რუსი თაღლითის ყველაზე მასშტაბური ფინანსური პირამიდა კაცობრიობის ისტორიაში - კვირის პალიტრა

რუსი თაღლითის ყველაზე მასშტაბური ფინანსური პირამიდა კაცობრიობის ისტორიაში

1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქარხნები დაიხურა, ჰიპერინფლაციამ კი ხალხის მრავალწლიანი დანაზოგი ქაღალდის გროვად აქცია. მილიონობით ადამიანი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკის კანონების წინაშე...

გენიალური თაღლითი

ამ ეკონომიკურ ქაოსში გამოჩნდა კაცი, რომელსაც გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, რომ თაღლითი იყო - კარჩაკეტილი, სქელმინიანი სათვალითა და სპორტული კოსტიუმით მოსიარულე მათემატიკოსის მთავარი გატაცება აკვარიუმის თევზები იყო. მაგრამ სერგეი მავროდიმ გააცნობიერა მთავარი: ხალხს სასწაულის სჯერა, მას კი ამ სასწაულის გაყიდვა შეუძლია!

1989 წელს სერგეი მავროდიმ, მისმა ძმამ, ვიაჩესლავ მავროდიმ და ძმის ცოლმა ოლგა მელნიკოვამ დააფუძნეს კოოპერატივი MMM (სახელწოდება დამფუძნებელთა გვარების პირველი ასოების აბრევიატურაა). თავდაპირველად კომპანია უცხოური კომპიუტერებისა და საოფისე ტექნიკის იმპორტით იყო დაკავებული. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთში ჰიპერინფლაცია მძვინვარებდა, მავროდიმ საქმიანობის პროფილი რადიკალურად შეცვალა. 1994 წლის თებერვალში MMM-მა თავისუფალ გაყიდვაში გაიტანა საკუთარი აქციები. კომპანია საზოგადოებას ჰპირდებოდა წარმოუდგენელ წლიურ მოგებას: 1000%-ზე მეტს (თვეში 100%-მდე ზრდას). სქემა კლასიკურ ფინანსურ პირამიდას ეფუძნებოდა, თუმცა მავროდიმ მას უპრეცედენტო მასშტაბი და იურიდიული ეშმაკობები შესძინა: ძველ მეანაბრეებს პროცენტები ახლების მიერ შეტანილი ფულიდან ერიცხებოდათ. თუმცა, მავროდის მთავარი იარაღი ფსიქოლოგიური მანიპულაცია გახლდათ. მან დაიქირავა პროფესიონალი ფსიქოლოგები და გენიალურად მოფიქრებული, ეფექტური სარეკლამო კამპანია წამოიწყო - სატელევიზიო არხებზე გადიოდა სარეკლამო რგოლები უბრალო მუშა ლიონია გოლუბკოვზე, რომელიც ეკრანიდან ხალხს უხსნიდა, თუ როგორ უყიდა კომპანია MMM-იდან მიღებული მოგებით ცოლს ჯერ ჩექმა, შემდეგ პალტო, ავტომობილი და ბოლოს სახლის ყიდვას გეგმავდა კალიფორნიაში. ფრაზა: "მე "ხალტურშიკი" კი არა, ინვესტორი ვარ!" - მილიონობით გაღარიბებული მოქალაქის ლოზუნგად იქცა.

მალე მოსკოვში, ვარშავის შოსეს 26 ნომერში, MMM-ის ცენტრალურ ოფისთან მოქალაქეთა რიგები კილომეტრებზე გადაიჭიმა. ხალხს ძვირფასეულობა, ბინების გაყიდვით მიღებული ფული და უკანასკნელი პენსიები მიჰქონდა. ოფისს იმდენი ხალხი მიაწყდა, რომ MMM-ის მოლარეები ფულს ვეღარ ითვლიდნენ, ბანკნოტებს მუყაოს ყუთებში ყრიდნენ და ცარიელ ოთახებში ათავსებდნენ. მოგვიანებით, თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ საღამოობით მავროდი იმას კი არ კითხულობდა, თუ რამდენი მილიონი შემოვიდა, არამედ იმას: "დღეს რამდენი ოთახი ფული მოვაგროვეთ?"„"დღეს სამი ოთახი აივსო, სერგეი პანტელეევიჩ!" - იყო პასუხი.

სახელმწიფოს წინააღმდეგ

თავდაპირველად MMM-მა გამოუშვა 990 000 ოფიციალური აქცია (თითო 1000 რუბლის ნომინალით). როდესაც ლიმიტი ამოიწურა, მავროდიმ დამატებით ერთი მილიარდი აქციის დარეგისტრირება სცადა, თუმცა რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ უარი უთხრა. საპასუხოდ კი მავროდიმ საკუთარი "ფული" დაბეჭდა - "MMM-ის ბილეთები" და მათზე ლენინის ნაცვლად თავისი პორტრეტი გამოსახა. ამასთან, გამოაცხადა, რომ ხალხი ფულს მასთან კი არ ინახავდა, არამედ "ჩუქნიდა", ის კი საპასუხოდ "ბილეთებს"„არიგებდა. ამით საგადასახადო და საბანკო სისტემას გვერდი სრულად აუარა და სახელმწიფოს პროცესის რეგულირების უფლება წაართვა. ამავე სქემით, მეანაბრეები სრულად ჩამოაცილა სამართლებრივ დავას - დოკუმენტურად დასტურდებოდა, რომ მათ ფული კერძო პირს საკუთარი ნებით აჩუქეს, მავროდი კი საგადასახადო უწყების დაკითხვებზე არ ცხადდებოდა.

MMM-ს არ გააჩნდა არანაირი რეალური ბიზნესი, ინვესტიციები, არ აწარმოებდა პროდუქტს და არ იღებდა მოგებას საგარეო წყაროებიდან. კომპანიის აქციებსა და მოგვიანებით "MMM-ის ბილეთებს" არ გააჩნდათ საბაზრო ღირებულება. კურსს კვირაში ორჯერ პირადად სერგეი მავროდი ადგენდა. გამოაცხადა, რომ "ბილეთების" ფასი მხოლოდ გაიზრდებოდა და არასდროს დაეცემოდა. ამით შექმნა ილუზია, რომ ადამიანების ქონება ყოველდღიურად გაორმაგდებოდა...

1994 წლის ზაფხულში მავროდიმ კიდევ ერთი პოპულისტური სვლა გააკეთა: მოსკოვის მეტროპოლიტენის იუბილეზე ერთი დღის მგზავრობის სრული საფასური საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. ხალხი მთელი დღე უფასოდ მგზავრობდა მის ხარჯზე. ამით მავროდი ხალხის თვალში უკვე სახელმწიფოსაც კი აღემატებოდა...

1994 წლის აგვისტოში MMM-ის ხელში უკვე იმდენი ნაღდი ფული ტრიალებდა, რომ რუსეთის მთელი ბიუჯეტის მესამედს უტოლდებოდა. სახელმწიფო მიხვდა, რომ კონტროლს კარგავდა...

10000-tickets-mmm-financial-pyramid-260nw-2669596571-1791733161.jpg

სპეცრაზმის შტურმი

4 აგვისტოს სპეცრაზმმა მავროდის ბინის შტურმი დაიწყო. კადრები, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ჰოლივუდურ თრილერს ჰგავდა: სპეცრაზმელები შენობის სახურავიდან თოკებით ეშვებოდნენ და ფანჯრებს ამსხვრევდნენ... ქუჩაში კი ათასობით მეანაბრე იყო შეკრებილი - ხალხი საკუთარი ფულის დაბრუნებას ითხოვდა. თუმცა პარადოქსი ის იყო, რომ\ ადამიანები მოითხოვდნენ არა მავროდის დაჭერას, არამედ მის გათავისუფლებას! როგორც გაირკვა, როდესაც საგადასახადო სამსახურმა MMM-ს გადასახადების დამალვასა და თაღლითობაში დასდო ბრალი, მავროდიმ პროპაგანდისტული კონტრშეტევა წამოიწყო - მეანა­ბრეთა რიგებში შეგზავნა ადამიანები, რომლებმაც დანერგეს მესიჯი, რომ კომპანია მზად იყო ვალდებულებების შესასრულებლად, მაგრამ ხელისუფლება უშლიდა ხელს!

როდესაც მავროდი დააკავეს, ხალხს ხელში შერჩა ტონობით უსარგებლო ქაღალდი, რომელსაც საგადახდო ძალა არ გააჩნდა და არც ერთი ბანკი თუ მაღაზია არ იღებდა. დაიხურა მავროდის ოფისისის ყველა ფილიალი. თუმცა ქუჩაში გამოსული ათასობით მეანაბრე დარწმუნებული იყო, რომ მათ გამდიდრებას "ბოროტი ხელისუფლება" უშლიდა ხელს და ბრბომ შტურმით სცადა მოსკოვის მილიციის იმ განყოფილების აღება, სადაც მავროდი ჰყავდათ გამოკეტილი.

ციხიდან დუმაში

საკანში აღმოჩენილმა მავროდიმ მორიგი ავანტიურა წამოიწყო. განაცხადა, რომ კენჭს იყრიდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატად და მეანაბრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა: "თუ ამირჩევთ, მივიღებ იმუნიტეტს, გამოვალ და ფულს დაგიბრუნებთ!"

მართლაც, 1994 წლის ოქტომბერში, პატიმარმა მავროდიმ არჩევნები მოიგო, მოიპოვა სადეპუტატო იმუნიტეტი და ციხე დატოვა. თუმცა მას პოლიტიკა არ აინტერესებდა, დუმის არც ერთ სხდომას არ დასწრებია და ხელფასზეც უარი თქვა. 1995 წელს მას მანდატი სწორედ გაცდენების გამო შეუწყვიტეს. 1996 წელს მავროდიმ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც სცადა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელმოწერების გაყალბების საბაბით რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

7 წელი მოსკოვურ სამალავში

1996 წელს სერგეი მავროდი უეცრად გაქრა. მასთან ერთად გაქრა 12 მილიარდი დოლარი და 15 მილიონამდე მოქალაქე საბოლოოდ დაემშვიდობა დანაზოგს. მასზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა... წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსია, რომ რუსეთის მთავარი აფერისტი სამხრეთ ამერიკაში გაიქცა; საბერძნეთში საკუთარი იახტით არხეინად დასეირნობდა... რეალობა კი უცნაური აღმოჩნდა: 7 წლის განმავლობაში მავროდი მოსკოვიდან საერთოდ არ გასულა - ის ფრუნზენსკაიას სანაპიროზე, ნაქირავებ სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ჰყავდა ერთადერთი მცველი, რომელსაც უპირობოდ ენდობოდა. გარეთ თითქმის არ გადიოდა (მხოლოდ პარიკითა და სათვალით), მთელ დროს წიგნების კითხვასა და თევზების მოვლაში ატარებდა და ძირითადად ბინაზე გამოძახებული პიცით იკვებებოდა.

ძმის ღალატი

მავროდის სამალავის გაშიფვრაში გადამწყვეტი როლი მისმა უმცროსმა ძმამ, ვიაჩესლავ მავროდიმ ითამაშა, რომელიც ასევე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. პასუხისმგებლობის შემსუბუქების სანაცვლოდ, სპეცსამსახურები სერგეის კვალზე გავიდნენ...

2003 წლის 31 იანვარს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა მოსკოვის ნაქირავებ ბინაში სერგეი მავროდი დააკავა. ჩხრეკისას მას იური ზაიცევის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა... 2007 წლის აპრილში მოსკოვის სასამართლომ სერგეი მავროდი დამნაშავედ ცნო მსხვილმასშტაბიან თაღლითობაში და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა მას ეს ვადა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოხდილი ჰქონდა და განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე კვირაში ციხიდან გათავისუფლდა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მართავდა მიზოფობი მილიარდერი საკუთარ იმპერიას ბნელი ოთახიდან...

აზიური „ტიტანიკი“ - უდიდესი საზღვაო კატასტროფა მშვიდობიანობის დროს

ყველაზე საშიში სექტა, რომელმაც ერთ დღეში 900-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა

საბჭოთა „ტიტანიკის“ ტრაგედია

აღსასრული

გასაოცარია, მაგრამ ციხიდან გამოსულმა მავროდიმ კვლავ შექმნა კომპანია MMM-2011, მოგვიანებით კი აზიასა და აფრიკაში (ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი) გადაინაცვლა, სადაც ნაცადი სქემით მილიონობით ადამიანი გაძარცვა...

2018 წლის 26 მარტს, 62 წლის სერგეი მავროდი მოსკოვში, ავტობუსის გაჩერებაზე შეუძლოდ გახდა. მას ჯიბეში არანაირი დოკუმენტი და ფული არ აღმოაჩნდა. გამვლელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მავროდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ვიაჩესლამ მავროდიმ უარი თქვა საგვარეულო აკლდამაში საკუთარი ძმის დაკრძალვაზე და საბოლოოდ, ყველაზე დიდი აფერისტი, რომლის ხელშიც მილიონები ტრიალებდა, მის მიერ დაზარალებული მეანაბრეების შეგროვილი მცირე თანხით, მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე დახურული კუბოთი დაკრძალეს!..

მავროდის აფერამ 15 მილიონამდე ადა­მ­იანი დააზარალა. ათასობით ოჯახმა დაკარგა საცხოვრებელი, დაფიქსირდა ინფა­რ­ქტებისა და თვითმკვლელობების მასობრივი შემთხვევები. ხალხს დარჩა მხოლოდ "MMM-ის ბილეთები", რომლებსაც, ბედის ირონიისა თუ საკუთარი შეცდომის საილუსტრაციოდ, კედლებზე შპალერის ნაცვლად აკრავდნენ.

შორენა ბიწაძე