უნგრეთის გაკვეთილები საქართველოსთვის ანუ სად არის დღეს КГБ-სა და ГРУ-ს ძველი აგენტურა და რას საქმიანობს?!
უნგრეთში „მშვიდობიანი რევოლუცია“ გრძელდება. 4 ნოემბერი უნგრეთის უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც უნგრეთის ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა კომუნისტური რეჟიმის სახელმწიფო უშიშროების საარქივო დოკუმენტების მასივი, რომელშიც ათიათასობით ადამიანის სახელი ფიგურირებს.
პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა შეასრულა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება: ის აცხადებდა, რომ უნგრეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონოდათ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც კომუნისტური რეჟიმის სპეცსამსახურებმა ათწლეულების განმავლობაში მათ შესახებ შეაგროვეს. 2026 წლის 4 ნოემბერს პეტერ მადიარმა საზოგადოებას ახალი საარქივო ელექტრონული ბაზა წარუდგინა.

ფოტოზე: პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი (მარჯვნივ)
„36 წლის შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ ვასრულებთ იმას, რაც ოდესღაც 1990 წლის რეჟიმის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას წარმოადგენდა — დაპირებას, რომელიც მოგვიანებით უარყვეს და მოიტყუეს“, - განაცხადა მადიარმა სახელმწიფო უშიშროების არქივის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ახალ ონლაინ მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 60 000 სახელი გამოქვეყნდა. ფაილების მეორე პარტია, სავარაუდოდ, თებერვლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„ყველას ვთხოვ, ღირსეულად და ჰუმანურად მოეკიდონ დოკუმენტების ამ დიდი ხნის განმავლობაში დაგვიანებულ გამოქვეყნებას... რადგან ბევრი ოჯახი ახლა რთული ინფორმაციის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც ხშირად მათი ოჯახის გარდაცვლილ წევრს უკავშირდება“, - განაცხადა მადიარმა.
მკითხველს შევახსენებ, რომ 1945–1991 წლებში ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნების უშიშროების ორგანოები საბჭოურ ყაიდაზე იყო მოწყობილი: არსებობდა ფარულად მოქმედი კადრის ოფიცრის შტატი („მოქმედი რეზერვის ოფიცერი“ – ე.წ. „ოდეერი“ და „ღრმა დაშიფვრის ოფიცერი“ ) და ე.წ. „სპეცკონტიგენტი“ (აგენტი, სანდო პირი, შტატგარეშე ფარული თანამშრომელი და სხვ.), რომელთა შორის განსხვავება ის იყო, რომ ერთნი ოფიციალური თანამშრომლები და ოფიცრები იყვნენ, რაც ასევე აისახებოდა საფინანსო–საბუღალტრო უწყისებში, ხოლო მეორენი „აგენტურულ აპარატს“ მიეკუთვნებოდნენ და მათი ანაზღაურება/წახალისება ე.წ. „მეცხრე მუხლით“ („ფარული ხარჯები“) ხორციელდებოდა. ორივე კატეგორია კომუნისტური რეჟიმის ერთგული „ცერბერები“ იყვნენ, თუმცა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ჩატარებულ ლუსტრაციის პროცესში მათი „წვლილი“ განსხვავებულად იყო შეფასებული: „ოფიციალურ ცერბერებს“ ის მცირე შეღავათი ჰქონდათ, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, ხოლო მრავალრიცხოვანი „სპეცკონტიგენტი“ ყველაზე მარგინალურ და საძულველ ფენად იყო აღქმული.
ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში დღემდე აქტუალური საკითხია, თუ რამდენად თავისუფალი იყო ახალი დემოკრატიული პოლიტიკური ელიტა ძველი რეჟიმის სპეცსამსახურების გავლენისგან?
„სოციალისტური ბლოკის“ დაშლის შემდეგ ლუსტრაციის პროცესი საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა გახდა და ყველა ახალი პოლიტიკურ ძალა იძულებული იყო მისთვის ანგარიში გაეწია. უნგრეთში ლუსტრაციის „რბილი“ ფორმა აირჩიეს, რასაც თავისი ისტორიული მიზეზები ჰქონდა. 1994 წელს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო ლუსტრაციის კანონი, რომლის ამოცანა უშიშროების ორგანოებთან პოლიტიკოსებისა და კულტურული ელიტის კავშირების გამოვლენა და ამ ინფორმაციის გასაჯაროება უფრო იყო, ვიდრე დასჯა. ლუსტრაციას ექვემდებარებოდნენ ისინი, ვინც იღებდა უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის წერილობით ვალდებულებას, წერდა „ცნობებს“ და იღებდა რაიმე მატერიალურ სარგებელს „პოლიტიკური პოლიციისგან“. უნგრეთში კანონით განისაზღვრა იმ პირთა წრე ვინც ლუსტრაციას ექვემდებარებოდნენ, ესენი იყვნენ: პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ეროვნული ბანკისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამართლეები, პროკურორები. ასევე სახელმწიფო მედიის, და რაც ძალზე მნიშვნელოვანია კერძო მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები. თუ ზემოჩამოთვლილი პირების უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობის ფაქტი გამომჟღავნდებოდა, პირს შესაძლებლობა ჰქონდა გადამდგარიყო საკუთარი სურვილით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საქმე 30 დღის განმავლობაში გამოქვეყნდებოდა ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ სხვა სამართლებრივი მოქმედება ან სამსახურიდან გათავისუფლება არ ხდებოდა. ასე, რომ უნგრეთის ლუსტრაციის კანონმდებლობის მთავარი მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობა უფრო იყო, ვიდრე ყოფილი აგენტების დასჯა.

ფოტოზე: ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში კოშუტის მოედანზე გამართულ მიტინგზე, 1989 წლის 15 მარტი
ვერც ვიქტორ ორბანი და “ფიდესი” გადაურჩა კომუნისტური უშიშროების ორგანოებთან ფარული თანამშრომლობის ბრალდებებს. ზოგიერთი უნგრელი პოლიტოლოგისა და ექსპერტის აზრით, ახალგაზრდული მოძრაობა „ფიდესი“ თავიდანვე უნგრეთის სპეცსამსახურების პროექტი იყო, რომელსაც პირადად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი იშტვან ხორვატი კურირებდა. არაა გამორიცხული. გავიხსენოთ გასული საუკუნის 70–80 –იანი წლების საქართველოს ეროვნული მოძრაობა, რომელსაც კა–გე–ბე „მწყემსავდა“: ნერგავდა აგენტურას, ქმნიდა და შლიდა ახალ–ახალ „პოლიტიკურ ორგანიზაციებს“ (მათ შორის ფაშისტური იდეოლოგიის), ახალგაზრდა ლიდერებს უპირისპირებდა ერთმანეთს და სრულად მართავდა ამ პროცესს.
იგივე მდგომარეობა იყო უნგრეთშიც. უნგრულ მასმედიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, რომლებიც უშიშროების არქივებიდან არის მოპოვებული, მრავლადაა აგენტურული ცნობები „ფიდესში“ ჩანერგილი აგენტების („ლასლო“, „ბატონი“, „თემეშვარი“, „გაბორ დიერი“ და სხვ.) შესახებ. თავად ვიქტორ ორბანით უნგრეთის სპეცსამსახურების დაინტერესება ჯერ კიდევ 1981 შემოდგმაზე დაწყებულა, როდესაც მომავალი პრემიერ–მინისტრი სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. არქივებში იძებნება აგრეთვე აგენტურული ცნობები ვიქტორ ორბანის პიროვნულ–ფსიქოლოგიური დახასიათებით. აგენტურული ცნობები მრავლადაა ვიქტორ ორბანის მომავალი მეუღლის, ანიკო ლევაის შესახებაც. საინტერესოა ის გარემოება, რომ მათ გარემოცვაში მოქმედი აგენტი–ინფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ ორბანი და ლევაი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იშტვან ხორვატის მფარვერელობით სარგებლობდნენ და თავისუფლად მოგზაურობდნენ დასავლეთის ქვეყნებში, აკეთებენ ყველაფერს რაც სურთ და არ ეშინიათ პოლიციის დევნისო. უკანასკნელ პერიოდში ვიქტორ ორბანის სავარაუდო აგენტური წარსული კვლავ აქტუალური გახდა. 2026 წლის 3 ნოემბერს ვიქტორ ორბანმა საკუთარ Facebook-გვერდზე შემეგი ტექსტი გამოაქვეყნა:
„სამხედრო სამსახურის პირველი პერიოდის განმავლობაში მათ ჩემი გადაბირება სცადეს, მაგრამ მე უარი ვთქვი, ამიტომ მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მოგვიანებით, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ჩვენ ყველანი სახელმწიფო პარტიის საიდუმლო გამოძიების სამიზნეები ვიყავით. დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან ჩვენს წინააღმდეგ ყველანაირი საიდუმლო სამსახურის ინსტრუმენტი გამოიყენებოდა. ისინი გვაკონტროლებდნენ, ჩვენზე ინფორმატორებს აყენებდნენ, მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟებას ახდენდნენ ჩვენს სამუშაო ადგილებზე, ბინებსა და საძინებლებშიც კი.“

ფოტოზე: ვიქტორ ორბანი. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ვეღარ არის ძველებურ რიხზე.
არსებობს თუ არა დოკუმენტური საფუძველი ვიქტორ ორბანის კომუნისტური უნგრეთის სახელმწიფო უშიშროებასთან თანამშრომლობის ეჭვისთვის და რამდენად შესაძლებელია დღეს ამ საკითხზე ისტორიული სიმართლის დადგენა? ვფიქრობთ ამას მომავალი წლის დასაწყისში გავარკვევთ, როდესაც უნგრეთის ხელისუფლება ახალ საარქივო დოკუმენტებს გამოაქვეყნებს. სპეცსამსახურების არქივები წარსულის შესწავლის უმთავრესი მატერიალური წყაროა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის შემთხვევაში. ტოტალიტარული რეჟიმების არქივების შესწავლას არა მარტო ისტორიული, არამედ დიდი პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი დიდწილად ისტორიულ არქივებთან დამოკიდებულებითაც განისაზღვრება: თუ ქვეყნის ხელისუფლება საზოგადოებას არ უმალავს წარსულის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებს (რაც არ უნდა მძიმე იყოს ის!), ამ შემთხვევაში დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტთან გვაქვს საქმე და პირიქით. სპეცსამსახურების არქივების გასაჯაროების და ლუსტრაციის პროცესის ერთ–ერთი ყველაზე დიდი საფრთხე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში იმალება. ვინ და როგორ უნდა ჩაატაროს ლუსტრაცია? პარტიული ნიშნით შედგენილი ლუსტრაციის კომისია ობიექტური ვერასდროს ვერ იქნება და ქვეყნის მოსახლეობის სრული ნდობით ვერანაირად ისარგებლებს. ამ დროს ძალზე დიდია ცდუნება და ვინც ფლობს “ლუსტრაციის სახელმწიფო კომისიას” და სპეცსამსახურის არქივებს, ის ყოველთვის გაიმარჯვებს არჩევნებში. შერჩევითი ლუსტრაცია კი უკვე პოლიტიკურ ანგარიშწორებად იქცევა! ამიტომ საჭიროა არა პოპულიზმი და მოჩვენებითი პატრიოტობა, არამედ სიმართლე და პროფესიონალიზმი. ვფიქრობ პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი შეძლებს ამ ცდუნების დაძლევას!
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კარგა ხანია დამკვიდრდა ლუსტრაციის კანონის მოთხოვნისა და აგენტების გამოვლენის ერთგვარი მოდა. ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რომ არა გაუმართლებელი აჩქარება და ფართო საზოგადოებრივი განხილვისგან თავის არიდება. სხვადასხვა პარტიების ლიდერების მიერ ერთმანეთის "კრემლის" აგენტობაში დადანაშაულების "მოდა" ქართულ პოლიტიკაში გასული საუკუნის 80 იანი წლების ბოლოდან დამკვიდრდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა მაგრამ კა-გე-ბეს არქივების შესწავლისა და მისი აგენტურის ლუსტრაციის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. ლუსტრაციის პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი–ორი წლით ადრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კა–გე–ბეს არქივები ( უპირველესად: ოპერატიული აღრიცხვის საქმეები, აგენტურისა და ფარული თანამშრომლების კარტოთეკები) წინასწარ გაიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყნის საიდუმლო არქივებიც. ჩეხეთის მასმედიის ცნობით, 1990 წელს საბჭოთა კა–გე–ბემ იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიიდან გაიტანა უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ მონაცემთა ბაზის დიდი ნაწილი, მათ შორის საიდუმლო ინფორმაცია ამ ქვეყნის 30 ათას მოქალაქეზე. ანალოგიური ფაქტები მოხდა სხვა ქვეყნებშიც.
რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად დაეხმაროს თავის აგენტურას კარიერულ წინსვლაში, გზა გაუნთავისუფლოს დაწინაურებისკენ და პარალელურად პატრიოტი კადრები ჩამოაშოროს ქვეყნისთვის სამსახურს. ახალი აგენტის საჭირო პოსტზე გასაყვანად “ლოკომოტივად” იყენებენ უკვე მომძლავრებულ ძველ აგენტურას. აი ასე, ხელიხელჩაკიდებული მუშაობენ ისინი. ამიტომ რა გასაკვირი იქნება, რომ 1991 წლის შემდგომ პერიოდში რუსეთის აგენტურას უკვე შეღწია ქვეყნის სტრატეგიულ სფეროებში.
ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს იმის გარკვევა, დაშანტაჟების გზით ხომ არ მოახერხეს რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების “დაკონსერვებული” ან ფარული აგენტების გადაბირება, გააქტიურება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება. ამ შემთხვევაში ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის კი არა, უკვე რუსეთის აგენტურაა. 1992 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ფრთხილად დაიწყეს კა-გე-ბეს და გე-ერ-უს საქართველოს რესპუბლიკაში დარჩენილი ძველი აგენტურის „გაცოცხლება“ და ახალის გადაბირება. სად არის ეს აგენტურა დღეს და რას საქმიანობს?
სამწუხაროდ ლუსტრაციის პროცესი ზოგს არასწორად ესმის და პირდაპირ უკავშირებს დღეს მოქმედი უცხო ქვეყნების აგენტურის გამოვლენას, რაც არასწორია. ეს პროცესი ორი ეტაპისგან შედგება: ერთია უკვე ისტორიული მნიშვნელობის არქივების გასაჯაროება, რაც მეცნიერებისა და უშუალოდ რეპრესირებულთა (აგრეთვე მათი ოჯახის წევრების) ინტერესთა სფეროშია. ისტორიული არქივების “გახსნის” დადებითი მომენტი ისაა, რომ გაირკვეს ისტორიული სიმართლე, არ დამახინჯდეს ფაქტები და მოვახდინოთ საბჭოთა პერიოდში საქართველოს სსრ სუკ-ისა და საბჭოთა სპეცსამსახურების (საკავშირო სუკი და გე-ერ-უ) მუშაობის მეთოდების ამსახველი დოკუმენტების შესწავლა.
მეორე ეტაპზე კი უნდა დადგინდეს: ძველი აგენტურა უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენმა მტერმა ხომ არ გადაიბირა. ლუსტრაციის პროცესის ხელოვნური გაჭიანურება ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეების წისქვილზე ასხამს წყალს. გაუშიფრავი ყოფილი აგენტურა და მათი შთამომავლები ფარული შანტაჟის წნეხის ქვეშ არიან, რის გამოც უნდათ, თუ არ უნდათ კვლავ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებების შესრულება უწევთ. ძველი აგენტურის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ამჟამად მუშაობის გამოვლენა კი, უკვე ჩვენი კონტრდაზვერვის სამსახურის "გასამარგლი ბოსტანია".
ჩვენ წინაპრებს უთქვამთ: "თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო". ამიტომ საჭიროა თანდათანობით განათავსდეს ინტერნეტში სკანირებული სახით ეს საარქივო დოკუმენტები, დაე საზოგადეობამ თავად შეისწავლოს და დასკვნებიც თავად გამოიტანოს. აღარაა საკმარისი თუნდაც 1937 წლის რეპრესიების ამსახველი დოკუმენტების დოზირებული "ბეჭდვა/ანალიზი" ან "ბაგაზე მიბმული" ექსპერტებისა თუ რეჟისორების “სენსაციური" ექსკლუზივები. საზოგადოებას უფლება აქვს თავად გაეცნოს ამ დოკუმენტებს და დასკვნებიც თავად გააკეთოს!
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ "აჩუქა" ტრამპმა პუტინს "სამი სიცოცხლე" ანუ რა მოხდა მოსკოვში 2013 წლის 9 ნოემბერს, "მის სამყაროს" კონკურსზე?!
რა ვიყიდოთ და გავყიდოთ ომის დროს: ტრამპმა ირანზე დარტყმებით დიდი ფული იშოვა?!
"ამერიკელი მძევალი": რატომ გაათავისუფლა სინამდვილეში პუტინმა ციხიდან 74 წლის სტივენ ჯეიმს ჰაბარდი?!
ლიეტუველთა, უნგრელთა და უკრაინელთა მაგალითი გვიჩვენებს, რომ არქივებში არსებული სუკ-ის ისტორიული დოკუმენტების სკანირება და თავისუფალი სარგებლობისათვის ინტერნეტში განთავსება სავსებით შესაძლებელია და ამას რაიმე განსაკუთრებული მატერიალური და შრომითი დანახარჯები არ ჭირდება. საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება!
პ.ს. ავტოკრატ/პოპულისტები უნგრეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც მარცხდებიან: აშშ-ში, სერბეთში, ბრაზილიაში - რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხალხს მხოლოდ ის არ აინტერესებს, თუ რამდენად გაიზარდა საწვავისა და საკვების ფასები. სერბეთის ახალმა მთავრობამ რაც შეიძლება მალე უნდა გახსნას საიდუმლო სამსახურის ფაილები, რათა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს გაარკვიოს, იყო თუ არა ისინი თვალთვალის ობიექტი და თუ ასეა, ვინ იყო ინფორმატორი, აცხადებენ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელები. ასე, რომ ვფიქრობ სერბეთის ხელისუფლებაც მალე გამოაქვეყნებს კომუნისტური წარსულის ისტორიულ არქივებს.