"ტრამპი-პუტინის გარიგება ჩაიშალა": რუსული დიზელით დატვირთული ტანკერები ატლანტის ოკეანეში უმიზნოდ დახეტიალობენ - The Daily Telegraph
„რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ტანკერები ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ: კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ისინი აშშ-ის ნავსადგურებში ვერ შედიან. ტრამპი-პუტინის გარიგება ჩაიშალა“, - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), ამერიკელი ჟურნალისტის იონა კლივის ავტორობით. „გემები ატლანტის ოკეანეში დრეიფობენ ან კურსს ცვლიან და მყიდველებს ეძებენ“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ის ტანკერები, რომლებიც ასი ათასობით ბარელი რუსული დიზელის საწვავით იყვნენ დატვირთულები და გეზი გასული თვის ბოლოს აშშ-ისკენ ჰქონდათ აღებული, დღეს ატლანტის ოკეანეში დრეიფობენ. ისინი აშშ-ის ნავსადგურებში ვეღარ შედიან, რადგან ვერც მყიდველებს პოულობენ და ვერც საზღვაო ტერმინალებს, სადაც მათი გადმოტვირთვა შეიძლება.
ასეთია დონალდ ტრამპის გარიგების შედეგი, რომელიც მან თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გააფორმა, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ - აშშ-ში დიზელის საწვავზე ფასების შემცირების მიზნით.
შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთმა რუსულსაწვავიანმა ტანკერმა ამერიკის ნაპირებს ვერ მიაღწია, 9 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, რომელმაც, რიგი ექსპერტების თქმით, არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ, „უკვე თავისი ძალა ფაქტობრივად დაკარგა“.
ტანკერი Agioi Fanendes, რომელსაც 300 ათასი ბარელი რუსული დიზელის საწვავი ნიუ-იორკში გადაჰქონდა, ორშაბათს ნავსადგურში არ შესულა და დრეიფობს - გემი უსაქმოდ დგას, რუსული კომპანია კი დიზელის ახალი მყიდველების მოძიებას ცდილობს.
გასულ კვირაში კიდევ სამმა ტანკერმა, რომლებმაც ოქტომბრის ბოლოს რუსული ნავსადგურებიდან დიზელის საწვავი აშშ-ისკენ წაიღეს, ტვირთი გადაამისამართეს: Talisman-მა დანიშნულების პუნქტი შეცვალა და გიბრალტარის სრუტისაკენ გაუხვია, ორი სხვა კი - Beast და Leruo ბრაზილიისაკენ გაემართნენ.
ამერიკული ნავთობკომპანიები არ გამოხატავენ დიდ სურვილს რუსული საწვავის მისაღებად, რომელიც არა მარტო ამერიკული, არამედ - საერთაშორისო სანქციების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. დიზელი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს გადააქვთ, რაც საწვავის პოტენციურ მყიდველებს იურიდიულ და რეპუტაციულ დანაკარგებს უქადის...
ტრამპ-პუტინის გარიგების მიხედვით, რუსეთი აშშ-ს ოქტომბრის ბოლოდან მიაწვდიდა 300 ათას ტონა დიზელს, ნოემბრის ბოლომდე - 500 ათას ტონას და წლის ბოლომდე კიდევ - 1 მილიონს. გარიგებამ უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების აღშფოთება გამოიწვია, ხოლო კონგრესში ტრამპის მოწინააღმდეგე თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა და - განსაკუთრებით დემოკრატებმა, გარიგება პრეზიდენტის მიერ გადადგმულ უკანონო ნაბიჯად ჩათვალეს.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი აშშ-სთან გარიგების დადებას იმიტომ დათანხმდა, რომ კრემლის ბინადარმა კიდევ ერთი გზა დაინახა, თეთრი სახლის ბინადრის მოხიბვლის მიზნით, დასავლური ანტირუსული კონსოლიდაციის დასარღვევად.
გარიგება ანტირუსული სანქციების ფონზე დაიდო, რომლებიც დონალდ ტრამპმა დროებით შეაჩერა ანუ შეთანხმებას მყიფე იურიდიული საფუძველი ჰქონდა. ტრამპის მთავარი მიზანი იყო არჩევნების წინ დიზელზე უსაშველოდ გაზრდილი ფასები როგორმე შეემცირებინა, ფასების ზრდა კი ირანთან ომმა გამოიწვია, თითქმის 60%-ით.
„გარიგება წყალმა წაიღო?!“
რუსული დიზელი რომ ამერიკას ოქტომბერში და ნოემბერში მიეღო, ამით სულ ერთია, ფასები არ დაიწევდა - 800 ათასი ტონა დიზელი ამერიკელ მომხმარებლებს მხოლოდ დღე-ნახევარი ეყოფოდა და დეფიციტის აღმოფხვრაზე არანაირ გავლენას არ მოახდენდა.
„ეს იყო პოლიტიკური სიმბოლური დემონსტრაცია იმისა, რომ დონალდ ტრამპს ეთქვა - „აი, ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ ფასების შესამცირებლად, მაგრამ რადგანაც დიზელით დატვირთულმა ტანკერებმა არჩევნებამდე ამერიკის ნაპირებს ვერ მიაღწიეს, რესპუბლიკელები დამარცხდნენ, გარიგება, ფაქტობრივად, ჩაიშალა“, - ამბობს დევიდ ტანენბაუმი, კომპანია Blackstone Compliance Services-ის დირექტორი, რომელიც კონსულტაციებს უწევს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს.
თეთრმა სახლმა შუალედურ არჩევნებამდე ბევრი ისეთი პრორუსული ნაბიჯი გადადგა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული - დაარღვია ლინდსი გრემის კანონის მოთხოვნები, დროებით შეუჩერა უკრაინის არმიას „სტარლინკით“ მომსახურება და ბოლოს - დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ისიც კი მოსთხოვა, რომ უკრაინას რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა შეეწყვიტა.
ასევე დაგაინტერესებთ: მტრების სამიტი აბუ-დაბიში: რა ხდებოდა რუსულ-უკრაინულ-ამერიკულ მოლაპარაკებების კულუარებში და რა შედეგით დასრულდა ის?!
2027 წელს ჩინეთი ომს დაიწყებს?! - პუტინისა და ტრამპის მძიმე გაკვეთილები სი ძინპინისთვის
კიევმა, თავის მხრივ, უარყო ვაშინგტონის მოთხოვნები და დრონებით რუსული ქარხნების დაბომბვა გააგრძელა. საბოლოოდ, უკრაინის არმიის საჰაერო შეტევებმა რუსეთის 35 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 9 ქარხანა გააჩერა. იყო ისეთი მომენტიც, რომ საწვავის წარმოება რუსეთში დროებით თითქმის 30%-მდე შემცირდა. საშიშროება შეექმნა ტრამპი-პუტინის გარიგებასაც: გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთი აშშ-ისთვის განკუთვნილი დიზელის საჭირო რაოდენობით წარმოებას დაზიანებული ქარხნების ფონზე ვერ შეძლებდა, თუმცა დღეს უკვე ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დიზელზე უარმა რუსეთს მტკივნეული დარტყმა მიაყენა.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბოლო დღეებში აბუ-დაბიში გამართულმა სამშვიდობო მოლაპარაკებამ ზავის დადების იმედი გააჩინა - მცირე, მაგრამ - მაინც.
მისტერ დონალდ ტრამპი ჩქარობს მშვიდობის დამყარებას, რუსეთი კი - აჭიანურებს. კიევის საჰაერო კამპანიამ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარებაში პოზიტიური როლი შეასრულოს [და კრემლის მიერ სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს].
მოამზადა სიმონ კილაძემ