რუსები სამგზავრო მატარებელს უფეთქებენ, უკრაინელები კი ბომბდამშენებს... - კვირის პალიტრა

რუსები სამგზავრო მატარებელს უფეთქებენ, უკრაინელები კი - ბომბდამშენებს

29 ოქტომბერი ძალზე ტრაგიკული აღმოჩნდა უკრაინისთვის, რადგან პუტინის არმიამ მიზანმიმართული საჰაერო დარტყმები განახორციელა უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაზე...

განსაკუთრებული სისატიკით შესრულდა რუსული კამიკაძე-დრონის დარტყმა ქალაქ დნიპროს სარკინიგზო სადგურზე - ხალხმრავალ ბაქანზე (პლატფორმაზე) იმ დროს, როდესაც მგზავრები ზაპოროჟიესკენ მიმავალ მატარებელში ჩასასხდომად ემზადებოდნენ. აფეთქებისა და გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ორი სამგზავრო ვაგონი და დაზიანდა სადგურის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 15 ადამიანი, ათზე მეტი დაიჭრა.

ეს იყო ომში სამხედრო დანაშაულის ჩადენის მორიგი ნათელი მაგალითი, აგრესორი რუსეთის მხრიდან, რის სანაცვლოდაც უკრაინამ საკადრისი პასუხი გასცა, ოღონდ წმინდა სამხედრო დანიშნულების ობიექტზე ძალზე წარმატებული საჰაერო დარტყმით...

1-su-1793351872.jpg
პუტინს რუსულ აეროდრომზე მორიგი 50 მლნ-იანი „იხვნისკარტები“ აუფეთქეს...

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უკრაინული წარმოების მოდიფიცირებული „გრძელი ნეპტუნის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დარტყმა განახორციელეს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „მარინოვკას“ სამხედრო აეროდრომზე, რის შედეგად განადგურდა 2 ერთეული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი.

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს იმავე უკრაინულმა „ნეპტუნებმა“ რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე „ბორისოგლებსკის“ სამხედრო აეროდრომსაც შეუტიეს და 4 ერთეული Су-34 გაანადგურეს, ხოლო კიდევ 2 სერიოზულად დააზიანეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს რუსეთის ტაქტიკური ავიაცია უკრაინის ფრონტის ხაზსა და მშვიდობიან ქალაქებზე მართვადი საავიაციო ბომბების ჩამოსაყრელად იყენებს და დიდ ზიანს აყენებს, როგორც უკრაინელ სამხედროებს, ისე - მშვიდობიან მოსახლეობას. თითოეული ასეთი თვითმფრინავის საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამიტომაც უკრაინისთვის ამ რუსული „იხვნისკარტების“(ასეც ეძახიან Су-34-ებს, მათი ცხვირის ნაკვეთურის ფორმის გამო) განადგურება გინდ ჰაერში და გინდაც აეროდრომებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2-su-1793351871.jpg
დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანზე რუსული დრონის აფეთქების შედეგად 15 მგზავრი დაიღუპა

შემთხვევით დაემთხვა, რომ ორი რუსული „იხვნისკარტის“ მარინოვკის აეროდრომზე აფეთქების წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ანალიტიკური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ომის დაწყებიდან რუსეთმა ასეთი 47 ერთეული Су-34 დაკარგა, ხოლო 7 კი - დაუზიანდა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში რჩებოდა 140-მდე „იხვნისკარტა“, ხოლო ნოვოსიბირსკის საავიაციო ქარხანას ყოველწლიურად 14-დან 18-მდე ასეთი საფრონტო ბომბდამშენის დამზადება შეუძლია.

P.S. რუსული „იხვნისკარტების“ აფეთქებით არ დაკმაყოფილდა უკრაინა და 29-30 ოქტომბრის ღამეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მორიგი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ: 17 რუსულ აეროპორტს „ხალიჩა“ გადააფარეს: უკრაინელებმა რუსებს მუქარა აუსრულეს - როგორ აისახა ეს თბილისი-მოსკოვის ავიარეისებზე?!

კიევში შუქშენიღბვის დაბრუნებას მოითხოვენ ახალი რუსული "გერანების" ზუსტის შეტევებისგან დასაცავად...

ხუმრობა არ გეგონოთ - უკრაინული ღორის სალის უმნიშვნელოვანესი როლი ზამთარში რუსულ ობიექტებზე შეტევებისას

მელანია ტრამპმა ომში „მანდილი ჩააგდო“ - მისი მეუღლისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ

აღნიშნული ქარხანა ეკუთვნის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“. მისი წლიური სიმძლავრე, დაახლოებით, 8.8 მილიონ-ტონა ნავთობპროდუქტების წარმოებას შეადგენს. საწარმო უზრუნველყოფს ბენზინის, დიზელისა და განსაკუთრებით - რეაქტიული საავიაციო საწვავის გამოშვებას, რომელსაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები იყენებენ.

3-su-1793351871.png
უკრაინელების ყველაზე შთამბეჭდავი შურისძიება -მერამდენედ და ტრამპის ჯინაზე აგიზგიზებული რუსეთის ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა…

ნოვოკუიბიშევის ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე ადრეც არა ერთხელ გამხდარა (მათ შორის - 2024 წლის მარტში, 2026 წლის აპრილსა და აგვისტოში), რის გამოც, მას გარკვეული პერიოდით პირველადი გადამუშავების დანადგარების გაჩერებაც მოუწია.

მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, მერამდენედ შეუტიეს ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინულმა დრონებმა, არამედ ის, რომ ოფიციალურმა კიევმა ეს მაინც განახორციელა... აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ზელენსკისადმი დაჟინებული მოთხოვნის - პუტინს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ნუ უფეთქებ, რადგან ამერიკელ ამომრჩევლებს დიზელის საწვავზე ფასი ეზრდებათო - მიუხედავად...