ევროპული ქვეყნების დაზვერვის საგანგაშო ინფორმაცია: რუსული "გრუ" ტოპ-მენეჯერებზე ნადირობას იწყებს?! - Financial Times - კვირის პალიტრა

ევროპული ქვეყნების დაზვერვის საგანგაშო ინფორმაცია: რუსული "გრუ" ტოპმენეჯერებზე ნადირობას იწყებს?! - Financial Times

„რუსეთმა შეიძლება დასავლური სამხედრო-თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მოაწყოს”, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) მიერ 11 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებმა თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს მათი მკვლელობების განხორციელებას. თავის მხრივ, ტოპმენეჯერები პირადი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ“ (ავტორები - სემ ჯონსი და ოლივია პფაიფერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ სიტუაციაში, როცა უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსები წინ ვეღარ მიდიან, ხოლო თვითონ რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი სიძნელეები ექმნება, კრემლმა ბრძანება გასცა, ევროპაში დივერსიული და „ჰიბრიდული“ოპერაციების გაფართოების შესახებ და სურს, რომ რიგმა ქვეყნებმა და კომპანიებმა მკვეთრად შეამცირონ კიევის მხარდაჭერა უახლოეს თვეებში.

სამოქალაქო პირების მკვლელობა ევროპაში, რაც ოდესღაც აკრძალულად ითვლებოდა და თვით რუსეთის სადაზვერვო სამსახურებშიც კი ტაბუ ჰქონდა დადებული, ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება, - იტყობინებიან ევროპის სადაზვერვო სამსახურები. „ფაინენშელ ტაიმსი“ ესაუბრა ხუთი ევროპული სხვადასხვა სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ სამხედრო ტექნიკის (შეიარაღების) მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები კრემლის აგენტებს სამიზნეში ჰყავთ ამოღებული.

მცირე კომპანიების - განსაკუთრებით, დრონებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების დამამზადებელი ფირმების - დირექტორები და მფლობელებიც, ასევე, რუსული სპეციალური სამსახურების სამიზნეებს წარმოადგენენ.

ევროპაში საფრთხე-მუქარების დონე გაიზარდა - როგორც უშუალოდ საწარმოების, ასევე, მათი ხელმძღვანელებისა და კომპანიაში დასაქმებული პროფესიონალი სპეციალისტების და თანამდებობის მქონე პირების მიმართ“, - ამბობს ევროპული დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თანამშრომელი.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ (BfV - Bundesamt für Verfassungsschutz), რომელიც შიდადაზვერვისა და კონტრდაზვერვის მთავარ სამსახურს წარმოადგენს, ქვეყნის სამხედრო კომპანიების ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მისცა, პირადი დაცვა გააძლიერონ. „რუსეთი გეგმავს ძალადობის აქტების განხორციელებას - როგორც სახელმწიფო მოღვაწეების, ასევე, იმ კომპანიების ხელმძღვანელებისა, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს“, - განაცხადა სინან სელენმა, BfV-ის დირექტორმა, - „ჩვენ მათ რამდენიმე ხნის წინ ვურჩიეთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ და დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი ზომები მიიღონ“.

თავდაცვითი კომპანიების რამდენიმე ხელმძღვანელმა, ანონიმურობის პირობით, „ფაინენშელ ტაიმსს“ უთხრეს, რომ ბოლო ხანებში ისინი უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, თუმცა ზოგიერთი სხვა კომპანიის ტოპმენეჯერის თქმით, გაძლიერებულ დაცვას მხოლოდ საზღვარგარეთული ვიზიტების დროს მიმართავენ.

პოლიტიკურ თუ მსგავს მკვლელობებზე (რასაც რუსული დაზვერვის ჟარგონზე „სველი სამუშაო“ ეწოდება) პასუხისმგებლობა ჩვეულებრივ „გრუს-ს-GRU) ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ეკისრება.

ევროპული სადაზვერვო წყაროები თვლიან, რომ „გრუ“ თავისი მეთოდების ადაპტირებას ახდენს: ამ უწყების რუსი ოფიცრები უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან, იყენებენ აგენტურულ ქსელს, მათ მატერიალურად უზრუნველყოფენ და ავალებენ კონკრეტული პიროვნების მკვლელობას - ნაცვლად იმისა, რომ ადრინდელივით გადაბირებული „ერთჯერადი აგენტებით“ ისარგებლონ. გარდა ამისა, „გრუ“ ბოლო დროს რომელიმე პიროვნების მკვლელობის ნაცვლად ხშირად მიმართავს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას-დაშინებას - როცა კონკრეტული ადამიანი გრძნობს, რომ უთვალთვალებენ და შეიძლება სიცოცხლესაც გამოასალმონ.

რა თქმა უნდა, ევროპული დაზვერვა უქმად არ არის და ცდილობს, წინ აღუდგეს კრემლის მცდელობებს. ხშირ შემთხვევებში, რუსი აგენტების მოქმედება არაპროფესიონალურია და მათთან გამკლავება შედარებით ადვილია. თუმცა ისეც ხდება, რომ უსაფრთხოების სამსახური იძულებულია ყოველ ადამიანს ეჭვის თვალით შეხედოს და მასში რუსი აგენტი „დაინახოს“. ასე, მაგალითად, აგვისტოში შვედეთში დააპატიმრეს ორი ახალგაზრდა რუსი პიროვნება - ქალი და მამაკაცი, რომლებმაც დასვენება SAAB-ის აღმასრულებელი დირექტორის, მიქაელ იოჰანსონის კუთვნილ მიწის ნაკვეთის ახლოს გადაწყვიტეს და კარავი გაშალეს, თუმცა ისინი ჩვეულებრივი ტურისტები აღმოჩნდნენ და შვედეთის სპეცსამსახური იძულებული გახდა ეჭვმიტანილები გაეთავისუფლებინა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორი სცენარით განვითარდება ამერიკა-ირანის დაპირისპირება და რა ელის ნავთობის ფასს?! - Financial Times

დაიწყება თუ არა რუსეთში შავი ჭირის ეპიდემია?!

რატომ დაემორჩილა საფრანგეთი აზერბაიჯანის ზეწოლას?! - Financial Times

აპოკალიფსური პროგნოზი პუტინისთვის ანუ დაიშლება თუ არა რუსეთი?! - "რუსეთის პრეზიდენტი ბრეჟნევის შეცდომას იმეორებს"

ბუნებრივია, კომპანიებს თავიანთი ხელმძღვანელებისა და მაღალჩინოსნების დაცვის გაძლიერება საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, განსაკუთრებით - სტარტაპებს და ახლად შექმნილებს.

საერთოდ, შეიარაღების მწარმოებელი დასავლური კომპანიების ხელმძღვანელები „მაღალი მზადყოფნის“ პირობებში 2024 წლის დასაწყისიდან იმყოფებიან, როცა ამერიკულმა და გერმანულმა დაზვერვამ გახსნეს რუსების მიერ მომზადებული შეთქმულება არმინ პაპერგერის - გერმანული სამხედრო კომპანიის - Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ.

სადაზვერვო წყაროების ვარაუდით, რუსი აგენტებს იმედი ჰქონდათ, რომ გახმაურებულ მკვლელობას განახორციელებდნენ: არმინ პაპენგერი ცნობილია, როგორც უკრაინისათვის იარაღის მიწოდების თავგამოდებული მომხრე და რუსეთის მოწინააღმდეგე, შესაბამისად, უნიკალურ სამიზნეს წარმოადგენდა. პაპენგერის თქმით, ახლა მას სადღეღამისო დაცვა ჰყავს, კერძო პროფესიონალებისა და პოლიციელების შემადგენლობით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო