"სიყვარული" გარიგებით: როგორ გადაიქცა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი პუტინის “შავი” საქმეების “გამთეთრებლად”?!
“ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო” - ეს ირონიული გამოთქმაა, რომელიც პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ კანონზომიერებას გამოხატავს: იქ, სადაც კანონი უნდა კანონობდეს, ფული იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას; იქ, სადაც სამართლიანობა უნდა იმარჯვებდეს, პირადი ინტერესები ზეიმობს.
პოლიტიკასა და სპეცსამსახურებში კორუფცია ძალაუფლების ხელში ჩაგდების, სამსახურებრივი პასუხისმგებლობის დანაშაულებრივად გამოყენებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების “ვანდალიზმის” უდიდესი საფრთხეა: ამ დროს სისტემა შიგნიდან “ჭამს” საკუთარ თავს და თანდათან იფიტება.
დღევანდელი ჩვენი საუბარი ამგვარი შეკითხვით მინდა განვაგრძო: შეიძლება თუ არა მაღალი რანგის ყოფილი პოლიტიკოსის ან სპეცსამსახურის “ყოფილი” ხელმძღვანელის პირადი ურთიერთობისა და ბიზნესის, პოლიტიკისგან ან სპეცსამსახურების დაფარულ/კულუარული თემებისგან სრულად გამიჯვნა? - ჩემი აზრით ეს შეუძლებელია. ამ მოსაზრებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. ძალზე დამაფიქრებელია ის, რაც ხდება გერმანიაში, სადაც კორუფციასთან ბრძოლა და კანონმორჩილება ერთ დროს მსოფლიოში სამაგალითო იყო. ახლა კი დიქტატორულ და ავტორიტარულ რეჟიმებზე “იყიდებიან”: ყოფილი კანცლერები, ჟურნალისტები, ევროდეპუტატები და სპეცსამსახურების “ყოფილი” ხელმძღვანელები.
როგორ გადაიქცა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალ-დემოკრატი და ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის “შავი” საქმეების “გამთეთრებლად”? რატომ იქცა მისი ურთიერთობა პუტინთან გერმანიისა და მთელი ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მაგალითად?
ისინი, ფაქტობრივად, ერთად მოვიდნენ დიდ პოლიტიკაში: გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი 1998 წელს გახდა, ხოლო პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 1999 წლის 31 დეკემბერს დაასახელა “მუდამ ფხიზელმა” ბორის ელცინმა, ხოლო 2000 წლის გაზაფხულზე პუტინი უკვე პრეზიდენტად “აირჩიეს”. შრიოდერის საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ევროპის სტაბილურობისთვის აუცილებელი იყო. გერმანული ინდუსტრიისთვის რუსეთი იაფი ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი და დიდი ბაზარი გახლდათ. მოსკოვისთვის კი გერმანია წარმოადგენდა ტექნოლოგიების, კაპიტალისა და ევროკავშირთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ კარიბჭეს. შრიოდერის მიდგომა ეკონომიკურ კავშირებსა და პირად პოლიტიკურ ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული. ბევრი ანალიტიკოს/ექსპერტის აზრით, იმ ეტაპზე შრიოდერის ლოგიკა ამგვარი იყო: თუ რუსეთი ევროპასთან ვაჭრობითა და ენერგეტიკული თანამშრომლობით იქნება დაკავშირებული, მას კონფრონტაციის ნაცვლად თანამშრომლობის მეტი მოტივი ექნებაო. ეს ხედვა იმ დროისთვის ევროპაში საკმაოდ პოპულარული იყო და რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობებს ითვალისწინებდა. გერმანული კომპანიები რუსეთში ინვესტიციებს ახორციელებდნენ, რუსეთიდან კი იაფ ენერგეტიკულ რესურსებს იღებდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისში მრავალი ევროპელი პოლიტიკოსი მიამიტურად იმედოვნებდა, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობდა რუსეთის უფრო პროგნოზირებად სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ავტომატურად არ ნიშნავდა რუსეთის პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციას ან კრემლის მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას. ეს ყველამ იცოდა, თუმცა თვალს ხუჭავდნენ. ასეა: რისი დანახვაც არ გსურს, “ვერ” დაინახავ!
პუტინისა და შრიოდერის “რომანი” კი ახალ ეტაპზე გადავიდა 2004 წელს, როდესაც შრიოდერმა პუტინს „უნაკლო დემოკრატი“ უწოდა. შრიოდერმა 2005 წლის არჩევნები წააგო და კანცლერის თანამდებობა დატოვა. თუმცა იმავე წლის დეკემბერში პუტინმა გაუწოდა “მეგობრობის ხელი” და ყოფილი კანცლერი ენერგეტიკული პროექტის, “ჩრდილოეთ ნაკადის” (Nord Stream) ოპერატორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამ გადაწყვეტილებამ გერმანიაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან შრიოდერი იმ კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომლის პოლიტიკურ ლობირებასაც თავად, როგორც კანცლერი, დაუღალავად აწარმოებდა. შრიოდერის წლიური ანაზღაურება 250 000 ევრო გახლდათ. ვითომ ეს კორუფცია არ იყო? თუმცა უარესი წინ გველოდა.
2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, რაც გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წაქეზებითა და უშუალო მონაწილეობით შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რის შედეგად დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დააწესა. ამ ვითარებაში პუტინს სჭირდებოდა საერთაშორისო ცნობადობის პოლიტიკოსი, რომელიც ასეულობით ჟურნალისტის და ტელეკამერების წინ, მის გვერდით იდგებოდა, მას დადებითად დაახასიათებდა და ამით პუტინის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანის პროცესში მიიღებდა აქტიურ მონაწილეობას. არჩევანი შრიოდერზე შეჩერდა.
2014 წლის 28 აპრილს სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ერთი ეპიზოდი გერმანიის უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მოვლენად იქცა. ე.წ. ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეულ შრიოდერს სწორედ მაშინ შუსრულდა 70 წელი და ვლადიმირ პუტინმაც ის “გულში ჩაიხუტა”. მაშინ, როდესაც დასავლელი ლიდერები მოსკოვის ქმედებებს გმობდნენ, გერმანიის ყოფილი კანცლერის თბილი ჩახუტება პუტინს აძლევდა შესაძლებლობას, ეჩვენებინა, რომ დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში კვლავ ჰყავდა გავლენიანი მეგობრები. უამრავი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი “შემთხვევით” გახდა ამ “ჩახუტების” მოწმე.

ფოტოზე: შრიოდერი და პუტინი - „სიყვარული გარიგებით“. 2014 წლის 28 აპრილი
მაშინ შრიოდერმა პუტინი სანდო მეგობრად მოიხსენია და თქვა, რომ მათ შორის ურთიერთობა ურთიერთნდობას ეფუძნებოდა. ამ ფაქტმა ევროპაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ანგელა მერკელის მთავრობის წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შრიოდერი ოფიციალურ გერმანულ დელეგაციას არ წარმოადგენდა და მისი ქმედებები მთავრობის პოზიციად არ უნდა აღქმულიყო. ამით ბერლინი ცდილობდა, ერთმანეთისგან გაემიჯნა სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკა და ყოფილი კანცლერის პირადი ურთიერთობები.
2017 წელს გერჰარდ შრიოდერი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტის” (Rosneft) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა და მისი ანაზღაურება წელიწადში 600 000 დოლარი იყო. მკითხველს შევახსენებ, რომ “როსნეფტი” არა მხოლოდ უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია, არამედ - რუსეთის სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. გერჰარდ შრიოდერი “როსნეფტიდან” 2022 წლის 20 მაისს წამოვიდა, თუმცა ეს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მიზეზით არ მომხდარა, - მას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნის ვადა ამოეწურა. იმავე წლის, 2022 წლის აგვისტოს შრიოდერს პუტინთან მორიგი მეგობრული შეხვედრა ჰქონდა, რის შემდეგაც მან მხარი დაუჭირა უკრაინის ნეიტრალიტეტს და დონბასისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მოწყობის საკითხს.
შემდეგ წლებში გერჰარდ შრიოდერი თავს იმართლებდა: პუტინთან მეგობრობის შენარჩუნება და პირადი ურთიერთობა რთული პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაში გამოსადეგი იქნებაო. თუმცა შრიოდერი თავს არიდებდა რუსეთის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის სრულ, უპირობო პოლიტიკურ დაგმობას.
პუტინ-შრიოდერის “ჩახუტების” ახალი ფურცელი სულ ახლახან დაიწერა. 2026 წლის 30 სექტემბერს 82 წლის შრიოდერი რუსეთში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელის - Hyperglobus-ის სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანეს. ესეც პუტინის საჩუქარი იყო, თუმცა “კრემლის” მბრძანებელი სამაგიეროს გარეშე არავის არაფერს “ჩუქნის”.
2026 წლის 7 ოქტომბერს რუსეთის მმართველს ოფიციალურად 74 წელი შეუსრულდა და ამ დროს მოსკოვში “სრულიად შემთხვევით”, თურმე, შრიოდერიც იმყოფებოდა. ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ სჯობს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსია მოვისმინოთ: ვლადიმერ პუტინმა პრესის საშუალებით შეიტყო, რომ გერჰარდ შრიოდერი მოსკოვში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნაო. როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინმა თურმე შემთხვევით, „მედიის საშუალებით“ გაიგო გერჰარდის მოსკოვში ყოფნა და დაბადების დღეზე მიიწვია? რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობა და უნიჭო სიცრუეა: შრიოდერი მოსკოვში სპეციალურად ჩაიყვანეს, რათა პუტინის გვერდით ფოტოებზე დაფიქსირდეს და „პუტინთან მეგობრული ურთიერთობა” დემონსტრაციულად წარმოაჩინოს. ასე იქნება მანამ, ვიდრე ყოფილი კანცლერი მასზე გაცემულ თითოეულ დოლარსა და ევროს ბოლომდე არ აანაზღაურებს.

ფოტოზე: შრიოდერი და პუტინი, - „სიყვარული გარიგებით, თორმეტი წლის შემდეგ“.
2026 წლის 7 ოქტომბერი
გერჰარდ შრიოდერისა და ვლადიმირ პუტინის მრავალწლიანი “ჩახუტებები”, რუსეთის მიერ ჯერ ყირიმის ოკუპაციის, მერე კი - უკრაინაზე მუხანათური თავდასხმის შემდეგ, ვფიქრობ ფულზე გაყიდული პოლიტიკოსის მორალური დაცემის სამწუხარო მაგალითია და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ რამდენად “გაიყიდა” ყოფილი კანცლერი.
რამდენიმე წლის წინ ფულზე გაყიდული ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტის, ჰუბერტ ზაიპელის შესახებ ვისაუბრეთ და დღეს მინდა რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გაგახსენოთ და ახალი გარემოებებიც გაგაცნოთ.
ჰუბერტ ზაიპელი წლების მანძილზე მუშაობდა გერმანულ მედიაში, მათ შორის Stern-სა და Der Spiegel-ში, ხოლო მოგვიანებით - საზოგადოებრივ მაუწყებელ NDR-სა და ARD-სთან დაკავშირებულ პროექტებზე. დიდად არაფრით გამორჩეული ჟურნალისტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პუტინის გარემოცვამ რუსეთის ერთპიროვნული მბრძანებლის „კარის მწერლად“ შეარჩია და პუტინის შესახებ სარეკლამო წიგნები და ფილმები დაუკვეთა. ასე რომ, ჰუბერტ ზაიპელის „შემოქმედებითი გაფურჩქვნა“ მთლიანად ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა. 2012 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის ("მე, პუტინი. პორტრეტი") შემდეგ ზაიპელი, რუსეთის მედიის განცხადებით, უცბად „მსოფლიოში ცნობილ კინოდოკუმენტალისტად“ იქცა. ხოლო ორი წიგნის: "პუტინი. ძალაუფლების ლოგიკა" (2015) და "პუტინის ძალა. რატომ სჭირდება ევროპას რუსეთი" (2021) - გამოცემის შემდეგ, ზაიპელი, რუსეთის მასმედიაში, უკვე „მსოფლიოში ცნობილ მწერლადაც“ მოგვევლინა. გინდათ შეიტყოთ, თუ რატომ ვერ იარსებებს ევროპა რუსეთის გარეშე, ან როდის გაერთიანდებიან აშშ–ის წინააღმდეგ რუსეთი და ევროპა, ან რატომაა ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსი? – წაიკითხეთ გერმანელი ჟურნალისტის ჰუბერტ ზაიპელის წიგნები და ყოველივე ამას შეიტყობთ. დაახლოებით ამგვარი სარეკლამო განცხადებებით იყო აჭრელებული რუსული გაზეთები და ინტერნეტ–პორტალები.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მორიგი დეზინორმაციულ–პროპაგანდისტული ოპერაციისთვის გერმანელი ჟურნალისტი ჰუბერტ ზაიპელი შეარჩიეს. ზოგადად „ამხანაგ პუტინს“ გერმანია განსაკუთრებით უყვარს და გერმანულ ენაზე მეტყველებს კიდეც – სწორედ ამანაც ითამაშა გადამწყვეტი როლი „მეხოტბე ტრუბადურის“ კანდიდატურის შერჩევის დროს.
ჰუბერტ ზაიპელი იყო ერთადერთი ევროპელი ჟურნალისტი, რომელიც მრავალჯერ შეხვდა პირადად პუტინს. უფრო მეტიც , ის რუსეთის პრეზიდენტს დაჰყვებოდა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობებში - ვიზიტების დროს და ოცზე მეტი ინტერვიუ აიღო პუტინისგან. 2016 წლის 7 ივნისს მოსკოვში ჰუბერტ ზაიპელის პირველი წიგნის - "პუტინი. ძალაუფლების ლოგიკა" - რუსულენოვანი ვარიანტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავად რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრო. პუტინმა ჟურნალისტების კითხვას ასე უპასუხა: „არ ვიცი, რატომ აკეთებს ზაიპელი ამას (წიგნის წერას და გამოცემას - ბ.ა.) “, ხოლო კითხვაზე, წაიკითხა თუ არა პუტინმა წიგნი თავის შესახებ, მან უპასუხა: ”არა, მე ისედაც ვიცი, რაც ეწერებაო”. სრულიად გასაგები „თავდამბლობაა“!

ფოტოზე: პუტინი და ზაიპელი
გულუბრყვილო მკითხველს შეიძლება ეგონოს, რომ როდესაც გერმანელმა ჟურნალისტმა პუტინის შესახებ წიგნის დაწერა გადაწყვიტა, ის დაუკავშირდა გამომცემლებს და მათი დაფინანსებით ჩადიოდა რუსეთში, თვეობით ცხოვრობდა მოსკოვის სასტუმროებში, რაც ნამდვილად არაა „იაფი სიამოვნება“ და წიგნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით დაფარა დანახარჯები. ამგვარად რომ ყოფილიყო, ჰუბერტ ზაიპელის საწინააღმდეგო რა გვექნებოდა? ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის დიქტატორული მმართველობის სტილი უკვე ამ საუკუნის დასაწყისიდან არ იყო არავისთვის დაფარული, გერმანელ ჟურნალისტს პუტინის სახოტბო წიგნებს მხოლოდ არაობიექტურ ანალიზად და შეცდომად ჩავუთვლიდით. განა მასზე დიდი მწერლები არ იყვნენ ფრანგი ანრი ბარბიუსი და გერმანელი ლიონ ფოიხტვანგერი, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, როდესაც “დიდ დიქტატორ” იოსებ სტალინს ქება-დიდებას არ აკლებდნენ? ჰუბერტ ზაიპელის შემთხვევაში კი ყველაფერი ძალზე ბანალურად მარტივი აღმოჩნდა: გერმანელი ჟურნალისტის ფილმიც და წიგნებიც... თავად რუსეთის ხელისუფლების მიერ ყოფილა შეკვეთილ-დაფინანსებული.
2023 წლის ნოემბერში საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელიც Cyprus Confidential-ის გაჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობოდა, გამოავლინა, რომ ზაიპელს რუსი ოლიგარქის, მილიარდერ ალექსეი მორდაშოვის ბიზნესებთან დაკავშირებული კომპანიისგან პუტინზე შეკვეთილი წიგნების დაწერისთვის, დაახლოებით, 600 000 ევრო ჰქონდა მიღებული. ზაიპელმა ფულის მიღება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ის მხოლოდ წიგნებს ეხებოდა და “მის ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას არ ზღუდავდა”. ამას ვინ დაიჯერებს? ხომ გაგიგონიათ: “ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო.”
ამ სკანდალის შემდეგ გამომცემლობამ Hoffmann und Campe-მა ჰუბერტ ზაიპელის მიერ პუტინის შესახებ დაწერილი წიგნების გაყიდვა შეაჩერა, ხოლო 2024 წელს ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ Netzwerk Recherche-მა ზაიპელი თავისი წევრობიდან გარიცხა, ხოლო გერმანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NDR-მა ზაიპელის ფილმები საკუთარი მედიათეკიდანაც ამოიღო.
ასევე დაგაინტერესებთ: ილჰამ ალიევის გეოპოლიტიკური "თამაში" და გამწარებული საფრანგეთი - როგორ "აფათურებს ხელებს" ბაქო შორეულ ახალ კალედონიაში?!
გერმანული კონტრდაზვერვის კრახი ანუ როგორ იქცა "ინდური მელოდრამა" თრილერად?!
ოპერაცია "თხუნელა" ანუ როგორ მუშაობდა გერმანიის დაზვერვის მაღალჩინოსანი პუტინის სასარგებლოდ?!
ფულზე გაყიდული გერმანიის კანცლერი და გერმანელი ჟურნალისტი - კიდევ რა უბედურება შეიძლება სჭირდეს გერმანიას? თურმე, კორუფციას მართლაც არ აქვს საზღვრები. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 2026 წლის 6 ოქტომბერს დააკავა გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი უფროსი აუგუსტ ჰანინგი. ბრალდება ეხება ჯაშუშობასა და სახელმწიფოს ღალატის მცდელობას. ჰანინგი 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა BND-ის, ხოლო 2005-2009 წლებში გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. ორივე შემთხვევაში, ჰანინგს ხელი მიუწვდებოდა სრულიად საიდუმლო დოკუმენტებზე. 2010 წლიდან მან გახსნა კერძო იურიდიული საკონსულტაციო ფირმა. გამოძიების ვერსიით, 2010-2022 წლებში მანფრედ დანკესრაიტერმა, ჰანინგის ყოფილმა ხელქვეითმა, რომელიც წლების მანძილზე BND-ში აპარატის უფროსის პოსტზე მუშაობდა, ჰანინგს, დაახლოებით, 2000 საიდუმლო და სამსახურებრივი დოკუმენტი გადასცა, სანაცვლოდ კი თანხას იღებდა. თავად ჰანინგი კი ამ მასალების გამოყენებით, კერძო საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში, უცხოური დაზვერვის წარმომადგენლისთვის ანალიტიკურ დოკუმენტებს ამზადებდა. გერმანიის პროკურატურას ოფიციალურ განცხადებაში არ დაუსახელებია ის ქვეყანა, რომლის სპეცსამსახურთანაც ჰანინგი თანამშრომლობდა. თუმცა გერმანელმა ჟურნალისტებმა გარკვეული ფაქტები “გამოჩხრიკეს”, რამაც კონკრეტულ ვერსიებს დაუდო საფუძველი.

ფოტოზე: აუგუსტ ჰანინგი
გერმანულ გაზეთ Tagesspiegel-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BND-ის ყოფილ ხელმძღვანელს აუგუსტ ჰანინგს სულ მცირე, 2013 წლიდან ჰქონდა კავშირები გერმანიაში აზერბაიჯანის საელჩოს დიპლომატებთან და ის გახლდათ ბერლინში განლაგებული არასამთავრობო ლობისტური ორგანიზაცია “გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის” (Deutsch-Aserbaidschanisches Forum e. V. / DAF) აქტიური წევრი. ეს “ფორუმი” 1997 წელს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დროს დაარსდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ასოციაციის საქმიანობა პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო 2006 წელს, უკვე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის პერიოდში, ლობისტური საქმიანობა განახლდა. იმ პერიოდში “ფორუმის” თავმჯდომარე გახლდათ ოტო ჰაუზერი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიიდან. Tagesspiegel-ის ინფორმაციით, ჰაუზერი გერმანიაში პროაზერბაიჯანული ლობისტური ქსელების მთავარ ფიგურა იყო. 2007 წელს მან გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის სამეურვეო საბჭოში რამდენიმე პარლამენტის წევრი შეიყვანა, მათ შორის - ედუარდ ლინტნერი (CSU), აქსელ ფიშერი (CDU), თომას ბარეისი (CDU), იოჰანეს კარი (SPD) და ვოლფგანგ გერკე (მემარცხენეები). იმ წლებში გერმანელ პარლამენტის წევრებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ხშირად იმართებოდა ბაქოში შეხვედრები.
2013 წლის თებერვალს “გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის” სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს აუგუსტ ჰანინგი, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემაში ძალზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მეტსახელად “ მისტერ უშიშროებაც” კი შეარქვეს. გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მომდევნო წლებში ჰანინგი აზერბაიჯანთან დაკავშირებით DAF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, “ფორუმის” სხვა წევრებისგან განსხვავებით, საჯაროდ არ გამოჩენილა, ასევე, ჯერ უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ის ბაქოში ვიზიტებში. უნდა აღინიშნოს, რომ “ფორუმის” სამეურვეო საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არ იყო. აბა, მაშინ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა გერმანიის “ყოფილ” პირველ მზვერავს, აუგუსტ ჰანინგს და მის “საკონსულტაციო ფირმას”?
(მეორე ნაწილის დასასრული)