„დიდი ომი“ ირანთან ამ კვირაშივე განახლდება?
ისრაელში 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროს ეიალ ზამირს შორის ირანზე შესაძლო დარტყმის გამო უპრეცედენტო დაპირისპირება გამწვავდა.გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა წინააღმდეგობა გაუწია ნეთანიაჰუს ბრძანებას, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ. სამხედრო ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ ამ ეტაპზე არჩევნებამდე დარტყმის "ოპერატიული საჭიროება" არ არსებობს. ზამირი შიშობდა, რომ ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რაც გამოიწვევდა კონფლიქტის მყისიერ ესკალაციას და შესაძლოა არჩევნების გადადებასაც. მან პრემიერისგან ბრძანების წერილობითი და იურიდიულად დამოწმებული ნებართვა მოითხოვა.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებამდე ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო ირანზე საჰაერო შეტევების განახლება, რაშიც გენშტაბის უფროსის გარდა, ხელი შეუშალა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმაც, რომელსაც ამ კვირის დასაწყისში, 3 ნოემბერს, ელოდება მისთვის უმნიშვნელოვანესი კონგრესის შუალედური არჩევნები, რომლის წინ ნამდვილად არ აწყობს ირანზე შეტევის განახლება, რათა ახალი საკრიტიკო თემა არ მიეცეთ დემოკრატებს, მაგრამ რა მოხდება 3 ნოემბრის ამერიკული არჩევნების შემდეგ?
ახლო აღმოსავლეთში მყოფი აშშ-ის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების გაცემიდან ზუსტად 96 საათში (4 დღეში) აშშ-ს შეუძლია მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება.
პენტაგონის განცხადებით, რეგიონში (სპარსეთის ყურეში, ხმელთაშუა ზღვასა და მიმდებარე ბაზებში) უკვე განლაგებულია საკმარისი რაოდენობის ავიამზიდები, წყალქვეშა ნავები, ბომბდამშენები და ცოცხალი ძალა, რათა ირანზე იერიშისთვის დამატებითი ძალების გადასროლა და დროის დაკარგვა არ გახდეს საჭირო.
ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს გეგმა არ გულისხმობს მხოლოდ ლოკალურ იერიშებს ირანულ რადარებზე თუ სარაკეტო დანადგარებზე, რომელთა აღდგენასაც თეირანი მალევე შეძლებს. გეგმა, კოდური სახელწოდებით "დიდი ძალისხმევა", ირანის სამხედრო და ენერგეტიკული პოტენციალის გრძელვადიან პარალიზებას ისახავს მიზნად.
ეს 96 საათი არის დრო, რომელიც სჭირდება აშშ-ის ცენტრალური სარდლობას ბოლო სადაზვერვო მონაცემების გადასამოწმებლად, სამიზნეების კოორდინატების დასაზუსტებლად და პირველი სარაკეტო ზალპებისთვის.
პირველადი სამიზნე ირანის ბირთვული პროგრამის ცენტრები იქნება (მაგალითად, ნათანზისა და ფორდოს მიწისქვეშა კომპლექსები), რათა თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა მოუსპონ.
დარტყმებს მიაყენებენ ნავთობის ტერმინალებს, გადამმუშავებელ ქარხნებსა და საექსპორტო პორტებს (მაგალითად, კუნძულ ხარგზე), რაც ირანის ეკონომიკას შემოსავლის მთავარ წყაროს ჩაუკეტავს.
აშშ და ისრაელი შეეცდებიან წინასწარ გაანადგურონ ირანის ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა შახტები და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ირანის საპასუხო დარტყმის ძალა.
აშშ-ის ძალებმა შესაძლოა სცადონ კონტროლის დაწესება ჰორმუზის სრუტესთან მდებარე ირანულ კუნძულებზეც, რათა თავიდან აიცილონ სრუტის ჩაკეტვა და მსოფლიო ენერგოკრიზისი.
ხელდაკრეფილი, რა თქმა უნდა, არც აიათოლების რეჟიმი იქნება.
ირანს აქვს უნარი მომენტალურად პარალიზება გაუკეთოს ჰორმუზის სრუტეს, სადაც მსოფლიო ნავთობისა და დაჭირხნული თხევადი აირის თითქმის 20-25% გადის.
თეირანმა უკვე გააფრთხილა მეზობელი ქვეყნები (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი), რომ თუ ისინი საკუთარ საჰაერო სივრცეს ან ბაზებს დაუთმობენ აშშ-სა და ისრაელს, მათი ნავთობინფრასტრუქტურა მყისიერად განადგურდება.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს მილიარდერი მასკი „სტარლინკის“ თანამგზავრების განადგურებით დაუშინებია
შეიარაღების "შეჯიბრი" კავკასიაში - რა სახის თანამედროვე იარაღს ყიდულობენ ერევანი და ბაქო ?!
პუტინს „ქართული გამოცდილების“ გაზიარებასა და „ალაზნებით“ უკრაინული დრონების ჩამოგდებას სთავაზობენ
ყველაზე დიდმსხვერპლიანი კატასტროფა ავიაციის ისტორიაში
სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 150-200 დოლარამდეც კი გაიზარდოს, რაც გლობალურ ინფლაციასა და ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს.
ირანი გეგმავს ათასობით რაკეტისა და დრონის ერთდროულ გაშვებას ისრაელის ქალაქებისა და ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ, რათა საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაუტვირთოს ისრაელელ და ამერიკელ მეზენიტეებს.
თეირანი აუცილებლად შეეცდება გაააქტიუროს თავისი რეგიონული ქსელი - "ჰეზბოლა" ლიბანში, "ჰუსიტები" იემენში და შიიტური დაჯგუფებები ერაყსა და სირიაში, რაც ისრაელს აიძულებს რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იომოს.
გარდა ამისა, ირანის სამიზნეებს შორის არის წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში გამავალი წყალქვეშა ინტერნეტკაბელები. მათი დაზიანება გამოიწვევს ინტერნეტკავშირის გაწყვეტას ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, რითაც პარალიზდება გლობალური საბანკო და საფინანსო სექტორი.
მოკლედ, აშშ-ისრაელის ირანზე საჰაერო შეტევების განახლება და მით უმეტეს, მისი გადაზრდა სახმელეთო-საზღვაო ოპერაციებშიც, მსოფლიოს კარგს არაფერს უქადის, რადგან მხოლოდ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით აშშ და ისრაელი ვერ დაამარცხებენ ირანს და ეს დაპირისპირება გახანგრძლივდება (რუსეთ-უკრაინის ომის მსგავსად), რაც ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს მსოფლიოს ეკონომიკას.