რა ვიყიდოთ და გავყიდოთ ომის დროს: ტრამპმა ირანზე დარტყმებით დიდი ფული იშოვა?! - კვირის პალიტრა

რა ვიყიდოთ და გავყიდოთ ომის დროს: ტრამპმა ირანზე დარტყმებით დიდი ფული იშოვა?!

დღეს მინდა საუბარი დავიწყო პრეზიდენ ტრამპის ირანთან “უცნაური ომის” მიზეზების, მიმდინარეობისა და დღეს არსებული შედეგების შესახებ. მკითხველმა თავიდანვე მინდა იცოდეს, რომ ამ „უცნაური ომის“ მრავალმხრივ ასპექტებს პირადად დონალდ ტრამპისთვის და არა მთლიანად მისი ქვეყნისთვის, არსებული და მოსალოდნელი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის ჭრილში განვიხილავ.

რატომ? იმიტომ, რომ რაც დრო გადის, თანდათან იკვეთება ტრამპის პირადი და აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაპირისპირება. ამის ერთ-ერთი მაგალითია „უცნაურად“ დაწყებული და „უცნაურად“ მიმდინარე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები, რის შედეგებსაც აშშ-ისა და საქართველოს მოქალაქეებიც, ყოველდღიურად გაძვირებული ნავთობის გამო, საკუთარი ოჯახების შემცირებული ბიუჯეტის შემყურე კარგად ვხედავთ. საინტერესოა, თუ როგორ იმოქმედა ირანთან “უცნაური ომმა” თავად დონალდ ტრამპის და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრების შემოსავლებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პოსტია. თუმცა, პრეზიდენტების პირადი ფინანსური მდგომარეობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ზოგი მათგანი პოლიტიკაში მოსვლამდე უკვე ფლობდა უზარმაზარ მიწებსა და საწარმოებს, ზოგი კი საკუთარი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს მემკვიდრეობით იღებდა, ხოლო თანამედროვე ეპოქაში პრეზიდენტების სიმდიდრის წყაროდ უძრავი ქონება, საინვესტიციო საქმიანობა, მედია და კომერციული ბრენდები იქცა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ის პრეზიდენტების “ყველა გაფაჩუნება” საფინანსო-ეკონომიკურ “ფრონტზე” ყოველთვის განსაკუთრებული დაკვირვება/შესწავლის საგანი იყო.

2026 წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკულმა გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, აშშ-ის ამომრჩეველთა თითქმის 70% შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციითა და ინტერესთა კონფლიქტით. კორუფცია ამერიკელების უკმაყოფილების მთავარ მიზეზად იქცა: აშშ-ის ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ტრამპის დროს კორუფციით. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლების თითქმის 70%-მა განაცხადა, რომ ისინი „ძალიან“ ან „გარკვეულწილად“ შეშფოთებულნი არიან ტრამპის ადმინისტრაციაში „კორუფციით, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ან ინტერესთა კონფლიქტით“.

გარდა ამისა, რეგისტრირებული ამომრჩევლების თითქმის ნახევარმა მიუთითა, რომ კორუფცია უფრო სერიოზულ პრობლემად იქცა ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში, წინა ადმინისტრაციებთან შედარებით. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 54% თვლის, რომ ამჟამად არსებულ ფასების ზრდაზე ყველაზე დიდ პასუხისმგებლობა ტრამპის ადმინისტრაციას და კონგრესის რესპუბლიკელებს აკისრიათ. რესპუბლიკელებისთვის კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 40%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ფასების ზრდის გამო შესაძლოა შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს მისცენ ხმა. საფრთხეს თავად „დიდი დონალდიც“ გრძნობს. ამიტომაც იყო, რომ ამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა: ყველა ზრდასრულ ამერიკელს 5,000 აშშ დოლარს გადავუხდი, თუ რესპუბლიკელები ნოემბერში შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენო. ვითომ ეს ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვის მცდელობა არ არის?

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარ პრეზიდენტია. მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრინდელი პრეზიდენტებისგან: ვაშინგტონისა და ჯეფერსონის სიმდიდრე ძირითადად მიწის საკუთრებას უკავშირდებოდა, ტრამპის ქონება კი “მევახშურ კაპიტალიზმს” ეფუძნება. დონალდ ტრამპმა მამისგან მემკვიდრეობით მიღებული უძრავ-მოძრავი ქონება (დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი), არა წარმოებაში, არამედ სხვადასხვა კომერციულ პროექტებში დააბანდა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნიუ-იორკში მანჰეტენის უძრავი ქონების ბაზარს, სადაც სასტუმროები, საოფისე შენობები და საცხოვრებელი კომპლექსები ააგო და შემდეგ გააქირავა. ტრამპმა თავისი გვარის გლობალურ ბრენდად გარდაქმნა და “გაყიდვა” მოახერხა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია Trump Tower — ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარე მრავალფუნქციური ცათამბჯენი.

picture1-1793684678.png

ფოტოზე: დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომ ყველაფრის გაყიდვა შეუძლია

ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ჯერზე, განსაკუთრებით ბევრი კითხვები წარმოშვა მის ბიზნესსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის შესაძლო კონფლიქტის არსებობამ. პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მისი ქონება შემცირდა. 2016 წელს Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება დაახლოებით 3.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს — დაახლოებით 2.5 მილიარდს. თუმცა, შემდგომ წლებში მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა; 2026 წლის ოქტომბრის Forbes-ის შეფასებთ ტრამპის ქონება უკვე დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ბიზნესაქტივები პრეზიდენტობის დროსაც აგრძელებს მოგების მოტანას, თუმცა 2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ, ჩემი აზრით, დონალდ ტრამპსა მის ოჯახს, ასევე ახლო გარემოცვას, შემოსავლის მიღების შესაძლო ახალი და მძლავრი წყარო შეემატათ: ირანთან “უცნაური ომი”.

გასულ პერიოდში დონალდ ტრამპმა დაახლოებით ოცჯერ შეაჩერა და განაახლა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები. იმედი მაქვს არავინ გაიფიქრა: მერე ეს გარემოება რა კავშირშია ტრამპის ქონების გაორმაგებასთანო. თუმცა თავს დავიზღვევ და მკითხველს შევახსენებ, რომ დღეს გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანა გადაჯაჭვულ/დაკავშირებული. კუვეიტის ემირმა შეიხ მიშაალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა ოთხჯერ ზედიზედ რომ დააცემინოს, ან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი ორი-სამი დღე ტელეეკრანებზე არ გამოჩნდეს, მეორე დღესვე მსოფლიოს სასაქონლო-საფონდო-სავალუტი ბირჟებზე პანიკა დაიწყება და ფასები წინ და უკან დაიწყებს “ხტუნვას”. იგივე სცენარი, მეტ-ნაკლები ზეგავლენით, მოქმედებს ყველა ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მით უფრო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების შემთხვევაში. ამ დროს მთავარია იცოდე რა გაყიდო და რა იყიდო. თუ ბირჟებზე პანიკის გამომწვევი მიზეზის დაწყებისა და დასრულების დროც იცით, მაშინ თქვენი უცხოპლანეტელებსაც კი შეშურდებათ. ახლა კი მართლაც ძალზე საინტერესო საკითხზე გადავდივართ: ომისგან პირადი ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლო მექანიზმები უნდა განვიხილოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ჩემი ვერსია/ვარაუდებია და მხოლოდ სათანადო სამართლებრივი პროცედურების შემდეგ გაირკვევა სიმართლე.

ამისთვის კი, დონალდ ტრამპის ფინანსური აქტივების ზრდის დინამიკიდან გამომდინარე, საკითხი ხუთი მიმართულებით უნდა იქნეს შესწავლილი:

  1. ნავთობი და ენერგეტიკა — ვის შეუძლია მიიღოს დამატებითი მოგება ნავთობის გაძვირებით და რა კავშირები არსებობს ტრამპის ბიზნესგარემოსთან;
  2. თავდაცვითი ინდუსტრია — სამხედრო შეკვეთები, კონტრაქტები და კომპანიების აქციების ღირებულების მუდმივი ზრდა “უცნაური ომის” პერიოდში.
  3. კრიპტოვალუტა და პირადი ბიზნესბრენდები — ომის ფონზე შექმნილი ფინანსური და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენების ფაქტების დადგენა;
  4. საფონდო ბაზარი და ინვესტიციები — როგორ შეიძლება ომის შედეგად გამოწვეულმა ფასების ცვლილებამ სარგებელი მოუტანოს ტრამპთან დაკავშირებულ ფინანსურ სტრუქტურებს;
  5. საინფორმაციო უპირატესობა და ინტერესთა კონფლიქტი — შეიძლება თუ არა პრეზიდენტის ხელთ არსებული ინფორმაცია ან პოლიტიკური გადაწყვეტილებები მისი ოჯახის და ახლო გარემოცვის კერძო ფინანსურ ინტერესებთან გადაიკვეთოს.

picture2-1793684781.png

ფოტოზე: დონალდ ტრამპი ესწრება სამხედრო ტექნიკის დემონსტრაციას, 2025 წლის 10 ივნისი.

2026 წლის 26 ოქტომბერს CBS News-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ტრამპის ნავთობისა და გაზის სექტორში არსებული ინვესტიციების შესახებ. აშშ-ის კონგრესის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის დემოკრატიული უმცირესობის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით:

- 2025 წლის ბოლოს ტრამპის ნავთობისა და გაზის აქციების ღირებულება დაახლოებით 12.6–46 მილიონ დოლარს შეადგენდა;

- 2026 წლის აგვისტოს ბოლოს ეს მაჩვენებელი 22.5–81.6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

- ომის დაწყების შემდეგ, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, დონალდ ტრამპმა 4.7–17.5 მილიონი დოლარის შესაბამისი აქციები შეიძინა. ეს შეფასებები ეფუძნება დონალდ ტრამპის ფინანსურ დეკლარაციებს. ომი ზრდის ენერგეტიკული ბაზრის არასტაბილურობას. ჰორმუზის სრუტის შეფერხება და ნავთობის მიწოდების შემცირების მოლოდინი ზრდის ნავთობის ფასს, რაც გარკვეულ ენერგეტიკულ კომპანიებს დამატებით შემოსავლებსა და საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას აძლევს. ტრამპის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მის პირად საინვესტიციო პორტფელში არსებული ენერგეტიკული აქტივების ღირებულებაც შეიძლება გაიზარდოს. ასე, რომ: აქ ინტერესთა კონფლიქტი სრულიად რეალურია: აშშ-ის პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს იმ სექტორებზე, რომლებშიც მას ფინანსური ინტერესი აქვს.

2026 წლის 19 მაისს Associated Press-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც ტრამპის ფინანსურ დეკლარაციებში ჩანდა ისეთი გიგანტი სამხედრო კომპანიების აქციების შეძენა, როგორიცაა:Lockheed Martin; General Dynamics; Northrop Grumman. ეს კომპანიები ირანის ომის პირობებში სამხედრო შეკვეთებისა და შეიარაღებაზე მოთხოვნის ძირითად შემსრულებლები არიან. მაგრამ უფრო საინტერესოა დონალდ ტრამპის ოჯახის ბიზნესინტერესებია. 2026 წლის 5 აგვისტოს Washington Post-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომლის მიხედვითაც დონალდ და ერიკ ტრამპებთან საინვესტიციო კავშირების მქონე 15 კომპანიას ფედერალური კონტრაქტების, ინვესტიციებისა და სესხების სახით ჯამში 3.2 მილიარდი დოლარის რესურსი ჰქონდა მოზიდული. აქ შედის: სამხედრო კონტრაქტები და სახელმწიფო სესხები.

ჟურნალისტური გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: დონალდ ტრამპ უმცროსის საინვესტიციო საქმიანობას; ერიკ ტრამპის თავდაცვით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ინვესტიციებს; კომპანია 1789 Capital-ს; კომპანია Vulcan Elements-ს, რომელსაც პენტაგონისგან 620 მილიონი დოლარის პირდაპირი სესხი ჰქონდა მიღებული. კონგრესის დემოკრატმა წევრებმა პენტაგონის გენერალურ ინსპექტორს ამ საკითხების გამოძიება მოსთხოვეს. თავად ტრამპის ოჯახის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ინვესტიციები პასიურია და სახელმწიფო კონტრაქტების გაცემაზე გავლენას არ ახდენენ. აბა სხვას რას იტყოდნენ?

თუ “უცნაური ომი” გაგრძელდება, ეს თავდაცვითი ტექნოლოგიების, დრონების, ხელოვნური ინტელექტისა და სამხედრო წარმოების სახელმწიფო დაფინანსებას გაზრდის. ჰიპოთეტურად ამ შემთხვევაში ტრამპის ოჯახის საინვესტიციო ინტერესების ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

2026 წლის 13 ივლისს გამოქვეყნდა Reuters-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა 2025 წელს კრიპტოპროექტებიდან 1.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამ თანხაში შედიოდა World Liberty Financial (WLFI )-ისა და ტრამპის მემკოინის პროექტებიდან მიღებული შემოსავლები. როგორ მოქმედებს “უცნაური ომი” კრიპტოვალუტის ბაზარზე? გეოპოლიტიკური კრიზისების დროს კრიპტოვალუტის ბაზრის მაღალი მერყეობა ქმნის სპეკულაციური ვაჭრობის შესაძლებლობებს. ტრამპის პოლიტიკური განცხადებები პირდაპირ გავლენას ახდენს ბაზრის “განწყობასა” და “მოლოდინებზე” , რაც კრიპტოვალუტის ფასზე აისახება. გარდა ამისა, თუ ტრამპის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის ბაზრის ლიბერალიზაციას განაგრძობს, ტრამპის ოჯახის კრიპტობიზნესი უფრო აყვავდება. ისე დონალდსაც უნდა გავუგოთ: ამხელა ოჯახს ხომ უნდა რჩენა, ილონაც ცოტას “ეხმარება.”

picture3-1793684835.png

ფოტოზე: დონალდ ტრამპისმონაგარი და ილონ მაკი.

ირანთან “უცნაური ომი” პირდაპირ ზემოქმდებს მსოფლიო საფონდო ბაზრებსა და საერთაშორისო ინვესტიციებზე: აქციების ფასი ზოგი დაბლა მიდის, ზოგი კი - მაღლა. მთავარია გქონდეს ინსაიდური ინფორმაცია: თუ როდის რას დაპოსტავს “მეფე დონალდი”. ეს ტრამპმაც კარგად იცის და მან დაიწყო. . . საკუთარი პოსტების მონეტიზაცია.

2026 წლის 16 ივლისს Trump Media & Technology Group-მა ოფიციალურად გამოაცხადა ფასიანი სერვისი Truth API, რომელიც სავაჭრო კომპანიებს დონალდ ტრამპის Truth Social-ის პოსტებზე დაჩქარებულ წვდომას სთავაზობს. “ბიზნესმენ-პრეზიდენტის” ან მისი ოჯახის ეს “გენიალური იდეა” 2026 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა. მომსახურების ფასი თვეში 60 000–100 000 დოლარის ფარგლებშია. სამაგიეროდ “ბედნიერ” კომპანიებს შეეძლებათ ტრამპის პოსტებზე წვდომა/წაკითხვა ჩვეულებრივ მომხმარებლებზე დაახლოებით 50 მილიწამით (0.05 წამით) ადრე მიიღონ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ თანამედროვე ალგორითმული სავაჭრო სისტემები ამ დროში უკვე ასწრებენ ინფორმაციის დამუშავებას და სავაჭრო ბრძანების გაგზავნას. Trump Media-ს ოჯახური ტრასტი კომპანიის 41%-ს ფლობს, ხოლო ტრამპი მისი ერთადერთი ბენეფიციარია. Bloomberg-მა და ორმა სავაჭრო კომპანიამ — Susquehanna International Group-მა და Jump Trading-მა — სერვისზე წვდომა უკვე შეიძინეს. რატომ არის ეს ირანთან “უცნაური ომის” კონტექსტში მნიშვნელოვანი? წარმოიდგინე ასეთი სცენარი: ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტა ახლოვდება; ნავთობის ფიუჩერსების ბაზარი ამ ინფორმაციაზე რეაგირებს და ფასები ეცემა; მეორე დილას კი ტრამპი ახალ პოსტს აქვეყნებს და ირანს არნახული დაბობვებით ემუქრება; ამას კი ნავთობზე გასების ზრდა მოჰყვება; რომელ კომპანიასაც აქვს პრიორიტეტულად სწრაფი წვდომა ტრამპის პოსტზე მოასწრებს და დაბალ ფასში შეიძენს ნავთობს, რომელსაც ტყულიად კი არ უწოდეს “შავი ოქრო”.

ასევე დაგაინტერესებთ: ილჰამ ალიევის ფარული ევროპული ქსელი - როგორ მუშაობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტზე გერმანელი პოლიტიკოსები?!

"ამერიკელი მძევალი": რატომ გაათავისუფლა სინამდვილეში პუტინმა ციხიდან 74 წლის სტივენ ჯეიმს ჰაბარდი?!

"სიყვარული" გარიგებით: როგორ გადაიქცა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი პუტინის “შავი” საქმეების “გამთეთრებლად”?!

ილჰამ ალიევის გეოპოლიტიკური "თამაში" და გამწარებული საფრანგეთი - როგორ "აფათურებს ხელებს" ბაქო შორეულ ახალ კალედონიაში?!

კონგრესის რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრი არ იწონებს “ბელადის” ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ჯერ დუმილს ამჯობინებენ. დემოკრტი-კონგრესმენები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტი. ჩემი აზრით კი, შესაძლოა ეს უფრო მძიმე, კორუფციული შემთხვევაც კი იყოს: არავინ იცის დონალდ ტრამპის ოჯახის რომელ წევრს ან მეგობრს (თუნდაც პუტინთან “მომლაპარაკელებებს”: სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს) უზიარებს პრეზიდენტი საკუთარ აზრებს პოსტის დადებამდე. ალბათ “დამთხვევაა” რომ: სტივ უიტკოფის ქონება ომის დაწყებამდე 2 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2026 წლის 1 ნოემბერის მდგომარეობით, Forbes-ის შეფასებით, 2.4 მილიარდი დოლარია, ანუ 400 მილიონი დოლარით გაიზარდა. რვა თვეში!

არ დაგვავიწყდეს, სტივ უიტკოფი ერთდროულად არის:

  1. ტრამპის WLFI-ის თანადამფუძნებელი;
  2. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი;
  3. ირანთან ერთ-ერთი მთავარი ამერიკელი მომლაპარაკებელი.

ყოჩაღ ბრო, საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდი!

დონალდისა და სტივის მეგობრობა 1986 წლიდან იწყება და ისინი საოცრად უგებენ ერთმანეთს: მათ ყველაფრის გაყიდვა/მონეტიზაცია შეუძლიათ. ახლა ჯერი უკრაინის გაყიდვაზეა?

(პირველი ნაწილის დასასრული)