მტრების სამიტი აბუ-დაბიში: რა ხდებოდა რუსულ-უკრაინულ-ამერიკულ მოლაპარაკებების კულუარებში და რა შედეგით დასრულდა ის?!
„მოლაპარაკება აბუ-დაბიში: მთავარი კონკრეტული შედეგი - ტყვეების ახალი გაცვლა“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე სტატია, რომელშიც განხილულია სიტუაცია არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში დასრულებულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
მოხდა თუ არა „გარღვევა“ მოლაპარაკების დროს? რა საკითხებზე შეთანხმდნენ ან არ შეთანხმდნენ მტრები - უკრაინა და რუსეთი? რას გეგმავენ შუამავლები?
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკება პირველია ბოლო 9 თვის განმავლობაში. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ საკითხზე - ტყვეების გაცვლაზე, რომლის დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. იყო მსჯელობა ტერიტორიულ საკითხზეც, მაგრამ უშედეგოდ.
მოლაპარაკების პირველ დღეს დელეგაციები ერთმანეთთან 4 საათის განმავლობაში საუბრობდნენ, მეორე დღეს კი შეხვედრა მხოლოდ ორ საათს გაგრძელდა. მხარეებმა პრობლემების მიმართ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს და რადგანაც კომპრომისების გარეშე მათი მოგვარება ამ ეტაპზე შეუძლებელია, საჭიროდ ჩათვალეს შუამავალი მხარის - აშშ-ის წარმომადგენლების კონსულტაციების გაგრძელება ქვეყნების მეთაურებთან.
რუსები: „დიალოგი გრძელდება... მაგრამ რა უნდათ აქ ევროპელ ტურისტებს?“
„ჯერ-ჯერობით საჯაროდ ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ ვიტყვით. ზოგ საკითხებში ურთიერთგაგებას მივაღწიეთ, ზოგიერთში კი ვერ შევთანხმდით. დიალოგი გაგრძელდება“, - განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ, რუსეთის დელეგაციის მეთაურმა, პრეზიდენტის თანაშემწემ.
მან დაადასტურა, რომ მოსკოვი წინააღმდეგია მოლაპარაკებაში მონაწილეობა ევროპელებმაც მიიღონ, რასაც აშშ და უკრაინა ითხოვენ. „ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ჩამოვიდნენ ისინი აბუ-დაბიში და რა სტატუსი აქვთ“, - თქვა მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომლებსაც „ტურისტები“ უწოდა.
უკრაინელები: „ომი შეიძლება წლის ბოლომდე დარეგულირდეს?“
უკრაინის დელეგაციის მეთაურის, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის რუსტემ უმაროვის თქმით, უკრაინისა და ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების საკითხებში „დიდი პროგრესი იქნა მიღწეული“.
დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის პარლამენტის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ხაზი გაუსვა ტყვეების გაცვლის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას და იმედი გამოხატა, რომ სამმხრივი მოლაპარაკება სამომავლოდ მრავალმხრივი გახდება ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობის შედეგად. დავით არახამიამ ასევე ივარაუდა, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში მნიშვნელოვანი წარმატებები შეიძლება უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნას მიღწეული: „მოლაპარაკებამ ახალი იმპულსი მიიღო, დინამიკა კარგია“. სხვათა შორის, დონალდ ტრამპმაც თქვა მოლაპარაკების დაწყების წინ, რომ წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი შედეგებია მოსალოდნელი.
ამერიკელები: „შეხვედრა პროდუქტიული იყო“
ჯარედ კუშნერმა, აშშ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და შუამავალმა, მოლაპარაკების მეორე დღის შედეგების მიხედვით, განაცხადა, რომ შეხვედრები „ძალიან პროდუქტიული იყო“. „მხარეებმა ბევრი იმსჯელეს და რთული საკითხებიც განიხილეს, რომელთაგან ყველაზე რთულს ტერიტორიული საკითხი წარმოადგენდა“. ამერიკელს კონკრეტულად მეტი არაფერი უთქვამს, მან მხოლოდ ის დაანონსა, რომ 12 ნოემბერს სტიბ უოტკოფთან ერთად მოსკოვს ეწვევა და ტყვეების გაცვლის საკითხების მექანიზმს და მათ რაოდენობას განიხილავენ, შემდეგ კი გაემგზავრებიან დუბლინში (ირლანდიაში) და იქ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
ჯარედ კუშნერმა დაამატა, რომ იგი, სტივ უოტკოფთან და უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდა აბუ-დაბიში მყოფ ევროკავშირის წარმომადგენლებს: „მათთან შეხვედრაც პროდუქტიული იყო“, - აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ევროპელები მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ.
ტერიტორიის საკითხი
ტერიტორიული საკითხი, რომელიც პრინციპულია როგორც მოსკოვისთვის, ასევე კიევისთვისაც, მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა ყოფილიყო, ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის შემუშავებასთან ერთად..
„დეილი ტელეგრაფისა“ და „ეკონომისტის“ მონაცემებით, ამერიკულმა საშუამავლო დელეგაციამ (სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა) მოლაპარაკების მხარეებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის იდეა შესთავაზა, ფრონტის ხაზის შესაბამისად. იდეის ლოგიკა ასეთია: რუსეთს შესაძლებლობა მიეცემოდა ჩაეთვალა, რომ დონბასზე კონტროლი მიიღო, კიევი კი შეინარჩუნებდა კონტროლს იმ ქალაქებზე, რომლებიც ამ ოლქების ტერიტორიაზე მდებარეობენ. მაგრამ როგორც „დეილი ტელეგრაფი“ წერს, უკრაინამ ასეთი წინადადება უარყო: გაზეთის კიეველი წყაროს თქმით, „უკრაინა არასოდეს არ განიხილავს რაიმე დათმობებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება“.
თვითონ ვლადიმერ მედინსკიმ კი „დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „დონბასი რუსეთის მიწაა და რუსეთი თავისი მიწის ყოველ გოჯს, ასე თუ ისე, აუცილებლად უკან დაიბრუნებს“.
ჟურნალისტების კითხვაზე ტერიტორიული საკითხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურმა კირილ ბუდანოვმა არ უპასუხა: „ჩვენ ასეთი კითხვებით მოლაპარაკებას ზიანი არ უნდა მივაყენოთ. როცა შედეგები იქნება, აუცილებლად გამოცხადდება“.
თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის დელეგაციამ ტერიტორიის საკითხი მოლაპარაკების პირველივე დღეს წამოსწია, მაგრამ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა რუსებს უთხრეს, რომ ეს თემა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, მათი შეხვედრის დროს უნდა გადაწყდეს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კრემლი ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირად შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით თვლის შესაძლებლად, თუ უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრება და კრემლში ვლადიმერ პუტინს მოელაპარაკება, რაც კიევისათვის კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე დაგაინტერესებთ: 2027 წელს ჩინეთი ომს დაიწყებს?! - პუტინისა და ტრამპის მძიმე გაკვეთილები სი ძინპინისთვის
ტრამპის კრახი: 5 მიზეზი, რომლის გამოც, რესპუბლიკელებმა არჩევნები წააგეს - BBC
BBC-ის ჟურნალისტთა კომენტარები: იმედი არის...
როგორ უნდა შეფასდეს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკება?
ელისაბედ ბაბუშკინა-ფოხტი:
„შეხვედრა განსხვავდებოდა სხვა სამმხრივი კონტაქტებისაგან, რომლებიც ადრე განხორციელდა. პირველ რიგში იმით, რომ აქცენტი გაკეთდა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და არა მხოლოდ უკრაინაზე. ამ თემის არჩევა ნაწილობრივ გასაგებია: პროგრესი იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს ეხება, დიდი ხანია არ არსებობს. თანაც რუსეთი ომის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იმეორებს „კონფლიქტის პირველმიზეზებს“, რომელთა შორის, კრემლის აზრით, ნატოს გაფართოებაც არის. ასეთი მოლაპარაკების გამართვას მოსკოვი ულტიმატუმური ფორმით ჯერ კიდევ 2021 წელს ცდილობდა, ომის დაწყებამდე.
უკრაინის პრიორიტეტები საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა: კიევს, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, სურდა ელაპარაკა ენერგეტიკულ ზავზე, ბრძოლების „გაყინვაზე“, ნაოსნობაზე შავი ზღვის აკვატორიაში და ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, მაგრამ არ გამოვიდა.
თუმცა ის, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, გარკვეულ იმედს იძლევა, მით უმეტეს, რომ უკრაინული მხარის განცხადებით, წლის ბოლომდე რაღაც პოზიტიურ შედეგებია მოსალოდნელი. ამასთან, ის, თუ რამდენად გამართლება მოლოდინები, არავინ არ იცის: რუსმა მომლაპარაკებლებმა ნათლად მიანიშნეს, რომ შეხვედრამ ომის დასასრული არ მოაახლოვა.
რუსული დელეგაციის მეთაური ვოლოდიმირ მედინსკის ნათქვამი, რომ კრემლი „ასე თუ ისე“ მაინც დაიბრუნებს თავის მიწებს (ანუ მიტაცებულ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიას) იმას ნიშნავს, რომ კრემლისათვის ტერიტორიული პრეტენზიები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დიალოგი ევროპის მომავალზე. არადა, ამ საკითხის (ანუ ევროპის უსაფრთხოების გარანტიების) მოგვარების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თავის მიწების დაცვას გააგრძელებს. მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ კიევი არ დათანხმდება ტერიტორიული საკითხის არანაირ განხილვას უსაფრთხოების „რკინაბეტონური გარანტიების“ გარეშე და, როგორც ჩანს, მოცემულ მომენტში ერთადერთი გარანტია, რომელიც მისაღებია უკრაინისათვის, არის ნატოს წევრობა. თავის მხრივ, რუსეთს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მისთვის უკრაინის წევრად მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კატეგორიულად მიუღებელია.
ევროპის უსაფრთხოებაზე და სტრატეგიულ სტაბილურობაზე ლაპარაკი ვერ შენიღბავს უთანხმოებას ყველაზე მტკივნეული საკითხის მიმართ: ვინ გააკონტროლებს სამომავლოდ იმ ტერიტორიას, სადაც ასობით ათასი უკრაინელი მოქალაქე ცხოვრობს. ასე რომ, ნიშნები იმისა, რომ რუსეთის და უკრაინა ამ თემაზე კომპრომისს მიუახლოვდნენ, ჯერ-ჯერობით არ არის“.
სვიატოსლავ ხომენკო:
„ვფიქრობ, მოლაპარაკების შედეგები ყველაზე უკეთესად კირილ ბუდანოვმა შეაჯამა, რომელმაც მოღუშული სახით უპასუხა კითხვას - ითხოვს თუ არა რუსეთი ისევ უკრაინის ჯარების გაყვანას დონბასიდან: „საკითხები, რომლებიც მოლაპარაკების დროს იხილება, ეს მხოლოდ მოლაპარაკების საკითხებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი. როცა შედეგს მივაღწევთ, ამას საჯაროდ გამოვაცხადებთ“.
ალბათ, ასეთი პასუხის გაცემა მოლაპარაკების ნებისმიერ წევრს შეეძლო ნებისმიერ კითხვაზე. უბრალოდ, კირილ ბუდანოვს ყველაზე უფრო მოხდენილად გამოუვიდა.
რა ვიცით ზუსტად და რას გავიგებთ დამატებით მოლაპარაკების შესახებ?
პირველი - ცნობილია, რომ საუბარი მძიმედ მიმდინარეობდა: რუსები აბუ-დაბიში კატეგორიული დირექტივებით შეიარაღებულები ჩამოვიდნენ, ანუ კომპრომისისათვის სივრცე არ არსებობდა.
მეორე - ამერიკელი შუამავლები მოსკოვში 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან და დამატებით (ან პირიქით, ძირითად) საუბარს გამართავენ. როგორც ჯარედ კუშნერმა თქვა, მას იმედი აქვს, რომ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკების შემდგომ რაუნდში მონაწილეობა ევროპელებმაც რომ მიიღონ.
მესამე - გავიგებთ ფორმულას ტყვეების გაცვლის თაობაზე, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი უნდა იყოს. აბუ-დაბიში მოლაპარაკების დროს გასაცვლელ ტყვეთა რაოდენობა არ გამოცხადებულა.
მეოთხე - კუშნერი და უიტკოფი პუტინთან საუბრის შედეგს დუბლინში მყოფ ზელენსკის გააცნობენ. ორ დღეში ირლანდიის დედაქალაქში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი უნდა გაიმართოს და ამერიკელ შუამავლებს შესაძლებლობა ექნებათ კრემლში ვიზიტის შედეგებზე უფრო ფართო წრეში იმსჯელონ.
მეხუთე - დავით არახამიას საკმაოდ ხანმოკლე ბრიფინგის დროს ორჯერ „თითქოს წამოსცდა“: „თუ რიტმულად ვიმუშავებთ, ახალ წლამდე „რაღაც გადაწყვეტილებამდე“ მივალთო“.
რა იგულისხმება ამ ნათქვამში - მორიგე კომპლიმენტი ამერიკელი შუამავლების მიმართ, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სურთ რაღაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგის მიღწევა აშშ-ის ახალი კონგრესის მუშაობის დაწყებამდე (იანვრამდე), თუ ეს იყო მინიშნება მოლაპარაკებაში მიღწეულ წინსვლაზე, რომელიც ამერიკელებმა საბოლოოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან უნდა შეათანხმონ? ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“.
მოამზადა სიმონ კილაძემ