დიდი სკანდალი უკრაინაში და წიწაკის სპრეით "გაწუწული" კირილ ბუდანოვი - სარდაფში დეზერტირებს სცემდნენ?!
დეზერტირების ცემის სკანდალი უკრაინის ეროვნულ გვარდიაში...
როდესაც საშინელი და დაუნდობელი ომი დროში წლობით იწელება და მასში მილიონობით ადამიანი ერთვება, აგრესორი ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებების ნაწილს თავდაცვაში მყოფი მისი მოწინააღმდეგეც „აზიარებს“...
კიევის ოლქის სოფელ პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მომხდარი დაპირისპირება უკრაინის საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოექცა.
2026 წლის 2 ნოემბერს სოფელში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლთან, რომელსაც უკრაინის ეროვნული გვარდია ახალმობილიზებული სამხედროების დროებითი განთავსებისთვის იყენებდა, მასშტაბური საპროტესტო აქცია და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული სახლის სარდაფში უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ 40-მდე ადამიანს (მათ შორის - დაჭრილ სამხედროებს).
ვითარების განსამუხტავად ადგილზე პირადად ჩავიდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი და ახლა პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენერალი კირილ ბუდანოვი. დაპირისპირებისას მას უცნობმა პირმა წიწაკის სპრეი შეასხა. ბუდანოვმა მომხდარს "სახელმწიფოსთვის მიუღებელი" უწოდა, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას, და ინციდენტის გამოსაძიებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.
კიევის ოლქის პოლიციამ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია ადამიანების წამებისა და მძევლად აყვანის შესახებ. თუმცა კერძო სასწრაფო დახმარების მიერ ჰოსპიტალიზებული იქნა 4 მობილიზებული პირი, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ეროვნული გვარდიის სარდლობამ და "აზოვის" კორპუსმა დაადასტურეს, რომ შენობა სამხედროთა დროებითი საცხოვრებელი იყო. მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სხვა ჯარისკაცებმა ჟურნალისტებთან უარყვეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.
ფაქტია, რომ ომში მყოფი უკრაინის არმიაში მობილიზაცია ძალზე რთულად მიმდინარეობს და პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინელი სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ხდება, განსაკუთრებით - „ბუსიფიკაციის“ პროცესში ანუ როდესაც უკრაინის „ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრის“ ანუ ძველებურად - სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები ქუჩაში ძალით აკავებენ მობილიზაციის ასაკის მქონე მამაკაცებს და მათ მიკროავტობუსებში ტენიან, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, რაც თავის მხრივ იწვევს ამის თვითმხილველი გამვლელების საპასუხო რეაქციას, მიკროავტობუსების მინების ჩამტვრევებით და ძალით მობილიზებულების გათავისუფლებით...
ასევე დაგაინტერესებთ: „შავი ოქტომბერი“ პუტინის სამხედრო ავიაციისთვის - რეკორდული დანაკარგები და - არა მარტო უკრაინელების „დახმარებით“
რუსები სამგზავრო მატარებელს უფეთქებენ, უკრაინელები კი - ბომბდამშენებს
გარდა ამისა, დეზერტირების მიმართაც (არადა მათი რიცხვი უკრაინის არმიაში 200 ათასს ბევრად აჭარბებს) დამოკიდებულება უმკაცრესია და ფიზიკური ზემოქმედებაც არ არის გამორიცხული მათი მოძებნის, დაკავებისა და ფრონტზე დაბრუნების პროცესში ანუ ნელ-ნელა ემსგავსება რუსეთის საოკუპაციო ძალების იმ „მეთოდებს“, როდესაც რუს დეზერტირებს დიდ ორმოში -„ზინდანში“ კვირაობით ატყვევებენ.
თუმცა ომში მყოფი სხვა ქვეყნების არმიებშიც ისტორიულად არანაკლები მკაცრი ქმედებები გამოიყენებოდა დეზერტირების მიმართ, თუნდაც ვიეტნამის ჯუნგლებში წლობით მებრძოლი ამერიკული არმიის მხრიდანაც.
ამგვარი დაპირისპირება,სახიფათო ნაპრალს აჩენს უკრაინის დამცველებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს შორის, რაც პირდაპირ, აგრესორი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს...