როგორ მართავდა მიზოფობი  მილიარდერი საკუთარ იმპერიას ბნელი ოთახიდან... - კვირის პალიტრა

როგორ მართავდა მიზოფობი  მილიარდერი საკუთარ იმპერიას ბნელი ოთახიდან...

ჰოვარდ ჰიუზი (1905-1976) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი, გენიალური და იმავდროულად ტრაგიკული ფიგურაა. ავიაციის პიონერი, გამომგონებელი, ჰოლივუდის პროდიუსერი და რეკორდსმენი - მან მთელი ეპოქა შექმნა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლები ჩაბნელებულ ოთახში, სრულ იზოლაციაში გაატარა.

ჰოვარდ ჰიუზ უმცროსი 1905 წელს ტეხასში, ჰიუსტონში დაიბადა. მამამისი, ჰოვარდ ჰიუზ უფროსი, წარმატებული მეწარმე იყო, რომელმაც ნავთობის ჭაბურღილების სპეციალური როტაციული ბურღი გამოიგონა და დააპატენტა. ამ გამოგონებამ ნავთობის მოპოვებაში რევოლუცია მოახდინა. 18 წლის ასაკში ჰიუზმა ორივე მშობელი დაკარგა და მამის კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. კომპანიიდან მიღებულმა გიგანტურმა შემოსავალმა მას ამბიციური იდეების განსახორციელებლად სრული თავისუფლება მიანიჭა.

ჰოლივუდი და კინოინდუსტრია

1920-იანი წლების ბოლოს ჰიუზმა ჰო­ლი­­ვ­უდში კინოპროდიუსერო­ბა დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის ავიაციაზე გადაღებული ფილმის ("ჯოჯო­ხეთის ანგელოზები" - 1930წ.) ბიუჯეტი 4 მილიონ დოლარა­მდე გაზარდა, რაც იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა იყო. ჰიუზმა იყიდა 80-ზე მეტი თვითმფრინავი და დაიქირავა ათობით პილოტი. გადაღებებისას 3 პილოტი დაიღუპა, თავად ჰიუზი კი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მძიმედ დაშავდა. ფილმმა უზარმაზარი წარმატება მოიპოვა...

ჰიუზი ასევე პროდიუსერია ფილმებსა: "ნაიარევი სახე" და "კანონგარეშე". 1948 წელს კი მან შეიძინა ჰოლივუდის ერთ-ერთი სტუდია RKO Pictures.

ავიაკატასტროფა

ჰიუზის მთავარი ვნება მაინც ავიაცია იყო და 1932 წელს მან დააარსა Hughes Aircraft Company, სადაც ინოვაციურ თვითმფრინავებს ქმნიდა. 1935 წელს საკუთარი პროექტით შექმნილი თვითმფრინავით მსოფლიო რეკორდი დაამყარა (567 კმ/სთ სიჩქარე). 1938 წელს კი დედამიწას 91 საათში შემოუფრინა, რაც იმ დროისთვის აბსოლუტური რეკორდი იყო. ნიუ-იორკში დაბრუნებულ ნოვატორს დახვდნენ, როგორც ამერიკის ეროვნულ გმირს და მანჰეტენზე გრანდიოზული აღლუმიც გაუმართეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის მთავრობამ ჰიუზს გიგანტური სადაზვერვო თვითმფრინავი დაუკვეთა, თუმცა, ალუმინის დეფიციტის გამო, ის არყის ხისგან დამზად­და. 1947 წელს ხომალდი გამოსაცდელად გაუშვეს, მას ჰიუზი პირადად მართავდა, მაგრამ ხის გიგანტურმა აპარატმა მხოლოდ 20 მეტრის სიმაღლეზე იფრინა და ბევერლი-ჰილსში საცხოვრებელ სახლებს შეეჯახა. ჰიუზმა მრავლობითი მოტეხილობა და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ძლიერი ტკივილების გასაყუჩებლად ექიმებმა მას მორფინი და კოდეინი დაუნიშნეს, რამაც ჰიუზს სიცოცხლის ბოლომდე მძიმე ნარკოტიკული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა.

ფსიქიკური აშლილობა

1950-იანი წლებიდან ჰიუზის ფსიქიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას აწუხებდა მძიმე ფორმის ობსესიურ-კომ­პუ­ლ­­სიური აშლილობა, პათოლოგიური შიში ბაქტერიებისა და ინფექციების მიმართ (მიზოფობია), რაც ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულებამ კიდევ უფრო გაზარდა. საგულისხმოა, რომ ჰიუზის დედას ასევე აწუხებდა მძიმე მიზოფობია. ის პატარა ჰოვარდს მუდმივად ამოწმებდა დაავადებებზე, საპნითა და ძლიერი ანტისეპტიკებით ბანდა და იზოლაციაში ჰყავდა. ბავშვს ჩაუნერგა რწმენა, რომ სამყარო სავსეა საშიში მიკრობებით...

სიცოცხლის ბოლო წლები ჰოვარდ ჰიუზმა სასტუმროს ჩაბნელებულ, დაბურულ­ფანჯრებიან ნომრებში გაატარა ლას-ვეგასში, ბაჰამებსა და აკაპულკოში. ინფიცირების შიშით შეპყრობილმა საკუთარი პერსონალისთვის შექმნა მრავალგვერდიანი, დეტალური ინსტრუქცია. მაგალითად, საჭმლის ქილის გახსნისას, მომსახურე პერსონალს ქილა სპეციალური საპნით რამდენჯერმე უნდა გაერეცხა, შემდეგ გადაეტანა სხვა ჭურჭელში. ამ პროცესში მათ საკვებისთვის თითის შეხებაც კი ეკრძალებოდათ. პერსონალს ეკრძალებოდა ჰიუზთან პირდაპირი კონტაქტიც, სუფრის გასაწყობად სპეციალურ ხელთათმანებსა და სქელ ხელსახოცებს მოიხმარდნენ. ინსტრუქციაში დეტალურად იყო გაწერილი, რამდენად უნდა გადაეკეცათ ხელსახოცი, რომელ თითებს შორის მოექციათ და როგორ მიეწოდებინათ ჰიუზისთვის ისე, რომ ჰაერის ნაკადს მიკრობები არ გადაეტანა... მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა, მტანჯველმა დაავადებამ ჰიუზი საშინელ ანტისანიტარიამდე მიიყვანა - წლების განმავლობაში სავარძელში სრულიად შიშველი იჯდა, რადგან სჯეროდა, რომ ტანსაცმელი ჰაერიდან მტვერსა და მიკრობებს იწოვდა. წყალთან ან მაკრატელთან შეხებისას პანიკური შეტევა ეწყებოდა, თვეობით არ ბანაობდა, თმა წელამდე გაეზარდა, ხელ-ფეხის ფრჩხილები კი ისე დაუგრძელდა და დეფორმირდა, რომ სიარულისას ფიზიკურ ტკივილს აყენებდა, ამიტომ ფეხზე მუყაოს ყუთები ეცვა. ჰიუზი შარდით სავსე მინის ჭურჭელს ოთახში აგროვებდა, რადგან ტუალეტში შესვლა და სანტექნიკასთან შეხება მისთვის "დაბინძურების" რისკს შეიცავდა...

ჰიუზს შეეძლო მთელი დღის განმავლობაში გაემეორებინა ერთი და იგივე ფრაზა ან სიტყვა, სანამ ტვინი მას "სწორ ჟღერადობად" არ აღიქვამდა... როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვეობით შიშველი იჯდა სავარძელში და უყურებდა ერთსა და იმავე ფილმს (მაგალითად, ზოგიერთი ასჯერ მაინც ნახა).

თუმცა, ჰოვარდ ჰიუზმა შეძლო ის, რაც თითქმის შეუძლებელია: სამყაროსგან სრულიად იზოლირებულმა, სასტუმროს ბნელი ნომრიდან მართა მრავალმილიარდიანი იმპერია - ავიაკომპანიები, კაზინოები და აშშ-ის თავდაცვის საიდუმლო კონტრაქტებიც კი.

ჰიუზმა პირადი ასისტენტების ჯგუფი "უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის" ანუ მორმონების მიმდევრებით დააკომპლექტა. რატომ მორმონები? ჰიუზის პარანოიისა და მიზოფობიის გათვალისწინებით, მას სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს არ სვამდნენ, არ ეწეოდნენ, იყვნენ აბსოლუტურად დისციპლინირებული და უპირობოდ ასრულებდნენ მის ბრძანებებს. ეს 5-6-კაციანი ჯგუფი იყო ერთადერთი, ვისაც მასთან შესვლა შეეძლო, ისიც ხელთათმანებითა და ხელსახოცებით.

მართვა შუამავლის მეშვეობით

1960-იან წლებში ჰიუზის იმპერიის ოპერაციული მმართ­ველი გამოძიების ფედერა­ლური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტი რობერტ მაჰეუ გახდა. გამაოგნებელია, მაგრამ მაჰეუ 13 წლის განმავლობაში ისე მუშაობდა ჰიუზთან, მართავდა მის მილიარდებს, ყიდულობდა კაზინოებსა და მიწებს, რომ ჰიუზი თვალითაც არ ენახა. ისინი ურთიერთობდნენ მხოლოდ ტელეფონისა და წერილების მეშვეობით. ჰიუზი მაჰეუს ავალებდა პოლიტიკოსების მოსყიდვას, გარიგებების დადებასა და პრესასთან ურთიერთობას.

ჰიუზს ოთახში ეყენა სპეციალური დაშიფრული სატელეფონო აპარატურა. შეეძლო ღამის 2-3 საათზე დაერეკა თავისი კომპანიების დირექტორებისთვის, გუბერნატორებისა და იურისტებისთვის და 4-5 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ელაპარაკა ბიზნესის წვრილმან დეტალებზე. თუ ტელეფონით არ ლაპარაკობდა, წერდა უზარმაზარ წერილებსა და ინსტრუქციებს, რომლებსაც ხელსახოცებში გახვეულს გადასცემდა ასისტენტებს მათთვის გადასაცემად.

1966 წელს, როდესაც სასტუმრო Desert Inn-ის მფლობელებმა მოითხოვეს, რომ ჰიუზს სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერი გაეთავისუფლებინა, რადგან საახალწლოდ მდიდარი კაზინოს მოთამაშეები ჩამოდიოდნენ, ჰიუზმა ოთახიდან გამოსვლას პრობლემის მარტივად გადაჭრა ამჯობინა - მან, უბრალოდ, მთელი სასტუმრო 13 მილიონ დოლარად იყიდა! ამას მოჰყვა კაზინოების შესყიდვების ტალღაც... ჰიუზმა იყიდა რამდენიმე კაზინო, ტელევიზია და აეროპორტიც კი. მოკლე დროში გახდა ნევადის შტატის უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი. მან ლას-ვეგასი მაფიოზური გავლენებისგან გაწმინდა, კორპორაციულ ბიზნესად აქცია და ეს ყველაფერი ისე, რომ სასტუმროს ჩაბნელებული ოთახი არ დაუტოვებია.

ჰიუზის რესურსებს აშშ-ის მთავრობაც იყენებდა - 1970-იან წლებში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) შეიმუშავა წყნარ ოკეანეში ჩაძირული საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ნავის (K-129) 5 000 მეტრი სიღრმიდან ამოღების საიდუმლო ოპერაცია. CIA-ს სჭირდებოდა ლეგენდა. ჰიუზმა გამოაცხადა, რომ აშენებდა გიგანტურ ხომალდს, ვითომდა ოკეანის ფსკერიდან მანგანუმის მოსაპოვებლად, რეალურად კი ხომალდი საბჭოთა ნავის ამოსაღებად აიგო.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

1976 წლის 5 აპრილს 70 წლის დაუძლურებული ჰიუზი საკუთარი თვითმფრინავით აკაპულკოდან ჰიუსტონის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ის 39 კილოგრამს იწონი­და და იმდენად შეცვლილი იყო, რომ მისი იდენტიფიცირებისთვის თითის ანაბეჭდების აღებაც კი დასჭირდათ. ჰიუზი თვითმფ­რინავშივე გარდაიცვალა, მიზეზი გახდა თირკმლის უკმარისობა, გამოწვეული გამოფიტვითა და მედიკამენტების ჭარბი მოხმა­რებით. ჰიუზის იმპერია, რომელიც 1,5-2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, უპატრონოდ დარჩა. მას პირდაპირი მემკვიდრეები არ დარჩენია - არ ჰყოლია შვილები, ცოლი, და-ძმა. რაც ყველაზე უცნაურია, მილიარდერ მაგნატს იურიდ­იულად დამოწმებული ანდერძი არ დაუტო­ვებია ან ვერ იპოვეს. ამის გამო ათასობით ადამიანი იბრალებდა, რომ ჰიუზის საიდუმლო ნათესავი ან ანდერძის ბენეფიციარი იყო. ყველაზე ცნობილი ყალბი დოკუმენტი ე.წ. მორმონის ანდერძია, რომელიც მოულოდნელად სოლტ-ლეიკ-სიტიში, მორმონთა ეკლესიის შტაბბინაში გამოჩნდა. ამ ანდერძით ქონების 1/16, 156 მილიონი დოლარი ერგებოდა მელვინ დამარს - ავტოგასამართი სადგურის უბრალო მფლობელს. დამარი ამტკიცებდა, რომ 1967 წელს უდაბნოში იპოვა ბომჟივით ჩაცმული მოხუცი, რომელიც ლას-ვეგასში ჩაიყვანა, ის კი თურმე ჰოვარდ ჰიუზი აღმოჩნდა. 1978 წელს სასამართლომ ეს ანდერძი ყალბად ცნო... რადგან ანდერძი არ არსებობდა, აშშ-ის სასამართლოებმა წლების განმავლობაში იკვლიეს ჰიუზის საგვარეულო შტო. 1981 წელს სასამართლომ ოფიციალურ მემკვიდრეებად ცნო ჰიუზის 22 შორეული ნათესავი, რომლებზეც დარჩენილი ნაღდი ფული და აქტივები გადანაწილდა. ქონების ნახევარზე მეტი წაიღო აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ და ტეხასისა და კალიფორნიის შტატებმა, მემკვიდრეობის გადასახადების სახით. მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი კი იურისტების ჰონორარებსა და გადასახადებში დაიხარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ: აზიური „ტიტანიკი“ - უდიდესი საზღვაო კატასტროფა მშვიდობიანობის დროს

ყველაზე საშიში სექტა, რომელმაც ერთ დღეში 900-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა

საბჭოთა „ტიტანიკის“ ტრაგედია

ბავშვი Airbus A310-ის შტურვალთან: შოკისმომგვრელი კატასტროფა - "მამა, რატომ ბრუნავს თვითმფრინავი?"

უძრავი ქონება და „ჰოვარდ ჰიუზ კორპორეიშენი“

ჰიუზის ქონებიდან ყველაზე ღირებული კომპანია "ჰიუზის თვითმფრინავია", რომელიც ჯერ კიდევ 1953 წელს გადააფორმა მისივე დაარსებულ სამედიცინო ინსტიტუტზე (HHMI). ჰიუზმა ეს თავის დროზე გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით გააკეთა. 1985 წელს სამედიცინო ინსტიტუტმა კომპანია "ჰიუზის თვითმფრინავი" კომპანია "ჯენერალ მოტორსს" 5,2 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. HHMI დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს სამედიცინო-სამეცნიერო საქველმოქმედო ფონდად, რომელიც ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს ახმარს გენეტიკურ და ბიოლოგიურ კვლევებს.

ჰიუზის უძრავი ქონებისა და კაზინოების ჰოლდინგმა "ჰოვარდ ჰიუზ კორპორეიშენმა" გაყიდა კაზინოები და ააშენა ლას-ვეგასის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური და უზარმაზარი რაიონი "სამერლინი" იმ მიწებზე, რომლებიც ჰიუზმა ათწლეულების წინ უდაბნოში ჩალის ფასად იყიდა.

ჰოვარდ ჰიუზის შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მაგალითად ითვლება.

შორენა ბიწაძე