"დამახინჯებული საფრანგეთი: შავი დღის ცეცხლში ფასეულობების მთელი სისტემა კვამლად იქცა" - Le Figaro
საფრანგეთის ქალაქები 17-18 ოქტომბერს ქაოსით იყვნენ მოცულნი. სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა საპროტესტო აქცია მკვეთრ უწესრიგობებში გადაიზარდა, ქუჩებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა, დაიწყო მაღაზიების დარბევა, მოროდიორობა... კერძო საკუთრების განადგურება... ცეცხლმა შთანთქა სახელმწიფო დაწესებულებების შენობები და ისტორიული ძეგლები. დაკავებულია ორი ათასამდე წესრიგის დამრღვევი, მაგრამ დაშავდა ასობით პოლიციელიც... მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ნაწილობრივი კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ფრანგულ მასმედიაში, ბუნებრივია, მომხდარმა საზარელმა მოვლენებმა თავისი ასახვა ჰპოვა - ჟურნალ-გაზეთებში და ტელეარხების ვიდეომასალებში შემაშფოთებელი ფაქტები გამოქვეყნდა... ისმება კითხვები: რატომ შეხვდა ხელისუფლება მოუმზადებელი სიტუაციის ასეთ გამწვავებას? რა დასკვნებს გააკეთებენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შოკისმომგვრელი ფაქტების შემდეგ?
გთავაზობთ ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - „დამახინჯებული საფრანგეთი: შავი დღის ცეცხლში ფასეულობების მთელი სისტემა კვამლად იქცა“, რომლის ავტორი, მთ. რედაქტორის მოადგილე ვენსან ტრამოლე დე ვილერი კომენტარს უკეთებს მომხდარ მოვლენებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომელმაც წინასწარ ჯეროვნად ვერ შეაფასა შექმნილი მდგომარეობა.
„სახელმწიფო დამცირებულია თავისი მერიების, პრეფექტურებისა და საპოლიციო უბნების სახით. ფრანგები შეშინებულნი არიან და სასოწარკვეთილებამდე არიან მიყვანილნი იმ გააფთრებული ულმობელობით, რომელიც მათ ქვეყანას საზიზღარი ძალადობით ამახინჯებს.
პოლიციელები თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე არიან: ისინი მამაცურად იდგნენ, მაგრამ ძალები უთანასწორო იყო - შეტევებს ვეღარ იგერიებდნენ. გაძარცული და დარბეული მაღაზიების მფლობელები სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილნი. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ. შენობა, სადაც განთავსებულია ტელეარხების Europe 1-ისა და Cnews-ის, ასევე, JDD-ის (Le Journal du Dimanche) სარედაქციო ოფისები, დარბეული და დაზიანებულია.
ამ შავი დღეების ცეცხლში ფასეულობათა მთელი სისტემა კვამლად გადაიქცა. ფერფლის ქვეშ ვხედავთ ათწლეულებით დაგროვილ სილაჩრეს, კონფორმიზმსა და სიბრმავეს. ზიზღს ნებისმიერი მთავრობის მიმართ, რომელიც ადამიანს ყალბი ძლიერების გრძნობას უნერგავს. ისტორიული, სოციალური და კულტურული წყენები, რომლებიც რევოლუციურ შემართებებს კვებავენ. მართლმსაჯულება, რომელიც ლმობიერია დამნაშავის მიმართ და სასტიკია კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ. წარმოუდგენელი პრივილეგიები ულტრამემარცხენე დაჯგუფებებს, რომლებიც დაუსჯელად ანადგურებენ ყველაფერს, წვავენ და კლავენ. მიგრანტების უკონტროლო შემოდინება ქვეყანაში, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმღები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. სკოლები, რომლებმაც მოსწავლეები ფიქრს გადააჩვია. პოლიტიკური მოძრაობა „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, რომლის დამაარსებელი ჟან-ლუკ მელანშონი და სენ-დენის მერი ბალი ბაგაიოკო შეგნებულად აღვივებენ რობესპიერულ ციებ-ცხელებას... და სხვა პოლიტიკოსებიც - ყველა ჯურის სოციალისტები, რომლებიც უკვე 15 წელია, კისერზე გვასხედან, დამნაშავენი არიან უპრინციპობაში, სიბრმავეში და წაქეზებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის გეგმა ანუ როგორ "მოვტეხოთ" ზელენსკი: უკრაინის ბედს კრემლის ბინადარი, ტრამპი და სი ძინპინი გადაწყვეტენ?!
ზელენსკის დილემა: შეძლებს თუ არა კიევი ომის გასაგრძელებლად ფულის შოვნას?!
საბედისწერო ქალი უკრაინისთვის: რა მოხდება, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი მარინ ლე პენი გახდება?!
ემანუელ მაკრონის მორალური შეგონებები პოლიციელების მიმართ, რომლებიც მან არასაკმარისად „ემპათიურად“ ჩათვალა და მოუწოდა ლმობიერად მოექცნენ მათ, ვინც ქვებს და პეტარდებს ისვრის, პრეზიდენტისათვის წარუშლელ ლაქად დარჩება. ლაქად ხელისუფლებისა, რომელიც გვარწმუნებს, რომ თითქოს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ სიგიჟეს ებრძვის, მაგრამ პირველივე მომენტში მისი იდეოლოგიური ზეწოლის გამო უკან იხევს.... და უფრო მეტიც - პარტიის კანდიდატებს პარლამენტში (ეროვნულ კრებაში) შესასვლელად ეხმარება - როგორც ეს 2024 წელს მოხდა.
თუ ულტრამემარცხენეებს, დამნაშავეებს და მოროდიორებს სულ რაღაც რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლიათ, საფრანგეთი თავდაყირა დააყენონ, ეს, ალბათ, პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ თავისი მდგომარეობით გაზულუქებულმა ტექნოკრატულმა მონარქიამ მეთოდურად დაანგრია ყველა დამცავი მექანიზმი - ზნეობრივი, კულტურული, ეკონომიკური... და უსაფრთხოების სფეროშიც, რომელთა გარეშე საზოგადოება მსგავს დამანგრეველ მოვლენებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მელანშონთან ერთად თამაშობენ როგორც ქუჩის რადიკალები აღმოსავლური კეფიებით (თავსაბურავ შარფით), ასევე პოლიტიკოსები ძვირფასი კოსტიუმებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ