სამშობლოს ღალატის ანატომია: რა საერთო აქვთ ესტონელ პოლიტიკოს აივო პეტერსონ-კრილოვს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და გულბაათ რცხილაძეს?!
დღეს „სამშობლოს ღალატის ანატომია“ უნდა განვიხილოთ, უპირველესად კი, ამ საკითხის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ვფიქრობ, რუსეთის სპეცსამსახურების ფარული საქმიანობის მეთოდების განხილვას, სამშობლოს ღალატის კონკრეტული მაგალითების ანალიზის პარალელურად თუ ჩავატარებთ, უფრო საინტერესო და შედეგიანი იქნება.
რა საერთო უნდა ჰქონდეთ ესტონელ პოლიტიკოსს, პოლიტიკური პარტია Koos-ის ("ერთად") ლიდერს აივო პეტერსონ (კრილოვს), საქართველოს მოქალაქე გულბაათ რცხილაძეს და საქართველოში დაბადებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს? - თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ ბევრი, იმიტომ, რომ ისინი “კრემლიდან” იმართებიან.
აივო პეტერსონი 1970 წლის 13 მაისს დაიბადა. მისი დედა ეროვნებით ესტონელი იყო, ხოლო მამა - რუსი. იგი "კრილოვის” გვარით დაიბადა, რომელიც მოგვიანებით დედის ესტონური გვარით - “პეტერსონით” შეიცვალა, რათა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მოგვიანებით ესტონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურში მუშაობა გამარტივებოდა. იგი ამ სტრუქტურაში 1992-2004 წლებში მსახურობდა და ეს გარემოება პეტერსონ-კრილოვმა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის მოგვიანებით გამოიყენა, როგორც საკუთარი იმიჯის შესაქმნელად, ისე - ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დასაგეგმად. ესტონეთის პროკურატურის მასალებით, სწორედ სასაზღვრო/სამხედრო სტრუქტურებში მუშაობის სპეციფიკის ცოდნამ მისცა მას შესაძლებლობა, დაეგეგმა გასამხედროებული ბატალიონის ("სამოქალაქო თავდაცვის") შექმნა ესტონეთში, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გე-ერ-უს) კოორდინაციით უნდა ამოქმედებულიყო. საინტერესო ფაქტია, რომ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე სამი კვირით ადრე, პეტერსონ-კრილოვმა ვიდეომიმართვა ჩაწერა. ვიდეოში მას ესტონეთის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის მოქმედი

ფოტო: აივო პეტერსონი (კრილოვი)
ოფიცრის ფორმა ეცვა. იგი მიმართავდა ესტონელ ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და თავდაცვის ლიგის წევრებს და მოუწოდებდა, "არ ჩაბმულიყვნენ უცხოურ კონფლიქტში" ანუ რუსეთთან ომში. მაშინ ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ კერძო პირს აქვს უფლება ფლობდეს ფორმას, მაგრამ კატეგორიულად ეკრძალება თავი გაასაღოს მოქმედ ოფიცრად.
პეტერსონ-კრილოვმა ამ შენიშვნას კი “ჩეკისტური” პასუხი გასცა: "ყოფილი პოლიციელები და მესაზღვრეები არ არსებობენო."
2023 წლის თებერვლის ბოლოს პეტერსონ-კრილოვი ჯერ რუსეთში, შემდეგ კი - რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით (აბა, ისე ვინ შეუშვებდა?), რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე (დონეცკსა და მარიუპოლში) იმყოფებოდა. იქ მან პროპაგანდისტული ვიდეოები გადაიღო, სადაც რუსეთის თავდასხმას ამართლებდა და მას „ფაშისტებისგან გათავისუფლებას“ უწოდებდა, ხოლო უკრაინას აგრესორად წარმოაჩენდა. ვიზიტის დროს და მისი დასრულებისთანავე, პეტერსონ-კრილოვი ჩაერთო ცნობილი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში და ისაუბრა "ესტონეთში რუსოფობიაზე", ასევე, გააკრიტიკა ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკა და კვლავ გაამართლა რუსეთის აგრესია.
ესტონეთში დაბრუნებისას (ნარვას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე), ესტონეთის მესაზღვრეებმა და უშიშროების სამსახურმა (KAPO) ის დეტალურად გამოჰკითხეს, რამდენიმე დღეში კი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ესტონეთის პროკურატურისა და KAPO-ს განმარტებით, პეტერსონი-კრილოვის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ყოფილა "ჟურნალისტური" ან "ჰუმანიტარული". ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან კოორდინირებული ოპერაცია, რომლის მიზანიც ესტონეთის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა და რუსული აგრესიის ლეგიტიმაცია გახლდათ. სწორედ ამ ვიზიტისას გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან მოქმედება/განცხადებების კოორდინაცია გახდა მისი დაკავებისა და სახელმწიფო ღალატისთვის მკაცრი სასჯელის (16 წლით თავისუფლების აღკვეთა) გამოტანის მთავარი საფუძველი.

ფოტო: პეტერსონ-კრილოვი სასამართლოს დარბაზშიც იხტიბარს არ იტეხს
ესტონეთის ხელისუფლების შეფასებით, პეტერსონი გამოიყენებოდა რუსული პროპაგანდის იარაღად, რომლის ამოცანაც ესტონეთში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობაში დესტაბილიზაციისა და პროკრემლისტური განწყობების გაღვივება იყო. 2023 წლის 3 სექტემბერს ესტონეთის პროკურატურამ ამ ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალი სახელმწიფო ღალატში წაუყენა. ბრალდების თანახმად, აივო პეტერსონი და დიმიტრი რუტსი, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ინსტრუქციების საფუძველზე, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 10 მარტამდე, შეგნებულად და ორგანიზებულად ეხმარებოდნენ რუსეთს და რუსეთის ხელისუფლების სახელით მოქმედ პირებს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ არაძალადობრივ საქმიანობაში. ბრალდების თანახმად, ბრალდებულები მონაწილეობდნენ განზრახ გავლენის მოხდენის კამპანიაში, რომლის მიზანი იყო ესტონეთში პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ნარატივებსა და პროპაგანდისტულ გზავნილებს. ბრალდების თანახმად, ამ გაერთიანების მიზანი იყო რუსეთისთვის შესაძლებლობის მიცემა, საფრთხე შეექმნა ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისთვის, ჩარეულიყო ესტონეთის შიდაპოლიტიკაში და ასევე, გავლენა მოეხდინა მის საგარეო პოლიტიკაზე. საყურადღებოა, რომ ტალინის საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და აივო პეტერსონ-კრილოვს სასჯელი 14-დან 16 წლამდე გაუზარდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ პეტერსონის საქმიანობა „სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფების“ შექმნის მიმართულებით წარმოადგენდა ესტონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზაციის შექმნისთვის მზადებას.
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ აგენტურის გადაბირების მეთოდიკა შეიძლება ამგვარად გამოვსახოთ: “შერჩევა - გადაბირება - მოტივაცია - კონტროლი - შენარჩუნება.” ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პროცესი, აგენტის გადაბირება, შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ფაქტორების გამო: იდეოლოგიური ერთგულება; ფინანსური მოტივაცია; პირადი ამბიცია; წყენა/უკმაყოფილება და კომპრომატი/იძულება. ისიც უნდა ითქვას, რომ „გადაბირების ალგორითმი“ არ არის უნივერსალური: ის შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებდნენ.
არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება „ინფორმატორსა“ და “გავლენის აგენტს” შორის: ინფორმატორი შეიძლება მრავალჯერადად გადასცემდეს ინფორმაციას და არ იყოს ერთიანი სადაზვერვო ოპერაციის გადამწყვეტი ფაქტორი მაშინ, როდესაც “გავლენის აგენტი” ხდება “ჰიბრიდული ომის” სტრატეგიის ნაწილი. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტები, მათი კარიერული პერსპექტივებიდან გამოდინარე, ან „გავლენის აგენტების“ ელიტარულ ჯგუფში ჩაირიცხებიან, ან სამუდამოდ „აგენტი ინფორმატორების“, შედარებით მოკრძალებულ, როლს სჯერდებიან.
რუსეთის „ჰიბრიდული ჯარების“ და “გავლენის სპეცოპერაციების” ერთ-ერთი სტაჟიანი „ოფიცერია” გულბაათ რცხილაძეც. აი, რას წერდა ის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს:
“მოულოდნელად, ჩემი კოლეგების მეშვეობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მოწვევა მივიღე. ასე რომ, 2022 წლის ივლისში დონბასის რეგიონში აღმოვჩნდი, სადაც საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამდენად თავისუფლად გრძნობდნენ თავს ადგილობრივები. ერთი თვის შემდეგ ლისიჩანსკში აღმოვჩნდი, სადაც ზელენსკი ადრე იყო ჩასული და ხალხს ვესაუბრე . ისინი ოპტიმიზმით იყვნენ სავსენი, რადგან მათ შეძლეს ფაშისტური რეჟიმისგან თავის დაღწევა და თავისუფლება მოიპოვეს!“

ფოტო: გულბაათ რცხილაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე
გულბაათ რცხილაძის დაკავების შემდეგ სუს-ის მიერ დასახელებულ/წარმოდგენილი მტკიცებულებები შემდეგი იყო:
- გ. რცხილაძე წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას;
- გ. რცხილაძეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
- გ. რცხილაძეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას.

ფოტო: გ. რცხილაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ლისიჩანსკში, 2025 წლის ზაფხული (ფოტო გ. რცხილაძის „ფეისბუქ“ გვერდიდან).
2026 წლის 25 მაისს გულბაათ რცხილაძემ „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დაარეგისტრირა, რომლის მთავარი მიზნებია: საქართველოს საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი. ორგანიზატორების განცხადებით, „საბჭომ“ უნდა შეაგროს ინფორმაცია ფაქტებზე, რომლებიც რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა: რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით და ისტორიული მოვლენების დამახინჯებით დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული. მონიტორინგი შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში, ასევე, უნდა შეიქმნას იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება. ინიციატივის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ადანაშაულებდა ილჰამ ალიევი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ემანუელ მაკრონს?! - საფრანგეთის დაზვერვის მძიმე დღეები სამხრეთ კავკასიაში

ფოტო: გულბაათ რცხილაძის დაკავება
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნა საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული აშკარა მტრული საქმიანობა და რუსეთის სპეცსამსახურებთან კოორდინირებული ოპერაცია იყო. მისი მიზანიც საქართველოში იმ ფიზიკური და იურიდიული პირების „შავი სიების“ შედგენა იყო, ვინც რუსეთს ოკუპანტს და აგრესორს უწოდებს, ვინც რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკას ამხელს, ვინც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს. დიდი ბჭობა არ უნდა, რომ ეს დავალება „კრემლიდან“ მოდიოდა. რა პროვოკაციებს უმზადებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები მომავალში ამ „შავი სიების“ ფიგურანტ საქართველოს პატრიოტებს? - ეს მხოლოდ მათ იციან. წლების მანძილზე გ. რცხილაძე რუსეთიდან მიღებული დაფინანსებითა და ინსტრუქციებით ანტიქართულ საქმეებს ხლართავდა და ეს ყველამ იცოდა, თუმცა რატომღაც თვალს ხუჭავდნენ. ახლა კი დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
აივო პეტერსონი (კრილოვი) და გულბაათ რცხილაძე ახლოსაც ვერ მოვლენ რუსეთის კიდევ ერთ „გავლენის აგენტთან“ - ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან.
(პირველი ნაწილის დასასრული)