მხარისა და აფხაზეთის სანაპიროს გასწვრივ.
Bombardier ARTEMIS II შავი ზღვის ნეიტრალური საჰაერო სივრციდან ახორციელებს რადიოელექტრონულ დაზვერვას (SIGINT/ELINT), რაც მას საშუალებას აძლევს, 600 კილომეტრამდე რადიუსში დააფიქსიროს და ზუსტად განსაზღვროს ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ტექნიკის კოორდინატები, მათ შორის - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე (განსაკუთრებით გუდაუთის ბომბორას ავიაბაზაზე, ოჩამჩირესა და სანაპირო ზოლში) ბაზირებული რუსული კომპლექსები, რომლებიც ამ ხომალდის ძირითადი სამიზნეებია: S-300 კომპლექსის რადარები - აფხაზეთში განლაგებული S-300PS/PMU საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამიზნის აღმომჩენი (დიაპაზონური) და მართვის რადარები (მაგალითად, 30N6 და 64N6). ასევე, Nebo-M და P-18-ის ტიპის რუსული ადრეული შეტყობინების მობილური რადიოლოკაციური სადგურები, რომლებიც საჰაერო სამიზნეებს დიდ მანძილზე აფიქსირებენ.
ასევე დაგაინტერებთ: ვინ გეგმავდა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების აფეთქებას ბრიტანეთის ავიაბაზაზე?!
"პეტრიოტების" დილემა ანუ მიიღებს თუ არა ბოლოსდაბოლოს უკრაინა კრიტიკულად მნიშვნელოვან რაკეტებს?!
ამერიკული „არტემისი“ ზომავს მათ სამუშაო სიხშირეებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ნატოს ავიაციამ მათი ჩახშობა შეძლოს.
„არტემისის“ რადიოელექტრონული აპარატურა თავად არ ასხივებს მძლავრ სიგნალებს, ის მუშაობს პასიურ რეჟიმში - უსმენს ეთერს. როგორც კი რუსი სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩართავენ რომელიმე რადარს ან კავშირგაბმულობის სისტემას, ARTEMIS II წამებში ახდენს სიგნალის იდენტიფიცირებას, მის კლასიფიკაციას და ციფრულ რუკაზე ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატების ასახვას.
ვინ იცის, იქნებ ოდესმე საქართველოსაც გამოადგეს ამ ამერიკული „არტემისის“ სისტემატური „ბზუილი“ ოკუპირებული აფხაზეთის სიახლოვეს...