"შავი დღის" მეტასტაზები ანუ რა ელის საფრანგეთს?! - Le Figaro - კვირის პალიტრა

"შავი დღის" მეტასტაზები ანუ რა ელის საფრანგეთს?! - Le Figaro

„შავი დღის“ - 2026 წლის 17 ოქტომბრის - კადრებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს მსოფლიოში ყველაზე მაღალ გადასახადებს ახდევინებს, უუნარო აღმოჩნდა, უზრუნველყოს თავისივე მოქალაქეები ყველაზე აუცილებელი ფუნქციით - უსაფრთხოების დაცვით ქუჩებში“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „საფრანგეთის აღორძინების გზები“, რომლის ავტორი, ცნობილი ჟურნალისტი რენო ჟირარი აანალიზებს ქვეყანაში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებს და გარკვეულ დასკვნებს აკეთებს: რა უნდა გააკეთოს საფრანგეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რათა მსგავსი საშინელი ამბები არ განმეორდეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსოფლიო შეძრწუნებული უყურებდა „შავი დღის“ კადრებს: ფრანგული ქალაქების ქუჩები მოროდიორთა ხელში აღმოჩნდა, ხოლო ერთ-ერთი დიდი ქალაქის მერიის შენობა - ისტორიული ძეგლი - ცეცხლმა შთანთქა: ის განგებ, წინასწარგანზრახულად დაწვეს.

საფრანგეთი ბევრ უცხოელს უყვარს - ისინი მრავალჯერ იყვნენ ჩვენთან - ან ფრანგულ კულტურაზე გაიზარდნენ და ამიტომ მათში ასეთი კადრების ნახვა ნამდვილად ტკივილს იწვევდა, მაგრამ, იმავდროულად, ისინი გაკვირვებულები იყვნენ: როგორ მოხდა, რომ სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს მსოფლიოში ყველაზე მაღალ გადასახადებს ახდევინებს, უუნარო აღმოჩნდა, უზრუნველყო თავისივე მოსახლეობა ყველაზე აუცილებელი ფუნქციით - ქუჩებში უსაფრთხოების დაცვით?!

თანაც სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა არა მხოლოდ უსაფრთხოების დაცვაში, არამედ - სხვა სფეროებშიც. ავიღოთ სახელმწიფო ფინანსების სფერო: ჩვენი ბიუჯეტი წლიდან წლამდე დეფიციტურია და ახლა საფრანგეთი ფულს სესხულობს გერმანიაზე და პორტუგალიაზე უფრო წამგებიანად, რაც ადრე არასოდეს მომხდარა. ინვესტორები უფრთხიან საფრანგეთის დიდი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს, მზარდ ვალებს და პოლიტიკურ არასტაბილურობას. რისკის კომპენსაციისთვის ისინი საფრანგეთისგან უფრო მაღალ პროცენტს ითხოვენ.

ავიღოთ განათლების სფერო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - PISA-ს მონაცემებით, ფრანგი მოსწავლეების ცოდნა-განათლების დონე სწრაფად ეცემა - არა მხოლოდ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, არამედ საკვანძო კატეგორიაში - „მკითხველის წიგნიერებაში“. და ბოლოს, მეცნიერებისა და მრეწველობის სფერო: ჩვენ სულ უფრო მეტად ჩამოვრჩებით ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს. სამწუხაროდ, ამ ტენდენციის გააზრება და შეჩერება ვერანაირად ვერ შევძელით.

გასაგები ხდება, რომ ქვეყნის მმართველობის სისტემა ნულიდან - საძირკვლიდანვეა გადასახედი. მე სკოლაში ვსწავლობდი მეხუთე რესპუბლიკის პირველი სამი პრეზიდენტის - შარლ დე გოლის, ჟორჟ პომპიდუსა და ვალერი ჟისკარ დ’ესტენის დროს. იმ პერიოდში საფრანგეთი უსაფრთხო ქვეყანა იყო, ფრანგები მუშაობდნენ, დოვლათს ქმნიდნენ, საკუთარ სამშობლოს პატივს სცემდნენ, უყვარდათ და ქვეყანა წინ მიდიოდა, ვითარდებოდა, ძლიერდებოდა. შესაბამისად, საფრანგეთი უყვარდათ მსოფლიოშიც, მოსწონდათ, და, საერთოდაც, ყველა პატივისცემით გვეპყრობოდა. მახსოვს ჩემი პირველი ყოფნა აშშ-ში, 1979 წელს: ამერიკელებს ფრანგების მიმართ არა მარტო მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ, ისინი მათდამი პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულნი: დარწმუნდნენ, რომ საფრანგეთი მართალი აღმოჩნდა, როცა მათ აფრთხილებდა, უარი ეთქვათ ვიეტნამის ავანტიურისათვის. ამერიკელები ხედავდნენ ფრანგული მეცნიერულ და ტექნოლოგიურ მიღწევებს (ზებგერითი სამგზავრო „კონკორდი“, ჩქაროსნული მატარებელი TGV, ატომური ენერგეტიკა და ა.შ.). დღეს ამერიკელები ჩვენდამი კვლავ მეგობრულად არიან განწყობილნი, მაგრამ პატივისცემა აღარ ჩანს - მხოლოდ თანაგრძნობა და წუხილი, რასაც მომაკვდავი ცივილიზაციის მიმართ გამოხატავენ ხოლმე.

როდის დაიწყო საფრანგეთის პრობლემები? - ალბათ, 1980-იანი წლების დასაწყისიდან, როცა ქვეყანას ყველაზე საშიში სნეულება შეეყარა - ნებაზე მიშვება: დაიწყო უადგილო მიმტევებლობა, თვალის დახუჭვა ცუდზე, დანაშაულებრივზე და არასწორ ქმედებაზე. სწორედ უყურადღებოდ და თავის ნებაზე იყო მიშვებული სიტუაცია მიგრაციის, სასკოლო განათლების, სასამართლო და საფინანსო სფეროებში, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანა ამჟამინდელ სიტუაციამდე მოიყვანა. საბედნიეროდ, საფრანგეთის აღორძინების გზები ჯერ კიდევ არსებობს და არ გამქრალა: ისინი ეყრდნობიან სამ უბრალო ღირებულებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უნდა დავუბრუნოთ: პასუხისმგებლობას, შრომას და კანონის პატივისცემას.

პასუხისმგებლობის გრძნობა - დემაგოგიის საპირისპიროდ - ისევ უნდა გახდეს სახელმძღვანელო პრინციპად, როგორც უშუალოდ თითოეული ფრანგისთვის, ასევე, ყოველი ფრანგული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტისთვის. სახელმწიფოს ხელისუფლება, მთავრობა ვალდებულია, ქვეყანა პასუხისმგებლობით მართოს, რაც ნიშნავს, რომ ხარჯები და შემოსავლები დააბალანსოს. ვერც ერთი კერძო კომპანია გაკოტრებასა და დახურვას ვერ გადაურჩებოდა, საქმეები ფრანგული სახელმწიფოსავით რომ ჰქონოდა.

პასუხისმგებელი მთავრობის მქონე სახელმწიფო ისეთია, რომელიც ერთბაშად ყველაფრის გაკეთებას კი არ იწყებს და შემდეგ მიატოვებს, არამედ იღებს იმ მომენტისათვის მთავარ მიმართულებებს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს. სახელმწიფო ხელისუფლებამ ყურადღების კონცენტრირება თავისი სუვერენული ფუნქციების შესრულებაზე უნდა მოახდინოს, რომელიც არ შეიძლება კერძო ინიციატივას გადააბაროს, კონკურენციის პირობებში. ესენია: თავდაცვა, პოლიცია, მართლმსაჯულება, დიპლომატია, გადასახადები, საბაჟო, ფუნდამენტური მეცნიერება, ენერგეტიკა... მაგრამ ამ ფუნქციების შესრულებისას სახელმწიფო ურყევი და შეუდრეკელი უნდა იყოს: დაუშვებელია, რომ საფრანგეთში ასეთი დიდი მასშტაბებით იყოს გავრცელებული ნარკოტიკებით და ადამიანებით ვაჭრობა.

ფრანგულ სახელმწიფოს რომ პასუხისმგებელი მთავრობა ჰყოლოდა, ის გადაწყვეტდა და შეკვეცდა ხელისუფლების ორგანოების მრავალდონიან სისტემას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაში საოცრად მასიური და მოუხერხებელია: რეგიონები, დეპარტამენტები, მუნიციპალური გაერთიანებები, კომუნები... აქ უკვე გაუგებარია, თუ ვინ ვის ექვემდებარება, რომელი ორგანო რაზე აგებს პასუხს, პასუხისმგებლობა და მისი ჩარჩოები საერთოდ გამქრალია. 2027 წელს გადაწყდა გაუქმებულიყო გადასახადი ძირითად საცხოვრებელზე - ადგილობრივი გადასახადი, რომლის თანხა კომუნების ბიუჯეტში შედიოდა. გაუქმების შედეგად კომუნებს მოესპოთ საკუთარი შემოსავლები და, შესაბამისად, ფინანსური დამოუკიდებლობაც. როცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ადგილობრივი მერები ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ამით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

პასუხისმგებლობა მთავარ პრინციპად უნდა იქცეს საფრანგეთის სახალხო განათლების სფეროში. დღეს ჩვენ განათლების ძალზე მოუხერხებელი სისტემა გვაქვს - ეს არის ნამდვილი „მამონტი“, როგორც მას ფრანგებმა შეარქვეს. უნდა მოხდეს განათლების სისტემის დეცენტრალიზება: სკოლების დირექტორებს უფლება უნდა ჰქონდეთ, თავიანთი შეხედულებით დაიქირავონ მასწავლებლები და მათ მიმართ დისციპლინარული ზომები გამოიყენონ. ავტონომიურ სასწავლო დაწესებულებებს შორის აუცილებელია საღი კონკურენცია არსებობდეს, მათი დაფინანსება კი საგანმანათლებლო სერტიფიკატების მიხედვით უნდა მოხდეს, რომლებიც მშობლებს მიეცემათ. თუ სკოლების დირექციებს პასუხისმგებლობის გრძნობა და მოვალეობა ექნებათ, ეს ხელს შეუწყობს მათი ავტორიტეტის დაბრუნებას და შემდგომ განმტკიცებას.

შრომა - ეს არის ღირებულება, რომელიც საფრანგეთმა შექმნა დიდი ტაძრების და მსოფლიოში საოცარი ეიფელის კოშკის მშენებლობით და რომელიც ისევ უნდა გახდეს თითოეული ფრანგი მოქალაქისათვის საპასუხისმგებლო სწრაფვად. დავაკვირდეთ სიტუაციას: ფრანგები ევროპაში ყველაზე ნაკლებად მუშაობენ. 35-საათიანი სამუშაო კვირა ფრანგული მრეწველობისათვის დამღუპველი აღმოჩნდა. მოსახლეობის ასაკობრივი დაბერების ტენდენცია არითმეტიკული გარდაუვალობით ითხოვს, რომ პენსიაზე არ გადიოდეს 68 წელზე ნაკლები ასაკის მქონე მოქალაქე - განსაკუთრებით მძიმე და მავნე პროფესიების გარდა.

ასევე დაგაინტერესებთ: ხუთი მიმართულება, რომლითაც ტრამპი პუტინს ეხმარება - Die Welt

დამახინჯებული საფრანგეთი: შავი დღის ცეცხლში ფასეულობების მთელი სისტემა კვამლად იქცა" - Le Figaro

პუტინის გეგმა ანუ როგორ "მოვტეხოთ" ზელენსკი: უკრაინის ბედს კრემლის ბინადარი, ტრამპი და სი ძინპინი გადაწყვეტენ?!

ზელენსკის დილემა: შეძლებს თუ არა კიევი ომის გასაგრძელებლად ფულის შოვნას?!

სახელმწიფოს კმაყოფაზე ცხოვრებამ ფრანგები შრომას გადააჩვია - ამგვარ სიტუაციას ბოლო უნდა მოეღოს. სახელმწიფო ყოველწლიურად 43 მილიარდ ევროს ხარჯავს საცხოვრებელ (საბინაო) სუბსიდიებში. რატომ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო მოქალაქის საბინაო პირობების გაუმჯობესებაში? როგორც ჩანს, მალე მოითხოვენ იმას, რომ პარიკმახერებისა და ბაკალეით მოვაჭრეების შრომაც სახელმწიფომ დააფინანსოს.

როცა სახელმწიფო ძიძის როლში გამოდის, ამით ძირი ეთხრება და საფუძველი ეცლება მოქალაქეების პასუხისმგებლობას თავისი ყოფა-ცხოვრების საკუთარი შრომით გაუმჯობესებაზე და მათ სხვის (ამ შემთხვევაში - სახელმწიფოს) კმაყოფაზე მცხოვრებად გადააქცევს. ისინი სულ უფრო მეტს ითხოვენ და თუ არ მისცემ, ბოროტდებიან. დავიმახსოვროთ: ფული, ცხოვრების დონე, დიპლომები უფლება არ არის, მათი მოპოვება საკუთარი შრომით და შესაძლებლობებით ხდება.

და ბოლოს, საფრანგეთში ყველასათვის ისევ ნორმად უნდა იქცეს კანონის პატივისცემა და მისი მოთხოვნების მკაცრი დაცვა. ქვეყანა არ უნდა შეურიგდეს „ქუჩის კანონებს“ და იმას, რომ აქტიური უმცირესობა მდუმარე უმრავლესობის ტერორიზებას ახდენს - იმ უმრავლესობისა, რომელიც კანონებს იცავს, პატიოსნად მუშაობს და გადასახადებს იხდის. დემოკრატია არ ნიშნავს თავისუფლად პარპაშს, რომ პატარა მობილურმა და აგრესიულმა ჯგუფებმა ქვეყნისა და მისი ინსტიტუტების, დაწესებულებების, სკოლების, საწარმოების კოლაფსი გამოიწვიონ. დემოკრატია კანონების მკაცრ დაცვას და მათი დარღვევისთვის დასჯასაც გულისხმობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო