ქართული ტანკები დრონსაწინააღმდეგო დაცვით პირველად გამოჩნდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა გასულ თვეს სწავლება "მახვილი თვალის" ეგიდით კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობდნენ სამანევრო, სატანკო, საავიაციო, საარტილერიო, საინჟინრო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯგუფები.
სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლებაში სხვადასხვა ამოცანა შეასრულეს: ჩასაფრება, დაზვერვა, შენობების წმენდა, არხზე გადასასვლელი ხიდის მოწყობა, ქვედანაყოფების დეკონტამინაცია, დრონების თავდასხმის მოგერიება და დაჭრილების ევაკუაცია. საინჟინრო ათეულმა რობოტის გამოყენებით ჩამოვარდნილი დრონისა და ასაფეთქებელი ნივთიერების განეიტრალება შეძლეს, ხოლო სადაზვერვო ასეულმა FPV-დრონების საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგის კოლონის შეკავების ოპერაცია ჩაატარეს.
ქვეით ბრიგადებს კულმინაციურ სწავლებაში მხარს უჭერდნენ საარტილერიო ბატალიონის ნაღმსატყორცნისა და ქვემეხის გათვლები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა LAR-160, მექანიზებული და სატანკო ასეული, Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები, UH-1H "იროკეზი" და სნაიპერების ჯგუფები. სწავლების მიზანი იყო ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე თავდაცვითი ოპერაციების ჩატარების, თანამედროვე მართვისა და კონტროლის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მართვისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა.
თუმცა სამხედრო სწავლება "მახვილი თვალის" ამსახველ ვიდეოფირში ერთმა საინტერესო მომენტმაც გაიელვა - "უცნაური" ფორმის ტანკები შეტევაზე სროლა-სროლით წინ მიიწევდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების არსენალში არსებული Т-72 ტიპის ტანკებით დღეს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ სწავლების ვიდეოფირში გამოჩენილი ქართული ტანკები თავიანთი "დიზაინით" ძალზე განსხვავებული იყვნენ, რადგან მათ კოშკურებზე დამონტაჟებული ჰქონდათ დრონსაწინააღმდეგო სპეციალური ცხაური.
დრონსაწინააღმდეგო რკინის ცხაურებით ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის "აღკაზმვა" დღეს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მათ გარეშე ბრძოლის ველზე ტანკის გაშვება, თუნდაც დინამიკური დაცვის ელემენტებით აღჭურვილის, ნიშნავს, რომ ტანკს მოწინააღმდეგის FPV-დრონები რამდენიმე წუთში ააგიზგიზებენ.…
ამიტომაც მისასალმებელია, თუ საქართველოს თავდაცვის ძალები რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო მოქმედებების დეტალებს აანალიზებენ და ქართული ტანკები (და შემდგომში, იმედია, სხვა ჯავშანტექნიკაც) დრონსაწინააღმდეგო რკინის ცხაურებით აღჭურვეს.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და ვის როგორი ზამთარი ელის?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: "რუსები ზნეს არ იცვლია და..."
ტრამპის „პოლიტიკური დაძირვა“ როგორ შეცვლის ომებს ირანსა და უკრაინაში
500 ამერიკულ ანტირაკეტას უკრაინა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ თუ მიიღებს, როდესაც...
იმის გამო, რომ სამხედრო თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს "ტრადიციულად" არ იწვევენ ასეთ სამხედრო სწავლებებზე დასასწრებად და ადგილზე გასაშუქებლად, მხოლოდ ვიდეოფირის ნახვით ძნელია იმის მტკიცება, თუ რამდენად მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა ექნება ქართულ ტანკებზე დაყენებულ დრონსაწინააღმდეგო ცხაურებს, თუმცა იმავე ვიდეოფირით თუ ვიმსჯელებთ, ცხაური დაყენებულია მხოლოდ ტანკის კოშკურაზე, მაშინ როდესაც ტანკის ძრავის ნაკვეთურსა და სავალ ნაწილს (მუხლუხებს), ისევე როგორც მექანიკოს-მძღოლის ადგილს, ასეთი დაცვა არა აქვს და ისინი სავარაუდო მოწინააღმდეგის FPV-დრონების მიზანმიმართული ზუსტი დარტყმების პოტენციურ სამიზნედ რჩებიან.