კაშპიროვსკი: საბჭოთა კავშირის ბოლო „ჯადოქარი“ - როგორ ცდილობდა ექსტრასენსი შამილ ბასაევის დაჰიპნოზებას - კვირის პალიტრა

კაშპიროვსკი: საბჭოთა კავშირის ბოლო „ჯადოქარი“ - როგორ ცდილობდა ექსტრასენსი შამილ ბასაევის დაჰიპნოზებას

1989 წლის 9 ოქტომბრის საღამოს საბჭო­თა კავშირის მილიონობით მოქალაქე ტელეეკრანებს მიეჯაჭვა. ეთერში, სადაც წლების განმავლობაში მოსაწყენი კომუნისტური ყრილო­ბები გადაიცემოდა, იდუმალი ფიგურა გამოჩნდა. მკაცრი გამოხედვისა და სპორტული აღნაგობის ფსიქოთერაპევტი, შუბლზე ძალიან მოკლედ შეკრეჭილი თმით - ანატოლი კაშპიროვსკი მაყურებელს ეკრანიდან პირდაპირ თვალებში უყურებდა და წარმოთქვამდა ფრაზებს, რომლებმაც მალე მთელ ქვეყანაზე უზარმაზარი ფსიქოემოციური ზეგავლენა მოახდინა...

ე.წ. პერესტროიკის მიწურულს საბჭოთა იმპერია ეკონომიკურ და პოლიტიკურ ქაოსში ჩაიძირა, მაღაზიების დახლები ცარიელი იყო, ხოლო მომავლის შიში - საყოველთაო, კაშპიროვსკის გამოჩენა კი საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი სტრესისა და შიშის განმუხტვის საშუალებად იქცა. ხალხს, რომელსაც ძველი იდეოლოგიური საყრდენები გამოეცალა, სასწაულის ხილვა სწყუროდა. მალე ის უზარმაზარი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ადამიანად იქცა...

გზა ჩვეულებრივი ექიმიდან მასობრივ მკურნალამდე

ანატოლი კაშპიროვსკი 1939 წელს დაიბადა უკრაინაში. ვინიცის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 25 წელი ფსიქიატრიასა და ფსიქოთერაპიას მიუძღვნა. მუშაობდა ადგილობრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სწავლობდა ტვინის შესაძლებლობებს, ჰიპნოზსა და ფსიქოსომატიკას.სანამ საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა, იყო საბჭოთა ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ფსიქოთერაპევტიც, სადაც სპორტსმენებს ფსიქოლოგიურ მომზადებაში ეხმარებოდა. თუმცა მისი ამბიციები უბრალო ექიმის კაბინეტს მალევე გასცდა...

ოპერაცია ჰიპნოზის ქვეშ

კაშპიროვსკის ტრიუმფი 1988-89 წლებს უკავშირდება, როდესაც ცენტრალურმა ტელევიზიამ მისი სეანსების ტრანსლირება დაიწყო. კარიერის მწვერვალი გახდა სატელევიზიო ტელეხიდები, განსაკუთრებით კი 1989 წლის კიევი-თბილისის ტელეკონფერენცია. კაშპიროვსკი ეკრანიდან „დისტანციურ გაუტკივარებას ახდენდა, სანამ ქირურგები პაციენტებს: ლესია იურშოვასა და ოლგა იგნატოვას მუცლის ღრუს რთულ ოპერაციებს უტარებდნენ. მილიონობით მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, როგორ იტანდნენ ისინი ქირურგიულ ჩარევას ტრადიციული ნარკოზის გარეშე. პაციენტები საუბრობდნენ, მღეროდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ტკივილს ვერ გრძნობდნენ...

თუმცა წლების შემდეგ მითი დაიმსხვრა: ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ ოპერაცია სინამდვილეში საშინლად მტკივნეული იყო, მან კი მაინც გაუძლო, რათა ეთერი არ ჩაეშალა. გარდა ამისა, ექიმების აღიარებით დადასტურდა, რომ პაციენტებს ოპერაციისას ადგილობრივი ანესთეზია მაინც გაუკეთეს.

"ვიძლევი მითითებას!"

1989 წლის ოქტომბერში საკავშირო ცენტრალურმა ტელევიზიამ დაიწყო გადაცემათა ციკლი "ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ჯანმრთელობის სეანსები", რომელსაც 200 მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა.

ალან ჩუმაკისგან განსხვავებით (რომელიც ეკრანთან უხმოდ იჯდა და წყალს "მუხტავდა"), კაშპიროვსკი ამტკიცებდა, რომ მეცნიერ-ფსიქოთერაპევტი იყო და ყოველგვარი ჯადოქრობისგან მკაცრად დისტანცირდებოდა. "ვიძლევი მითითებას!" - ამ ცნობილი ფრაზითა და მკაცრი, გამჭოლი მზერით შთააგონებდა ხალხს, რომ ადამიანის ორგანიზმის შინაგან რესურსებს აღვიძებდა, რის შედეგადაც ქრებოდა ოპერაციის შემდგომი ნაიარევები, ჭრილობები, ალერგია, ასთმა და სხვა ქრონიკული დაავადებები. ეს იყო მასობრივი თვითშთაგონება (აუტოსუგესტია) და პლაცებოს ეფექტი.

მასობრივი ექსტაზი

სატელევიზიო ეთერების პარალელურად, კაშპიროვსკიმ მასშტაბური გასტროლები დაიწყო. სტადიონები და სპორტის სასახლეები ისე ივსებოდა, ნემსი არ ჩავარდებოდა - ხალხი ღამით დგებოდა რიგებში, რომ სეანსზე ბილეთი შეხვედროდა. გადაჭედილ სპორტულ დარბაზებსა და გიგან­ტურ სტადიონებზე გამართული სეანსები მასობრივ ფსიქოზში გადადიოდა. ხალხი თითქოს ტრანსში ვარდებოდა: ზოგიერთები უეცრად ძირს ეცემოდნენ, იკლაკნებოდნენ ან უკონტროლო ხარხარსა და ქვითინს იწყებდნენ. სტადიონებზე გამეფებული ემოციური ექსტაზის ფონზე, ხალხი ყავარჯნებსა და ჯოხებს ისროდა, სცენისკენ მიიწევდა და ცდილობდა "მკურნალს" თუნდაც ტანსაცმელზე შეხებოდა. ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო სეანსი - ეს იყო კოლექტიური ისტერია... ამ გამოსვლებმა კაშპიროვსკის კოლოსალური მოგება მოუტანა, რომლის განკარგვაც იმპერიის დაშლის პირას მყოფ საბჭოთა რეალობაში თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერ­ვიუში იხსენებდა, ტაშკენტში გამართული სეანსების დროს, სადაც დღეში რამდენიმე გამოსვლას ატარებდა, იმდენი ნაღდი ფული (ასობით ათასი რუბლი) დაუგროვდა, რომ საბჭოთა ეკონომიკის რეალობაში, სადაც დოლარი ოფიციალურად 50 კაპიკი ღირდა, უბრალოდ არ იცოდა, სად წაეღო...

სეანსებიდან დუმამდე

მიუხედავად იმისა, რომ კაშპიროვსკი თავის საქმიანობას "შთაგონებით ფსიქოთერაპიას" უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ექსტრასენსული უნარები არ გააჩნდა და მხოლოდ ადამიანის ორგანიზმის ფარული, თვითაღდგენითი რესურსების გააქტიურებას ახდენდა, სამეცნიერო საზოგადოების დასკვნა ერთსულოვანი და მკაცრი იყო - სეანსებს მანიპულაციისა და მასობრივი აუტოსუგესტიის (თვითშთაგონების) კვალიფიკაცია მისცეს. ოფიციალურმა მედიცინამ მის საქმიანობას "ფსევდომეცნიერება" უწოდა. ექიმები გამოუსწორებელ შედეგებზე მიუთითებდნენ: მძიმე სენით (მათ შორის ონკოლოგიით) დაავადებული პაციენტები უარს ამბობდნენ ტრადიციულ ოპერაციებსა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, რადგან ტელესეანსების სჯეროდათ, რამაც მრავალი მათგანი ფატალურ შედეგამდე მიიყვანა... მიუხედავად იმისა, რომ პლაცებოს ეფექტისა და ემოციური აღგზნების ფონზე ზოგს დროებითი შვება ეუფლებოდა, ათასობით ფსიქიკურად მოწყვლადი ადამიანისთვის მასობრივმა ჰიპნოზმა მძიმე მენტალური ტრავმები და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.

1990-იანი წლების დასაწყისში, ხელისუ­ფ­­ლების გადაწყვეტილებით, კაშპიროვსკის გადაცემები აიკრძალა, კაშპიროვსკიმ კი პოლიტიკაში გადაინაცვლა, 1993 წელს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატიც გახდა...

ტერორისტებთან მომლაპარაკებელი

კაშპიროვსკის ბიოგრაფიის ყველაზე დრამატული ეპიზოდი 1995 წლის ბუდიონოვსკის ტრაგედიას უკავშირდება - როდესაც შამილ ბასაევის ტერორისტულმა დაჯგუ­ფებამ ბუდიონოვსკის საავადმყოფოში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მძევ­ლად აიყვანა, კაშპიროვსკი, როგორც ოფიციალური დეპუტატ-მომლაპარაკებელი, ალყაშემორტყმულ შენობაში შევიდა.

ამ მოვლენაზე თანამედროვეთა მოგონებები სხვადასხვა ვერსიას ჰყვება:

რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცდანაყოფ "ალფას" ყოფილი ოფიცრები, ჟურნალისტები და ადგილობრივი შტაბის წევრები იხსენებენ, რომ კაშპიროვსკიმ მართლაც გამოთქვა სურვილი, ბასაევი "ჰიპნოზით დაემორჩილებინა". თუმცა შიგნით არსებული საშინელი სურათის: სისხლის, ანტისანიტარიის, გვამების სუნისა და დაძა­ბულობის გამო შეუძლოდ გახდა და შენობიდან ხელით გამოიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი "ფსიქოლოგიური იერიში" ჩავარდა, როგორც ჩანს, კაშპიროვსკიმ ბასაევთან საუბარი მაინც მოასწრო. შედეგად, საველე მეთაურმა რამდენიმე ორსული ქალი და ბავშვი მართლაც გაათავისუფლა (სხვადასხვა ვერსიით, 5-დან 40-მდე ადამიანი). შენობიდან გამოსვლის შემდეგ კაშპიროვსკიმ ბუდიონოვსკი მალევე დატოვა, რამაც საზოგადოებასა და მედიაში გააჩინა შთაბეჭდილება, რომ მან ვითარებას ვერ გაუძლო და გაიქცა...

პირადი ცხოვრება

ოფიციალურად ის სამჯერ დაქორწინდა: პირველი ცოლი იყო ვალენტინა - მათ ერთად 22 წელი გაატარეს, შეეძინათ ორი შვილი: ვაჟი სერგეი და ქალიშვილი ელენა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... მეორე ცოლი ირინა, ჩეხი მასაჟისტი, კაშპიროვსკის თაყვანისმცემელი გახლდათ. ისინი 1992 წელს დაქორწინდნენ და ერთად 22 წელი იცხოვრეს. მესამე ცოლი, გულიზარ ჩალბაშოვა, წლების განმავლობაში მის თანაშემწედ მუშაობდა. 2024 წელს მათ ოფიციალურად იქორწინეს, ხოლო 2025 წლის აგვისტოში, როდესაც კაშპიროვსკი უკვე 86 წლის იყო, ქალიშვილი ელინა შეეძინათ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოატყუა „ახალმა სტივ ჯობსმა“ ამერიკა

„ქალი, რომელმაც მთელი ქალაქი „დააჰიპნოზა“

როგორ გაანადგურა მილიონერის ფინანსური პირამიდა ჟურნალისტის უბრალო მათემატიკურმა გამოთვლამ...

რუსი თაღლითის ყველაზე მასშტაბური ფინანსური პირამიდა კაცობრიობის ისტორიაში

ეპოქის დასასრული

სიცოცხლის ბოლო წლებში კაშპიროვსკი სოცქსელებსა და YouTube-ზე აქტიურობდა, ემიგრანტთა წრეებში მოგზაურობდა და იმიჯს ინარჩუნებდა. სულ ახლახან კი, 2026 წლის 3 ოქტომბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება იყო, თუმცა მედიაში აქტიურად წერდნენ, რომ პროსტატის კიბოს რთულ ფორმას ებრძოდა. სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში, ტრო­ეკუროვოს სასაფლაოზე გაიმართა, თუმცა, ანდერძის თანახმად, მისი ცხედარი გადაასვენეს უკრაინაში, მშობლიურ ქალაქ ვინიცაში (რუსეთ-უკრაინის ომის გამო სტამბოლისა და ვარშავის გავლით), რათა საოჯახო სასაფლაოზე დაეკრძალათ, სადაც მისი მშობლები და ქალიშვილი განისვენებენ...

სჯეროდა თუ არა კაშპიროვსკის საკუთა­რი უნარების? შესაძლოა! უყვარდა თუ არა ფული? დიახ! ერთ-ერთ ინტერვიუში მან საკუთარ თავს "პირველი ახალი რუსი" უწოდა. მის პიროვნებაზე ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება: კაშპიროვსკი თავისი ეპოქის სიმბოლოდ იქცა...

შორენა ბიწაძე