„ქალი, რომელმაც მთელი ქალაქი „დააჰიპნოზა“ - კვირის პალიტრა

„ქალი, რომელმაც მთელი ქალაქი „დააჰიპნოზა“

1879 წლის შემოდგომაზე ბოსტონის ერთ-ერთ კუთხეში გაიღო კარი, რომელმაც ათასობით ქალის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. აბრაზე ეწერა: "ქალთა დეპოზიტი". მისი დამაარსებელი, ორმოცდაათ წელს გადაცილებული სარა ჰოუი გარეგნობით სრულიად არ ჰგავდა მკაცრ კოსტიუმში გამოწყობილ იმ ეპოქის ბანკირს. ყოფილი მკითხავი, რომელიც ადამია­ნების ფსიქოლოგიას კარგად იცნობდა და მათი სურვილების ამოცნობაც შეეძლო, მშვენივრად ერკვეოდა მე-19 საუკუნის ამერიკული საზოგადოების პრობლემებსა და მტკივ­ნეულ საკითხებში - ქალებს, განსაკუთრებით მარტოხელა მასწავლებლებს, ქვრივებსა და დიასახლისებს ფინანსურ სამყაროში არავინ არაფრად აგდებდა... სარამ მათ ზუსტად ის მისცა, რაც ყველაზე მეტად აკლდათ: აღიარება, ნდობა და ზღაპრული სიმდიდრის დაპირება.

8%-იანი სასწაული

ჰოუის წესი მკაცრი და უცნაური იყო: მამაკაცებს სარას ბანკში შესვლა ეკრძალებოდათ, მათი ფული სარას არ აინტერესებდა. ამტკიცებდა, რომ მისი მიზანი ფინანსური ჩაგვრისგან ქალების ხსნა და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა იყო. დაპირება წარმოუდგენლად ჟღერდა: თვეში 8%-იანი მოგება (წლიური 96%-ზე მეტი)!

როდესაც გაოცებული მეანაბრეები ეკითხებოდნენ, საიდან მოჰქონდა ასეთი კოლოსალური მოგება, სარა იდუმალი გამომეტყველებითა და უცნაური ღიმილით პასუხობდა, რომ ფულს ევროპულ საქველმოქმედო ფონდებსა და მაღალშემოსავლიან საიდუმლო პროექტებში აბანდებდა, რომლებსაც "კეთილი კვაკერები" მფარველობდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ თაღლითურ სქემაში სარამ სწორედ პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი განშტოების - კვაკერების რეპუტაცია გამოიყენა. მე-19 საუკუნის ამერიკაში კვაკერების სახელი ასოცირდებოდა პატიოსნებასთან, სანდოობასთან, საქველმოქმედო ფონდებსა და ფინანსურ სიფრთხილესთან. ყველას სჯეროდა, რომ კვაკერი ტყუილს არ იკადრებდა, ქალებსაც ეჭვი არ შეჰპარვიათ სარას ბანკის საიმედოობაში. სინამდვილეში კი არანაირი ევროპული ფონდები არ არსებობდა. სარა უბრალოდ იყენებდა უმარტივეს მექანიზმს: ახალი მეანაბრე ქალების შეტანილი თანხით ძველ მეანაბრეებს პროცენტებს“უხდიდა. ნდობის ჯაჭვური რეაქცია კი ასეთი იყო - როდესაც რომელიმე მასწავლებელი თავისი პირველი შენატანიდან 100 დოლარის ნაცვლად 108-ს იღებდა, აღფრთოვანებული გარბოდა კოლეგებთან, ნათესავებსა და მეზობლებთან... ინფორმაცია ელვის უსწრაფესად გავრცელდა - ქალებს ბანკში მიჰქონდათ წლობთ ნაგროვები დანაზოგი, მემკვიდრეობა, ქორწინების ბეჭდები და ოჯახური რელიკვიები. "ქალთა დეპოზიტის" კართან რიგში ყოველდღე იდგა ასობით ქალი... სულ რაღაც ერთ წელიწადში სარა ჰოუიმ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა (რაც დღევანდელ 15 მილიონ დოლარს აჭარბებს).

დასასრული

ნებისმიერი ასეთი ილუზია მანამ ცოცხლობს, სანამ კითხვების დასმა არ დაიწყება. 1880 წლის სექტემბერში გაზეთ ""ბოსტონ დეილი ედვერტაიზერის"" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა "იყნოსეს", რომ "ქალთა დეპოზიტის" მიღმა დიდი აფერა იმალებოდა. გაზეთმა გამოაქვეყნა სტატიების სერია, სადაც მათემატიკური სიზუსტით დაამტკიცა, რომ თვეში 8%-იანი მოგების გაცემა ლეგალური გზით შეუძლებელი იყო. პანიკამაც არ დააყოვნა - ათასობით განრისხებული და შეშინებული ქალი ბანკის შენობას მიაწყდა და დანაზოგების უკან დაბრუნება მოითხოვა. რა თქმა უნდა, სალარო ცარიელი აღმოჩნდა... სარამ ფულის დიდი ნაწილი პირად ფუფუნებაზე დახარჯა. მან ბოსტონში იყიდა ძვირად ღირებული სახლები, ავეჯი და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ქონების დიდი ნაწილი ახლობლებსა და ნათესავებზე გადააფორმა ან ნაღდი ფულის სახით გადასცა, ოქრო და ბანკნოტების ნაწილი კი საიმედოდ გადამალა. ამიტომ როდესაც იგი პოლიციამ დააკავა, მის სახელზე ოფიციალურად თითქმის არაფერი ირიცხებოდა.

სასამართლო პროცესი ბოსტონისთვის ნამდვილ სენსაციად იქცა. 1881 წელს სარას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სახელმწიფომ ჩამოართვა და გაყიდა ყველა დარჩენილი აქტივი, უძრავი ქონება და ანგარიშები, რათა ზარალი ნაწილობრივ მაინც დაეფარათ, თუმცა მოტყუებულმა ბოსტონელმა ქალებმა პრაქტიკულად ვერაფერი დაიბრუნეს, სარა ჰოუი კი ისტორიაში შევიდა როგორც ქალი, რომელმაც ჰაერიდან მილიონები შექმნა და ისევ ჰაერში გაუშვა!

გენიალური მანიპულატორი

მანამდე კი, სანამ "ქალთა დეპოზიტს" გახსნიდა, სარა ნათელმხილველობითა და მკითხაობით ირჩენდა თავს. მე-19 საუკუნის ამერიკაში სპირიტიზმი ძალიან პოპულარული იყო. სარას მთავარი იარაღი კი არტისტულობა გახლდათ - როდესაც კლიენტი (ძირითადად მარტოხელა, დარდიანი ქალი) მასთან მომავლის განსაჭვრეტად მივიდოდა, სარა თვალებს ხუჭავდა, თითებს საფეთქლებზე იჭერდა და მძიმე ტრანსში ვარდებოდა. ხანგრძლივად ოხრავდა, თითქოს,„სულების სამყაროსთან“დაკავშირება უჭირდა, ამ დროს კი კლიენტის რეაქციასა და ჩაცმულობას აკვირდებოდა. მან ისწავლა ადამიანების სხეულის ენა და აზრების წაკითხვა, ისწავლა, როგორ ამოეცნო ქვრივი თითზე დარჩენილი ბეჭდის კვალით ან მასწავლებელი მელნის ლაქებით. კლიენტებს ეგონათ, რომ სარა მათ საიდუმლოებებს ზებუნებრივი ძალის წყალობით ხედავდა, სინამდვილეში კი ის გენიალური მანიპულატორი იყო.

მკითხაობასთან ერთად, სარამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მცირე ფინანსური აფერების ტესტირება, რის გამოც ბოსტონის პოლიციამ დააკავა. სარამ რამდენიმე ადამიანისგან ფული ისესხა და გირაოს სახით ყველას ერთი და იგივე ქონება აღუთქვა. მაშინ მან რამდენიმე კვირა გაატარა ციხეში (თუმცა, აპელაციით გამართლდა). სწორედ საკანში ჯდომისას მიხვდა მთავარს: მკითხაობით თითო დოლარის გამოძალვას დიდი დრო სჭირდებოდა, ადამიანებს კი ყველაზე მეტად საკუთარი მომავლის კი არა, სწრაფი გამდიდრების სჯეროდათ...

1880-იანი წლების ბოლოს, ციხეგამოვლი­ლი, ხანდაზმული და გაკოტრებული სარა ისევ მკითხაობას დაუბრუნდა! პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოსტონელებს მშვენივრად ახსოვდათ მისი ""საგმირო" საქმეები", მაგრამ მაინც მიდიოდნენ მასთან ბედის გასარკვევად, სთხოვდნენ, ბანქო გაეშალა და მათი მომავალი ეწინასწარმეტყველებინა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გაანადგურა მილიონერის ფინანსური პირამიდა ჟურნალისტის უბრალო მათემატიკურმა გამოთვლამ...

რუსი თაღლითის ყველაზე მასშტაბური ფინანსური პირამიდა კაცობრიობის ისტორიაში

როგორ მართავდა მიზოფობი მილიარდერი საკუთარ იმპერიას ბნელი ოთახიდან...

აზიური „ტიტანიკი“ - უდიდესი საზღვაო კატასტროფა მშვიდობიანობის დროს

გამოუსწორებელი თაღლითი

სარა ჰოუის ისტორიის ყველაზე ნიშა­ნდობლივი ნაწილი ის არის, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაინც ვერ შეძლო პატიოსნად ცხოვრება: კვლავ სცადა მსგავსი სქემის აწყობა, ამჯერად ჩიკაგოში, თუმცა, ისევ დააპატიმრეს და საბოლოოდ, 1892 წელს, თაღლითი ქალი მშობლიურ ქალაქში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა. დაკრძალეს ბოსტონის ერთ-ერთ სასაფლაოზე, საფლავში, რომლის საფასურიც - 5 დოლარი - სრულიად უცხო ადამიანმა გადაიხადა.

სარამ შექმნა სქემა, რომელმაც მოგვიანებით ჩარლზ პონცი მსოფლიო ლეგენდად აქცია. თუმცა, თუ პონცის სახელი ფინანსური თაღლითობის საყოველთაო სინონიმად იქცა, სარა ჰოუი ისტორიის ჩრდილში დარჩა... 1892 წელს, როდესაც სარა გარდაიცვალა, გაზეთებმა მას უწოდეს ქალი, რომელიც ჯერ ბანქოთი მკითხაობდა, შემდეგ კი მთელი ბოსტონი დააჰიპნოზა.“

შორენა ბიწაძე