ომში „გაჭედილი“ ორი პრეზიდენტი ერთმანეთის დახმარებას ცდილობს - კვირის პალიტრა

ომში „გაჭედილი“ ორი პრეზიდენტი ერთმანეთის დახმარებას ცდილობს

რუსეთ-უკრაინის ომის 1 727-ე და აშშ-ირანის პერიოდული შეიარაღებული დაპირისპირებების 262 დღის სწორზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტი პუტინია "გაჭედილი" უკრაინასთან ომის მეხუთე წელს, ისე მისი ამერიკელი კოლეგა ტრამპი ვერ პოულობს გზას, რომ ირანთან დაწყებული ომიდან როგორმე თავაწეული "გამოძვრეს". და ისინი კულუარულად ერთმანეთის დახმარებასაც კი ცდილობენ, რათა ამ ორივე ომის "ჭაობიდან" ისე გამოვიდნენ, რომ მათი "გამარჯვებულების" სტატუსი მსოფლიომ ცნოს!

ამისთვის კი პუტინი და ტრამპი ინტენსიურ საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის, ასევე მათი რუსი კოლეგის, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კირილ დმიტრიევის მეშვეობით.

გასულ კვირას აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების (რომელშიც უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ამერიკელები ისხდნენ, ხოლო ევროპელები არც შეუშვეს დარბაზში და სასტუმროს ფოიეში აყურყუტეს კრემლის დაჟინებული მოთხოვნით) შედეგი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, თითქმის ნულოვანი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის მხარე ისევ კატეგორიულად მოითხოვს დონბასის იმ დარჩენილი ნაწილის დათმობას, რომლის ოკუპაცია პუტინის არმიამ ვერა და ვერ შეძლო, ხოლო კიევის პოზიციაა, რომ ჯერ მთელ ფრონტზე უნდა შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები და უკრაინას მიეცეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები, რომ რუსეთი აღარ განაახლებს სამხედრო აგრესიას ზავის დადების შემდეგ.

ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფიცა და კუშნერიც, სწორედ ტრამპის პირდაპირი დავალებით მეორე წელია ცდილობენ "ხელები გადაუგრიხონ" უკრაინულ მხარეს და ის დონბასის არაოკუპირებული ნაწილის, კრამატორსკი-სლოვიანსკის აგლომერაციის რუსეთისთვის უბრძოლველად დათმობაზე დაიყოლიონ, უკვე დიდი ხანია ცნობილია საერთაშორისო მასმედიისთვის, მაგრამ რატომ ცდილობს ასე დაჟინებით ტრამპი, რომ ზელენსკის მაინცდამაინც დონბასის სრული დათმობა აიძულოს? იმიტომ, რომ სწორედ ასეთი კატეგორიული მოთხოვნა აქვს პუტინს და სწორედ ამაზე შეუთანხმდა ის გასული წლის შეხვედრაზე ალასკაზე ტრამპს, რაზეც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, დათანხმდა კრემლის "მუდმივ" ბინადარს, რადგან თავისი თავის "მსოფლიოს მბრძანებლად" მიჩნეულ ტრამპს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უკრაინელ "პატარა" ზელენსკის ადვილად "დააჩოქებდა", დონბასს პუტინს "უფეშქაშებდა" და "მეცხრე ომის" შემაჩერებელი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის უკონკურენტო ლაურეატი გახდებოდა.

მაგრამ ტრამპმა განვლილ წელიწადზე მეტ პერიოდში ვერ შეძლო კოლეგა პუტინის "დახმარება" დონბასის არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად ხელში ჩასაგდებად, რაც კრემლს სასიცოცხლოდ სჭირდება თავისი მილიონობით მოქალაქის იმაში დასარწმუნებლად, რომ მეხუთე წელს გადასულ ამ დიდ ომში (რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად დაბრუნდა თავად რუსეთის ტერიტორიაზე) რუსეთი თურმე მაინც იმარჯვებს.

თავის მხრივ, პუტინიც ცდილობს დაეხმაროს ირანთან ომში "გაჭედილ" ტრამპს, რომელსაც ურთულესი პოლიტიკური სიტუაცია შეექმნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ორივე პალატაში დემოკრატიული პარტიის, ტრამპის უპირველესი პოლიტიკური მტრის, წარმომადგენლებმა მოიპოვეს უმრავლესობა.

ამიერიდან პრეზიდენტი ტრამპი ვეღარ შეძლებს ისეთი დიდი სამხედრო ავანტიურის გამეორებას, რაც 2026 წლის 28 თებერვალს მოხდა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს "აყოლილმა" ირანთან ფართომასშტაბიანი საჰაერო ომი წამოიწყო. იმიტომაც, რომ თავად ნეთანიაჰუს პარტიამაც ვერ მოიპოვა უმრავლესობა ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში და ნეთანიაჰუს მალევე მოუწევს პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება.

და ის, რომ ტრამპისა და ნეთანიაჰუს პარტიებმა თავიანთი ქვეყნების არჩევნებში სრულ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს _ მილიონობით ამომრჩეველმა როგორც აშშ-ში, ისე ისრაელში, ტრამპი-ნეთანიაჰუს "დუეტს" დიდ შეცდომად ჩაუთვალეს ირანში წამოწყებული ომი, საიდანაც გამოსავლის პოვნა კიდევ უფრო გაძნელდა. გაძნელდა იმიტომაც, რომ აიათოლების რეჟიმმა "გამარჯვების სუნი" იყნოსა _ ირანის ხელისუფლებისთვის უკვე ის ითვლება გამარჯვებად, რომ ამერიკა-ისრაელის დაბომბვების პირველივე წუთებში მათი სულიერი ლიდერისა და ათობით სხვა მაღალჩინოსნის დაღუპვისა და ირანის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, ამ ქვეყნის მმართველი რეჟიმი არ ჩამოიშალა და ირანმა შეძლო საპასუხო და ძალიან მტკივნეული საჰაერო დარტყმების "დაბრუნება" როგორც ისრაელისთვის, ისე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის.

ისე, როგორც პუტინი იმედოვნებდა "სამ დღეში კიევის აღებას", ტრამპი-ნეთანიაჰუს წყვილიც დარწმუნებული იყო, რომ ირანს ომს მალევე მოუგებდა, თუმცა მოსკოვის გარდა, ვაშინგტონსა და თელ-ავივშიც მწარედ შეცდნენ. ახლა პრეზიდენტ ტრამპს ფაქტობრივად აღარ შეუძლია ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშების განახლება ირანის წინააღმდეგ, რადგან კონგრესის ორივე პალატაში "გამეფებული" დემოკრატები მას უბრალოდ "ცოცხლად შეჭამენ". ნეთანიაჰუც აღარ იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ირანის აიათოლების რეჟიმს დაუდგა საუკეთესო პერიოდი, რომ იქით წარუდგინოს ულტიმატუმები თეთრ სახლს.

თეირანის შვიდი მოთხოვნიდან ძირითადია ჰორმუზის სრუტეზე ირანის სრული კონტროლი (შეიძლება ომანთან ერთად), იქ გამავალი გემებისთვის მილიონიანი მოსაკრებლის დაწესებით, ამერიკულ ბანკებში სანქციებით "გაყინული" 9 მლრდ დოლარის ირანისთვის დაბრუნება და ამასთან, ყოველგვარი მოთხოვნების შეწყვეტა ირანის 400 კგ-ზე მეტი 60%-მდე გამდიდრებული "ურან-235"-ის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის თაობაზე. არადა, მოსკოვმა თეირანს მერამდენედ შესთავაზა, რომ ირანული გამდიდრებული ურანის ეს მარაგი რუსეთისთვის გადაეცა შესანახად, რათა დამთავრებულიყო დაპირისპირება ირანის ბირთვული პროგრამის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართული ტანკები დრონსაწინააღმდეგო დაცვით პირველად გამოჩნდნენ

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და ვის როგორი ზამთარი ელის?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: "რუსები ზნეს არ იცვლია და..."

500 ამერიკულ ანტირაკეტას უკრაინა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ თუ მიიღებს, როდესაც...

70 წუთში დაღუპული 10 ათასი ადამიანი - უდიდესი საზღვაო კატასტროფა, რომელმაც „ტიტანიკის“ ტრაგედიაც კი გადაფარა

უეჭველია, რომ ეს გახლდათ ტრამპის საპასუხო თხოვნა პუტინისადმი (უკრაინისთვის დონბასის არაოკუპირებული ნაწილის რუსეთისთვის უბრძოლველად დათმობის სანაცვლოდ), რომ ირანი დაეყოლიებინა გამდიდრებული ურანის მარაგის დათმობაზე რუსეთში გატანის სახით, რაც ტრამპს მისცემდა მსოფლიო დონეზე ტრაბახის საშუალებას, რომ ირანთან ომიდან ის გამარჯვებული გამოვიდა, რადგან აიათოლების რეჟიმს ქვეყნიდან გამდიდრებული ურანი გაატანინა და ირანი ვეღარ შექმნის ბირთვულ იარაღს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპსა და პუტინს ერთმანეთის "ხელის დაბანა" არ გამოუვათ. პირიქით, თუკი ტრამპი ხელს არ შეუშლის კიევს, უკრაინული კამიკაძე-დრონების რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და ნავთობტერმინალებზე სისტემატური საჰაერო შეტევების შედეგად რუსეთში საწვავის სერიოზული კრიზისი დაიწყება, ხოლო ირანი სრულ კონტროლზე აიყვანს ჰორმუზის სრუტეს და ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასების დადგენაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.