"პუტინის სიამაყე" ყირიმის ხიდი მეოთხედ ააფეთქეს - კვირის პალიტრა

"პუტინის სიამაყე" ყირიმის ხიდი მეოთხედ ააფეთქეს

2026 წლის 16 ნოემბრის გამთენიისას ყირიმის (ქერჩის) ხიდზე უკრაინული დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებით 1 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ადგილობრივი მონიტორინგის არხების ცნობით, ქერჩის რაიონში აფეთქებების ხმა ღამის პირველი საათიდან ისმოდა, უშუალოდ ხიდზე მოხვედრა კი დაახლოებით დილის 06:00 საათზე დაფიქსირდა.

ოფიციალური რუსული წყაროები სერიოზულ ნგრევას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ერთ-ერთი უკრაინული დრონის საბრძოლო ნაწილი ყირიმის მხარეს მდებარე მარჯვენა სარკინიგზო ხიდის თაღს მოხვდა და კონსტრუქცია, დაახლოებით, 15 გრადუსით გადახარა.

უსაფრთხოებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების გამო ხიდზე საავტომობილო მოძრაობაც გადაიკეტა. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლაც და ყირიმის მიმართულებით მიმავალი რამდენიმე სამგზავრო მატარებელი რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მოძრაობს.

ყირიმის ხიდი (ასევე ცნობილი, როგორც ქერჩის სრუტის ხიდი) არის 19-კილომეტრიანი საავტომობილო და სარკინიგზო კონსტრუქცია, რომელიც რუსეთის კრასნოდარის მხარეს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.

რუსეთმა ხიდის მშენებლობა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო და ის ექსპლუატაციაში 2018 წელს შევიდა. უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა კონსტრუქციას უკანონოდ მიიჩნევს.

ხიდი წარმოადგენს მთავარ სახმელეთო არტერიას, რომლითაც რუსეთი სამხრეთ უკრაინაში მყოფ საოკუპაციო ძალებს სამხედრო ტექნიკით, საწვავითა და სურსათით ამარაგებს.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყირიმის ხიდი არა ერთხელ გახდა უკრაინული ძალების სამიზნე.

ყირიმის საავტომობილო ხიდზე პირველი აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს განხორციელდა, როდესაც რუსეთიდან მომავალ სატვირთო მანქანაში (ფურაში) დამონტაჟებული რამდენიმე ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქების ტალღამ ჩაანგრია საავტომობილო ხიდის ორი ნაწილი და ცეცხლი წაუკიდა პარალელურად მიმავალი სარკინიგზო მატარებლის საწვავის ცისტერნებს.

2023 წლის 17 ივლისს ყირიმის ხიდი მეორედ ააფეთქეს, უპილოტო საზღვაო დრონების (კატარღების) გამოყენებით, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა და განახორციელა. აფეთქების შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა საავტომობილო ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი.

2-qir-1794821483.jpg

ფოტო: ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ეს ორი თაღი რჩება უკრაინელების მთავარ სამიზნედ, რადგან მათი ჩამოშლის შემთხვევაში არა მარტო შეიზღუდება ანექსირებულ ყირიმში შეიარაღების შეტანა, არამედ რუსულ გემებს დროებით ჩაეკეტებათ გამოსასვლელი აზოვის ზღვიდან შავ ზღვაში...

2025 წლის 3 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა წყალქვეშა დივერსია - ხიდის საყრდენ წყალქვეშა ხიმინჯებზე წინასწარ (რამდენიმე თვის განმავლობაში) დამონტაჟდა დაახლოებით 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ნივთიერება.

ასევე დაგაინტერესებთ: დონბასის სრულად დათმობის სანაცვლოდ, ნატოში გაწევრიანების კვლავ შეპირებით, უკრაინას ისევ ატყუებენ?

პუტინი ილონ მასკის ხელით უკრაინას საპასუხო დარტყმას აყენებს

შურისძიება პუტინის მშობლიურ ქალაქში - უკრაინის ქალაქების დამბობველი მორიგი რუსი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკი, პეტერბურგში, თავისივე ავტომობილში ააფეთქეს

"ლენინ-პუტინის“ ქალაქის დაცვისას უკრაინული დრონის ნაცვლად საკუთარი „ალიგატორი“ ჩამოაგდეს?!

წყალქვეშა აფეთქებამ მძიმედ დააზიანა ხიდის საყრდენი კონსტრუქციები და ობიექტი საავარიო მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა ხიდი მთლიანად არ ჩამონგრეულა.

დღეს, 2026 წლის 16 ნოემბრის დილას ყირიმის ხიდზე მეოთხედ შეტევა უკრაინული თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონებით განხორციელდა, რისი საბრძოლო ეფექტიანობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ მეოთხედ ზუსტად ურტყამენ ყირიმის ხიდს - „პუტინის სიამაყეს“, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიდი, კრემლის ბრძანებით, მოსკოვზე არანაკლებად არის დაცული, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინას შესწევს უნარი, მტკივნეული დარტყმები მიაყენოს ოკუპანტ რუსეთს, მის ყველაზე დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზეც კი...