ტრამპს პუტინთან კიდევ უფრო „დამსგავსება“ სურს და ირანზე  „ყველა ბომბის დედით“ შეტევას გეგმავს?! - კვირის პალიტრა

ტრამპს პუტინთან კიდევ უფრო „დამსგავსება“ სურს და ირანზე  „ყველა ბომბის დედით“ შეტევას გეგმავს?!

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მკაცრად მოითხოვა იმ სამხედრო თუ სამთავრობო პირების დახვრეტა, ვინც მედიასთან ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი საიდუმლო სამხედრო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას ახდენს…

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს მსგავსი ინფორმაციის გამცემები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. მისი თქმით: „ჩემი აზრით, ინფორმაციის გამმჟღავნებლები უნდა დახვრიტონ. ადრე ხომ ასეც ვიქცეოდით, ინფორმაციის გამცემებს ვხვრეტდით ხოლმე“...

და ეს „შავი იუმორი“ როდია - პრეზიდენტი ტრამპი მართლაცაა იმით განრისხებული, რომ თეთრი სახლიდან და პენტაგონიდანაც ამერიკელი ჟურნალისტები მართლაც ოპერატიულად იგებენ ძალზე სენსიტიურ და ხშირად - ზესაიდუმლო ინფორმაციასაც კი.

არ არის გამორიცხული, რომ ამას შეგნებულად აკეთებენ თავად პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და პენტაგონის ის თანამშრომლები, რომლებიც არ ეთანხმებიან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მართლაც რომ არათუ საკამათო, არამედ - ხშირად დანაშაულებრივ ბრძანებებსაც კი...

რაც შეეხება ბოლო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას, ის შეეხებოდა „ყველა ბომბის დედის“ ანუ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაბირთვული საავიაციო ბომბის - GBU-43/B MOAB-ის შესაძლო გამოყენებას ირანის წინააღმდეგ...

მედიაში (კერძოდ, CNN-ის მიერ) გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედროებს უბრძანა დამატებითი სამოქმედო პაკეტების მომზადება, რაც მიზნად ისახავს ირანზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა თეირანმა ბირთვულ იარაღზე წვდომა ვერასოდეს მოიპოვოს.

გეგმაში ფიგურირებს ირანის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები და მიწისქვეშა ბირთვული კომპლექსები, მათ შორის - Pickaxe Mountain-ი (სადაც, აშშ-ისა და ისრაელის ვარაუდით, თეირანი ბირთვული პროგრამის კომპონენტებს ინახავს).

მოგვიანებით ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში თავადვე დაადასტურა ამ ობიექტის პოტენციური სამიზნეობა.

წყაროების ცნობით, MOAB-ის გამოყენების განხილვა განიხილება, როგორც ფსიქოლოგიური იარაღი და ბოლო მძლავრი დარტყმა აშშ-ის ძალების რეგიონიდან გაყვანამდე (CENTCOM-ის პასუხისმგებლობის ზონიდან უკანდახევამდე), რათა ადმინისტრაციამ გამარჯვება გამოაცხადოს.

ეს არის აშშ-ის არსენალში არსებული ყველაზე დიდი არაბირთვული, კონვენციური ბომბი, რომელიც, დაახლოებით, 10 ტონას იწონის. დონალდ ტრამპმა მისი გამოყენების პრეცედენტი ჯერ კიდევ 2017 წელს, ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ბუნკერების წინააღმდეგ შექმნა.

პირველად რეალურ საბრძოლო პირობებში გამოყენებულ იქნა 2017 წლის 13 აპრილს ავღანეთში (ნანგარჰარის პროვინციაში), სადაც აშშ-ის ძალებმა დაარტყეს „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა გვირაბებისა და მღვიმეების კომპლექსს.

ეს არის აშშ-ის არმიის მიერ საბრძოლო მოქმედებებში ოდესმე გამოყენებული ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი.

თუკი ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში „ყველა ბომბის დედა“ ერთხელ უკვე გამოიყენეს ავღანეთში, თეთრ სახლში მეორედ შებიჯებულ ტრამპს, რომელიც ძალიან ცდილობს, დაემსგავსოს რუს დიქტატორ პუტინს, სხვა ქვეყნების რაც შეიძლება დაუნდობელ დაბომბვებში, ვერავინ დაუშლის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბების ჩამოყრას ირანის თავზეც, ოღონდ აქ არის არანაკლებ ორი მნიშვნელოვანი ტაქტიკურ-ტექნიკური ნიუანსი, რომლებმაც შეიძლება მას ამაში ხელი შეუშალონ ...

პირველი - MOAB-ი არ არის კლასიკური ბომბი, რომელიც მიწაზე დაცემისას ფეთქდება და კრატერს ტოვებს. მისი მთავარი ძალა თერმობარულ ეფექტსა და ჰაერში აფეთქების ტექნოლოგიაშია. სპეციალური რადიოსიმაღლემზომი ბომბს მიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აფეთქებს. აფეთქება წარმოქმნის უზარმაზარ ზებგერით დამრტყმელ ტალღას, რომელიც ყველა მიმართულებით ჰორიზონტალურად ვრცელდება. ცეცხლოვანი რკალი მომენტალურად შთანთქავს მთელ ჟანგბადს გარშემო, რაც ქმნის წნევის მკვეთრ ვარდნას (ვაკუუმს). ეს ეფექტი ანადგურებს მიწისქვეშა გვირაბებს, რადგან წნევის ტალღა აღწევს იქაც კი, სადაც ნამსხვრევები ვერ ხვდება. ნგრევის რადიუსი დაახლოებით, 150 მეტრს შეადგენს.

მაგრამ, ირანული მთის - Pickaxe Mountain-ის ქვეშ განთავსებული ბირთვული ობიექტი ძალზე ღრმად მდებარეობს და ბომბის, თუნდაც „ყველა ბომბის დედის“ ჰაერში აფეთქება დიდი თერმობარული ეფექტით, მას ბევრს ვერაფერს დააკლებს -ამისთვის საჭიროა ზემძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი.

MOAB-ი არ არის ბუნკერსაწინააღმდეგო (Bunker buster) - ის განკუთვნილია ზედაპირული ან მიწისპირა კლდე-გვირაბების დაჯგუფებების გასანადგურებლად, საჰაერო აფეთქების გზით.

თუ მიზანი ღრმად მიწისქვეშა ან ბეტონის ბუნკერებია (როგორიც არის მაგ. ირანის ბირთვული ობიექტები), ამისთვის იყენებენ სპეციალურ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბს GBU-57 MOP (Massive Ordnance Penetrator), რომელიც მიწაზე დაცემისა ჯერ ხვრეტს ათობით მეტრ ბეტონს ან კლდეს და მხოლოდ შემდეგ ფეთქდება შიგნით.

მეორე- GBU-43/B MOAB-ი იწონის 9.5 ტონას, მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით, 9 მეტრს, ხოლო დიამეტრი - 1 მეტრს.

შესაბამისად, მისი საბრძოლო გამოყენება არ შეუძლიათ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საშტატო სტრატეგიულ ბომბდამშენებს - არც „მოჩვენება“B-2 Spirit-ს, არც ზებგერით B-1B Lancer და არც მოძველებულ B-52 Stratofortress.

ასევე დაგაინტერესებთ: ერთმა უკრაინულმა „ნეპტუნმა“ ექვსი რუსული „იხვნისკარტა“ მოინადირა?!

რა ხდება ფრონტის ხაზზე?! - სამდღიანი პაუზის შემდეგ უკრაინა გააგრძელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს

ილონ მასკის საჩუქარი პუტინს - რას გამოიწვევს ფრონტზე უკრაინის არმიისთვის "სტარლინკის" სიჩქარის შეზღუდვა?!

კიევისკენ ექვსი რუსული ბალისტიკური რაკეტის სტარტი ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრებს „გამოეპარათ“ თუ ტრამპმა სპეციალურად „დაახუჭინა თვალები“?!

ცხრა წლის წინ, ავღანეთში ტრამპის ბრძანებით „ყველა ბომბის დედა“ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის - C-130 „ჰერკულესის“ სატვირთო პლატფორმიდან ჩააგდეს, სპეციალური რთული პროცედურის დაცვით.

მაგრამ ერთია, ნელამფრენი დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო „ჰერკულესის“ გამოყენება იმ ავღანეთის თავზე, სადაც მას ტყვიამფრქვევის ცეცხლის გარდა არაფერი ემუქრებოდა და მეორე - იმ ირანის ცაში გამოჩენა, რომლიდანაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეზენიტეებმა უკვე არა ერთი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი და დრონი „ჩამოხსნეს“.

ტრამპისა და პენტაგონის მთავრი მიზანი ირანში „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო გამოყენებაზე, სავარაუდოდ, მაინც პროპაგანდასა და პიარს უკავშირდება, მით უმეტეს, რომ პუტინს აქვს „ყველა ბომბის მამა“- ასევე თერმობარული მოქმედების АВБПМ (Авиационная вакуумная бомба повышенной мощности) იგივე ОДАБ-9000-ი და ტრამპისა პუტინს ამჯერად ბომბებით „ეტოლება“...