ილჰამ ალიევის ფარული ევროპული ქსელი - როგორ მუშაობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტზე გერმანელი პოლიტიკოსები?!
31 ოქტომბერს ოცდასამი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევი პრეზიდენტად აირჩიეს. რა მემკვიდრეობა დახვდა მას? - დაკარგული ტერიტორიებისა და ასი ათასობით დევნილის პრობლემა “დამოკლეს მახვილივით” ეკიდა მის თავს, ასევე, დაწყებული იყო დიდი ენერგეტიკული პროექტები, რუსეთის გვერდის ავლით: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი (რომლებიც უკვე ილჰამ ალიევის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ამოქმედდა). ყველაზე დიდი თავსატეხი კი ეს იყო: დასავლეთი თუ რუსეთი?
პირდაპირ უნდა ითქვას: არავინ ელოდა, რომ აზერბაიჯანის კა-გე-ბეს თავმჯდომარისა და შემდეგ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ჰეიდარ ალიევის ოჯახში უზრუნველად და გათამამებულად გაზრდილი ყმაწვილი ამდენ პოლიტიკურ ალღოსა და მოთმინებას გამოავლენდა, ზუსტად შეურჩევდა დროს, როცა ფაშინიანზე გულაყრილი პუტინი პილატესავით "დაიბანდა ხელს" და სომხეთ-აზერბაიჯანის მეორე ომში "ნეიტრალურ" პოზიციას დაიკავებდა. ილჰამ ალიევმა შეძლო ის, რაც მისმა მამამ, პოლიტიკური ეშმაკობით სახელგანთქმულმა ჰეიდარ ალიევმა ვერ შეძლო. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს, რომელსაც საკუთარი ეროვნული ინტერესები ყოველთვის კარგად ახსოვს, ევროკავშირისგან არც შაქარყინული სჭირდება (თავადაც უამრავი აქვს!) და არც მოწოდება-ულტიმატუმები ადამიანის უფლებების დაცვისკენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავლენიანი ლობისტური ორგანიზაციები შექმნას და ამისთვის, რა დასამალია, ფულსაც არ იშურებს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პროკურატურის მტკიცებით, ამ ქვეყნის საგარეო დაზვერვის ყოფილმა უფროსმა აუგუსტ ჰანინგმა, საიდუმლო ინფორმაციის გამოყენებით, უცხოური დაზვერვისთვის მოამზადა ანალიტიკური ანგარიში და ანაზღაურების სანაცვლოდ გადასცა ინფორმაცია უცხოური სპეცსამსახურის წარმომადგენელს. ჰანინგის დაკავების შემდეგ მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ მის ჯაშუშურ საქმიანობას შესაძლოა, აზერბაიჯანთან ჰქონოდა კავშირი. 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ჰანინგის საქმესთან აზერბაიჯანის რაიმე კავშირი. თუმცა ხომ გაგიგონიათ: “კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო.” გერმანელი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების “ძალზე თბილ” ურთიერთობას ბაქოსთან ათწლეულების ისტორია აქვს.
2007 წელს “გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის” სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ ბუნდესტაგის დეპუტატები: ედუარდ ლინტნერი , აქსელ ფიშერი, თომას ბარეისი , იოჰანეს კარი და სხვ. იმ წლებში მათსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის პერიოდულად იმართებოდა ბაქოში შეხვედრები. უფრო ხშირად კი გერმანელი დეპუტატები ბერლინში აზერბაიჯანის საელჩოს სტუმრობდნენ. ედუარდ ლინტნერი, აქსელ ფიშერი და კარინ შტრენცი უკვე დიდი ხანია, ევროპის საბჭოში აზერბაიჯანის სასარგებლოდ კორუფციული ლობირების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის ეპიცენტრში არიან მოქცეულნი.
2025 წლის იანვარში მიუნხენში გაიმართა ორი ყოფილი გერმანელი პარლამენტის წევრის სასამართლო პროცესი, რომლებსაც ბრალი ედებათ ბაქოს ინტერესების ხელშეწყობის სანაცვლოდ აზერბაიჯანისგან ქრთამის აღებაში. ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატები აქსელ ფიშერი და ედუარდ ლინტნერი, გერმანიის დელეგაციის წევრები იყვნენ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, რომლის წევრიც აზერბაიჯანია. ორივე მათგანი მონაწილეობდა ევროპის მასშტაბით ლობირებისა და ფულის გათეთრების სქემაში, რომელიც 2017 წელს გამოვლინდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაქომ 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საიდუმლო ფონდი ჩამოაყალიბა ევროპელი პოლიტიკოსებისგან ლობისტური ჯგუფების შექმნისთვის, რათა მათ აზერბაიჯანის იმიჯი გაეუმჯობესებინათ: პოლიტიკური პატიმრების, არასამართლიანი არჩევნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ფართოდ გავრცელებული კრიტიკის ფონზე. ედუარდ ლინტნერი 33 წლის განმავლობაში ბუნდესტაგის წევრი იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროში საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი (მინისტრის მოადგილე) და 2010 წლამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრიც გახლდათ.

ფოტოზე: ედუარდ ლინტნერი
ბრალდების თანახმად, ლინტნერმა 2008 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდში აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოსთან, ხელშეკრულების საფუძველზე, 3.4 მილიონი ევრო მიიღო. პროკურორები აცხადებენ, რომ ამ თანხებიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ევრო ბერლინში დაფუძნებულ ორგანიზაციაში, ლინტნერის მიერ დაარსებულ “გერმანულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ხელშეწყობის საზოგადოებაში” (GEFDAB) გადაირიცხა. სასამართლოზე ლინტნერმა აღიარა, რომ თანხების ნაწილი „კერძო მიზნებისთვის“ გამოიყენა. გერმანიის პროკურატურის მტკიცებით 2012-2014 წლებში ლინტნერმა აზერბაიჯანთან დაკავშირებული ფინანსური არხებით 819 500 ევრო მიიღო, თუმცა “საქმეც გააკეთა”. 2013 წლის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლინტნერის ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა სადამკვირვებლო მისიამ დადებითი შეფასება გამოაქვეყნა მაშინ, როდესაც ეუთოს შეფასებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო აღნიშნული. ამის შემდეგ, 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისამდე პერიოდში, ედუარდ ლინტნერმა 591 320 ევრო მიიღო, რათა გერმანიის ბუნდესტაგის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის სხვა წევრები პროაზერბაიჯანული პოზიციების დაკავებაში დაერწმუნებინაო. გარდა ამისა, ლინტნერმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, კარინ შტრენცისთვის “აზერბაიჯანული ფონდებიდან” დაფინანსება გამოყო, რათა სანაცვლოდ შტრენცს საპარლამენტო საქმიანობაში ბაქოს ინტერესები დაეცვაო. თავდაპირველად, შტრენცი ფულს ლინტნერის კომპანიის (Line M-Trade) მეშვეობით იღებდა, თუმცა მოგვიანებით სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიების დროს, “ჰონორარს” ნაღდი ფულით იღებდა.
2025 წლის ივლისის ბოლოს მიუნხენის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ ედუარდ ლინტნერს ცხრა თვით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანუ სასჯელის აღსრულება გამოსაცდელი ვადით გადადო. მას ასევე დაეკისრა 10 000 ევროს გადახდა. სასამართლომ ლინტნერი დამნაშავედ ცნო, არჩეული თანამდებობის პირების მოსყიდვაში. ბრალდების თანახმად, ლინტნერმა ფულადი გადახდების გზით ხელი შეუწყო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, აზერბაიჯანის შესახებ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას. გერმანიის პროკურატურის მტკიცებით, 2008-დან 2016 წლამდე პერიოდში ლინტნერმა ფიქტიური კომპანიების მეშვეობით აზერბაიჯანიდან, დაახლოებით, ოთხი მილიონი ევრო მიიღო.
აზერბაიჯანთან დაკავშირებული სტრუქტურებიდან დაფინანსებას აგრეთვე იღებდა ბუნდესტაგის ყოფილი წევრი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, აქსელ ფიშერი. მისი მონაწილეობა ქრთამის აღების სქემაში 2020 წელს ლინტნერისა და შტრენცის სახლებისა და ოფისების ჩხრეკის შემდეგ გახდა ცნობილი. პროკურორები აცხადებენ, რომ ფიშერმა 2016 წელს აზერბაიჯანისგან, ქრთამის სახით, 21 800 ევრო მიიღო, სანაცვლოდ იგი

ფოტოზე: აქსელ ფიშერი
PACE-ში აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოქმედებდა. ბრალდებები მოიცავდა: აზერბაიჯანისთვის სასარგებლო პოზიციების მხარდაჭერას და კენჭისყრებში შესაბამისი მიმართულებით ხმის მიცემას; 2016 წლის იანვარში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხზე აზერბაიჯანისთვის სასარგებლო პოზიციის დაფიქსირებას; აზერბაიჯანული მხარისთვის კონფიდენციალური დოკუმენტების გადაცემას და სხვ.
2026 წლის 22 იანვარს მიუნხენის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ აქსელ ფიშერი მექრთამეობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ორი თვით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების ძირითადი არგუმენტი, რომ ფიშერი თანხის მიღების სანაცვლოდ, აზერბაიჯანის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა.
კარინ შტრენცი 2010-2018 წლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო. იგი მონაწილეობდა აზერბაიჯანის არჩევნებზე დაკვირვების პროცესში და ბუნდესტაგში ანგელა მერკელის პარტიის წარმომადგენელი გახლდათ. კარინ სტრენცის მიერ გაგზავნილი და მიღებული ასობით სატელეფონო ტექსტური შეტყობინება გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცა, საიდანაც გაირკვა, თუ როგორ შეიძლება კორუფციული “ჰონორარები” ოფიციალური საკონსულტაციო მომსახურების ან სხვა სახის ლეგალური ანაზღაურების ფორმით გაფორმებულიყო. კარინ შტრენცის საქმის გამოძიება 2021 წელს მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.

ფოტოზე: კარინ შტრენცი
2025 წლის 30 ივლისს, ედუარდ ლინტნერის საქმეზე განაჩენის გამოცხადებისას, მიუნხენის სასამართლომ კარინ შტრენცის მიმართებით დაადგინა, რომ მას მინიმუმ 111 000 ევროს ოდენობის ქრთამი ჰქონდა მიღებული აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინტერესების არაკანონიერი ლობირებისთვის. როგორც ვხედავთ, ბაქოს გერმანელი პოლიტიკოსების მოსყიდვის ერთიანი ქსელი ჰქონდა შექმნილი, რომლის მიზანი იყო აზერბაიჯანის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესება და იმ კრიტიკული რეზოლუციებისა თუ შეფასებების შესუსტება, რომლებიც ბაქოსთვის არასასურველი გახლდათ. მედიის ინფორმაციით, ამ ფარულ ქსელში ჩართულნი იყვნენ: აზერბაიჯანის სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები; ევროპის ქვეყნების ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები; საკონსულტაციო ორგანიზაციები, ასევე, ოფშორული კომპანიები და ბანკები. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება რესურსებით მდიდარმა სახელმწიფომ საერთაშორისო პოლიტიკურ ინსტიტუტებში გავლენა მოპოვოს, არა მხოლოდ ღია დიპლომატიით, არამედ - ფინანსური შუამავლების, პოლიტიკური კავშირებისა და არასაკმარისად გამჭვირვალე ლობისტური ორგანიზაციების გამოყენებით.
თუმცა ძვირად ღირებული ლობისტური პოლიტიკის მიუხედავად, ევროპარლამენტი და მისი გერმანელი დეპუტატები აგრძელებენ ილჰამ ალიევის ხელისუფლების დადანაშაულებას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფაში. 2024 წლის 24 ოქტომბრის ევროპარლამენტის უმკაცრესი რეზოლუციის - “აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და სომხეთთან ურთიერთობების შესახებ” კენჭისყრის შემდეგ გერმანიის დელეგაციის 96 წევრის ხმა ასე განაწილდა: რეზოლუციას მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 12 დეპუტატი, თავი შეიკავა - 7-მა დეპუტატმა, სხდომას არ ესწრებოდა 17 დეპუტატი. ასე, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი, რათა ამ 60 ევროდეპუტატის „გული მოიგოს.“ თუმცა სად და რაში დახარჯავენ ნავთობდოლარებს, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ კი, აი, რა უნდა გვაფიქრებდეს:
საქართველოსა და აზერბაიჯანს ბევრი ჭირ-ვარამი აქვთ ერთად გადატანილი და ალბათ, წინაც ბევრი განსაცდელი ელით. საუკუნოვანი მეზობლობისა და მეგობრობის შესაფასებლად ერთი ქართული ანდაზა მინდა გავიხსენო: „მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“, თუმცა მეგობრობაც და მეზობლობაც ორმხრივი უნდა იყოს. ერთ ფაქტს გაგახსენებთ და თავად განსაჯეთ:
2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება და მეორე დღეს აზერბაიჯანში მისი “აღმოჩენა” საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საერთაშორისო სამართლებრივ და დიპლომატიურ სკანდალად იქცა. მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. იგი თბილისიდან გაუჩინარდა და მალევე აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოჩნდა დაკავებული. რატომ დაბრუნდებოდა თავისი ნებით მუხთარლი იქ, სადაც დაპატიმრება ელოდა?
თავად ჟურნალისტის განცხადებით, მას საქართველოს ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, თვალები აუხვიეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერც გატაცების ფაქტი და ვერც გამტაცებლები ვერ დაადგინა. თუმცა ყველამ ყველაფერი იცოდა.

ფოტოზე: ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი
მაშინ საქართველოს ხელისუფლება რთულ მდგომარეოებაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებით უნდა უზრუნველყოფდეს თავის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებასა და უფლებების დაცვას. მეორე მხრივ, საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს ენერგეტიკული თანამშრომლობა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ასევე, გასათვალისწინებელია ქვემო ქართლის ფაქტორიც.
ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას ორი არჩევანი ჰქონდა: აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის უარის თქმა, - რასაც შეეძლო ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა, თუმცა ჟურნალისტის უსაფრთხოების სათანადოდ დაუცველობას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური ფასი ექნებოდა. მაშინ გაკეთებულმა არჩევანმა და აფგან მუხთარლის “უცნობი პირების მიერ” გატაცებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.
2024 წლის 5 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Mukhtarli v. Azerbaijan and Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. ამიტომ საქართველოს დაეკისრა მუხთარლისთვის 10 000 ევროს გადახდა არამატერიალური ზიანისთვის და დამატებით 2 500 ევროს გადახდა სხვადასხვა დანახარჯებისთვის. 12 500 ევრო საქართველოს ბიუჯეტმა ანუ ჩვენ, თითოეულმა გადავიხადეთ და რისთვის? აზერბაიჯანის ხელისუფლების საამებლად? ვინ იცის კიდევ რამდენი ამგვარი გადაწყვეტილებაა მიღებული პოლიტიკურ, სოციალურ-კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში!
ასევე დაგაინტერესებთ: "ამერიკელი მძევალი": რატომ გაათავისუფლა სინამდვილეში პუტინმა ციხიდან 74 წლის სტივენ ჯეიმს ჰაბარდი?!
გერმანული კონტრდაზვერვის კრახი ანუ როგორ იქცა "ინდური მელოდრამა" თრილერად?!
ვფიქრობ ყველას გვიხარია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და 38-წლიანი ომის დასასრული. 12 000 კვ. კმ - ეს არის მიახლოებითი შეფასება იმ ტერიტორიებისა, რომლებიც აზერბაიჯანმა 2020-2023 წლებში საბოლოოდ დაიბრუნა და რომლებიც მანამდე სომხური ძალების ან მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო.
კარგად ვიცით, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, უმთავრესად ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების ტერიტორიასთან, დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის უკვე წლებია, არსებობს დავა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ სად უნდა გაიაროს საზღვარმა. ტრიუმფატორმა ილჰამ ალიევმა იქნებ გაითვალისწინოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის და რომელიმე ურთიერთსასარგებლო წინადადებას დათანხმდეს?
დღეს არ შევეხები აზერბაიჯანის კახის რაიონში, ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკმეხ პასუხს, რომელიც მართლაც, რომ “ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას”. მეზობელო კარისაო - სადამდე ცალმხრივი დათმობები?
პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ერთი ბრძნული ქართული ანდაზა მინდა შევახსენო: “თუ მეზობელი კარგად გყავს, შენც კარგად იქნებიო”.