გერმანული კონტრდაზვერვის კრახი ანუ როგორ იქცა "ინდური მელოდრამა" ტრილერად?! - კვირის პალიტრა

გერმანული კონტრდაზვერვის კრახი ანუ როგორ იქცა "ინდური მელოდრამა" თრილერად?!

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს აუგუსტ ჰანინგს რომ სცოდნოდა, წინ რა სერიოზული პრობლემები ელოდა, დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ მოჰკიდებდა ხელს კრისტინა ბლოკის საქმეს და საერთოდ არ ჩაერეოდა ამ ოჯახურ დრამაში. ის კვლავ მშვიდად გააგრძელებდა “საკონსულტაციო მომსახურებას” (რომელსაც გერმანიის პროკურატურა “რატომღაც” ჯაშუშობად და სახელმწიფო ღალატად აფასებს) და 80 წლის ასაკში არ გახდებოდა მსოფლიოს მასმედიის განხილვის ობიექტი. თუმცა ცხოვრების მოულოდნელი დარტყმებით გამოწვეული სიმწარე და “წუთისოფლის ღალატი” სიახლე ნამდვილად არ არის.

აუგუსტ ჰანინგს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ის დაიბადა 1946 წლის 16 თებერვალს ნორდვალდეში (ვესტფალია). 1966 წლიდან სწავლობდა სამართალს მიუნსტერისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სასამართლო კლერკად, ასისტენტ-მკვლევრად, მოგვიანებით კი - დასაქმებული იყო ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საფინანსო-საგადასახადო სტრუქტურებში.

35 წლის ასაკში ჰანინგმა მოულოდნელად პოლიტიკურ და დიპლომატიურ სფეროში გადაინაცვლა. 1981 წლიდან მან მუშაობა დაიწყო გერმანიის ფედერალური კანცლერის, ჰელმუტ შმიდტის აპარატში. 1986 წელს, უკვე ჰელმუტ კოლის კანცლერობის პერიოდში, იგი დაინიშნა დიპლომატიური მისიის განყოფილების ხელმძღვანელად აღმოსავლეთ გერმანიაში. ჩემი ვარაუდით, ჰანინგი იმ პერიოდში უკვე გერმანიის საგარეო დაზვერვის თანამშრომელი იყო, რომელიც დიპლომატის საფარქვეშ მოქმედებდა. 1990 წლიდან ჰანინგმა გერმანიის კანცლერის, ჰელმუტ კოლის აპარატში დაიწყო სამსახური, ხოლო 1996 წელს გახდა ფედერალური კანცელარიის აპარატის მე-6 დეპარტამენტის (AL 6) გენერალური დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია მთელი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების კოორდინაციაზე.

1998 წლის 17 დეკემბერს გერმანიის ახალმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა, აუგუსტ ჰანინგი გერმანიის საგარეო დაზვერვის (BND) პრეზიდენტად დანიშნა და ის ამ პოსტზე 2005 წლის 30 ნოემბრამდე მუშაობდა. ჰანინგის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი უკავშირდება ერაყის ომს. არსებული ინფორმაციით, ჰანინგმა გააფრთხილა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი ჯორჯ ტენეტი, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ გერმანული წყაროსგან მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო, თუმცა ჯორჯ ბუშის (უმცროსი) ადმინისტრაციამ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. იმ პერიოდში ჰანინგის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ გერმანიაში მას „მისტერ უშიშროება“ შეარქვეს.

picture1-1791882620.jpg

ფოტოზე: აუგუსტ ჰანინგი - „მისტერ უშიშროება“

ცნობილია, რომ ყოველ სამშაბათს ბერლინში, გერმანიის ფედერალური მთავრობის შტაბ-ბინის მეოთხე სართულზე იკრიბება ე.წ. უსაფრთხოების სიტუაციების კომიტეტი, სადაც განიხილავენ გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. ამ შეხვედრებს ესწრებიან საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები, ფედერალური კანცელარიის მე-6 (2026 წლის მარტიდან უკვე მე-7) დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ასევე სპეცსამსახურების კოორდინატორია და რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენლები. შვიდი წლის მანძილზე აუგუსტ ჰანინგი ამ შეხვედრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე გახლდათ, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. გერმანიის ახალი კანცლერის, ანგელა მერკელის არჩევისთანავე აუგუსტ ჰანინგმა BND-ის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, უფრო ზუსტად - დაატოვებინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰანინგი, როგორც სახელმწიფო მოხელე და სპეცსამსახურების თანამშრომელი, უპარტიო გახლდათ, ის ანგელა მერკელის “საკადრო პასეანსში” ვერ მოხვდა. 2005 წლის 22 ნოემბერს მერკელი გახდა პირველი ქალი და პირველი აღმოსავლეთ გერმანელი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგმა კანცლერად აირჩია.

picture2-1791882643.png

ფოტოზე: ანგელა მერკელი ფიცს დებს.

საგარეო დაზვერვის პრეზიდენტის პოსტის სანაცვლოდ, ჰანინგი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნად (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მიმართულებით) დანიშნეს. რა თქმა უნდა, ეს დაქვეითება იყო: ჰანინგმა უფრო მაღალი სტატუსის მქონე სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. თავად განსაჯეთ: თუ საგარეო დაზვერვის უფროსი პირდაპირ კანცლერზე “გადის” და, ფაქტობრივად, მასთანაა ანგარიშვალდებული, შსს სახელმწიფო მდივანს გაცილებით მეტი “ყურისამწევი” ჰყავს. აუგუსტ ჰანინგი კარიერული სახელმწიფო მოხელე იყო და გერმანიის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა. შესაძლოა, ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ, როდესაც მას ურთიერთობა დაეძაბა გერმანიის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მეზიერთან, ჰანინგი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე დარჩა და 2009 წელს, ვადამდე ორი წლით ადრე, გაუშვეს პენსიაზე. მაშინ გერმანული მედია წერდა, რომ: “ჰანინგი პენსიისთვის არ არის შექმნილიო.” მისი სამსახურებრივი კარიერა ოფიციალურად 2011 წელს უნდა დასრულებულიყო, როცა ის 65 წლის გახდებოდა, თუმცა ჰანინგს იმედი ჰქონდა, რომ ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გაითვალისწინებდა მის გამოცდილებას და გამონაკლისის სახით ამ ასაკის შემდეგაც დატოვებდა თანამდებობაზე. თუმცა ჰანინგს იმედები გაუცრუვდა: ის პენსიაზე “მიაბრძანეს.” ამის შემდეგ გაჰყვებოდა თუ არა წყენა აუგუსტ ჰანინგს? - რა თქმა უნდა!

საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მან 2010 წელს დააფუძნა კერძო იურიდიული და უსაფრთხოების საკონსულტაციო ფირმა, რომელიც მუშაობდა გლობალურ კონსულტანტად და თანამშრომლობდა საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებთან. არსებული ინფორმაციით, ჰანინგს მჭიდრო კავშირები ჰქონდა როგორც დასავლურ, ისე - ჩინურ და რუსულ ბიზნესსა და სამთავრობო წრეებთან. გერმანიაში 7-8 ათასი ამგვარი პროფილის ფირმაა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონის კონკურენცია იქნება? კლიენტების მოსაზიდად საჭიროა კავშირები, კრეატიულობა და ინსაიდერული ინფორმაცია. წარმატებას მიაღწევს ის კონკრეტული კონსალტინგ-ფირმა, რომელსაც გააჩნია: ლეგიტიმური ექსპერტული ცოდნა (შტატში ჰყავს ყოფილი დაზვერვა-კონტრდაზვერვის ან პოლიციის თანამშრომლები, ოპერატიული მუშაობის გამოცდილებით და ასევე მაღალი დონის ანალიტიკოსები) და არასაჯარო ბიზნესინფორმაციის (კორპორაციული მონაცემები, კონტაქტები, ხელშეკრულებები და ა.შ.) კანონიერად მოპოვების რესურსები ანუ კომერციული დაზვერვა. პენსიონერმა აუგუსტ ჰანინგმა, რომელსაც თვეში 11 ათასი ევროს ოდენობის პენსია ერიცხებოდა, ეს ბიზნესი უფრო “განავითარა”: მან დაიწყო სახელმწიფო საიდუმლოებების მონეტიზაცია ანუ საიდუმლო დოკუმენტების ან მოქმედი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის უკანონო გამოყენება ან გადაცემა ფულის სანაცვლოდ. საიდან იღებდა პენსიონერი ჰანინგი საიდუმლო ინფორმაციას? მისი ერთგული “სანჩო პანსასგან” - BND-ის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, მანფრედ დანკესრაიტერისგან.

გერმანიის პროკურატური ინფორმაციით 2010 წლის გაზაფხულზე აუგუსტი და მანფრედი შეთანხმდნენ, რომ დანკესრაიტერი ანაზღაურების სანაცვლოდ ჰანინგს ფედერალური დაზვერვის სამსახურიდან საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციას მუდმივად მიაწვდიდა. ათწლეულების მანძილზე ჰანინგის ერთგული ქვეშევრდომს ძალზე საინტერესო ბიოგრაფია აქვს (განსაკუთრებით უცხო ქვეყნების დაზვერვისთვის).

ასევე დაგაინტერესებთ: ოპერაცია "თხუნელა" ანუ როგორ მუშაობდა გერმანიის დაზვერვის მაღალჩინოსანი პუტინის სასარგებლოდ?!

აგენტ-ინფორმატორობიდან საქართველოს მთავარ პროკურორობამდე: როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა "ეფ-ეს-ბემ"?!

სამშობლოს ღალატის ანატომია: რა საერთო აქვთ ესტონელ პოლიტიკოს აივო პეტერსონ-კრილოვს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და გულბაათ რცხილაძეს?!

რატომ ადანაშაულებდა ილჰამ ალიევი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ემანუელ მაკრონს?! - საფრანგეთის დაზვერვის მძიმე დღეები სამხრეთ კავკასიაში

მანფრედ დანკესრაიტერი დაიბადა 1962 წელს. წლების მანძილზე მუშაობდა BND-ის ოთხი (!) პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელად. ვინც კარგად ერკვევა “ბიუროკრატიის ანბანში” ეცოდინება, რომ ყველა უწყებაში აპარატის უფროსი ფაქტობრივად ამ სტრუქტურის “შტაბის უფროსია” და მასთან იყრის თავს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გადასაჭრელი საკითხი. შემდეგ კი სწორედ მისი გადასაწყვეტია, რა და რა ფორმით წარუდგინოს “შეფს”. ხშირად ის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც აქტიურად მონაწილეობს.

picture3-1791882702.png

ფოტოზე: მანფრედ დანკესრაიტერი - აუგუსტ ჰანინგის ერთგული “სანჩო პანსა”

1998-2005 წლებში მანფრედ დანკესრაიტერი BND-ის პრეზიდენტ აუგუსტ ჰანინგის აპარატის უფროსი იყო, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჰანინგის მუშაობის დროსაც (2005-2009 წლებში) მის აპარატს ხელმძღვანელობდა. ჰანინგის პენსიაზე გასვლის შემდეგ, 2009 წელს, ისევ BND-ში დაბრუნდა, სადაც დანკესრაიტერი მომდევნო 14 წლის განმავლობაში (2012-2026 წლებში) BND-ის სამი ხელმძღვანელის: გერჰარდ შინდლერის (2012-2016), ბრუნო კალის (2016-2025) და მარტინ იეგერის (2025 წლიდან დღემდე) აპარატის უფროსად მუშაობდა. მანფრედ დანკესრაიტერმა BND 2026 წლის მარტში დატოვა. მას ხელი მიუწვდებოდა გერმანიის ყველაზე აქტუალურ და უახლეს სახელმწიფო საიდუმლოებებზე. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, მანფრედმა, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ჰანინგს 2 000-მდე საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომელთაც ჰანინგი იყენებდა ანალიტიკური ანგარიშების შესადგენად, ერთი კონკრეტული უცხოური დაზვერვისთვის, ხოლო პარალელურად, კონტაქტი ჰქონდა კიდევ ერთ უცხოურ სადაზვერვო სამსახურთან. მასალებს ის თავის კერძო საკონსულტაციო საქმიანობაშიც იყენებდა.

თუ მანფრედ დანკესრაიტერი, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოთხი BND-ის პრეზიდენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა, რომელიმე ქვეყნის დაზვერვის აგენტი იყო, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს თანამედროვე გერმანიის ისტორიაში უდიდეს კონტრდაზვერვით კატასტროფასთან, რადგან დანკესრაიტერს განკარგულებაში ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციის უზარმაზარი რეზერვუარი და “ონკანიც” მის ხელთ იყო.

საინტერესოა, რომ ჰანინგ-დანკესრაიტერის მიერ გახსნილი “კოოპერატივი” გერმანიის კონტრდაზვერვის მუშაობის შედეგად კი არ “დაიხურა” , არამედ ერთ-ერთი კრიმინალური გამოძიების ფარგლებში, შემთხვევით გამოაშკარავდა. 2025 წლის სექტემბერში, ჰამბურგის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა ჰანინგის სახლსა და ოფისებში. ეს უკავშირდებოდა ცნობილი გერმანული რესტორნების ქსელის, Block House-ის მემკვიდრის, კრისტინა ბლოკის საქმეს. ბლოკს ბრალად ედებოდა ყოფილი ქმრისგან საკუთარი შვილების გატაცების შეკვეთა. ჰანინგი, რომელიც კერძო უსაფრთხოების ფირმას ფლობდა, ეჭვმიტანილი იყო ამ ოპერაციის დაგეგმვაში. ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ელექტრონული მატარებელი (USB), რომელზეც BND-ის სრულიად საიდუმლო მასალები ინახებოდა (ამ ეტაპზე ნაპოვნი დოკუმენტები 2022 წლის ივნისით თარიღდება). პოლიციამ მასალები ფედერალურ პროკურატურას გადასცა, რომელმაც 2026 წლის მაისში საიდუმლო გამოძიება დაიწყო, რაც 6 ოქტომბრის აუგუსტ ჰანინგისა და მანფრედ დანკესრაიტერის დაკავებებით დასრულდა.

picture4-1791882725.png

ფოტოზე: გერმანიის პოლიცია აუგუსტ ჰანინგის სახლში, ნორდვალდეში

კრისტინა ბლოკის საქმე თავიდან შეიძლება აღქმულიყო, როგორც მდიდარი ოჯახის შიდაკონფლიქტი, რომელშიც მშობლები შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მეურვეობის გამო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. თუმცა გამოძიების პროცესში ეს, ერთი შეხედვით “ინდური მელოდრამა”, ამერიკულ ტრილერში გადაიზარდა. საქმეში ფიგურირებენ კერძო უსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენლები, ისრაელელი კერძო დეტექტივები, გერმანიის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და, რაც განსაკუთრებით გასაკვირია: გერმანიის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის ყოფილი პრეზიდენტი აუგუსტ ჰანინგი. გერმანელი სამართალდამცველები სწორედ კრისტინა ბლოკის ბავშვების გატაცების საქმესთან დაკავშირებული ჩხრეკის შედეგად გავიდნენ აუგუსტ ჰანინგსა და მანფრედ დანკესრაიტერზე.

picture5-1791882757.jpg

ფოტოზე: კრისტინა ბლოკი სასამართლო პროცესზე

კრისტინა ბლოკი გერმანელი ბიზნესმენისა და Block House-ის რესტორნების ქსელის დამფუძნებლის, ეუგენ ბლოკის ქალიშვილია. Block House გერმანიაში ცნობილი სტეიკჰაუსების ქსელია. კრისტინას ეკუთვნის Eugen Block Holding-ის 16%-იანი წილი. ამ ქალბატონის სახელი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ყოფილ მეუღლესთან, შტეფან ჰენსელთან ბავშვების მეურვეობის გამო წარმოქმნილი მრავალწლიანი დავის შემდეგ.

კრისტინა ბლოკსა და მის ყოფილ მეუღლეს, შტეფან ჰენსელს, ოთხი შვილი ჰყავთ. ოჯახური ურთიერთობის გაუარესების შემდეგ ბავშვები დედასთან, ჰამბურგში ცხოვრობდნენ, ხოლო მამა მოგვიანებით დანიაში გადავიდა. 2021 წელს უფროსი ქალიშვილი, რომელიც მაშინ 14 წლის იყო, დანიაში გადავიდა საცხოვრებლად, მამასთან, სავარაუდოდ, დედასთან კონფლიქტის შემდეგ. კონფლიქტის გადამწყვეტ ეტაპად 2021 წლის აგვისტო იქცა. ჰენსელმა ორი ბავშვი დანიაში 2021 წლის აგვისტოში სტუმრობის შემდეგ თავისთან დატოვა. მისი განმარტებით, ბავშვებს დედის სახლში ძალადობის შესახებ ჰქონდათ საუბარი, ბლოკი კი შვილების დაბრუნებას მოითხოვდა. მომდევნო წლებში მშობლებს შორის ხანგრძლივი სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა.

2023 წლის 31 დეკემბრის ღამეს ჰენსელს დანიაში თავს დაესხნენ და ბავშვები ძალით გაიტაცეს გერმანიაში. კრისტინა ბლოკისა და სტეფან ჰენსელის 10 წლის ვაჟი და 13 წლის ქალიშვილი, სავარაუდოდ, ისრაელის დაცვის ფირმის თანამშრომლებმა გაიტაცეს და გერმანიაში დედასთან მიიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ისინი დანიაში მამასთან დაბრუნდნენ. 2025 წელს დანიის სასამართლომ ჰენსელს ორი უმცროსი შვილის მიმართ ერთპიროვნული მშობლის უფლებები მიანიჭა, ხოლო 2026 წლის იანვარში დანიის უზენაესმა სასამართლომ საქმის შემდგომი გასაჩივრების ნებართვა არ გასცა. ჰანინგის წინააღმდეგ გამოძიების ერთ-ერთი მიმართულება სწორედ იმაზე იყო კონცენტრირებული, თუ რა როლი შეასრულა მან უსაფრთხოების სპეციალისტების მოძიებასა და ბავშვების დაბრუნების მცდელობის ორგანიზებაში. პროკურატურის ვერსიით, ჰანინგმა კრისტინა ბლოკი ისრაელელ უსაფრთხოების ჯგუფთან დააკავშირა, რომლებმაც, სავარაუდოდ, ბავშვების გატაცება განახორციელეს. პროკურატურის ვერსიით, ჰანინგმა და ჰამბურგის მიწის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ბავშვების გატაცების ერთ-ერთი ოპერაციის დაგეგმვაში. გარდა ამისა, გერმანიის ფედერალური მაუწყებლის ARD-ისა და NDR-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის თანახმად, პროკურატურა იკვლევს ვერსიას, რომ ჰანინგი და მისი სავარაუდო თანამონაწილე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, 2023 წელს შტეფან ჰენსელის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ბრალდებების გამოყენებასაც გეგმავდნენ. ეს ფაქტი აჩვენებს კერძო უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკს: ინფორმაციის შეგროვებისა და პირადი დაცვის ლეგიტიმური ფუნქცია, შეკვეთის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გადაიზარდოს ოპონენტის წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ფარული ოპერაციების დაგეგმვა/განხორციელებაში.

(მეორე ნაწილის დასასრული)