ჰორმუზზე უფრო საშიში ანუ შავი ზღვის "შავი დღეები" - "2026 წელს 570-ზე მეტ გემს დაარტყეს, დაიღუპა 40 მეზღვაური" - კვირის პალიტრა

ჰორმუზზე უფრო საშიში ანუ შავი ზღვის "შავი დღეები" - "2026 წელს 570-ზე მეტ გემს დაარტყეს, დაიღუპა 40 მეზღვაური"

„შავი ზღვა მიმდინარე წელს სავაჭრო გემებისათვის ყველაზე სახიფათო საზღვაო გზად გადაიქცა და რისკებით უკან ჩამოიტოვა თვით სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტეც კი. რუსეთმა და უკრაინამ სავაჭრო გემებზე თავდასხმები გააქტიურეს, გემებზე თავდასხმებმა კი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში გადაინაცვლა“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „შავი ზღვა ახლა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო საზღვაო გადაზიდვების მარშრუტია“ (ავტორები: ელის ჰენკოკი, სუზანა სევიჯი, ნასტოს სტილიანუ და სტივენ ბერნარდი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

როგორც საზღვაო დაცვის კომპანია „ემბრი“ (Ambrey) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) იტყობინებიან, მიმდინარე წელს შავი ზღვის აკვატორიაში შეტევა განხორციელდა 570-ზე მეტი გემის მიმართ, რის შედეგადაც სულ ცოტა 40 მეზღვაური დაიღუპა. ასეთი სიტუაცია თავისი მძიმე გარემოებებით სრულიად აღემატება ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას, სადაც თავდასხმა მხოლოდ 24 გემის წინააღმდეგ დაფიქსირდა. მართალია, დიდი ალბათობით, თავდასხმების შემთხვევათა რაოდენობა ორივე რეგიონში ზუსტი არ არის (რეალური რიცხვის დადგენა ძნელია), მაგრამ აშკარაა, რომ შავ ზღვაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის ზონაში ცურვა ბევრად უფრო სარისკო ხდება, ვიდრე ირან-აშშ-ის ომის ეპიცენტრში.

ინციდენტების მკვეთრი ზრდა შავი ზღვის აკვატორიაში

კომპანია „ემბრის“ მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, რომ ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში შეტევა მოხდა დაახლოებით 387 გემის წინააღმდეგ, რაც 5-ჯერ და მეტად აღემატება იმ შეტევათა რაოდენობას, რომელიც წინა კვარტალში დაფიქსირდა ანუ დღეში 4 შეტევა ხორციელდებოდა.

ბოლო 45 დღის განმავლობაში თავდასხმების 90% რუსეთის მიერ არის განხორციელებული, თუმცა მას არც უკრაინა არ ჩამოუვარდება: როგორც უკრაინული მასმედია იტყობინებოდა, კიევმა ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო საბრძოლო ოპერაციების ესკალაცია რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ შავ და აზოვის ზღვებში.

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, 11 კვირის განმავლობაში მათ შეტევები განახორციელეს 300 რუსული გემის წინააღმდეგ, თუმცა ბოლო ხანებში მსგავსი დარტყმების ინტენსივობა შენელდა.

ფაქტებით დასტურდება, რომ შავი ზღვა ამჟამად ვაჭრობისთვის ძალზე მომატებული რისკის ზონად იქცა, პირველად უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან.

მართალია, გარიგებამ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისათვის „უსაფრთხო დერეფნის“ შექმნის თაობაზე (გაეროსა და თურქეთის შუამავლობით) სიტუაცია შეარბილა, მაგრამ 2023 წელს შეთანხმება დაირღვა და მას შემდეგ რუსეთი გამუდმებით ურტყამს უკრაინის ნავსადგურებს.

შეტევების ზონამ რუმინეთის წყლებს მიაღწია

ბოლო ინციდენტები უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში ხდება: როგორც რუმინეთის სამხედრო-საზღვაო უწყებამ განაცხადა, 15 ოქტომბერს სულინის ნავსადგურთან ახლოს ცეცხლი გაუჩნდა ტანკერ Wine Trader-ს, რომელიც სან-მარინოს დროშით ცურავდა. მისი ეკიპაჟის 7 წევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასევე, ხანძარმა იფეთქა იმავე აკვატორიაში, კომორის დროშით მცურავ ტანკერზე, სახელწოდებით - Yara J, თუმცა მისი ეკიპაჟი, რომელიც სირიელების, ინდოელებისა და ირანელი მეზღვაურებისაგან შედგებოდა, გადაარჩინეს.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, შტეფან რადუოპრეას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რომელი ქვეყნის დრონს შეეძლო Yara J-ზე იერიშის მიტანა. მან აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, რადარს არ დაუფიქსირებია დრონის მიახლოება ტანკერთან, თუმცა მოგვიანებით, გაძლიერებული დაკვირვებით, ცნობილი გახდა ორი უცხო დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.

რუმინელი ოფიციალური პირების თქმით, გასულ კვირაში, ხუთშაბათს, იმავე კომორის დროშით მცურავი სატვირთო გემი „ხორივი“, კონსტანცის ნავსადგურიდან 13 კილომეტრის მოშორებით, უბედურების სიგნალის გადაცემის შემდეგ, სწრაფად ჩაიძირა. ეკიპაჟის 13 წევრიდან (10 უკრაინელი და 3 აზერბაიჯანელი) 10 გადარჩა (სხვა გემმა აიყვანა), ერთი დაიღუპა, სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ცუდი ამინდის გამო მაშველებმა ვერტმფრენის გამოყენება ვერ შეძლეს.

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ამ თავდასხმებს რუსეთის მიერ ომის ესკალაცია უწოდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ კი მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა. რუსული მასმედიის, კერძოდ, გაზეთ The Moscow Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში კრემლის რაიმე კომენტარი არ არის.

დამზღვევები და ნავსადგურები ტარიფებს ზრდიან

გასულ თვეში უკრაინის შავი ზღვის ნავსადგურებში, მაგალითად, ოდესისა და მის ახლოს მდებარე პორტებში - ჩერნომორსკსა და პივდენში („იუჟნი“) მხოლოდ 10 გემი დაფიქსირდა - მაშინ, როცა ივლისში აღნიშნულმა ნავსადგურებმა 400-მდე გემი მიიღეს.

გემების სადაზღვევო კომპანიებმა გაავრცელეს რეიტინგები, რომლის თანახმად, შავი ზღვა გამოცხადებულია ყველაზე მეტი სამხედრო რისკების მქონე ზონად - რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიული წყლების გამოკლებით. შესაბამისად, საომარი მოქმედებების დროს გემების დაზღვევა მათი კორპუსის ღირებულების 15%-ს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება სპარსეთის ყურეში არსებულ სატარიფო განაკვეთებს.

შავ ზღვაზე საომარი მოქმედებები ბულგარეთსაც შეეხო: 13 ოქტომბერს, უკრაინის მასმედიის ცნობით, ბულგარეთის ნაპირებთან ახლოს უცნობი დრონების დარტყმის ობიექტი გახდა ორი სატვირთო გემი, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: "შავი დღის" მეტასტაზები ანუ რა ელის საფრანგეთს?! - Le Figaro

ხუთი მიმართულება, რომლითაც ტრამპი პუტინს ეხმარება - Die Welt

"დამახინჯებული საფრანგეთი: შავი დღის ცეცხლში ფასეულობების მთელი სისტემა კვამლად იქცა" - Le Figaro

პუტინის გეგმა ანუ როგორ "მოვტეხოთ" ზელენსკი: უკრაინის ბედს კრემლის ბინადარი, ტრამპი და სი ძინპინი გადაწყვეტენ?!

თურქეთი, ნატო და უსაფრთხოების გარანტიების ძიება

აგვისტოში თურქეთმა შავი ზღვის აუზის ერთმანეთთან მებრძოლ ქვეყნებს - უკრაინასა და რუსეთს - გემების მიმართ თავდასხმებზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდა. კიევი დაეთანხმა ამ იდეას, მაგრამ რუსეთს არავითარი რეაქცია არ გამოუმჟღავნებია.

როგორც ერთ-ერთმა თურქმა ჩინოვნიკმა სააგენტო „როიტერს“ შეატყობინა, ანკარამ შავი ზღვის სრუტეებში დროებითი შემზღუდავი ზომები უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემოიღო, თუმცა ბოსფორი და დარდანელი ნაოსნობისათვის ღია რჩებიან, მონტრეს 1936 წლის კონვენციის თანახმად.

გასულ კვირას, შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების შემდეგ, ნატომ განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტების ზონაში დამატებით თვითმფრინავებს, დრონებს და რადარულ სიტემებს განალაგებს.

როგორც რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, საფრთხეები, რომლებიც ნაოსნობასა და სანაპირო ინფრასტრუქტურას ემუქრება, ბოლოხანს მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ამიტომ ქვეყნის მთავრობა მკაცრ ზომებს იღებს როგორც საზღვაო სივრცის გაძლიერებული დაკვირვებისათვის, ასევე, საზღვაო ნაღმებისა და დრონების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ბუქარესტი ამ მხრივ თანამშრომლობს სოფიასთან და ანკარასთან. ევროპის პარლამენტმა ევროკავშირს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავ ზღვაზე საჭიროების შემთხვევაში სამხედრო-საზღვაო ოპერაციების განხორციელებისაკენ მოუწოდა, თუმცა, ნატოს პირდაპირი ჩარევა უკიდურესად ნაკლებშესაძლებლად ითვლება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო