ნეთანიაჰუს არჩევნების დღეს ირანზე დარტყმების გაახლებას მისივე გენშტაბის უფროსი არ ანებებს... - კვირის პალიტრა

ნეთანიაჰუს არჩევნების დღეს ირანზე დარტყმების გაახლებას მისივე გენშტაბის უფროსი არ ანებებს...

ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე საჰაერო შეტევები რომ განახლდება, თითქმის გადაწყვეტილია - მთავარი კითხვაა: როდის?

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ელოდება 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებს კონგრესში, რომ პენტაგონს მეორე დღესვე გააახლებინოს აიათოლების რეჟიმის დაბომბვები, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შეიძლება, ტრამპს დაასწროს კიდეც, რადგან მისთვის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ისრაელში ხვალ, 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს...

მაგრამ არჩევნების წინადღეს ან სულაც არჩევნების დაწყებისთანავე, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზეზით, დაბომბვების გაახლება, რამდენად წაადგება ნეთანიაჰუსა და მის მომხრეებს საშინაო არჩევნებში გასამარჯვებლად და ყველა ეთანხმება თუ არა მათი პრემიერ-მინისტრის ამ მორიგ ძალზე საკამათო სურვილს?

ისრაელში 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროს ეიალ ზამირს შორის ირანზე შესაძლო დარტყმის გამო უპრეცედენტო დაპირისპირება გამწვავდა.

გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა წინააღმდეგობა გაუწია ნეთანიაჰუს ბრძანებას, ირანის წინააღმდეგ გარკვეული სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ. სამხედრო ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არჩევნებამდე დარტყმის „ოპერატიული საჭიროება“ არ არსებობს. ზამირი შიშობს, რომ ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებულია, გამოიწვევს კონფლიქტის მყისიერ ესკალაციას და, შესაძლოა, არჩევნების გადადებასაც. მან პრემიერისგან ბრძანების წერილობითი და იურიდიულად დამოწმებული ნებართვა მოითხოვა.

პრემიერ-მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციას „სისულელე“ უწოდა და სამხედრო ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება უარყო. მისი თქმით, არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომ ირანი და მისი მოკავშირეები თავად გეგმავენ თავდასხმებს ისრაელის არჩევნების ჩასაშლელად. ნეთანიაჰუმ საჯაროდ გააფრთხილა თეირანი: „ნუ გამოგვცდით, თქვენ მიიღებთ არაპროპორციულ დარტყმას“.

ოპოზიცია და კრიტიკოსები პრემიერს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით ვითარების ხელოვნურ ესკალაციაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლიდერი „უზარმაზარ გამარჯვებას“ მიაღწევს უახლოეს დღეებში გასამართ არჩევნებში. მან ნეთანიაჰუ შეაფასა ძლიერ ფიგურად, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს.

სახეზეა, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ ერთ თამაშს აგრძელებენ, რომელიც ასევე ერთდროულად დაიწყეს ა.წ.-ის 28 თებერვალს, ირანზე მასობრივი შეტევებით, ისევე, როგორც გასულ წელს ასევე რომ დაბომბეს ირანის ბირთვული ობიექტები.

გასაგებია, რომ ისრაელის ხელისუფლებას მოსვენებას არ აძლევს ირანის ბირთვული პროგრამა და სადღაც გადამალული 60%-ზე მეტად გამდიდრებული 400 კგ ირანული ურანი, რაც ათი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად იქნება საკმარისი, თუკი ირანელები ამ "ურან-235" -ის 90%-ზე მეტად გამდიდრებას შეძლებენ, რადგან აიათოლების რეჟიმს არ უარყვია თავისი ათწლეულებიანი ძირითადი ლოზუნგი ისრაელთან მიმართებაში - ისრაელი ხმელთაშუა ზღვაში უნდა ჩავძიროთო!

ასევე დაგაინტერესებთ: „უკრაინაში ომი დონბასისთვის მიმდინარეობს“- ნუთუ თეთრ სახლში მართლაც ვერ ხვდებიან რუსეთ-უკრაინის ომის მთავარ მიზეზებსა და მიზნებს?

„ავტოვაზის“ ევაკუაციისთვის, „ლადა-ნივას“ მილიონობით რუსი გამწარებული მფლობელი, უკრაინული კამიკაძე-დრონების „მადლიერნი“ დარჩნენ...

უკრაინის ომში „გვირაბის ვირთხები“ ბრუნდებიან ანუ ორთაბრძოლამ მიწისქვეშა მილსადენებშიც გადაინაცვლა

რუსეთმა ისევ კიევს დაარტყა, უკრაინამ კი - ისევ რუსულ არსენალს

შესაბამისად, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ჩქარობს, რომ ვიდრე ყველაზე კარგი პერიოდია ანუ სანამ მისი მოკავშირე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ტრამპია, დარჩენილ ორ წელში მოასწროს, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს და ამასთან, სწორედ „ირანული ბირთვულ-სარაკეტო საფრთხე“ გახადოს იმის ძირითადი არგუმენტი, რომ ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში ისრაელელმა ამომრჩევლებმა ისევ მის პოლიტიკურ კურსს დაუჭირონ მხარი.

ამიტომაც სულაც არ არის გამორიცხული, რომ ირანზე ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი საჰაერო შეტევები 3 ნოემბრის შემდეგ კი არა, არამედ - სულაც 26-27 ოქტომბრის ღამეს განხორციელდეს, რაც ძალიან შედის ნეთანიაჰუს ინტერესებში, მაგრამ ნაკლებად ჯდება ტრამპის გათვლებში, რომელიც აიათოლების რეჟიმისთვის „ჭკუის სწავლების“ გაგრძელებას მაინც 3 ნოემბრის ამერიკული შუალედური არჩევნების შემდეგ გეგმავს...