500 ამერიკულ ანტირაკეტას უკრაინა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ თუ მიიღებს, როდესაც... - კვირის პალიტრა

500 ამერიკულ ანტირაკეტას უკრაინა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ თუ მიიღებს, როდესაც...

რუსული ბალისტიკური რაკეტების ყოველდღიურ "სასიკვდილო წვიმაში" მყოფ უკრაინაში ძალზე უნდა გახარებოდათ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 ანტირაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, თუმცა... თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ 500 ანტირაკეტა აშშ-მ უკრაინას უახლოეს 3-4 წელში მიაწოდოს, ამ პერიოდში კი რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.

უკრაინამ ამერიკელ პარტნიორებს სთხოვა მხარდაჭერის სპეციალური პაკეტი, რომელიც ამ ზამთრის პერიოდში მიწოდების თვეში 100 რაკეტამდე გაზრდას ითვალისწინებს, რადგან 2026-27 წლების ზამთრის პერიოდი ურთულესი იქნება უკრაინისთვის, რომლის ქალაქებსა და ენერგოობიექტებზე აგრესორი რუსეთი სპეციალურად გააძლიერებს ბალისტიკური რაკეტებით შეტევებს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, აშშ უკრაინას თვეში საშუალოდ მხოლოდ 12 Patriot-ის რაკეტას აწვდის, ეს რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიწოდებული რაოდენობის დაახლოებით მეოთხედს თუ შეადგენს.

მაგრამ მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ თვეში საშუალოდ მიწოდებული 12 ერთეული "პეტრიოტის" რაკეტაც ძირითადად საზენიტო PAC-2 ტიპისაა ანუ ის კი გამოდგება აეროდინამიკური სამიზნეების (თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტების, შვეულმფრენებისა თუ დრონების) ჩამოსაგდებად, მაგრამ ჰიპერბგერით რუსულ "ისკანდერებსა" და "ცირკონებს" ბევრს ვერაფერს აკლებს.

ოფიციალური კიევის განსაკუთრებულ გაღიზიანებს კი ის ფაქტი იწვევს, რომ აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ერთ თვეზე მეტია ხელს არ აწერს უკრაინისთვის "პეტრიოტის" ორ ათეულამდე ანტირაკეტის სხვა ქვეყნებიდან მიწოდების უბრალო დოკუმენტს, რომელიც აშშ-ს არაფერს დააკლებს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოქტომბრის მიწურულს საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა თითქმის ერთი თვეა ელოდება პენტაგონის ხელმძღვანელისგან ამ ნებართვას. ლაპარაკია 23 ერთეულ Pატრიოტ-ის რაკეტაზე, რომლებიც უკრაინის პარტნიორებმა მესამე ქვეყნების რეზერვებიდან მოიძიეს და საფასურიც უკვე გადაიხადეს, თუმცა ამერიკული კანონმდებლობით, მათ გადასაცემად აშშ-ის ოფიციალური წერილობითი ნებართვაა საჭირო.

თეთრი სახლი სამხედრო დახმარებას შესაძლოა პოლიტიკურ ბერკეტად იყენებდეს, რათა აიძულოს კიევი დათმობაზე წავიდეს მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ მიწოდება აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე სპეციალურად იყო შეჩერებული. თავად პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პენტაგონს უკრაინის მიმართ პოზიცია არ შეუცვლია. მისი განმარტებით, შეფერხება ტექნიკურია და უწყება უპირველესად ზრუნავს იმაზე, რომ "ამერიკელ სამხედროებს ჰქონდეთ მაქსიმალურად საკმარისი რაოდენობის ანტირაკეტები საკუთარ საწყობებში, ახლო აღმოსავლეთში ირანთან კონფლიქტის ფონზე".

ზელენსკიმ კი დააზუსტაა, რომ ჰეგსეტმა აშშ-ის მიერ გამოყოფილი 12-რაკეტიანი პაკეტის დოკუმენტს ხელი მოაწერა და "შესაძლოა ფიქრობს, რომ ყველაფერს მოაწერა ხელი, მაგრამ ასე არ არის".

ერთი მხრივ, გასაგებიცაა ამერიკული მხარის პოზიცია, როდესაც დღე-დღეზე შეიძლება განახლდეს დიდი საჰაერო ომი ირანთან და ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად სპარსეთის ყურესა და ისრაელში ამერიკელ მეზენიტეებს ძალიან ბევრი ანტირაკეტა დასჭირდებათ, გამომდინარე იქიდანაც, თუ როგორ... უყაირათოდ ხარჯავდნენ ისინი ამ ანტირაკეტებს აქამდე.

ასევე დაგაინტერესებთ: 70 წუთში დაღუპული 10 ათასი ადამიანი - უდიდესი საზღვაო კატასტროფა, რომელმაც „ტიტანიკის“ ტრაგედიაც კი გადაფარა

პუტინს მილიარდერი მასკი „სტარლინკის“ თანამგზავრების განადგურებით დაუშინებია

შეიარაღების "შეჯიბრი" კავკასიაში - რა სახის თანამედროვე იარაღს ყიდულობენ ერევანი და ბაქო ?!

პუტინს „ქართული გამოცდილების“ გაზიარებასა და „ალაზნებით“ უკრაინული დრონების ჩამოგდებას სთავაზობენ

ირანის მიერ ასობით ბალისტიკური რაკეტისა და დრონის მასირებული გაშვებისას ისრაელმა და აშშ-ის ძალებმა ახლო აღმოსავლეთში პირველივე დღეებში 800-ზე მეტი Patriot-ის რაკეტა გაისროლეს. შედარებისთვის, ეს იმაზე მეტია, ვიდრე უკრაინამ ომის 4 წლის განმავლობაში ჯამურად მიიღო (დაახლოებით 600 ერთეული).

იორდანიისკენ გაშვებული ირანის მხოლოდ ერთი სარაკეტო ტალღის (დაახლოებით 20 ბალისტიკური რაკეტის) მოსაგერიებლად, აშშ-ის ძალებმა 60-დან 70-მდე Patriot-ის PAC-3 ანტირაკეტა და 10-ზე მეტი THAAD სისტემის ანტირაკეტა გამოიყენეს.

საერთო ჯამში, 2026 წლის 28 თებერვლიდან მოყოლებული აშშ-ის ძალებმა რეგიონში 1 060-დან 1 430-მდე Patriot-ის რაკეტა დახარჯეს, რაც ამერიკული არმიის ხელთ არსებული საწყისი მარაგის ნახევარზე მეტია და რაც უკრაინას კიდევ სამი-ოთხი წელი ეყოფოდა ყველა რუსული "ისკანდერის" ჩამოსაგდებად, რადგან უკრაინელი მეზენიტეები ისე დახელოვდნენ, რომ თითოეულ რუსულ "ისკანდერს" ამერიკული "პეტრიოტის" ერთი, მაქსიმუმ ორი ანტირაკეტით აგდებენ.