"ცაში ახედე, რა ლამაზია რაკეტათა ცვენა..." - რუსეთთან ომში პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტაც ჩაერთო
უკრაინამ შეასრულა თავისი დანაქადნი, რომ 2026 წლის შემოდგომიდან დაიწყებდა აგრესორი რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების საპასუხო საბრძოლო ქმედებებს, საკუთარი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით...
"უკრაინამ საკუთარი წარმოების FP-7 ტიპის ბალისტიკური რაკეტის პირველი საბრძოლო გაშვება განახორციელა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 1 ოქტომბერს, რითაც, სავარაუდოდ, დასაწყისი დაუდო აგრესორი რუსეთის მიმართულებით უკრაინული ბალისტიკური რაკეტების მასობრივი გაშვებების ახალ ეტაპს.
FP-7 ბალისტიკური რაკეტის შემუშავების შესახებ Fire Point-ში პირველად 2025 წლის 4 სექტემბერს გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ წელიწადსა და თვეზე ოდნავ ნაკლები გავიდა. თუ FP-7-ის პირველი გამოცდიდან დავითვლით, რომელიც 27 თებერვალს ჩატარდა, მაშინ მხოლოდ 7 თვე გავიდა.
FP-7-ისთვის ადრე გამოცხადებული იყო შემდეგი მახასიათებლები: მაქსიმალური დიაპაზონი 200 კმ-მდე, ქობინის წონა 150 კილოგრამი, მაქსიმალური სიჩქარე 1 500 მ/წმ-მდე (5 400 კმ/სთ), ფრენის სიმაღლე 65 კილომეტრამდე, ფრენის საერთო დრო 250 წამამდე და დამიზნების წერტილიდან გამოცხადებული გადახრა - 14 მეტრი.
FP-7 ბალისტიკური რაკეტის შემუშავების საფუძვლად რუსული С-400-ის 48Н6 ტიპის საზენიტო რაკეტის დიზაინი იქნა აღებული, თუმცა სხვა, უფრო მსუბუქი მასალების გამოყენებით.
FP-7-ის პირველი საბრძოლო გამოყენების შედეგი ამჟამად უცნობია, ისევე, როგორც უკრაინული ბალისტიკური რაკეტის პირველი გაშვების სამიზნე. ამიტომ, შეუძლებელია დანამდვილებით ითქვას, წარმატებული იყო თუ არა ეს პირველი გამოყენება.
რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული ბალისტიკური რაკეტების მასობრივი გამოყენება?
ძალიან ბევრს, რადგან, რა დასამალია, უკრაინა მართალია, ყოველღამ მასობრივად უშვებს რამდენიმე ასეულ შიდაწვისძრავიან კამიკაძე-დრონს რუსეთის მნიშვნელოვანი ობიექტებისკენ, მაგრამ მათ უდიდეს ნაწილს რუსეთის საჰაერო თავდაცვა აგდებს, განსაკუთრებით კი - მოსკოვის მისადგომებთან.
ეს კი ახდენს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვას და რუსული მეზენიტეები დიდძალ ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებსაც ხარჯავენ ნელმფრენი უკრაინული დრონების ჩამოსაგდებად, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ნელ-ნელა აუმჯობესებს თავის საბრძოლო შედეგს, უკრაინული დრონების მოგერიებისას.
გამოსავალი უკრაინელებს აქვთ უფრო სწრაფმფრენი რეაქტიულძრავიანი, მაგრამ, ამასთანავე, უფრო ძვირიანი კამიკაძე-დრონების მასობრივი გამოყენების სახით, რომლებსაც მეტი შანსი მიეცემათ რუსული ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის გადასალახავად.
თუმცა აგრესორი რუსეთის საქმე უფრო ცუდად წავა, თუკი უკრაინა, ასევე მასობრივად, დაიწყებს ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას ანუ სარკისებურად გაიმეორებს იმას, რასაც რუსეთი ომის პირველი დღეებიდანვე ახორციელებს „ისკანდერის“ კვაზიბალისტიკური რაკეტებით ან, სულაც, С-300/С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტებად გადაკეთებული საზენიტო რაკეტებით, უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ.
უკრაინას უკვე აქვს საბრძოლო გამოცდილება აგრესორი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებსა და თავად რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევისა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდში უკრაინას ჰქონდა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ტოჩკა-უს“ ტიპის 90 ერთეულამდე გამშვები დანადგარი და 500-მდე რაკეტა (მემკვიდრეობით მიღებული საბჭოთა კავშირისგან), თუმცა ყველა საბრძოლო მზადყოფნაში არ იყო.
ომის საწყის ეტაპზე (განსაკუთრებით პირველ თვეებში) უკრაინამ თითქმის მთლიანად ამოწურა ამ რაკეტების მარაგი, როდესაც ინტენსიურად ბომბავდა რუსეთის ავიაბაზებს (მაგ. მილეროვო), სამხედრო კოლონებს, საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებს.
უკრაინა თავად არ აწარმოებდა ამ რაკეტებს. მარაგების ამოწურვის გამო, მე-19-ე სარაკეტო ბრიგადის ინჟინრებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიწყეს ძველი რაკეტების მოდიფიცირება (მათზე საბჭოთა ავიაბომბების საბრძოლო ნაწილების მორგებით).
მას შემდეგ, რაც უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო HIMARS და ATACMS-სისტემები, „ტოჩკა-უს“ გამოყენება მინიმუმამდე შემცირდა (ძირითადად, მარაგების სრული ამოწურვის გამო) და სარაკეტო გათვლების უმეტესობამ გადამზადება დასავლურ ტექნიკაზე გაიარა.
უკრაინამ მართალია, აშშ-დან მიიღო „ჰაიმარსებიდან“ გასაშვები ATACMS M39 Block I (მოქმედების რადიუსი 165 კმ) და ATACMS M39A1 Block IA (მოქმედების რადიუსი 300 კმ-მდე) ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა და, ამასთან, ამ რაკეტების გადმოცემას აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბაიდენის უმკაცრესი მოთხოვნაც მოჰყვა ზელენკის მიმართ, რომ უკრაინას არავითარ შემთხვევაში არ გაებედა ამ ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა და მხოლოდ ოკუპირებულ მიწებზე მოეძებნა სამიზნეები...
ასევე დაგაინტერესებთ: წამები კატასტროფამდე: როგორ ააცილეს ახალი 11 სექტემბერი ისრაელს დაჭრილმა პილოტმა, სანტექნიკოსმა და შოთა ექიმმა?!
რატომ დაიწუნა ომში მყოფმა უკრაინამ ავსტრალიის ნაჩუქარი „მფრინავი ვეფხვები“?!
პუტინმა "უკრაინკიდან“ აფრენილი უკრაინის დამბომბველი მორიგი სტალინისდროინდელი "დათვი“ დაკარგა...
მართლაც, უკრაინის გენშტაბმა ეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტები საბრძოლო მოქმედებებში პირველად 2023 წლის ოქტომბერში, ოკუპირებულ ბერდიანსკისა და ლუგანსკის რუსულ ავიაბაზებზე დარტყმისას გამოიყენა.
თუკი Fire Point-მა მართლაც შეძლო 200 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური FP-7-ის და მით უმეტეს - 800 კმ ფრენის რადიუსის მქონე, ბევრად უფრო მრისხანე FP-9-ის (რომლის საბრძოლო გამოცდა ჯერ არ შემდგარა) სერიული წარმოების ათვისება, მაშინ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უზარმაზარი პრობლემები გაუჩნდება, მათ შორის - მოსკოვის მიმართულებაზეც, რადგან ამ უკრაინული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებას ვერც საზენიტო ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი პიკაპებიდან შეძლებს და ვერც - „პანცირის“, „ოსას“, „ტორისა“ თუ „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან, ამისთვის დასჭირდება С-400 „ტრიუმფის“ სპეციალური ძვირად ღირებული ანტირაკეტები, რომელთა რაოდენობა რუსეთის არმიაში ძალზე შეზღუდულია...