"ამერიკელი მძევალი" : რატომ გაათავისუფლა სინამდვილეში პუტინმა ციხიდან 74 წლის სტივენ ჯეიმს ჰაბარდი?! - კვირის პალიტრა

"ამერიკელი მძევალი": რატომ გაათავისუფლა სინამდვილეში პუტინმა ციხიდან 74 წლის სტივენ ჯეიმს ჰაბარდი?!

2026 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს “მორცხვად” განუცხადა: „მე ისეთ საქმეებს ვაკეთებ, რომელთა გაკეთებაც სხვას არ შეუძლიაო“, თან ისიც დაამატა, რომ პუტინთან საუბრისას ამერიკელი პატიმრის, სტივენ ჰაბარდის საკითხი წამოჭრა და მალე მნიშვნელოვანი სიახლე გახდება ცნობილიო.

მართლაც, მეორე დღეს, 2026 წლის 21 ოქტომბერს, რუსეთმა გაათავისუფლა აშშ-ის 74 წლის მოქალაქე სტივენ ჯეიმს ჰაბარდი (Stephen James Hubbard), რომელიც 2022 წლიდან რუსეთის პატიმრობაში იმყოფებოდა და უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით 6 წლისა და 10 თვის პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გათავისუფლება სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის დროს გამოცხადდა.

ჰაბარდის გათავისუფლება მხოლოდ ერთი ხანდაზმული ამერიკელის პატიმრობიდან დახსნის ფაქტი არ არის. ის ერთდროულად უკავშირდება ტრამპის დამთბარ ურთიერთობებს პუტინთან, უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, სანქციების პოლიტიკას და ვაშინგტონისა და მოსკოვის მცდელობას, მოახდინონ ზემოქმედება უკრაინაზე და ერთობლივად აიძულონ ზელენსკი, ხელი მოაწეროს უკრაინისთვის წამგებიან შეთანხმებას.

სტივენ ჯეიმს ჰაბარდი აშშ-ის მიჩიგანის შტატში, ქალაქ ბიგ-რაპიდსში გაიზარდა. მისი ბიოგრაფიის შესახებ გავრცელებული ცნობების თანახმად, ის მსახურობდა აშშ-ის საჰაერო ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში, უმაღლესი განათლება მიიღო ინგლისური ენის მიმართულებით და მრავალი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ინგლისურ ენას ასწავლიდა. დაახლოებით 25 წელი მან იაპონიაში გაატარა, მოგვიანებით კვიპროსში ცხოვრობდა, ხოლო 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ იზიუმში გადავიდა. იქ ის უკრაინელ ქალბატონთან დაბინავდა და ერთად ცხოვრობდნენ.

2022 წლის გაზაფხულზე იზიუმი რუსეთის სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს. რუსეთის სახელმწიფო მედიისა და საგამოძიებო ორგანოების ცნობებით, ჰაბარდი 2022 წლის 2 აპრილს დააკავეს. რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, იგი უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფს 2022 წლის თებერვალში შეუერთდა, გაიარა მომზადება, მიიღო იარაღი და საბრძოლო მასალა და დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. რუსული მხარის ვერსიით, მას თვეში, დაახლოებით, 1 000 დოლარის გადახდას დაჰპირდნენ. ყურადღებით დააკვირდით თარიღებს: რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სამოცდაათ წელს გადაცილებული ამერიკელი, თურმე, სასწრაფოდ ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში, გაიარა სამხედრო მომზადება, თუმცა უკვე 2 აპრილს დააკავეს. როდისღა მოასწრო მან ბრძოლა?

picture1-1792740526.png

ფოტოზე: სტივენ ჰაბარდი დაპატიმრებამდე

რუსეთის ბრალდებების მიმართ მისი ოჯახის დამოკიდებულება თავიდანვე კრიტიკული იყო. ისინი სკეპტიკურად უყურებდნენ რუსეთის ვერსიას, რომლის მიხედვითაც ხანდაზმული ამერიკელი უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფში ჩაეწერა და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა გადაწყვიტა. მისმა დამ, პატრიცია ჰაბარდ ფოქსმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძმის ვითომდა სამხედრო საქმიანობა მისთვის მოულოდნელი იყო. ოჯახის წევრები მას მშვიდობისმოყვარე ადამიანად ახასიათებდნენ და ეჭვქვეშ აყენებდნენ ცნობებს, თითქოს მას იარაღით მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ბრძოლაში.

ჰაბარდის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოგვიანებით კრემლმა მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებიც დაასახელა.

ჰაბარდის საქმე ფართო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მხოლოდ 2024 წლის სექტემბერში მოექცა, როდესაც მოსკოვში მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დაიწყო. 2024 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დახურულ პროცესზე იგი დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაშინ რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰაბარდმა დანაშაული აღიარა. თუმცა მისმა ამერიკელმა ადვოკატმა, მარტინ დელუკამ განაცხადა, რომ ჰაბარდი ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ არც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და არც რომელიმე სამხედრო დანაყოფის წევრი ყოფილა.

ამასთან ერთად, დახურული სასამართლო პროცესი დამატებით კითხვებს წარმოშობდა მტკიცებულებების დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობაზე. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის ბრალდებით ასამართლებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა: ჰქონდა თუ არა მას რეალურად სამხედრო სტატუსი, მონაწილეობდა თუ არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში და რა მტკიცებულებები ადასტურებდა ბრალდებას.

რატომ გაათავისუფლეს ჰაბარდი სწორედ 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს და რა როლს თამაშობს ამ ფარულ გარიგებებში აშშ-ის შიდაპოლიტიკა? უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის 3 ნოემბერს აშშ-ში დანიშნული შუალედური არჩევნები პირდაპირ უკავშირდება ჰაბარდის გათავისუფლებას.

ჰაბარდის გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე, პუტინმა სტივ უიტკოფთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჰაბარდი გათავისუფლებული იყო და სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ტრამპმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰაბარდი აშშ-ში ბრუნდებოდა. ამ მოვლენების თანმიმდევრობა მიუთითებს, რომ გათავისუფლება წინასწარ განხილული და შეთანხმებული საკითხი იყო და არა - მოულოდნელი, სპონტანური გადაწყვეტილება. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ჰაბარდის საკითხს გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილავდა და პუტინმა მისი გათავისუფლება ჰუმანიტარული მოსაზრებებით გადაწყვიტაო. ხოლო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა კი განაცხადა, რომ პუტინმა ჰაბარდი შეიწყალაო. ე.ი ჰაბარდმა აღიარა დანაშაული და პუტინს მიმართა შეწყალების თხოვნით?

ჰაბარდის გათავისუფლება, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგია თავად პატიმრისა და მისი ოჯახისთვის. მაგრამ კონკრეტული ადამიანის გათავისუფლების გამო, რუსეთის პოლიტიკის მთლიანად ჰუმანიტარულად შეფასება არ იქნებოდა გამართლებული. ისევე, როგორც ერთი წარმატებული მოლაპარაკება თავისთავად ვერ ადასტურებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები სტაბილურ გაუმჯობესებას განიცდის.

ტრამპის განცხადებით, მან ჰაბარდის გათავისუფლება პუტინს პირადად სთხოვა და სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსი პატიმრების გათავისუფლება არ მოუხდენია. კრემლმა კი გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მოსაზრებებით ახსნა. ტრამპმა გათავისუფლება საკუთარ დიპლომატიურ წარმატებად წარმოაჩინა. მისი განცხადებით, აშშ-ს სანაცვლოდ არაფერი გაუცია და პატიმრების გაცვლა საჭირო არ გამხდარა. თავის პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჰაბარდი „პრეზიდენტ ტრამპისადმი პატივისცემის გამო“ გაათავისუფლა და აშშ „სანაცვლოდ არაფრის მიცემას არ მოითხოვდა - რაც რუსეთისთვის უპრეცედენტო სიტუაცია არისო. რა იყო ეს: “ჰუმანური” პუტინის “ჰუმანიტარული” ჟესტი, თუ ფარული გარიგება? ჰაბარდის გათავისუფლების შემდეგ ვინ რა პოლიტიკური სარგებელი მიიღო?

აშშ-ისთვის ეს იყო კონკრეტული მოქალაქის დაბრუნება და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დიპლომატიური შედეგის დემონსტრირება. ახლა ტრამპს უკვე შეუძლია, იტრაბახოს, რომ მისმა პირადმა კონტაქტმა პუტინთან შედეგი გამოიღო და რომ მისი ადმინისტრაცია, ბაიდენის ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, რუსეთთან დიალოგსა და რთულ შემთხვევებში - შეთანხმებას ახერხებს.

რუსეთისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, შექმნას მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური ატმოსფერო იმ დროს, როდესაც უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამავე დროს ჰაბარდის გათავისუფლებას მოსკოვი პირდაპირ უკავშირებდა “ლინდსი გრემის კანონის” ამოქმედების შეჩერებას. 2026 წლის 18 სექტემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა ამ კანონს, მაგრამ 16 ოქტომბერს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც კანონით გათვალისწინებული რიგი ახალი სანქციებისა და სატარიფო ზომების ამოქმედება შეაჩერა ან მათზე უარი თქვა. ოფიციალურ განმარტებაში მან მიუთითა, რომ ამ ზომების ამოქმედება უკრაინასა და რუსეთს შორის მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევ მოლაპარაკებებს ხელს შეუშლიდა. 21 ოქტომბერს ტრამპი ამტკიცებდა, რომ ჰაბარდის დაბრუნებისთვის რუსეთს არაფერი გადასცა, თუმცა უკვე მეორე დღეს მან განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას შეეძლო ჰაბარდის გათავისუფლების ჩაშლაო. მისი სიტყვებით, თუ სანქციები ძალაში შევიდოდა, ამერიკელი შესაძლოა, კვლავ პატიმრობაში დარჩენილიყო. სანქციები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია და თუ სანქციების დაწესება კონკრეტული პატიმრის ბედზე მოქმედებს, ადმინისტრაციამ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ ინდივიდუალური ჰუმანიტარული შედეგი, არამედ ისიც, თუ როგორ აისახება გადაწყვეტილება რუსეთის ქცევაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და მომავალ მოლაპარაკებებზე. ხომ არ იქნება ეს აგრესორ-ტერორისტის წახალისება?

picture2-1792740578.png

ფოტოზე: ტრამპი და უიტკოფი - ორი მილიარდერი, რომლებიც ყოველთვის და ყველგან მდიდრდებიან

გათავისუფლების საჯარო ცერემონიაში განსაკუთრებული როლი, უკვე მერამდენედ, ჰქონდა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, “მშვიდობის მტრედს”, მის დიდი ხნის მეგობარს - სტივ უიტკოფს, რომელმაც პუტინთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და „ჰუმანური ადამიანი“ უწოდა. შეიძლება იკითხოთ: ამაზე გასაკვირი და რეალობას მოკლებული სხვა რა შეიძლება იყოსო? - თუმცა შეცდით. სტივ უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა ასევე... რუსული დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნისთვისაც ანუ ტრამპმა რუსეთს ნავთობპროდუქტების ექსპორტზე დაწესებული სანქციები თავად მოუხსნა და იქით უხდის მადლობას!

კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ერთი ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის. ტრამპმა, რომელიც არასდროს დაინტერესებულა, თუ რამდენად სამართლიანად იყო ჰაბარდი დაპატიმრებული, მისი გათავისუფლება წარმოაჩინა, როგორც “პირადი წარმატება”; პუტინმა - როგორც “ჰუმანიტარული გადაწყვეტილება”. ორივე მხარე ცდილობს ამ ფაქტის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

დღეს, როდესაც რესპუბლიკელებს კონგრესში ძალაუფლების შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა უწევთ, ტრამპის რეიტინგი „შარშანდელი თოვლივით“ გაქრა, ხოლო ამომრჩეველთა შეშფოთება ცხოვრების გაძვირების გამო, რესპუბლიკური პარტიისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის. ტრამპს სჭირდება ერთი ამერიკელი პატიმრის დაბრუნება წარმოაჩინის „დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად“, პირადი ლიდერობისა და რუსეთთან მოლაპარაკების ეფექტიანობის მტკიცებულებად. მკითხველს შევახსენებ, რომ 2026 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართება. კენჭისყრის შედეგებზეა დამოკიდებული წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კონტროლი - შესაბამისად, დემოკრატების მიერ რომელიმე პალატის კონტროლის მოპოვება მნიშვნელოვნად გაურთულებს ტრამპს პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელს.

“ჰაბარდის ისტორია” ამ ვითარებაში მოსახერხებელია, რადგან მასში არ არის საჭირო რთული ეკონომიკური მაჩვენებლების ახსნა. ამომრჩეველს შესთავაზებენ მარტივ სიუჟეტს: ამერიკელი ოთხ წელზე მეტხანს იყო რუსეთის პატიმრობაში; ტრამპმა პუტინს სთხოვა მისი გათავისუფლება; პატიმარი გაათავისუფლეს; პრეზიდენტი აცხადებს, რომ სანაცვლოდ არაფერი დაუთმია. გათავისუფლება არა დიპლომატების ან ხანგრძლივი მოლაპარაკებების, არამედ - პირადად ტრამპის დამსახურებად წარმოჩნდება. ასე რომ, ხომ ხედავთ, აშშ-ს ძლიერი პრეზიდენტი ჰყავს და ამერიკელების ინტერესებს იცავს. ამის შემდეგ, წესით, ამომრჩეველს აღარ უნდა გაუჩნდეს კითხვები ინფლაციის, ხელფასების, ჯანდაცვის ან სახელმწიფო ვალის შესახებ.

picture3-1792740609.png

ფოტოზე: პუტინი და უიტკოფი - მკაცრი მასწავლებელი და დასჯილი მოწაფე

ამიტომ ტრამპის პოპულისტური სტრატეგია და საარჩევნო კომუნიკაცია ამგვარია: რთული საგარეო პოლიტიკური პროცესი დაიყვანო ერთ მარტივ, მასებისთვის ემოციურად ძლიერ ამბავზე — „მე დავურეკე პუტინს, ამის შედეგად ამერიკელი, რომელიც „მძინარე ჯომ“ ვერ გამოიხსნა, სახლში ბრუნდება და სანაცვლოდ ამერიკას არაფერი დაუთმია“. ასეთი ფორმულირება მისაღებია იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც სურს, რომ აშშ ძლიერი იყოს საერთაშორისო ასპარეზზე და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობაში უპირატესობას ინარჩუნებდეს. ეს უფრო ადვილად გასაგები საარჩევნო გზავნილი და ეფექტიანი მანიპულაციაა, ვიდრე სანქციების, დიზელის მიწოდების, უკრაინის ომისა და დიპლომატიური კომპრომისების დეტალური განხილვა.

ტრამპი უკვე აქტიურად ცდილობს “ქულების ჩაწერას”, თუმცა სიჩქარეში შეცდომებსაც უშვებს. 21 ოქტომბერს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა ჰაბარდის გათავისუფლება საკუთარ დიპლომატიურ წარმატებად წარმოაჩინა და აღნიშნა: „ შეერთებულ შტატებს სანაცვლოდ არაფრის მიცემა არ დასჭირვებია… ამ გათავისუფლებისთვის პატიმრების გაცვლა საჭირო არ ყოფილაო. იმავე დღეს სოციალურ ქსელში, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ჰაბარდის გათავისუფლების მოლაპარაკებებს შეაჩერებდა და სანქციები რომ დაგვეწესებინა, ჰაბარდს ვერ დავაბრუნებდითო.

ასევე დაგაინტერესებთ: "სიყვარული" გარიგებით: როგორ გადაიქცა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი პუტინის “შავი” საქმეების “გამთეთრებლად”?!

ილჰამ ალიევის გეოპოლიტიკური "თამაში" და გამწარებული საფრანგეთი - როგორ "აფათურებს ხელებს" ბაქო შორეულ ახალ კალედონიაში?!

გერმანული კონტრდაზვერვის კრახი ანუ როგორ იქცა "ინდური მელოდრამა" თრილერად?!

აგენტ-ინფორმატორობიდან საქართველოს მთავარ პროკურორობამდე: როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა "ეფ-ეს-ბემ"?!

22 ოქტომბერს, CNN-ის ჟურნალისტმა კეიტლან კოლინზმა ტრამპს პირდაპირ ჰკითხა, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ აშშ-მა რაღაც დათმოო? - ტრამპმა უპასუხა: „ეს რომ არ გამეკეთებინა, ბატონი ჰაბარდი უკან ვერ დაბრუნდებოდაო. მოუსვენარმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ ჰკითხა: ანუ რაღაც მაინც დათმეთ? ამის საპასუხოდ ტრამპმა ჟურნალისტს შეუტია: - ჰაბარდის გათავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი სანქციებისგან თავის შეკავებაო. ამერიკის პრეზიდენტი ერთ დღეს ამბობს, რომ არაფერი დაუთმია, ხოლო მეორე დღეს ამტკიცებს, რომ სანქციების დაწესება ჰაბარდის გათავისუფლებას ჩაშლიდა, ამ დროს ყველას შეუძლია იკითხოს: თუ სანაცვლოდ არაფერი მიგიციათ, რატომ იყო საჭირო სანქციებისგან თავის შეკავება და რატომ წარმოაჩენთ ამას მოლაპარაკების აუცილებელ პირობად?

picture4-1792740638.png

ფოტოზე: სტივენ ჰაბარდი სასამართლო პროცესზე

ეს ყველაფერი ძალზე წააგავს რუსეთის მიერ ამერიკელი მძევლების მოტაცების შემდეგ გამოსასყიდის მოთხოვნასა და შანტაჟს: გააუქმეთ სანქციები, შეუწყვიტეთ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და ასე, სათითაოდ დაგიბრუნებთ ამერიკის მოქალაქეებს, რუსეთის ციხეებში რომ იმყოფებიანო. ასე რომ, პუტინმა ვაჭრობაშიც აჯობა ტრამპს. ვფიქრობ, საკამათო არაა, რომ ამგვარი უგუნური პოლიტიკა აძლიერებს რუსეთის იმპერიას და ახალისებს ახალ-ახალი მძევლების დატყვევებას. ამავე დროს, ჩემი აზრით, ჰაბარდის გათავისუფლება 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ სპეციალურად დაიგეგმა, რათა ტრამპმა ელექტორატის გული მოიგოს და დემოკრატებმა ვერ დაამყარონ სენატზე კონტროლი. ამით პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ ეხმარება ტრამპს ძალაუფლების შენარჩუნებაში. რატომ? - იმიტომ რომ ის მისთვის საჭირო პრეზიდენტია. სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება და „დიზელის შეთანხმება“ ორი ავტორიტარული მმართველის ფარული გარიგების ნაწილი და აშშ-რუსეთის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია, სადაც ევროკავშირისთვისა და უკრაინისთვის კარი დაკეტილია.

სტივენ ჰაბარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა, ტეხასში გადაიყვანეს, სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ. ჰაბარდი ამ დროისთვის ბოლო ამერიკელი იყო რუსეთის პატიმრობაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „უსამართლოდ დაკავებულის“ სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში სხვა ამერიკელი მოქალაქეები აღარ იმყოფებოდნენ პატიმრობაში. დღევანდელი მდგომარეობით რუსეთის ციხეებში, სულ მცირე, 10 ამერიკელი, მათ შორის - ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რჩება. ზოგიერთს რუსეთი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს ედავება, სხვებს — იარაღის უკანონო გადატანას, ძალადობას ან ჯაშუშობას. ასე რომ, პუტინს კიდევ ბევრი ბერკეტი აქვს ტრამპზე ზემოქმედებისთვის და მნიშვნელოვანი დათმობების მისაღწევად.