რაზე შეთანხმდნენ ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ანუ სად გააგრძელებს კარიერას ვიქტორ ორბანი?! - კვირის პალიტრა

რაზე შეთანხმდნენ ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ანუ სად გააგრძელებს კარიერას ვიქტორ ორბანი?!

„ვიქტორ ორბანი - გაეროს გენმდივანი? თეთრი სახლი მხარს უჭერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი კანდიდატის იდეას“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული აშშ-ის გავლენიან გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნელში“ (The Wall Street Journal) სარედაქციო სტატია, რომელშიც განხილულია გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სავარაუდო არჩევის საკითხი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ყველაფერი სწორია, არ მოგჩვენებიათ. სამი სახელმწიფოს წყაროების დადასტურებით, დონალდ ტრამპის ხელისუფლება ვიქტორ ორბანს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებს და მხარს უჭერს. აშშ-მა უნგრეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, რომ ამ პროცესში ჩართულიყო. მეტიც, სწორედ თეთრმა სახლმა შესთავაზა მას ეს იდეა. გეგმა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მართალია, ერთი შეხედვით, ასეთი წინადადება საკმაოდ მოულოდნელი და უცნაურია, მაგრამ როგორც ჩანს, მოსკოვი და პეკინი წინააღმდეგნი არ არიან. სხვათა შორის, როცა ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს ერთად რაიმეს მიღება სურთ უშიშროების საბჭოსგან, ისინი თავიანთ სურვილს, როგორც წესი, ისრულებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, უშიშროების საბჭოში, სადაც მუდმივი და არამუდმივი 15 წევრია, ვიქტორ ორბანის მომხრედ რეზერვში კიდევ რვა-ათი ხმა მოიაზრება. რას იზამენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი? ხომ არ გამოვლენ ისინი უმრავლესობის წინააღმდეგ და ვეტოს დაადებენ ვიქტორ ორბანის კანდიდატურას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზოგადად პარიზი და ლონდონი ჩვეულებრივ, არ ჩქარობენ ხოლმე დაუფიქრებლად ვეტოს დადებას რაიმე საკითხზე და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს.

როცა ვაშინგტონში მსჯელობდნენ, თუ ვინ სურთ იხილონ გაეროს მეთაურად, დრო და დრო ვიქტორ ორბანის სახელი გაკრთებოდა ხოლმე. „ჩვენ გაეროს გენმდივნად ორბანის მსგავსი ადამიანი გვჭირდება“, - ამბობდნენ თეთრ სახლში, ხოლო რუსი და ჩინელი კოლეგები მათ ეთანხმებოდნენ. საბოლოოდ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა საკუთარ თავს კითხვა დაუსვეს: ვამბობთ, რომ ორბანის მსგავსიო, მაგრამ რატომ არ შეიძლება თვითონ ვიქტორ ორბანი იყოს? გასაგებია, რომ უნგრელი ექსპრემიერის მიმართ საწინააღმდეგო მიზეზები საკმარისზე მეტია - მათ შორის ისიც, რომ იგი გენმდივნის პოსტზე, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინისა და მისთანების აპოლოგეტი გახდება... მაგრამ ვიქტორ ორბანი ამერიკული MAGA-ს მიმდევარი კონსერვატორებისათვის (რომელთა ლოზუნგია „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) სანუკვარ საოცნებო ფიგურას წარმოადგენს, [ამიტომაც მის კანდიდატურას ვაშინგტონი მხარს დაუჭერს], - ამბობს მეორე ჩინოვნიკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

აშშ-ის მხრიდან ვიქტორ ორბანის კანდიდატურის წარმოჩენა და მის მიმართ მხარდაჭერა უკავშირდება უნგრელი ექსპრემიერის მიერ თავისი მმართველობის წლებში გადადგმულ ნაბიჯებს მასობრივი მიგრაციის, ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების, მემარცხენე მოსამართლეებისა და უნგრული პრესის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანი საკმაოდ ხშირად უპირისპირდებოდა ევროკავშირს, თუმცა იმავდროულად, ბრიუსელისგან „კუთვნილ სუბსიდიებსაც“ ითხოვდა. საინტერესოა ის მომენტიც, რომ ყოფილ უნგრელ პრემიერს აშკარად გამოხატული პროჩინური გადახრებიც აქვს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ დაჩრდილულიყო მისი, როგორც დასავლური ცივილიზაციის დამცველის სახე.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვიქტორ ორბანს უნგრეთში აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს, ხოლო ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი პირადად ეწეოდა აგიტაციას მისი პარტიის სასარგებლოდ. თუ ვიქტორ ორბანი გაეროს მეთაურის პოსტისთვის ბრძოლაში ჩაებმება, მოსალოდნელია, რომ ორივე - ტრამპიც და ვენსიც - მას ისევ მხარს დაუჭერენ, თუმცა ამის ოფიციალურ გამოცხადებას აჭიანურებენ მანამ, ვიდრე კონგრესის შუალედური არჩევნები არ ჩატარდება, - ამბობს მესამე ამერიკული წყარო. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა თვითონ მიმართეს ვიქტორ ორბანს მისი პოზიციის გასაგებად, ახალ სავარაუდო პოსტთან დაკავშირებით. იგი გამოეხმაურა შეთავაზებას, თუმცა გარკვეული დათქმებით, როგორც ნაციონალისტ პოლიტიკოსს შეეფერება და თქვა, რომ არ აპირებს თანხმობას, თუ დარწმუნებული არ იქნება სრულ წარმატებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: ჰორმუზზე უფრო საშიში ანუ შავი ზღვის "შავი დღეები" - "2026 წელს 570-ზე მეტ გემს დაარტყეს, დაიღუპა 40 მეზღვაური"

"შავი დღის" მეტასტაზები ანუ რა ელის საფრანგეთს?! - Le Figaro

ხუთი მიმართულება, რომლითაც ტრამპი პუტინს ეხმარება - Die Welt

"დამახინჯებული საფრანგეთი: შავი დღის ცეცხლში ფასეულობების მთელი სისტემა კვამლად იქცა" - Le Figaro

მეორე ქვეყნის ერთ-ერთი წყაროს თქმით, გენმდივნის სავარძლის სხვა პრეტენდენტები თავისთავად ყველანი „მდივნები“ არიან - საერთაშორისო ბიუროკრატიული ან კულისებს მიღმა დიპლომატიური მუშაობის გამოცდილებით, მაგრამ მათგან განსხვავებით, ვიქტორ ორბანი მართლაც „გენერალურია“: მას სწორი იდეოლოგია აქვს, მას აქვს ძალაუფლების ხელში დაჭერის უნარი, რთული სიტუაციების დროს და მას ვერ შეაშინებს „კუების ყურის“ ლიბერალური ისტებლიშმენტი („კუების ყურე“ - რაიონი ნიუ-იორკში, სადაც გაეროს შტაბ-ბინა მდებარეობს, მთელი თავისი ხელმძღვანელობით, ლიბერალური ჩინოვნიკებით და ბიუროკრატიით).

გასულ კვირაში საგენმდივნო რბოლაში ჩაერთო ლანა ნუსეიბე, დიპლომატი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. ის ფაქტი, რომ საემიროები მხარს უჭერს სისხლისმსმელ გასამხედროებულ რაზმებს სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რა თქმა უნდა, ლანა ნუსეიბესათვის სასიამოვნო არ არის და „მხრებზე მძიმე ტვირთად აწევს“, მაგრამ იგი ემზადება და ძალას იკრებს. ამ დღეებში უშიშროების საბჭოში არაოფიციალური გამოკითხვა ჩატარდება. გამორიცხული არ არის სხვა კანდიდატების მონაწილეობაც, ჯერ დრო კიდევ არის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო