პუტინი ილონ მასკის ხელით უკრაინას საპასუხო დარტყმას აყენებს
პუტინი ილონ მასკის ხელით უკრაინას საპასუხო დარტყმას აყენებს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აფეთქებების გასაგრძელებლად...
უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობის სიჩქარე ისევ შეიზღუდა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2026 წლის 12 ნოემბერს დაადასტურა, რომ ტერმინალების გადაადგილების სიჩქარეზე კვლავ დაწესდა ლიმიტი — 161 კმ/სთ (100 მილი/სთ).
თუ Starshield-ის ტერმინალით აღჭურვილი ობიექტი 161 კმ/სთ-ზე სწრაფად მოძრაობს, სატელიტური კავშირი ავტომატურად ითიშება. სტანდარტულ რეჟიმში სისტემა, დაახლოებით, 400 კმ/სთ-ზე (250 მილი/სთ) მეტ სიჩქარეზეც სტაბილურად მუშაობს.
ზელენსკის განცხადებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით ართულებს რუსული რეაქტიული „გერანის“ ტიპის დრონების მოგერიებას. უკრაინული გამანადგურებელ-გზადამჭრელი დრონები ვეღარ აღწევენ საჭირო სიჩქარეს, საჰაერო სამიზნეების დროულად გასანეიტრალებლად, რის გამოც რამდენიმე რუსულმა დარტყმამ უკვე მიაღწია მიზანს.
შეზღუდვები ფიქსირდება მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ ეს არ არის შემთხვევითი ტექნიკური ხარვეზი, არამედ - სისტემური შეზღუდვაა.
მსგავსი 10-დღიანი შეზღუდვა SpaceX-მა ოქტომბრის შუა რიცხვებშიც დააწესა და 24 ოქტომბერს მოხსნა. ოფიციალური კიევი ამჟამად აშშ-ისთან კვლავ ცდილობს იმის გარკვევას, გასულ თვეში ვისი გადაწყვეტილებით და რა მიზეზით ჯერ შეიზღუდა და მერე აღდგა სიჩქარის ლიმიტი.
ამერიკაში კი ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთისკენ იშვერდნენ თითს და აღიარება არც ერთმა არ მოისურვა, თუმცა Starshield-ის ტერმინალების მობილურობის სიჩქარის შეზღუდვა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტ ტრამპის კარნახითა და მასკის შესრულებით განხორციელდა...
მაშინ ამის მთავარი აზრი გახლდათ ის, რომ ოფიციალური კიევი აეძულებინათ, შეეჩერებინა საჰაერო დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებზე, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, რადგან ტრამპი ხავსს ეჭიდებოდა და ამით ცდილობდა, დაერწმუნებინა მილიონობით ამერიკელი ამომრჩეველი, რომ მათ მანქანებს ბენზინის, ხოლო ფერმერებს კი - ტრაქტორების დიზელის ფასი თითქოს სწორედ რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევებმა გაუძვირა და არა - იმავე ტრამპის „გაჭედვამ“, ირანთან ომში და ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ...
სამი კვირის წინ უკრაინამ დროებით მართლაც შეაჩერა შეტევები რუსულ ნავთობობიექტებზე და, შესაბამისად, Starshield-ის ტერმინალების გადაადგილების სიჩქარეზეც შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ამან მაინც ვერ უშველა ტრამპის რესპუბლიკელ კანდიდატებს, კონგრესის შუალედურ არჩევნებში წაგებისგან.
დღეს, დილით კი უკრაინამ ზედიზედ მეცხრე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააფეთქა ანუ ბოლო ცხრა ღამის განმავლობაში მეცხრე და რუსეთის ქალაქების ავტოგასამართ სადგურებზე ისევ დაბრუნდა მანქანების გრძელი რიგები...
უკრაინამ ასეთი ზუსტი საჰაერო დარტყმებით, ფაქტობრივად, 30%-ით შეუმცირა რუსეთს ნავთობგადამამუშავების მაჩვენებელი და ასე გაგრძელების შემთხვევაში, პუტინის არმიას უკრაინასთან ომის დაფინანსების მთავარ წყაროში უდიდესი პრობლემა გაუჩნდება.
და, ალბათ, სწორედ ამიტომაც, ისევ ამოქმედდა Starshield-ის ტერმინალების გადაადგილების სიჩქარეზეც შეზღუდვები, რაც უკვე რუსეთის პრეზიდენტის - პუტინის თხოვნა-მოთხოვნა შეიძლება იყოს ჯერ ტრამპისადმი და შემდეგ - იმ ილონ მასკისადმი, რომელიც აღიარებს, რომ კრემლის ბინადართან პერიოდულად პრივატული სატელეფონო საუბრებიც კი აქვს...
ასევე დაგაინტერესებთ: შურისძიება პუტინის მშობლიურ ქალაქში - უკრაინის ქალაქების დამბობველი მორიგი რუსი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკი, პეტერბურგში, თავისივე ავტომობილში ააფეთქეს
"ლენინ-პუტინის“ ქალაქის დაცვისას უკრაინული დრონის ნაცვლად საკუთარი „ალიგატორი“ ჩამოაგდეს?!
მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ისა და მისი სამხედრო ვერსიის - Starshield-ის რამდენიმეწლიანი ფუნქციონირებით (მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის თავზე) უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვან საბრძოლო წარმატებებს მიაღწიეს, ეტყობა, კიევს სასწრაფოდ მოუწევს ალტერნატიული თანამგზავრული სისტემის მოძებნა და ამოქმედება, რადგან პუტინის არაპირდაპირი თუ პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ტრამპი-მასკის „სტარლინკის“ იმედზე დარჩენა, მომავალ სერიოზულ საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული - მთელი უკრაინისთვის...