ილჰამ ალიევის გეოპოლიტიკური "თამაში" და გამწარებული საფრანგეთი - როგორ "აფათურებს ხელებს" ბაქო შორეულ ახალ კალედონიაში?! - კვირის პალიტრა

ილჰამ ალიევის გეოპოლიტიკური "თამაში" და გამწარებული საფრანგეთი - როგორ "აფათურებს ხელებს" ბაქო შორეულ ახალ კალედონიაში?!

თხუთმეტი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, აზერბაიჯანი საფრანგეთის ან გერმანიის საშინაო და საგარეო საქმეებში ერევა და „ხელებს აფათურებსო“, სასაცილოდ აიგდებდნენ. დღეს კი ეს უკვე რეალობაა და არავის გვიკვირს.

2026 წლის 13 ოქტომბერს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ (Jean-Noël Barrot) უცხოური ჩარევის რამდენიმე შემთხვევა ახსენა. მათ შორის იყო აზერბაიჯანის სავარაუდო როლი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე - ახალ კალედონიაში დაძაბულობის გაღვივებაში და პროტესტის ორგანიზებაში. ბაროს განცხადებით, აზერბაიჯანის წარმომადგენლები ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეაში მართავდნენ შეხვედრებს და მოსახლეობას ამბოხისკენ მოუწოდებდნენო. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: - საფრანგეთის ხელისუფლება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას როდესაც განიხილავს, კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებს ამ პრინციპების თანმიმდევრულ გამოყენებაზე საფრანგეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მოვუწოდებთ ფრანგულ მხარეს, შეწყვიტოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება და საერთაშორისო ურთიერთობებში დაიცვას ურთიერთპატივისცემის, სუვერენული თანასწორობისა და შიდასაქმეებში ჩაურევლობის პრინციპებიო.

როგორც ხედავთ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა იმდენადაა გამწვავებული, რომ უკვე გასცდა კულუარულ „დიპლომატიურ კრივს“ და სააშკარაოზე, ღია სივრცეში „დიპლომატიური ომის“ სახით გადაინაცვლა. მხარეებმა უკანასკნელ წლებში ერთმანეთის საელჩოებიდან არა ერთი დიპლომატი პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადეს და ქვეყნებიდან გააძევეს.

საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი რეალობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

ეს კომპლექსური და მრავალშრიანი კონფლიქტია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მიმდინარეობს რეგიონული გავლენის სფეროების გადანაწილება, თუ როგორ მოქმედებს ბაქოს „ნავთობდოლარები“ პოპულისტურ ანტიდასავლურ და „პოსტკოლონიურ“ ნარატივებზე, თუ როგორ მყიფეა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როგორ იყენებს ამ მოცემულობას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯაშუშური სკანდალები და დიპლომატების გაძევება ამ დაპირისპირების უკვე შედეგია, რომლის გამომწვევი ორი კონკრეტული მიზეზი არსებობს. თუ მანამდე ილჰამ ალიევის ხელისუფლებისთვის აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობა უმთავრესი საგარეო ვექტორი იყო: 2004 წელს აზერბაიჯანი ევროპის „სამეზობლო პოლიტიკას“, ხოლო 2009 წელს - „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ შეუერთდა, 2014 წლიდან უკვე შეიმჩნევა აზერბაიჯანის ხელისუფლების დაუფარავი გაღიზიანება დასავლელი პარტნიორების მიმართ. ილჰამ ალიევი მკაცრ შეფასებებს და უკმაყოფილებას უკვე აღარ მალავდა. ამის უმთავრესი მიზეზი, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოუგვარებლობასთან ერთად, დასავლეთის მიერ აზერბაიჯანის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის კრიტიკაც იყო, განსაკუთრებით - სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მომდევნო წლებშიც გაიზარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა ევროპისა და აშშ-ის, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების, შემდეგ კი, უკვე - სახელისუფლებო სტრუქტურებიდან. გულხელდაკრეფილი არც ჩვენი მეზობელები იყვნენ: მათ ენერგიულად დაიწყეს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ლობისტური დამუშავება ნავთობდოლარებითა და ... შავი ხიზილალით.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით აზერბაიჯანს ჰყავს „ევროპელი მეგობრისგან“ დაკომპლექტებული ჯგუფები ევროსტრუქტურებში, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ საჩუქრად იღებენ მინიმუმ ნახევარ კილოგრამ შავ ხიზილალას. ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან ევროდეპუტატებსა და ჩინოვნიკებს იწვევენ ბაქოში, რომლებიც ვიზიტის დროს იღებენ ძვირად ღირებულ საჩუქრებს: ხალიჩებს, ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, სასმელებს. მათი მტკიცებით, ბაქოში მინიმალური საჩუქარი 2 კგ შავი ხიზილალა ყოფილა. თუმცა „ძვირად ღირებული ლობისტური პოლიტიკის“ მიუხედავად, ილჰამ ალიევის ხელისუფლების დადანაშაულება ავტორიტარიზმსა და დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფაში წლების მანძილზე არ ცხრებოდა.

2015 წლის 10 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო ძალზე მწვავე რეზოლუცია: დაგმო „აზერბაიჯანში მიმდინარე უპრეცედენტო რეპრესიები“ და მოუწოდა ევროპულ აღმასრულებელ სტრუქტურებს, ჩაეტარებინათ საფუძვლიანი გამოძიება პრეზიდენტ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, კორუფციულ ბრალდებებზე. როგორც იტყვიან: „შეძახილმა ხე გაახმოო“ და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური ვექტორი მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბოლო წვეთი: აზერბაიჯანის მკვეთრი შემობრუნება რუსეთისკენ დაიწყო და

picture1-1792141606.jpg

ფოტოზე: ვლადიმერ პუტინი, ბაქოში ალიევების ოჯახურ გარემოში, 2024 წლის 18 აგვისტო.

პუტინი ალიევის ხშირი სტუმარი გახდა. ალიევიც მრავალგზის სტუმრობდა კრემლს.

თუ წლების მანძილზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი დასავლეთის მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ არ გამოხატავდა, 2015 წლის შემოდგომაზე, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ილჰამ ალიევმა ძალზე მწვავე საპროგრამო განცხადება გააკეთა: „სახელმწიფო ჩინოვნიკების, დეპუტატებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეებისაგან ხანდახან მესმის, რომ ევროპაში ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ. დაფიქრდით, როცა ამაზე ლაპარაკობთ. უპირველესად, პრეზიდენტის პოზიცია უნდა იცოდეთ. მეორეც, რა ფორმით უნდა მოხდეს ინტეგრაცია? გჭირდებათ ეს ინტეგრაცია თუ არა? რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება? - როგორც მეორეხარისხოვანი, ასოცირებული წევრის თუ გვერდიდან მიმაგრებული ქვეყნის? - ასეთი ფორმატი არ გვჭირდება. იქ, სადაც საჭირო იყო, ინტეგრირებულნი ვართ. თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა, არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა?! როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ?! ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე და გვიცხოვრია კიდეც. იმ დროს აზერბაიჯანში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, იყო სომხური ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკის დაცემა, მაგრამ ვიცხოვრეთ, არ დავიხოცეთ“, - განაცხადა მაშინ ილჰამ ალიევმა.

მისივე სიტყვებით, აზერბაიჯანი ევროსაბჭოში, უპირველესად, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად გაწევრდა. „ვიცოდით, რომ სომხეთი ევროსაბჭოში შესვლას აპირებდა. ჩვენც იქ გვინდოდა ყოფნა, რათა ეს საკითხი სამართლიანად გადაჭრილიყო. თუმცა უსამართლობა, ორმაგი სტანდარტები, ისლამოფობია, შური და არაკეთილმოსურნეობა დავინახეთ... ჩვენ არასდროს არავინ გვეხმარებოდა, ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით. აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა... თუ საჭირო გახდება, აზერბაიჯანი სხვა გაერთიანებაში შევა, მაგრამ როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, როგორც ღირსეული ქვეყანა“, - აღნიშნა მაშინ ილჰამ ალიევმა.

ასე რომ, ევროსტრუქტურებთან და დასავლეთ ევროპის კონკრეტულ ქვეყნებთან, უპირველესად კი - საფრანგეთთან და გერმანიასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლების დაპირისპირების ერთი მიზეზი აზერბაიჯანში კორუფციის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის დაუფარავი კრიტიკა გახლდათ, მეორე მიზეზი კი სომხეთთან დაკავშირებული პოზიცია იყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლება წლების მანძილზე ბრალს დებდა ევროსტრუქტურებს და ევროპის ცალკეულ ქვეყნებს (უპირველესად - საფრანგეთს) პროსომხური პოლიტიკის გატარებაში. სომხეთის მხარდაჭერის საპასუხოდ, ბაქომ საფრანგეთს ყველაზე მტკივნეულ წერტილში - მის ზღვისიქითა ტერიტორიების (ახალი კალედონია, მარტინიკა, საფრანგეთის პოლინეზია) სტატუსთან დაკავშირებულ საკითხში „დაარტყა“. ახალი კალედონია საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ტერიტორიაა, წყნარ ოკეანეში. მისი ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია კანაკები, რომელთა შორის არსებობს დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობა. კონფლიქტის ფესვები ათწლეულებს მოიცავს. ის უკავშირდება კოლონიურ მმართველობას, მიწისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხებს, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებსა და ტერიტორიის მომავალ სტატუსს. ახალი კალედონია გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიიდან ძალიან შორსაა, ბაქოსა და ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას თითქმის 14 ათასი კილომეტრი აცილებს, მაგრამ თუ ძალიან გინდა და ნავთობდოლარებიც ჩეჩქივით გაქვს, საფრანგეთის გასაღიზიანებლად რატომ არ უნდა „დაიცვა“ ახალი კალედონიის მოსახლეობის უფლებები თუნდაც - ბაქოდან?

picture2-1792141644.png

ფოტოზე: ილჰამ ალიევის წინ, იატაკზე, არცახის (ყოფილი „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“) დროშაა, ხანკენდი (სომხური სახელწოდება - სტეფანაკერტი), 2023 წლის 15 ოქტომბერი.

ამისთვის კი, ჩემი აზრით, აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მონდომებით, 2023 წლის ივლისში ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება და შეიქმნა ე.წ. ბაქოს ინიციატივის ჯგუფი (Baku Initiative Group, BIG), რომლის საჯაროდ გამოცხადებული მიზანია მსოფლიოში „ანტიკოლონიური და ანტინეოკოლონიური მოძრაობების მხარდაჭერა“. მიწვეულ უცხოელ სტუმართა შორის იყვნენ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტებიც. ამის შემდეგ ეს „ჯგუფი“ „ფრანგული კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ და დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს“ ღიად აფინანსებს და მათი მოქმედებების რეკლამირებას ახდენს. სწორედ ამ „ჯგუფის“ აქტივობებს უწოდა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ პროვოკაციული.

2024 წლის მაისში ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეაში მასშტაბური არეულობები დაიწყო. პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეფორმა იყო. არეულობებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, ხანძრები, ქონების განადგურება და უსაფრთხოების ძალების მასშტაბური მობილიზაცია. 2024 წლის მაისის მოვლენების დროს მედიასა და ანალიტიკურ პუბლიკაციებში ყურადღება გამახვილდა ახალ კალედონიაში აზერბაიჯანის დროშების გამოჩენასა და ბაქოსთან დაკავშირებული სოციალური ქსელების აქტივობაზე. ახალ კალედონიაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ადგილობრივი მომიტინგეები საფრანგეთის საწინააღმდეგოდ მართლაც მათთვის შორეული უცნობი აზერბაიჯანის დროშებს აფრიალებდნენ.

picture3-1792141688.png

„დროშები, დროშები ჩქარა“

სოციალური ქსელებით აქტივობაც ხელს უწყობდა დაპირისპირების გაძლიერებასა და ფრანგული პოლიციის წინააღმდეგ უარყოფითი განწყობების გავრცელებას. ამავე პერიოდში გავრცელდა დეზინფორმაციული ვიდეომასალები და პოსტები, რომლებიც საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების მოქმედებებს ძალზე ნეგატიურად წარმოაჩენდა. პარიზში ეს შეაფასეს, როგორც აზერბაიჯანის მხრიდან საფრანგეთის ტერიტორიული ერთიანობის, საზოგადოებრივი სტაბილურობის საწინააღმდეგო ნაბიჯი და სეპარატისტული ჯგუფების წახალისება. ჩანს, ბაქომ ნავთობდოლარები მართლაც არ დაიშურა და არც მომავალში დაიშურებს.

ასევე დაგაინტერესებთ: გერმანული კონტრდაზვერვის კრახი ანუ როგორ იქცა "ინდური მელოდრამა" თრილერად?!

ოპერაცია "თხუნელა" ანუ როგორ მუშაობდა გერმანიის დაზვერვის მაღალჩინოსანი პუტინის სასარგებლოდ?!

აგენტ-ინფორმატორობიდან საქართველოს მთავარ პროკურორობამდე: როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა "ეფ-ეს-ბემ"?!

სამშობლოს ღალატის ანატომია: რა საერთო აქვთ ესტონელ პოლიტიკოს აივო პეტერსონ-კრილოვს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და გულბაათ რცხილაძეს?!

თუ არ გჯერათ, ილჰამ ალიევს მოუსმინეთ. 2024 წლის 20 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართული შეხვედრის დროს პირობა დადო, რომ საფრანგეთს ზღვისიქითა ტერიტორიების დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარებოდა. „ზოგიერთი ქვეყანა კვლავ იტანჯება... კომორის კუნძულები და მაიოტა კვლავ კოლონიური მმართველობის ქვეშ არიან. ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს წარსულის ამ ამაზრზენი ნარჩენებისგან გათავისუფლებაში... ჩვენ მხარს დაგიჭერთ მანამ, სანამ არ გათავისუფლდებით“, - განაცხადა მაშინ ილჰამ ალიევმა. როგორც ჩანს, ჩვენს სამეზობლოში, ნავთობზე ფასების კოსმოსური ზრდის შედეგად, საყოველთაო კეთილდღეობა სუფევს, სახლში პრობლემები აღარ აქვთ და უკვე „მსოფლიო კოლონიალიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას აფინანსებენ.

აზერბაიჯანის სპეცსამსახურები, სავარაუდოდ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც აქტიურად მოქმედებენ, რასაც ამ ქვეყნის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელის აუგუსტ ჰანინგის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მასალებიც ადასტურებს.

(პირველი ნაწილის დასასრული)