ოპერაცია "თხუნელა" ანუ როგორ მუშაობდა გერმანიის დაზვერვის მაღალჩინოსანი პუტინის სასარგებლოდ?!
შექსპირის „ჰამლეტიდან“ ცნობილი გამოთქმის პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ, დაახლოებით ამგვარ წინადადებას მივიღებთ: „რაღაც ვერაა წესრიგში გერმანიის სპეცსამსახურებში“. წლები გადის და გერმანიის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სტრუქტურები სულ ახალ-ახალი სკანდალებით „იწონებენ თავს“.
ვინ იფიქრებდა, რომ სპეცსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, საქართველოს გარდა, ევროპის უმთავრეს ქვეყანაში, გერმანიაშიც დააპატიმრებდნენ. თუმცა სამწუხაროდ, ეს სკანდალური ფაქტი ერთადერთი არ არის ამ ქვეყნის ისტორიაში. მათი ძველი „ცოდვებიდან“ დღეს მხოლოდ ერთი გავიხსენოთ.
2022 წლის 21 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ ბერლინში დააკავა კარსტენ ლინკე - გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) ტექნიკური დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი დაპატიმრება გახდა ცივი ომის შემდეგ გერმანიის სადაზვერვო სისტემაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური სკანდალი. თავად განსაჯეთ: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, გერმანული დაზვერვის საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელში ხვდებოდა.
კარსტენ ლინკე 1970 წელს დაიბადა. ის თავდაპირველად გერმანიის შეიარაღებულ ძალებში (ბუნდესვერში) მსახურობდა. BND-ში მოღვაწეობა მან 2007 წელს, ტექნიკური დაზვერვის მიმართულებით დაიწყო. მოგვიანებით იგი შიდაუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელ პოზიციაზე დააწინაურეს. საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას წვდომა ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოების უმაღლესი კატეგორიის დოკუმენტაციასთან, სარგებლობდა დიპლომატიური პასპორტითა და იარაღის ტარების უფლებით. ლინკეს ხელი მიუწვდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრონული თვალთვალის მონაცემებზე. გამოძიების ვერსიით, იგი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) შუამავლის - ბიზნესმენ არტურ ელერის მეშვეობით გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს. გავრცელებული ინფორმაციით, გასამრჯელოს სახით მას ასეულობით ათასი ევრო აქვს მიღებული.
ეს სკანდალური ფაქტი სცდება ჩვეულებრივი ჯაშუშობის ფარგლებს და აშიშვლებს არა მხოლოდ ერთი საჯარო მოხელის ღალატს, არამედ გერმანიის უსაფრთხოების მთელი სტრუქტურის სისტემურ პრობლემებს, შიდაკონტრდაზვერვის სისუსტეებსა და ნატოს მოკავშირეებს შორის ნდობის კრიზისს.

ფოტო: კარსტენ ლინკე
გამოძიების პროცესში მოწმეთა ჩვენებებიდან გაირკვა, რომ ლინკეს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ულტრამემარჯვენე, რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები. იგი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას გერმანიის საგარეო პოლიტიკითა და მიგრაციული კრიზისით. მისი მოტივაცია შედგებოდა ორი ძირითადი კომპონენტისგან:
- იდეოლოგიური თანხვედრა: კრემლის ავტორიტარულ და ულტრაკონსერვატიულ ნარატივებთან;
- ფინანსური მოტივაცია: გამოძიების მონაცემებით, მან რუსული დაზვერვისგან გასამრჯელოდ 450,000 ევროზე მეტი ნაღდი ფული მიიღო.
გაირკვა, რომ ლინკე პირდაპირ არ უკავშირდებოდა რუსულ სპეცსამსახურს. კავშირი ხორციელდებოდა რუსული წარმოშობის გერმანელი ბიზნესმენის, არტურ ელერის მეშვეობით. ისინი ერთმანეთს ბავარიაში ხვდებოდნენ, სადაც ლინკე BND-ის შიდაბაზებიდან მიღებულ საიდუმლო მასალებს გადასცემდა ელერს, რომელიც დოკუმენტებს მოსკოვში გზავნიდა. ეფ-ეს-ბე ელერის მეშვეობით ლინკეს უგზავნიდა კონკრეტულ კითხვებს, თუ რა სახის მონაცემები აინტერესებდა “კრემლს”.
ფულის ტრანსპორტირება: მოსკოვში ეფ-ეს-ბეს წარმომადგენლები ელერს გადასცემდნენ ასობით ათას ევროს, რომელიც მას გერმანიაში შეჰქონდა. ლინკე, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ელერს აეროპორტის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლაში ეხმარებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: აგენტ-ინფორმატორობიდან საქართველოს მთავარ პროკურორობამდე: როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა "ეფ-ეს-ბემ"?!
ლინკეს მიერ გადაცემული საიდუმლო დოკუმენტები უდიდესი დარტყმა იყო, როგორც გერმანიის, ასევე, მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. გაჟონილი ინფორმაცია მოიცავდა:
მონაცემები უკრაინის ომზე - ეს იყო BND-ის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ცნობები რუსეთის არმიის გადაადგილების, დანაკარგებისა და ტაქტიკის შესახებ. ტექნიკური თვალთვალის წყაროები: ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მეთოდებითა და არხებით უსმენდა გერმანული და დასავლური დაზვერვა რუსეთის მაღალჩინოსნებსა და სამხედრო სტრუქტურებს. “ვაგნერის ჯგუფის” შესახებ მოპოვებული ინფორმაციის წყაროები.საინტერესოა, რომ ლინკეს მხილება BND-ის შიდა მონიტორინგის შედეგი არ ყოფილა.
2022 წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთმა პარტნიორმა დასავლურმა სადაზვერვო სამსახურმა (სავარაუდოდ, აშშ-ის ან დიდ ბრიტანეთის) რუსულ სადაზვერვო ნაკადებში აღმოაჩინა შიდადოკუმენტი, რომელიც ექსკლუზიურად BND-ის ბაზებში ინახებოდა. მოკავშირეებმა გერმანია გააფრთხილეს, რის შემდეგაც BND-ის შიდაუსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ფარული ოპერაცია "თხუნელის" გამოსავლენად. ლინკეს თვალთვალი დაუწესეს და რამდენიმე კვირაში მისი და ებრახტის კავშირი სრულად გაშიფრეს.
ამ ფაქტს ძალზე სერიოზული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგები ჰქონდა, კერძოდ, გერმანიის სადაზვერვო სამსახურების მიმართ ნდობის კრიზისი. "ხუთი თვალის" (Five Eyes - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია) ალიანსმა და ნატოს წევრებმა მკვეთრად შეზღუდეს გერმანიისთვის სენსიტიური სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. იმიტომ, რომ გაჩნდა კითხვა: რამდენად დაცულია მოკავშირეების საიდუმლოებები ბერლინში? “ლინკეს საქმემ” აჩვენა, რომ BND-ში შიდაუსაფრთხოებისა და კადრების შემოწმების სისტემა მოშლილი იყო.
2023 წლის დეკემბერში ბერლინში დაიწყო სასამართლო პროცესი კარსტენ ლინკესა და არტურ ელერის წინააღმდეგ. მათ ბრალად წარედგინათ “სახელმწიფო ღალატის” მუხლი. გერმანული კანონმდებლობით, ომისა და საერთაშორისო კრიზისის დროს ჩადენილი ასეთი დანაშაული სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
წესით და რიგით, კარსტენ ლინკეს საქმე უნდა გამხდარიყო გარდამტეხი მომენტი გერმანიის უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის. გერმანიის ხელისუფლებას უნდა დაენახა, რომ ჰიბრიდული ომი და ჯაშუშური ქსელები (უპირველესად, რუსული) უშუალოდ გერმანული სახელმწიფო ინსტიტუტების გულშია შეღწეული. ამ შემთხვევას უნდა გამოეფხიზლებინა ბერლინი და ის საბოლოოდ უნდა გამოსულიყო ცივი ომის შემდგომი ილუზიებიდან და დაეწყო საკუთარი სადაზვერვო სტრუქტურების ფუნდამენტური გაძლიერება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ და ევროპაში ჰიბრიდული საფრთხეების ზრდამ უწყების შიდასტრუქტურული და კონცეპტუალური ხარვეზები სრულიად აშკარა გახადა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ნათელი იყო, რომ BND-ის ეფექტიანობასა და რეპუტაციას, ძირითადად, ორი ფუნდამენტური პრობლემა აზიანებდა:
- კონტრდაზვერვის სისუსტე. უწყების შიდაუსაფრთხოების მექანიზმები მოშლილი იყო. წლების განმავლობაში BND-ში არ არსებობდა მკაცრი შიდამონიტორინგი, რამაც კრემლის აგენტებს საშუალება მისცა, BND-ისა და ნატოს მოკავშირეების ყველაზე სენსიტიურ ინფორმაციაზე მიეღოთ წვდომა.
- ბიუროკრატია და მკაცრი სამართლებრივი შეზღუდვები

ფოტო: ავგუსტ ჰანინგი
გერმანიის ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში დაზვერვის საქმიანობა უმკაცრეს სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოსა და შიდაკანონმდებლობის მიერ დაწესებული ბარიერები სერიოზულად ზღუდავს BND-ის შესაძლებლობებს. კერძოდ: ტექნიკურ თვალთვალზე შეზღუდვა - ელექტრონულ კომუნიკაციებსა და ციფრულ სფეროში მონაცემთა შეგროვება გერმანიის მოქალაქეების კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით უკიდურესად რთულია;
გადაწყვეტილების მიღების ოპერატიულობა - გადაჭარბებული ბიუროკრატიული პროცედურების გამო BND ხშირად ვერ ასწრებს კრიზისულ სიტუაციებზე ოპერატიულ რეაგირებას;
ტექნოლოგიური ჩამორჩენა. ირკვევა, რომ BND მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავის ამერიკელ (NSA) და ბრიტანელ (GCHQ) პარტნიორებს კიბერსივრცესა და ტექნიკურ დაზვერვაში (SIGINT). უწყება დიდწილად დამოკიდებულია დასავლელი მოკავშირეების მიერ გაზიარებულ მონაცემებზე; მოკავშირეების ნდობის დაკარგვა - რუსული აგენტურის მხილებამ და სისტემურმა გაჟონვებმა სერიოზულად შელახა BND-ის რეპუტაცია და მოკავშირეები სულ უფრო ფრთხილობენ BND-სთვის მაღალი სენსიტიურობის მქონე სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, რადგან ეჭვობენ, რომ ბერლინში გაგზავნილი მონაცემები შესაძლოა, მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდეს.
ასე რომ, BND უკვე წლებია, რაც ღრმა ინსტიტუციურ კრიზისში იმყოფება, თუმცა რეფორმები მუდმივად ჭიანურდებოდა. ქართული ანდაზა გავიხსენოთ: “კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო” - სწორედ ასე მოუვიდა გერმანიის ხელისუფლებას.
2026 წლის ოქტომბერის დასაწყისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ და პოლიციამ ჩაატარეს ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააკავეს BND-ის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, რომელიც უწყებას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი გახლდათ. ჰანინგს ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი, ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვება-გადაცემა. ეს არის გერმანიის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი რანგის დაზვერვის ხელმძღვანელი ექცევა სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ.
ავგუსტ ჰანინგის დაკავებამ ნამდვილი შოკი გამოიწვია. არსებობს ეჭვი, რომ ჰანინგი, თავისი ყოფილი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით, შესაძლოა წლების განმავლობაში ფულის სანაცვლოდ იღებდა საიდუმლო ინფორმაციას ყოფილი სამსახურიდან და შემდეგ თავისი საკონსულტაციო ფირმის „ანალიტიკური მოხსენებების“ სახით გადასცემდა ერთ-ერთი უცხოეთის ქვეყნის სპეცსამსახურს. ეს ქვეყანა არ სახელდება, თუმცა სწორედ იმის გარკვევაა მთავარი რომელი ქვეყნის ხელისუფალთ ჩაუვარდათ ხელთ გერმანიის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები.
(პირველი ნაწილის დასასრული)