უკრაინული "ვივალდის" კონტრშეტევითი „სიმფონია“ წარმატებით გრძელდება - განთავისუფლებულია კიდევ რამდენიმე უკრაინული სოფელი
ანტონიო ვივალდი XVIII საუკუნის უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მევიოლინე გახლდათ, რომელმაც სავიოლინო კონცერტების ციკლი „წელიწადის დრონი“ შექმნა. ეს არის ოთხი სავიოლინო კონცერტისგან შემდგარი ციკლი, სადაც თითოეული კონცერტი წელიწადის ერთ დროს-გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს ეძღვნება.
უკრაინის გენშტაბმაც სპეციალურად უწოდა სახელი „ვივალდი“ იმ კონტრშეტევით ოპერაციას, რომელიც ახლა წარმატებით ხორციელდება დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული სოფლების გასათავისუფლებლად და ეს ოპერაციაც სავარაუდოდ, ოთხი ეტაპისგან შედგება და უკრაინელი სამხედროები „ვივალდის“ შესრულების ბოლო ეტაპზე უნდა გადავიდნენ.
ამავე ბლოგის „არსენალის“ 17 სექტემბრის სტატიაში „უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა: ოპერაცია „ვივალდი“ და პირში ჩალაგომავლებული პუტინი - რა ხდება ფრონტის ხაზზე?!“, უკვე ვწერდით „ვივალდის“ ოპერაციის პირველ წარმატებულ ფაზაზე, როდესაც კონრშეტევის შედეგად უკრაინელებმა შეძლეს მტრის განდევნა ლიმანის მიმართულებიდან, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა იმის საფრთხე, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს აღმოსავლეთ ფრონტზე ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებიდან სლოვიანსკი ნახევრად ალყაში მოექციათ.
ამას მოჰყვა ოპერაცის მეორე, არანაკლებ წარმატებული ეტაპიც, ხოლო „ვივალდის“ კონტრშეტევითი ოპერაციის მესამე ფაზაც გუშინ დასრულდა კიდევ რამდენიმე ოკუპირებული უკრაინული დასახლებული პუნქტის განთავისუფლებით..
უკრაინის არმიის მე-3 საარმიო კორპუსმა დონეცკის ოლქის ლიმანის სექტორში ნოვეს, რიდკოდუბისა და კატერინივკას დასახლებები გაათავისუფლა. გარდა ამისა, თავდაცვის ძალებმა კარპივკასა და ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი აღადგინეს.
ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ფაზის წარმატებით დასრულების წყალობით, უკრაინულმა ძალებმა კიდევ 51 კმ² ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს, განაცხადა კორპუსისა და არმიის დაჯგუფება „ცენტრის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ .
ბრძოლების დროს რუსმა დამპყრობლებმა დაახლოებით 2000 ადამიანი დაკარგეს, ხოლო 250-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს.
რუსულმა დანაყოფებმა დაკარგეს მართვა და ჯგუფურად დანებდნენ თავიან ოფიცრებთან, დრონების პილოტებთან და არტილერიის ეკიპაჟებთან ერთად.
ოპერაციის ამ ფაზის მთავარი მიზანი სოფელ ნოვის განთავისუფლება იყო, რომელიც პლაცდარმზე მყოფი რუსული არმიის ქვედანაყოფებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ და თავდაცვით ცენტრს წარმოადგენდა.
„ვინც აკონტროლებს ამ დასახლების გარშემო მაღალმთიან ადგილს, მას ეკუთვნის ინიციატივა პლაცდარმზე“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
რუსი ოკუპანტები შანდრიჰოლოვე-ზელენა დოლინას სექტორის გასწვრივ შეტევას ელოდნენ და წარუმატებელი კონტრშეტევებით მარაგები ამოწურეს, რის გამოც ნოვეზე ფაქტობრივი შეტევა ვერ განახორციელეს.
მტრის თავდაცვის გარღვევის დროს უკრაინულმა ჯარებმა დისტანციურად მართვადი БТР-60-ები გამოიყენეს. ამ მოძველებულ ჯავშანტრანსპორტიორებში უკრაინელებმა ასეულობით კილოგრამი ტროტილი განათავსეს და დისტანციურად მართვის საშუალებებით ეს „ბე-ტე-ერ“-ები(რომლებიც ფაქტობრივად, სახმელეთო კამიკაძე-დრონებად გადაიქცნენ) რუსი ოკუპანტების ყველაზე გამაგრებული პოზიციებისა და საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად მიმართეს.
ასევე დაგაინტერესებთ: რას და ვის ზვერავს ოკუპირებულ აფხაზეთში ამერიკული „არტემისი“?!
ვინ გეგმავდა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების აფეთქებას ბრიტანეთის ავიაბაზაზე?!
„ვივალდის“ პირველი ფაზის დროს უკრაინელმა მებრძოლებმა გაწმინდეს ნოვოსელივკას, ალექსანდრივკას, იაროვას დასახლებები და კოროვი იარის გარეუბნები. გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა მთლიანად გაათავისუფლეს სოფელი სერედნე.
მესამე ფაზის დროს მათ გაათავისუფლეს შანდრიჰოლოვე და დერილოვი და სრული კონტროლი დაამყარეს დრობიშევზე.
კონტრშეტევითი ოპერაცია „ვივალდის“ დამამთავრებელი მეოთხე ფაზა („მეოთხე სეზონი“) ფრონტზე არსებული დინამიკის მიხედვით გაგრძელდება და სავარაუდოდ გათვლილი იქნება იმაზე, რომ კრამატორსკ-სლოვიანსკის აგლომერაციას, რომელიც უკრაინის უმთავრეს თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენ აღმოსავლეთ ფრონტზე,შეუმციროს ნახევრადალყაში აღმოჩენის საფრთხე...