რატომ "აჩუქა" ტრამპმა პუტინს "სამი სიცოცხლე" ანუ რა მოხდა მოსკოვში 2013 წლის 9 ნოემბერს "მის სამყაროს" კონკურსზე?!
2026 წლის დასაწყისში რუსეთს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომელთა შემსუბუქებაშიც ტრამპის „უცნაურმა ომმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კომპიუტერული თამაშების ენაზე, რომ ვთქვა ირანთან ომის დაწყებით ტრამპმა პუტინს სამი „სიცოცხლე“ აჩუქა: სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიმართულებით.
ანალიზი ადასტურებს, რომ ირანთან „უცნაური ომის“ დაწყებამდე რუსეთი უდიდესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა, რადგანაც ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. რუსეთის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ნავთობის ფასის დაახლოებით 59 დოლარიან ნიშნულზეა გათვლილი. 2026 წლის თებერვალში რუსული ნავთობის (Urals) საშუალო ფასი ბარელზე 45 დოლარი იყო. დონალდ ტრამპს 2026 წლის 28 თებერვალს ირანთან “უცნაური ომი” რომ არ დაეწყო და რუსეთთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები შენარჩუნებულიყო, რუსეთის ეკონომიკას სრული კოლაფსი ელოდა. დღეს კი აი რა ხდება: 2026 წლის 5 ნოემბრის მდგომრეობით Urals-ის საშუალო ფასი ბარელზე უკვე 92.16 დოლარია, ხოლო ნავთობის ექსპორტიდან პუტინმა ექვს თვეში დაახლოებით 90 მილიარდი დოლარი მიიღო. ამგვარად აგრძელებს აგრესორი ქვეყანა ომის დაფინანსებას და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას.
კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთის იმპერიის ეკონომიკური და სამხედრო მდგრადობა დიდწილად ენერგორესურსების ექსპორტზეა დამოკიდებული. ნავთობისა და გაზის შემოსავლები კრემლის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, საიდანაც ფინანსდება თავდაცვა, უშიშროების სტრუქტურები, სამხედრო მრეწველობა და უკრაინაში მიმდინარე ომი. “უცნაური ომის” შედეგად პუტინს მიეცა დამატებითი ფინანსური რესურსი.

ფოტოზე: პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა, 2017 წლის 7 ივლისი, ჰამბურგი, G20-ის სამიტი
ფაქტიურად, შემთხვევით (მაშინ კარგად ყოფილა აშშის ადმინისტრაციის საქმე), თუ შეგნებულად ტრამპმა “კრემლს” მნიშვნელოვანი ფინანსური ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა. საინტერესოა რატომ?
თუ ეკონომიკურ სფეროში ტრამპის პუტინისთვის მთავარი “საჩუქარი” ნავთობზე ფასების ზრდაა, სამხედრო მიმართულებით რუსეთისთვის მთავარი საჩუქარი უკრაინისთვის გათვლისწინებული სამხედრო-სადაზვერვო დახმარების მნიშვნელოვანი შემცირებაა. ამერიკული სამხედრო რესურსების, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ახლო აღმოსავლეთში გადანაწილება უკრაინის მხარდაჭერისთვის ხელმისაწვდომ რესურსებს განუხრელად ამცირებს და უკრაინის ცა სულ უფრო და უფრო დაუცველი რჩება. ამით სარგებლობს აგრესორი და უპირველესად უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ანადგურებს.
რუსეთისთვის ირანთან “უცნაური ომის” სამხედრო მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის. გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკული სამხედრო არსენალის ისეთი კომპონენტების სწრაფი ხარჯვა, რომელთა ჩანაცვლება მოკლე ვადაში ობიექტურად შეუძლებელია. განსაკუთრებით Patriot-ის რაკეტები, რომლებითაც უკრაინა რუსულ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს ებრძვის. უკრაინისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან რუსეთთან ომში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სწორედ საჰაერო თავდაცვის საშუალებების უწყვეტი მიწოდებაა. ირანთან “უცნაური ომის” დაწყების შემდეგ Patriot-ისა და THAAD-ის სისტემების რაკეტები, რომლებიც უკრაინისთვის NATO-ს PURL პროგრამის ფარგლებში უნდა მიეწოდებინათ ახლო აღმოსავლეთშია გადაგზავნილი. ამ ვითარებაში უკრაინისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების შეფერხება რუსეთისთვის სამხედრო უპირატესობის შექმნის შესაძლებლობაა. საინტერესოა, რატომ ქმნის ტრამპი ამგვარ მდგომარეობას?
პუტინის სამხედრო და ეკონომიკური სარგებელი კონკრეტული რესურსებითა და თანხებით იზომება, თუმცა არანაკლები საფრთხის შემცველია დონალდ ტრამპის მცდელობები დააბრუნოს აგრესორი რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში. ჯერ “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე მიიწვია პუტინი, შემდეგ კი ჩინეთის პრეზიდენტ სისთან ერთად უნდა “სამეულის” შეხვედრის ჩატარება და მსოფლიოს გადანაწილება.
ირანთან ომმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა. ვაშინგტონს ერთდროულად უწევს ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ვითარების მართვა, ისრაელისა და სპარსეთის ყურის პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირების აღდგენა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე ფიქრი. ეს ყველაფერი კი ამერიკის დიპლომატიურ, სამხედრო და პოლიტიკურ რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. ამ ვითარებაში უკრაინა ვაშინგტონისთვის უკვე პრიორიტეტული აღარ არის.
რუსეთისთვის სასარგებლო არ არის მხოლოდ ის, რომ ამერიკას ნაკლები დრო რჩება უკრაინისთვის. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ იცვლება საერთაშორისო პოლიტიკური დისკუსიის თემატიკა. ომამდე დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში უკრაინის საკითხს ცენტრალური ადგილი ეკავა: რუსეთის აგრესიის შეჩერებას; უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას; სამხედრო დახმარების გაზრდას; რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას; უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შემუშავებას და სხვ.
პრეზიდენტ ტრამპს არასდროს უხსენებია რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებისთვის.
ირანთან “უცნაური ომის” დაწყების შემდეგ ამ საკითხებს ახალი ეკონომიკური კრიზისები დაემატა.
ამერიკელი პოლიტიკოსები და ევროპელი ლიდერები იძულებულნი გახდნენ, გაცილებით მეტი დრო დაეთმოთ ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ვითარებისთვის, საზღვაო ტრანსპორტის დაცვასა და რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისთვის. როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ერთ კონკრეტულ კრიზისზეა კონცენტრირებული, აგრესორისთვის პოლიტიკური ზეწოლა უფრო მაღალია. როდესაც ყურადღება რამდენიმე მიმართულებით იფანტება, რუსეთის პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და რეაგირების მექანიზმებზე კონცენტრირება უფრო რთული ხდება. ამით კი პუტინი იღებს შესაძლებლობას უკრაინის საკითხი თანდათან მეორეხარისხოვან რეგიონულ კრიზისად წარმოაჩინოს. ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებმა რუსეთს ერთდროულად გაუხსნა სამი ახალი შესაძლებლობა — სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური. ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სამხედრო ოპერაციამ რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა.
ირანთან ომმა პუტინს მისცა შესაძლებლობა, გამოიყენოს ამერიკის სტრატეგიული ყურადღების გადანაწილება, დასავლეთის პოლიტიკური უთანხმოებები და ახალი დიპლომატიური დღის წესრიგი. რუსეთისთვის მთავარია დიდხანს გაგრძელდეს ეს “უცნაური ომი” და მისგან გამოწვეული პრობლემები. გასაკვირია, თუმცა ამ საქმეში პუტინს “დიდი დონალდი” ეხმარება. მისმა გადაწყვეტილებამ ირანთან ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების დაწყების შესახებ შექმნა ისეთი საერთაშორისო გარემო, რომელშიც პუტინს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა. სწორედ ეს არის მთავარი პარადოქსი: აშშ ირანის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, რომელიც უკვე 50 მილიარდი დოლარი დაჯდა და 30-მდე ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ამ ომიდან ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სარგებელს ვლადიმერ პუტინი იღებს.

ფოტოზე: პუტინის გამოხედვა: „ამერიკის საქათმეში შეპარულა მელა...“
რატომ “აჩუქა” ტრამპმა პუტინს “სამი სიცოცხლე“? ნამდვილად ურთულესი კითხვა. შესაბამისი პასუხების მოძიებისთვის აუცილებელი იქნება მრავალმხრივი კვლევა/ძიების ჩატარება, რაც უპირველესად აშშ-ის საზოგადოების ვალდებულებაა. ქვემოთ კი ერთი საინტერესო ისტორია მინდა გავიხსენო.
2013 წლის ივნისში დონალდ ტრამპი ლას-ვეგასში იმყოფებოდა, სადაც „მის აშშ-ის“ სილამაზის კონკურსი უნდა ჩატარებულიყო. ამის შემდეგ, უკვე შემოდგომაზე, უნდა გამართულიყო „მის სამყაროს“ კონკურსი, თუმცა ჩატარების ადგილი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. სწორედ ლას-ვეგასის ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში შეხვდნენ პირველად დონალდ ტრამპი და რუსი მილიარდერი არას აგალაროვი: მისი მომღერალი შვილი ემინი კლიპის გადაღებას აპირებდა და „დიდ დონალდს“ სთხოვეს დახმარება, რათა ერთ-ერთ ყოფილ „მის აშშ-ის“ კლიპში მონაწილეობა მიეღო.
15 ივნისის საღამოს კი კაზინო Palazzo რესტორანში ძალზე „ჭრელი“ საზოგადოება შეიკრიბა: მილიარდერი დონალდ ტრამპი, მაიკლ კოენი, ტრამპის პირადი ადვოკატი, მამა-შვილი აგალაროვები, Crocus International-ის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ყაველაძე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ემინ აგალაროვის მუსიკალური პროდიუსერი რობ გოლდსტოუნი და კიდევ რამდენიმე პირი.
საუბარი იახტებს, თვითმფრინავებს, სილამაზის კონკურსის მონაწილეებს და, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს შეეხებოდა, რომელსაც წინა დღეს 67 წელი შეუსრულდა. როდესაც საუბარი ბიზნესზე ჩამოვარდა, ტრამპმა „კოლეგა მილარდერს“ შესჩივლა: როცა საქმე ეხება რუსეთში ბიზნესის კეთებას, ძალიან ძნელია იპოვო ადამიანები, რომლებსაც ენდობიო. "ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვექნება", – ერთხმად უპასუხა მამა-შვილმა აგალაროვმა. სწორედ იმ საღამოს გადაწყდა, რომ „მის სამყაროს“ სილამაზის მორიგი კონკურსი მოსკოვში, აგალაროვების კუთვნილ საკონცერტო დარბაზ crocus city hall-ში 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩატარებულიყო.
მეორე დღეს ტრამპმა Twitter-ში დაწერა: „ეს იქნება "მის სამყაროს" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ღონისძიება... როგორ ფიქრობთ, პუტინი მოვა „მის სამყაროს“ კონკურსზე მოსკოვში ნოემბერში... და გახდება ჩემი ახალი საუკეთესო მეგობარი?" ემინ აგალაროვმა სწრაფადვე უპასუხა საკუთარი ტვიტით: „ბატონო @realDonaldTrump, ყველა, ვისაც იქ შეხვდებით, გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოსკოვში არც ბატონი პუტინი იქნება გამონაკლისი“.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ვიყიდოთ და გავყიდოთ ომის დროს: ტრამპმა ირანზე დარტყმებით დიდი ფული იშოვა?!
"ამერიკელი მძევალი": რატომ გაათავისუფლა სინამდვილეში პუტინმა ციხიდან 74 წლის სტივენ ჯეიმს ჰაბარდი?!
2013 წლის 9 ნოემბერს მოსკოვში სილამაზის კონკურსი „მის სამყარო 2013“ მართლაც ჩატარდა, სადაც 80 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ყველა ღელავდა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპი, რომელიც „მის სამყარო 2013“ ბრენდის მფლობელი იყო. მას ნაკლებად აინტერესებდა უშუალოდ კონკურსის პროცესი, რადგანაც გამარჯვებული უკვე ჰყავდა შერჩეული. დონალდ ტრამპი სხვა “ვარსკვლავის” მოსვლას ელოდა. არას აგალაროვმა ტრამპს გადასცა: „ბატონ პუტინს სურს ბატონ ტრამპთან შეხვედრაო“. ამის შემდეგ ტრამპი მოუთმენლად ელოდა რუსეთის პრეზიდენტის გამოჩენას და მუდმივად ეკითხებოდა არას აგალაროვს: სიახლე ხომ არ არის რამე, მოდის თუ არა პუტინიო? შემდეგ აგალაროვის მობილურ ტელეფონზე პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დარეკა და ტრამპთან რამდენიმე წუთს ისაუბრა. ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ძალზე ნირწამხდარი დარჩა: პესკოვმა ბოდიში მოიხადა, პუტინს ძალიან სურდა ტრამპთან შეხვედრა, მაგრამ გაჩნდა გაუთვალისწინებელი პრობლემა და პრეზიდენტი მოსვლას ვერ შეძლებსო. იმავე საღამოს, აშკარად იმედგაცრუებული დონალდ ტრამპი მოსკოვიდან სამშობლოში გაფრინდა. ეს 2013 წლის 9 ნოემბერს მოხდა. სამი წლის შემდეგ კი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.
დონალდ ტრამპსა და რესპუბლიკურ პარტიას უკვე მოუხდათ ირანთან “უცნაური ომის” დაწყებისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა. აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე მყარი კონტროლი მოიპოვეს. რაც იმედს იძლევა, რომ 2027 წლის დასაწყისიდან ბევრ ახალ და სკანდალურ ინფორმაციას შევიტყობთ.