ტრამპის „პოლიტიკური დაძირვა“ როგორ შეცვლის ომებს ირანსა და უკრაინაში
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მარცხს აუცილებლად ექნება დიდი გავლენა ირანთან დაპირისპირებასა და რუსეთ-უკრაინის ომშიც, რადგან სწორედ პრეზიდენტი ტრამპი თავისივე დიდი სურვილით „ღრმად ჩაეფლო“ ამ ორივე მსხვილმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში - რუსეთ-უკრაინის ომში მთავარი მომრიგებლის რანგში, ხოლო ირანს კი, ისრაელის წაქეზებითაც, ერთობლივად შეუტია.
ირანთან „დაპაუზებული ომის“ შემდგომი ბედი პრეზიდენტ ტრამპს აუცილებლად და სასწრაფოდ გადასაწყვეტი აქვს, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და შესაბამისად ნავთობპროდუქტების მსოფლიო კრიზისი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
აიათოლების რეჟიმმა დაინახა, რომ აშშ-მ და ისრაელმა ერთობლივი რამდენიმეთვიანი დაბომბვებითაც კი ვერ შეძლეს გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობის მოპოვება ირანზე, ამიტომ ის საკუთარი სურვილით არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, პირიქით, ეცდება სრული კონტროლი დაამყაროს მნიშვნელოვანი გადასახადის დაწესებით ამ სრუტეში გამავალ ნავთობტანკერებსა და სავაჭრო გემებზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტის ნებისმიერ დროს სრული ჩაკეტვის სახითაც კი. ანუ ტრამპს, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეები - დემოკრატები ეყოლება უმრავლესობაში, მაინც მოუწევს ირანზე ძალისმიერი ზემოქმედების განახლება ჰორმუზის სრუტის სრულად გასახსნელად?
პენტაგონი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სრულ მზადყოფნაში არიან ირანზე ფართომასშტაბიანი იერიშების გასაახლებლად, თუკი პრეზიდენტი ტრამპი ბრძანებას გასცემს. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რეგიონში მობილიზებულია საკმარისი სამხედრო რესურსი, რათა ბრძანების მიღებიდან 96 საათში ახალი სამხედრო ოპერაციები დაიწყოს.
პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ისრაელის მიმართულებით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ინტენსიურ ფრენები აქვს. რეგიონისკენ მიემართება აშშ-ის მესამე საავიამზიდო ჯგუფი, საზღვაო ქვეითთა დამატებითი დანაყოფები და 9 000-დან 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე. CENTCOM-ს უკვე დასრულებული აქვს ოპერატიული გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს მასირებულ დარტყმებს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ პოლიგონებზე (მათ შორის "პიკაქსის" მთისქვეშა საიდუმლო ბაზაზე).
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შუალედურ არჩევნებამდე მსხვილი ოპერაციები დროებით შეაჩერა, პენტაგონი ლოკალურ იერიშებს მაინც აგრძელებდა. არჩევნების წინადღეს აშშ-ის ავიაციამ ყეშმის კუნძულზე ირანული საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაანადგურა, რომლებიც ამერიკულ საფრენ აპარატებს უქმნიდნენ საფრთხეს.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ შუალედური არჩევნების წაგება ტრამპის სამხედრო გეგმებზე მოახდენს გავლენას, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიტიკური ფიასკოთი გაღიზიანებულმა პრეზიდენტმა შესაძლოა უფრო რადიკალურ ნაბიჯებს მიმართოს. იმავდროულად, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კვლავაც ტოვებს დიპლომატიური მოლაპარაკებების მცირე შანსს, თუკი თეირანი ბირთვულ პროგრამაზე ვერიფიცირებად უარს იტყვის.
რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე აშშ-ის დემოკრატიული პარტიის უმრავლესობით შესვლა კონგრესის ორივე პალატაში? აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება მნიშვნელოვნად შეცვლის ვაშინგტონის პოლიტიკურ დინამიკას რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის ფართო საგარეო უფლებამოსილებების გამო გავლენა კომპლექსური იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: 500 ამერიკულ ანტირაკეტას უკრაინა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ თუ მიიღებს, როდესაც...
პუტინს მილიარდერი მასკი „სტარლინკის“ თანამგზავრების განადგურებით დაუშინებია
შეიარაღების "შეჯიბრი" კავკასიაში - რა სახის თანამედროვე იარაღს ყიდულობენ ერევანი და ბაქო ?!
მას შემდეგ, რაც ტრამპმა თითქმის სრულად შეაჩერა პირდაპირი ამერიკული დახმარება კიევისთვის, დემოკრატების ლიდერობით ახალ კონგრესს ექნება ძალაუფლება კენჭისყრაზე დააყენოს და დაამტკიცოს დახმარების ახალი პაკეტები. ვინაიდან უკრაინის მხარდაჭერას ორპარტიული საფუძველი აქვს, დემოკრატებს შეუძლიათ მოაგროვონ ხმათა ორი მესამედი, რაც აუცილებელია პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს დასაძლევად. კონგრესს აქვს პირდაპირი გავლენა სანქციების კანონმდებლობაზე. დემოკრატები გეგმავენ, რომ წინ აღუდგნენ ტრამპის ცდებს, შეუმსუბუქოს მოსკოვს ეკონომიკური შეზღუდვები (მაგალითად, რუსულ დიზელსა და ენერგომატარებლებზე ცოტა ხნის წინ მოხსნილი სანქციების საპასუხოდ).
დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფი კომიტეტები დაიწყებენ საპარლამენტო გამოძიებებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე - მათ შორის კიევისთვის დაზვერვის მონაცემების გაზიარების შეზღუდვასა და უკრაინაზე ტერიტორიული დათმობების მისაღებად პოლიტიკურ ზეწოლაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კონგრესი აკონტროლებს ბიუჯეტს, პრეზიდენტი რჩება მთავარსარდლად. ეს ნიშნავს, რომ იარაღის მიწოდების ტემპი, Patriot- ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა თუ Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომის რეგულირება კვლავ ტრამპის ადმინისტრაციის ხელში დარჩება, რაც დახმარების ეფექტურობას შეანელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე გამოთქვა იმედი, რომ კონგრესში დემოკრატების გამარჯვება გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე გავლენას მოახდენს აგრეთვე ისიც, თუ რამდენად სწრაფად გამონახავენ საერთო ენას ახალი კონგრესი და თეთრი სახლი და ხომ არ გადაიქცევა ტრამპი "პრეზიდენტ ვეტოდ".