აგენტ-ინფორმატორობიდან საქართველოს მთავარ პროკურორობამდე: როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა "ეფ-ეს-ბემ"?!
დასამალი არაა, რომ ხშირად გაზვიადებულად მიიჩნევენ სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობას და სხვა ქვეყნების საშინაო და საგარეო პროცესებში “ხელის ფათურის” მასშტაბებს. ზოგიერთები ამას "კონსპიროლოგიის თეორიად” ნათლავენ. თუმცა მრავალრიცხოვანი ისტორიული ფაქტები მეტყველებენ, რომ სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციები ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენა.
მრავალი ათეული წლის შემდეგ თუ ხდება ცნობილი, რომ პოპულარული პოლიტიკოსი, გამოჩენილი მეცნიერი ან ყველაზე "პატრიოტული“ გამოსვლებით გამორჩეული პარლამენტარი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ და მათი მითითებებით მოქმედებდნენ.
სპეცსამსახურისთვის ნებისმიერი აგენტის მართვა-მანიპულირება ურთულესი ამოცანაა, განსაკუთრებით „გავლენის აგენტის“ საჭირო მიმართულებით „წაყვანაა“ რთული საქმე. რატომ? იმიტომ, რომ მის მოტივაციას დიდწილად ფსიქოლოგიური ფაქტორები (პატივმოყვარეობა და გაასმაგებული ეგო) წარმართავენ, ვიდრე - მატერიალური დაინტერესება. „გავლენის აგენტი“ ისეთივე სათუთ მოპყრობას მოითხოვს, როგორც ჩინური ფაიფური: ოდნავი გაუფრთხილებლობა და - დაიმსხვრევა, „ოქროს ჩიტიც“ გალიიდან გაფრინდება. ჯაშუშობის ისტორია გვიჩვენებს, რომ უმართავი „გავლენის აგენტი“ დიდი პრობლემაა სპეცსამსახურისთვის.
„გავლენის აგენტების“ ოჯახურ დინასტიებზე კი ცალკე ისტორიების მოყოლაა შესაძლებელი, მათ შორის - საქართველოს მაგალითზეც. ყველაზე დიდი საიდუმლო, რაც რუსეთის სპეცსამსახურების არქივებში იმალება, „გავლენის აგენტების“ ოჯახური დინასტიების აგენტურული საქმეების ამსახველი დოკუმენტებია. როგორც სპეცსამსახურების თანამშრომლების ოჯახური დინასტიები არსებობს (როდესაც რამდენიმე თაობა სპეცსამსახურში მსახურობს), ასევე, „გავლენის აგენტების“ ოჯახური დინასტიებიც არსებობს: როცა თაობები დგანან რუსეთის სამსახურში. ეს კი ყველა სპეცსამსახურის საოცნებო ვარიანტია: მათთვის განსაკუთრებით ფასეულია ის გარემოება, რომ სამშობლოს გაყიდვის „ოჯახური ბიზნესი“ უკვე მხოლოდ ერთი აგენტის თავსატეხი არაა და მთელი ოჯახია ჩართული ამ საქმეში. ამ დროს აგენტის „ჩავარდნის“ შანსიც მცირდება და მისი ეფექტიანობაც იზრდება.
რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ, არა მარტო მოქმედი, არამედ - სარეზერვო „გავლენის აგენტებიც“ ჰყავდეთ: რა იციან, რა დროს დასჭირდებათ? ამიტომაც მათ „გავლენის აგენტები“ ჰყავთ უცხო ქვეყნის, როგორც სახელისუფლებო, ასევე, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში: კონკურენცია ხომ პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა! ამიტომაცაა რომ ასე მრავლად არიან ირგვლივ რუსეთის აგენტები: პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, ჟურნალისტ/ექსპერტები და „სასარგებლო იდიოტები".
დღეს გთავაზობთ რუსეთის „გავლენის აგენტის“ გაზრდა/ფორმირების და დაწინაურების ერთ კლასიკურ ისტორიას. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ოთარ ფარცხალაძის გადაბირების ამბავი ქრესთომატიული და ტიპურ/თვალსაჩინო (თუმცა, სამწუხაროდ, არა - ერთეული) მაგალითია იმისა, თუ რა მონდომებითა და მოთმინებით მუშაობს “კრემლი”: მისი საიდუმლო ოპერაციები ათწლეულებზეა გათვლილი! როდის აღმოაჩინა ფარცხალაძემ, რომ ის “რომანოვია” და მისი ისტორიული სამშობლო რუსეთია? როდიდან აწვდიდა ის რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას და რა პერიოდიდან იყო მათი “გავლენის ოპერაციების” გამტარებელი საქართველოში? ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არც 2021 წლიდან დაწყებულა და არც 2012 წლიდან.
ვფიქრობ, ფარცხალაძე 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მოხვდა რუსეთის სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში და შემდეგ განხორციელდა მისი მეთოდური დამუშავება. სავარაუდოდ, ის ჯერ “აგენტი-ინფორმატორის” ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ კი მასში პოტენციალი დაინახეს და მისი დაწინაურებისა და კარიერის შექმნის ოპერაციაც დაგეგმეს, რაც, ჩემი აზრით, 2008 წლიდან დაიწყო. მაშინ რუსეთის სპეცსამსახურებს ძალზე სჭირდებოდათ აგენტურა საქართველოში, განსაკუთრებით - სამართალდამცავ და მაკონტროლებელ სტრუქტურებში. ამავე დროს, შიდა ქართლის რეგიონი, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის ერთ-ერთი ეპიცენტრია, ყოველთვის იყო და რჩება მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებად. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდაქართლის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის პოსტზე მუშაობისას “დაადგა თვალი” ფარცხალაძეს ეფ-ეს-ბემ. მალევე ის ამ სამმართველოს უფროსი ხდება და ამ თანამდებობაზე 2012 წლის ბოლომდე მუშაობს. შიდაქართლში მომავალი “რომანოვი” ხელმძღვანელობდა ფინანსურ გამოძიებებს - გადასახადების, ფინანსური დარღვევების, მეწარმეების ფინანსური ვალდებულებებისა და ეკონომიკური დანაშაულის მიმართულებით. მოკლედ, ქართლელი ბიზნესმენების “დაწიოკების” პროცესს ხელმძღვანელობდა, რაც იმ ხელისუფლების “საფირმო ნიშანი” იყო. თუმცა დადგა 2013 წლის იანვარი და ფარცხალაძე ახალმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააწინაურა: ის ჯერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ, ხოლო იმავე წლის მაისში, ამ უდიდესი ფარული გავლენების მქონე სამსახურის უფროსად დანიშნეს. ექვსი თვის შემდეგ კი ფარცხალაძე უკვე საქართველოს მთავარი პროკურორი ხდება! ეს სასწაულია თუ წინასწარ დასახული საიდუმლო გეგმის ნაწილი?

ფოტოზე „კემბრიჯის ხუთეული“: ენტონი ბლანტი; გაი ბერჯესი; დონალდ მაკლინი, კიმ ფილბი და ჯონ კერნკროსი.
სპეცსამახურების აგენტურული მუშაობა მთლიანად ეყრდნობა „MICE-ის“ მოდელს, სადაც: Money -ფულია; Ideology - იდეოლოგია; Compromise/Coercion - კომპრომატი/იძულება და Ego - ეგო/პირადი ამბიცია. თუმცა ერთი კონკრეტული მოტივი ყოველთვის საკმარისი არ არის — ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს. მაგალითად, თავიდან შეიძლება იყოს იდეოლოგიური ფაქტორი, მაგრამ თუ შემდეგ აგენტი „თამაშიდან გასვლას“ გადაწყვეტს, მისი შენარჩუნება უკვე კომპრომატების გამოყენებით უნდა მოხდეს.
21-ე საუკუნეში აგენტის მატერიალური მოტივაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. გადაბირების პოტენციური კანდიდატები არიან ის პირები, რომელთაც აქვთ ფინანსური პრობლემები და, ამავე დროს, „კარგი ცხოვრებაც“ უნდათ. არსებობს იდეოლოგიური მოტივიც - აგენტს შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს უცხო სახელმწიფოს პოლიტიკური ხედვის.
“გავლენის აგენტი” არის პირი, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს, არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ - კონკრეტულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ ან საინფორმაციო პროცესებზე ზემოქმედებისთვის. ამიტომ მისი შერჩევა-გადაბირების ლოგიკა განსხვავდება ჩვეულებრივი ინფორმატორის გადაბირებისგან. აქ მთავარი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რას ფლობს ადამიანი, არამედ იმასაც, ვისზე და რაზე შეუძლია მას გავლენის მოხდენა. ამ დროს სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:
პირველი პრინციპია გავლენის პოტენციალის შეფასება. ყურადღება ექცევა პირის თანამდებობას, პროფესიულ ავტორიტეტს, გადაწყვეტილების მიმღებებთან კავშირებს, საზოგადოებრივ ცნობადობას, საორგანიზაციო რესურსებსა და სოციალურ ქსელს. გავლენის აგენტი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოხელე, ბიზნესმენი, ჟურნალისტი, ექსპერტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან სხვა პირი, რომელსაც კონკრეტულ გარემოში მნიშვნელოვანი კავშირები აქვს;
მეორე პრინციპია მოტივაციის განსაზღვრა. გავლენის აგენტის თანამშრომლობის საფუძველი შეიძლება იყოს იდეოლოგიური სიმპათიები, ფინანსური ინტერესი, პოლიტიკური ამბიცია, კარიერული მიზნები, პირადი წყენა, სახელმწიფოსადმი უკმაყოფილება ან უცხო ძალასთან პოლიტიკური ინტერესების თანხვედრა. მნიშვნელოვანია განსხვავება ნებაყოფლობით თანამშრომლობასა და იძულებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას შორის;
მესამე პრინციპია ნდობისა და ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება. გავლენის ოპერაციებში ურთიერთობა, როგორც წესი, ხანგრძლივია. მიზანი შეიძლება იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პირი უცხო ცენტრის ინტერესებთან თანდათანობით უფრო მჭიდროდ დააკავშირებს საკუთარ პოლიტიკურ, პროფესიულ ან პირად ინტერესებს;
მეოთხე პრინციპია გავლენის ქსელის გაფართოება. ერთი პირის შესაძლებლობები შეიძლება გაიზარდოს მისი კავშირების საშუალებით. ამიტომ გავლენის ოპერაცია ყოველთვის არ არის ერთი აგენტის გამოყენება; ზოგჯერ იქმნება ურთიერთდაკავშირებული აგენტების ქსელი, რომელთა საქმიანობა უცხო თვალისთვის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიყურება;
მეხუთე პრინციპია გავლენის დაფარვა. გავლენის აგენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი შეიძლება იყოს ის, რომ მისი მოქმედებები გარედან აღიქმებოდეს, როგორც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიული პოზიციის ან საზოგადოებრივი ინტერესის გამოხატულება. სწორედ ამიტომაა რთული კონტრდაზვერვის სამსახურისთვის გავლენის ოპერაციების გამოვლენა;
მეექვსე პრინციპია შედეგზე ორიენტაცია. “აგენტი ინფორმატორის” შემთხვევაში, “საბოლოო პროდუქტი” ინფორმაციაა; “გავლენის აგენტის” შემთხვევაში - გადაწყვეტილების, პოლიტიკური დღის წესრიგის, საზოგადოებრივი დისკურსის ან ინსტიტუციური ქცევის ცვლილება.
ამრიგად, გავლენის აგენტის გადაბირების ლოგიკა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: გავლენის პოტენციალის გამოვლენა → შეფასება → მოტივაციის განსაზღვრა → ურთიერთობის ჩამოყალიბება → ინტერესების თანხვედრა → გავლენის გამოყენება → შედეგის შეფასება. ასე რომ, გავლენის აგენტის მთავარი სადაზვერვო ღირებულება არის არა მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის ფლობა, არამედ - სხვა ადამიანებზე, გადაწყვეტილებებზე ან პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. როგორ ირჩევენ სპეცსამსახურები გავლენის პოტენციურ აგენტს?
ყველაზე დიდი შეცდომა არის იმის დაშვება, რომ სპეცსამსახური აუცილებლად ეძებს ადამიანს, რომელიც თავიდანვე უცხო ქვეყნის იდეოლოგიური მხარდამჭერია. ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ ხშირად უფრო საინტერესოა ადამიანი, რომელსაც აქვს გავლენის რესურსი. ეს რესურსი შეიძლება იყოს:
პოლიტიკური: მინისტრი, დეპუტატი, პარტიის ლიდერი, მრჩეველი, ყოფილი სახელმწიფო მოხელე;
მედია: ტელევიზიის მფლობელი, ჟურნალისტი, რედაქტორი, ცნობილი კომენტატორი;
ეკონომიკური: ბიზნესმენი, ბანკირი, მსხვილი ინვესტორი;
აკადემიური: პროფესორი, მკვლევარი, ექსპერტი, ანალიტიკოსი;
სოციალური: რელიგიური პირი, საზოგადოებრივი აქტივისტი, კულტურის ცნობილი წარმომადგენელი;
უსაფრთხოების სფერო: მოქმედი ან ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, სპეცსამსახურის თანამშრომელი ან პროკურორი.

ფოტო: კიმ ფილბი
რუსეთის სპეცსამსახურის შესწავლა/დაკვირვების ობიექტი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები არიან, რომლებიც პოტენციურ გავლენის რესურსად განიხილებიან. თავად გავლენის ოპერაცია კი შემდეგ სამ დონეზე ხორციელდება:
პირველი - ელიტური დონე, სამიზნე: პრეზიდენტი; პრემიერ-მინისტრი; მინისტრი; პარლამენტის დეპუტატი; პოლიტიკური პარტიის ლიდერი; მაღალი რანგის საჯარო მოხელე. ამ დროს ოპერაციის მთავარი მიზანია გადაწყვეტილების მიღება ან შეცვლა. მაგალითად, საგარეო პოლიტიკური შეთანხმების დაბლოკვა; კონკრეტული ბიზნესპროექტის მხარდაჭერა და ა.შ.
მეორე დონე - ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებში შეღწევა, სამიზნე: სამინისტროები; სასამართლო; მედია; უნივერსიტეტი; ბიზნესასოციაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ დროს მთავარი მიზანია მთლიანად ქვეყნაში ინსტიტუციური გარემოს თანდათანობითი შეცვლა.
მესამე - საზოგადოებრივი დონე. სამიზნე: სოციალური ქსელები; ტელევიზია; ონლაინმედია; ე.წ. ინფლუენსერები და სხვ. ამ დროს მთავარი მიზანია მასობრივი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება “კრემლისთვის” საჭირო მიმართულებით.
თუ “აგენტი ინფორმატორი” მოიპოვებს და გადასცემს ინფორმაციას, “გავლენის აგენტი” ცვლის გარემოს, რომელშიც გადაწყვეტილება მიიღება და ცდილობს, დაარწმუნოს გადაწყვეტილების მიმღები, რათა მან მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება.
1930-იან წლებში საბჭოთა დაზვერვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დასავლურ ქვეყნებში კომუნისტური ან ანტიფაშისტური შეხედულებების მქონე ინტელექტუალებისა და ახალგაზრდების გადაბირება. ამის კლასიკური მაგალითია “კემბრიჯის ხუთეული”: — კიმ ფილბი, გაი ბერჯესი, დონალდ მაკლინი, ენტონი ბლანტი და ჯონ კერნკროსი. საბჭოთა დაზვერვა 1930-იან წლებში აქტიურად ეძებდა განათლებულ ახალგაზრდა კომუნისტებსა და კომუნიზმის მიმართ სიმპათიით განწყობილ ადამიანებს ბრიტანეთის ელიტურ უნივერსიტეტებში. აქ იდეოლოგია მოქმედებდა არა როგორც დამატებითი ინსტრუმენტი, არამედ - ზოგ შემთხვევაში, როგორც პირველადი მოტივატორი. დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების წრეებში მუდმივი ყოფნა (სტუდენტის ან ლექტორის სტატუსით) საბჭოთა აგენტებს საშუალებას აძლევდა, ახლოს გაეცნოთ სტუდენტები და ლექტორები, დაეფიქსირებინათ მათი სისუსტეები და მავნე ჩვევები (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი და ა.შ.), რაც ძალზე ძლიერი იარაღი იყო მათი დაშანტაჟებისა და გადმობირებისათვის. ჰომოსექსუალიზმი, რომელიც მაშინ ბრიტანეთში მკაცრად ისჯებოდა, გახდა ახალგაზრდა კემბრიჯელი სტუდენტების დაშანტაჟების მთავარი ბერკეტი. ჯერ იდეოლოგიური სიმპათია და შემდეგ შანტაჟი: ასე შეიქმნა "კემბრიჯის ხუთეული".
ასე რომ, კომპრომატის გამოყენება აგენტურის მართვის ერთ-ერთი მეთოდია - სპეცსამსახურს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებითაც ადამიანს კარიერა ან პირადი ცხოვრება დაენგრევა და ამით “მსუბუქად” აშანტაჟებდეს აგენტობის კანდიდატს. “კემბრიჯის ხუთეულმა” გადაბირებიდან 4-5 წელიწადში უმნიშვნელოვანესი საკვანძო პოსტები დაიკავა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში – საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებში. მათ კარიერულ წინსვლას გეგმავდა და მაქსიმალურად ხელს უწყობდა საბჭოთა დაზვერვა. ამიტომაც ამ აგენტებმა შეძლეს რეკორდული დრო, 20-30 წელი აქტიურად ემუშავათ და “კრემლისთვის” მიეწოდებინათ 25-ათასზე მეტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. თუმცა ამ გარემოებასთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ “კემბრიჯის ხუთეულის” წევრები უმნიშვნელოვანესი “გავლენის აგენტები” იყვნენ და პირადად წყვეტდნენ, თუ ბრიტანეთის ხელისუფლების რა გადაწყვეტილება ავნებდა საბჭოთა კავშირს და ცდილობდნენ, მაქსიმალურად აერიდებინათ საფრთხე “კრემლისთვის”.
“გავლენის აგენტის” ფორმირების ურთულესი პროცესის უკეთ გასააზრებლად კიმ ფილბის ისტორია გავიხსენოთ. 1930-იანი წლების დასაწყისში ლონდონის კემბრიჯის უნივერსიტეტი და მისი თრინითი კოლეჯი, ისევე როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტი (მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის კონტრდაზვერვა აქტიურად მუშაობდა განათლების სისტემაში სხვა ქვეყნების დაზვერვების შეღწევის თავიდან ასაცილებლად) საბჭოთა აგენტების “სამჭედლო” გახდა. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლები შემთხვევით არ იყო შერჩეული: იქ განათლებას იღებდა დიდი ბრიტანეთის მომავალი პოლიტელიტა, დიპლომატიური კორპუსი და სპეცსამსახურების “ჯეიმს ბონდები”. ბრიტანეთში არსებული საკადრო პოლიტიკის ღრმა ანალიზის შედეგად საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მომავალი აგენტურის მოსაძებნად კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტი საუკეთესო ვარიანტი იყო.
კიმ ფილბი ოცი წლისაც არ იყო, რომ სოციალისტური იდეებით “მოიწამლა” და მალევე აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში, აქედან კი ერთი ნაბიჯი იყო საბჭოთა დაზვერვამდე. ოფიციალური ცნობებით, მისი გადაბირება 1934 წლის ივნისის დასაწყისში განახორციელა ინგლისში არალეგალურად მოქმედმა საბჭოთა მზვერავმა არნოლდ დეიჩმა. მალევე, საბჭოთა დაზვერვის რჩევით, კიმ ფილბიმ ჟურნალისტობას მიჰყო ხელი და უკვე ორი წლის შემდეგ, ის ცნობილი ინგლისური გაზეთის - „Times“-ის თანამშრომელი გახდა. ასევე, მოსკოვის დავალებით ანტიფაშისტმა კიმ ფილბიმ... ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა დაიწყო. მას, როგორც „ჟურნალისტს“, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა სხვადასხვა ადამიანებს და დაესვა კითხვები ისე, რომ დაეჭვება არ გამოეწვია. კიმმა დაიწყო რეგულარულად მოგზაურობა ბერლინში, რამაც საშუალება მისცა, გერმანიაში გაეჩინა ინფორმაციის რამდენიმე წყარო, მათ შორის - გერმანიის პროპაგანდის სამინისტროში.
1936 წლის ბოლოს ფილბის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა: საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იგი სადაზვერვო მისიით ესპანეთში გაეგზავნა, სადაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ფილბის მოუწია მუშაობა ფრანკოს (რომელსაც მხარს უჭერდა იტალია და გერმანია) მომხრეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ფილბი ესპანეთში იმყოფებოდა, როგორც ჟურნალისტი და "ნაცისტური გერმანიის გულწრფელი მეგობარი". კიმ ფილბი 1937-1939 წლებში „Times“-ის სპეციალური კორესპონდენტი იყო ესპანეთში და გენერალ ფრანკოს გარემოცვაში დიდი ნდობა მოიპოვა. საბჭოთა ხელისუფლება იმ პერიოდში ფრანკოს ლიკვიდაციას გეგმავდა, ამ ოპერაციაში კიმ ფილბის მთავარი როლი ეკისრებოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს სპეცოპერაცია ჩაიშალა. სწორედ ჟურნალისტიკამ გაუხსნა გზა კიმს დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის უმაღლესი ეშელონებისკენ. კიმ ფილბი, რომელიც საბჭოთა დაზვერვამ ახალგაზრდა ასაკში (22 წლის) გადაიბირა, თავიდან “აგენტი-ინფორმატორი” იყო, შემდეგ კი, მოსკოვის ფარული დახმარებით, სწრაფად დაწინაურდა ბრიტანეთის სპეცსამსახურებში და “გავლენის აგენტი” გახდა. 1940-იან წლებში იგი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე დანიშნეს, შემდეგ კი ვაშინგტონში, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI-6) წარმომადგენლად მუშაობდა და საბჭოთა კავშირს გადასცემდა, ინფორმაციას როგორც ბრიტანეთ-აშშ-ის დაზვერვის საქმიანობის შესახებ, ასევე იღებდა ძალზე მნშვნელოვან გადაწყვეტილებებს საბჭოთა იმპერიის სასარგებლოდ. 1956 წელს კიმ ფილბი ინგლისური გაზეთის - „Observer“-ის და ჟურნალ „Economist“-ის კორესპონდენტის საფარქვეშ მოქმედებდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში: როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომელი, რეალურად კი - საბჭოთა „გავლენის აგენტი“. მკითხველმა შეიძლება გაიფიქროს: სად ოთარ ფარცხალაძე და სად კიმ ფილბიო, რა თქმა უნდა, ეს შედარებები და პარალელები მხოლოდ ზოგადია და “აგენტი ინფორმატორის” ტრანსფორმაციის პროცესს ასახავს.
ამჟამად რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდიკა შეიძლება პირობითად დაიყოს ექვს ძირითად ფაზად: სამიზნის გამოვლენა → შეფასება → დაახლოება → მოტივაციის გამოყენება → თანამშრომლობაზე დათანხმება → კონტროლი. ფარცხალაძის შემთხვევაში, ყველაზე საინტერესო კითხვა არის, „როდის გახდა ის რუსეთის აგენტი?“, თუმცა ამის ზუსტი თარიღი საჯაროდ დადასტურებული არ გვაქვს. იმის თქმა კი, თუ როდის გადაიქცა იგი რუსეთისთვის უბრალო აგენტიდან მაღალი ღირებულების “გავლენის აგენტად”, დარწმუნებით შეიძლება.
ასევე დაგაინტერესებთ: სამშობლოს ღალატის ანატომია: რა საერთო აქვთ ესტონელ პოლიტიკოს აივო პეტერსონ-კრილოვს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და გულბაათ რცხილაძეს?!
ეს მოხდა მაშინ, როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური სისტემა რადიკალურად შეიცვალა. ახალი ხელისუფლების მოსვლამ შეცვალა: პოლიტიკური ელიტა; ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა; პროკურატურის ხელმძღვანელობა; ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობები და სხვ. ამ კონტექსტში ფარცხალაძის სწრაფი კარიერული აღმასვლა რუსეთისთვის, სადაზვერვო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან მომენტს ქმნიდა. რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ფარცხალაძის ღირებულება შეიცვალა. თუ მანამდე იყო: „რა საიდუმლო დოკუმენტებს მოგვცემს?“, 2013 წლის ნოემბერში მას უკვე გაცილებით სერიოზული ამოცანები დაუსახეს, კერძოდ: პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა; დასავლურ კურსზე და ინტეგრაციაზე გავლენა; საქართველოს ელიტებში რუსეთისადმი დამოკიდებულების პოზიტიურისკენ შეცვლა; სტრატეგიული ინფორმაციის მოპოვება; რუსეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვა; დასავლეთის გავლენის შემცირება; განსაკუთრებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებთა ქცევის პროგნოზირება და მოსკოვისთვის შეტყობინება და სხვ.
ოთარ ფარცხალაძემ თავად მოახდინა თვითლუსტრაცია და ეჭვი აღარავის უნდა ეპარებოდეს, თუ რომელი ქვეყნის ინტერესებს იცავდა ის წლების მანძილზე. საინტერესო ახლა ისაა, თუ რა იყო სამშობლოს ღალატის მოტივაცია. ოთხი შესაძლო ვერსია ამგვარია: იდეოლოგიური - ფარცხალაძე ახალგაზრდობიდან იზიარებს რუსეთის იმპერიალისტურ გეოპოლიტიკურ მიზნებს. ამ შემთხვევაში, რუსეთის სპეცსამსახურს ფარცხალაძის გადაბირებაზე დიდი ჯაფა არ დაადგებოდა; მატერიალური მოტივი - ფული; ბიზნესი; ფინანსური შესაძლებლობები; რუსეთის ბაზარზე წვდომა; პოლიტიკური დაცვა. მესამე - შანტაჟი 2001 წელს გერმანიაში დაპატიმრების გამჟღავნებით; მეოთხე- “ჰიბრიდული მოტივი” კი ამგვარია: ფული + შანტაჟი + ბიზნესკავშირები + პოლიტიკური ინტერესი + პირადი ურთიერთობა + უსაფრთხოების გარანტია.
საქართველოში ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, მისი საერთაშორისო მდგომარეობაც მძიმდება: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სანქციები ძალაში რჩება, ამიტომაც “რომანოვ-ფარცხალაძე” კიდევ უფრო მეტად იქნება “კრემლის” კეთლგანწყობის შემყურე და კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებზე. არ შეასრულებს და საქართველოში ექსტრადაციაც ნამდვილად არ დააყოვნებს. ამგვარია სამშობლოს მოღალატის ბედი.