ჯუნა დავითაშვილი: პირველი ოფიციალური ექსტრასენსი, რომელიც ხელშეუხებელი იყო - ცემა-ტყეპა ალა პუგაჩოვასთან, მეგობრობა შევარდნაძესთან და ბრეჟნევის ფავორიტი
ჯუნა (ევგენია) დავითაშვილი საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, გავლენიანი და საინტერესო ფენომენია. ქალი, რომელმაც უბრალო სოფლიდან კრემლის უმაღლესი ეშელონების, მსოფლიო ვარსკვლავებისა და პოსტსაბჭოთა ელიტის კულუარებში შეაღწია და ოფიციალურად აღიარებული ექსტრასენსი გახდა. ის იყო პირველი "სახელმწიფო მკურნალი", რომლის ხელისგულებიდან წამოსულ ენერგიას მილიონობით ადამიანი ზებუნებრივ ძალას მიაწერდა.
საიდუმლო იმპერია
1980-იანი წლების საბჭოთა ათეისტურ იმპერიაში, სადაც ყოველგვარი მისტიციზმი აკრძალული იყო, მოულოდნელად გამოჩნდა ქალი შავი სამოსით, რომელიც კი არ ემალებოდა სპეცსამსახურებს, პირიქით, კრემლის ელიტამ მას ოფიციალური აღიარება, ლაბორატორიები და ხელშეუხებლობა მიანიჭა.
მეგობრობა შევარდნაძესთან და გვარი "დავითაშვილი"
ევგენია სარდისი (სარდისი ჯუნას პირველი ქმრის გვარია) კრასნოდარის მხარეში, ასურულ სოფელ ურმიაში დაიბადა. ეს სოფელი ირანიდან, ურმიის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დევნილმა ასურელებმა 1924 წელს დააარსეს, თუმცა მისი, როგორც "ჯუნას" დაბადება და აღზევება სწორედ თბილისს უკავშირდება.
საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში გადმოსვლის მერე ჯუნამ მუშაობა დაიწყო მიხეილ ოგანეზოვის კაფეში, სადაც თავისი უჩვეულო თვისებებითა და „უკონტაქტო მასაჟის“ წყალობით სწრაფად მიიპყრო ადგილობრივი ელიტისა და ჩინოვნიკების ყურადღება. სწორედ თბილისში გაიცნო მან მომავალი მეუღლე ვაჟა დავითაშვილი - საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის რეფერენტი (თანაშემწე).
ქორწინებამ ჯუნას არა მხოლოდ ქართული გვარი მისცა, არამედ რესპუბლიკის მმართველი წრეებისა და ე.წ. მაღალი საზოგადოების კარიც გაუხსნა. მისი პირველი ძლიერი მფარველი თავად ედუარდ შევარდნაძე იყო. საქართველოს კომუნისტი ლიდერი ახალგაზრდა ქალის ფენომენით არა მარტო დაინტერესდა, არამედ საკუთარ გარემოცვაშიც აქტიურად ლობირებდა. შევარდნაძესა და ჯუნას შორის ჩამოყალიბდა თბილი, მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ათწლეულებს გაჰყვა და შენარჩუნდა მაშინაც, როდესაც შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
როგორ მკურნალობდა ჯუნა
ჯუნას მკურნალობის მეთოდი ტრადიციულ მედიკამენტებს ან ხალხურ მცენარეულ რეცეპტებს არ ეფუძნებოდა. მისი მთავარი იარაღი ე.წ. უკონტაქტო მასაჟი და ადამიანის ბიოველზე ზემოქმედება იყო (ბიოველი ეზოტერიკული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს თითოეული ცოცხალი ორგანიზმის - ადამიანის, ცხოველის, მცენარის - გარშემო არსებულ ენერგეტიკულ გარსს ანუ აურას. მეცნიერული თვალსაზრისით, ბიოველი, როგორც ფიზიკური რეალობა, არ არსებობს და არ არის აღიარებული. თუმცა, ეზოტერიკაში, ალტერნატიულ მედიცინასა და პარაფსიქოლოგიაში ითვლება, რომ ეს არის ელექტრომაგნიტური, სითბური ან სხვა ტიპის ენერგიების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზმიდან გამოიყოფა და მის ჯანმრთელობაზე, განწყობასა თუ ემოციურ ფონზე მიუთითებს.
პაციენტებთან მუშაობისას ჯუნა არ იყენებდა სამედიცინო აპარატურას. ის უბრალოდ, პაციენტის სხეულიდან 5-10 სანტიმეტრის დაშორებით ხელისგულებს მოატარებდა. ჯუნა ამტკიცებდა, რომ გრძნობდა ორგანიზმიდან წამოსულ ტემპერატურულ ცვლილებებსა და ენერგეტიკულ რხევებს, ეძებდა "ცივ" ან "ცხელ" ზონებს, რაც, მისი მტკიცებით, ზუსტად მიუთითებდა დაავადებულ ორგანოთა ადგილმდებარეობაზე.
სეანსი შედგებოდა სპეციფიკური, რიტმული და ფრთხილი ხელის მოძრაობებისგან (ე.წ. პასებისგან), რომლებსაც ის თავისა და სხეულის გასწვრივ ატარებდა. სეანსის დროს პაციენტები ხშირად აღწერდნენ ფიზიკურ შეგრძნებებს: სითბურ ტალღას, მსუბუქ ჩხვლეტას ან გრილი ნიავის მსგავს დინებას.
საბჭოთა ხელისუფლებამ ჯუნას ფენომენი უყურადღებოდ არ დატოვა. მოსკოვის რადიოტექნიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტში (ИРЭ) აკადემიკოს იური გულიაევის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მისი მკურნალობის მეთოდს აკვირდებოდა. მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ სეანსების დროს ჯუნას თითის წვერებიდან და ხელისგულებიდან ძლიერი ინფრაწითელი (სითბური) და ელექტრომაგნიტური გამოსხივება გამოიყოფოდა, რამაც საბჭოთა მეცნიერებს საბაბი მისცა, ჯუნა უბრალო შარლატანად არ გამოეცხადებინათ.
კრემლის სპეციალური ლაბორატორია და ბრეჟნევის ფავორიტი
1980 წელს, შევარდნაძის უშუალო რეკომენდაციითა და კრემლის მაღალჩინოსნების მიწვევით, ჯუნა მოსკოვში გადავიდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საბჭოთა გერონტოკრატია (უხუცესთა მმართველობა) სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ალტერნატიულ გზებს ეძებდა.
მოსკოვში ჯუნას ოფიციალურად გაუხსნეს სპეციალური ლაბორატორია და სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს, რითაც საბჭოთა ნომენკლატურის უმაღლეს წრეებში სრულიად ხელშეუხებელი გახდა.
კულუარული ინფორმაციით, ჯუნა პირადად მკურნალობდა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს, ლეონიდ ბრეჟნევს, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა.
მეგობრობა მსოფლიო ვარსკვლავებთან
მალე ჯუნას დიდება საბჭოთა საზღვრებს გასცდა. მის მოსკოვურ ბინაში, სადაც ყოველდღიურად იკრიბებოდა საბჭოთა პოლიტიკური და კულტურული ელიტა, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებიც ჩადიოდნენ. ამბობენ, რომ მის პაციენტებსა და ახლო ნაცნობებს შორის იყვნენ რობერტ დე ნირო და მარჩელო მასტროიანი, რომლებიც მოსკოვში ვიზიტისას პირველ რიგში ჯუნას სტუმრობდნენ. ფედერიკო ფელინის ჯუნას მისტიკური ბუნება აღაფრთოვანებდა, არკადი რაიკინი და რობერტ როჟდესტვენსკი (საბჭოთა ხელოვნების მოღვაწეები) ღიად ემადლიერებოდნენ მას გამოჯანმრთელებისთვის.
ჯუნა არ იყო მხოლოდ მკურნალი, ის ხატავდა, წერდა ლექსებს, მღეროდა ეთერში და ატარებდა "გენერლის" ფორმას, რომელიც მისივე ფანტაზიით შექმნილი, ექსტრავაგანტური სამოსი იყო. ამით თითქოს ხაზს უსვამდა განსაკუთრებულ იმიჯსა და სახელმწიფოებრივ“სტატუსს.
სკანდალი ალა პუგაჩოვასთან
ჯუნას ფეთქებადი და ამაყი ხასიათი ლეგენდად იქცა. ყველაზე ცნობილი ინციდენტი, 1980-იანი წლების ბოლოს, მის სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა, სადაც ალა პუგაჩოვაც იმყოფებოდა.
კულუარული ინფორმაციით, ნასვამმა პუგაჩოვამ ჯუნას მოსთხოვა, სადღეგრძელო სხვებთან ერთად დაელია, რაზეც ჯუნამ უარი თქვა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - ჯუნამ საბჭოთა ესტრადის "პრიმადონას" სახეში ბროლის ჭიქა ჩაარტყა. დასახიჩრებული პუგაჩოვა საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც ჭრილობები გაუკერეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა საბჭოთა ისტორიაში, როდესაც ვინმემ გაბედა და პუგაჩოვას ხელით შეეხო, თან ამის გამო პასუხი არავის მოუთხოვია!
ასევე დაგაინტერესებთ: კაშპიროვსკი: საბჭოთა კავშირის ბოლო „ჯადოქარი“ - როგორ ცდილობდა ექსტრასენსი შამილ ბასაევის დაჰიპნოზებას
როგორ მოატყუა „ახალმა სტივ ჯობსმა“ ამერიკა
ქალი, რომელმაც მთელი ქალაქი „დააჰიპნოზა“
როგორ გაანადგურა მილიონერის ფინანსური პირამიდა ჟურნალისტის უბრალო მათემატიკურმა გამოთვლამ...
პირადი ტრაგედია და „გაქრობა“
ჯუნას იმპერია და ბრწყინვალება თვალის დახამხამებაში დაინგრა 2001 წელს, როდესაც მისი ერთადერთი ვაჟი, 26 წლის ვახტანგი (ვახო) გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (ოფიციალური ვერსიით, ავტოკატასტროფაში, თუმცა ჯუნას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ შვილი მოუკლეს!). შვილის სიკვდილმა ჯუნა საბოლოოდ გატეხა. მან უარი თქვა მკურნალობაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ექსპერიმენტებზე. ჩაიკეტა თავის მოსკოვურ სახლში, არავის იღებდა და წლების განმავლობაში მხოლოდ შვილის საფლავზე დადიოდა. ქალი, რომელიც უამრავ ადამიანს "სიცოცხლის ენერგიით ავსებდა", საკუთარი ტკივილის წინაშე სრულიად უძლური აღმოჩნდა. ახლობლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ შვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა და მუდმივმა გლოვამ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია. ჯუნა დავითაშვილი 2015 წლის 8 ივნისს, 65 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალეს ვაგანკოვის სასაფლაოზე, საყვარელი ვაჟის გვერდით.
შორენა ბიწაძე