ზელენსკიმ ზედიზედ სამჯერ "ესროლა" და...ყირიმის ხიდების აფეთქებით უკრაინამ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი მასთან ომში ვერ იმარჯვებს
გასული კვირა მართლაც გამორჩეული გამოდგა რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებულ ომში, რადგან უკრაინამ ზუსტი დარტყმების მთელი სერია მიაყენა "პუტინის სიამაყესა" და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის სიმბოლოს - ყირიმის ხიდებს. ყირიმის ხიდი (ასევე ცნობილი როგორც ქერჩის სრუტის ხიდი) 19-კილომეტრიანი საავტომობილო და სარკინიგზო კონსტრუქციაა, რომელიც კრასნოდარის მხარეს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.
რუსეთმა ხიდის მშენებლობა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო და ის ექსპლუატაციაში 2018 წელს შევიდა. უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა კონსტრუქციას უკანონოდ მიიჩნევენ. ხიდი მთავარი სახმელეთო არტერიაა, რომლითაც რუსეთი სამხრეთ უკრაინაში საოკუპაციო ძალებს სამხედრო ტექნიკით, საწვავითა და სურსათით ამარაგებენ.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყირიმის ხიდი არაერთხელ გახდა უკრაინელთა სამიზნე.
ყირიმის საავტომობილო ხიდზე პირველი აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა, როდესაც რუსეთიდან მომავალ სატვირთო მანქანაში (ფურაში) დამონტაჟებული რამდენიმე ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქების ტალღამ ჩაანგრია საავტომობილო ხიდის ორი ნაწილი და ცეცხლი წაუკიდა პარალელურად მიმავალ სარკინიგზო მატარებლის საწვავის ცისტერნებს.
2023 წლის 17 ივლისს ყირიმის ხიდი მეორედ ააფეთქეს უპილოტო საზღვაო დრონების (კატარღების) გამოყენებით, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა. აფეთქების შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა საავტომობილო ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი.
2025 წლის 3 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა წყალქვეშა დივერსია მოაწყო - ხიდის საყრდენ წყალქვეშა ხიმინჯებზე წინასწარ (რამდენიმე თვის განმავლობაში) დამონტაჟდა დაახლოებით 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ნივთიერება.
წყალქვეშა აფეთქებამ მძიმედ დააზიანა ხიდის საყრდენი კონსტრუქციები და ობიექტი საავარიო მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა ხიდი მთლიანად არ ჩამონგრეულა.
ამის შემდეგ ყირიმის ხიდები უკრაინელებმა თითქოს "მიივიწყეს", რადგან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მასზე შეტევის ერთი ცდაც არ ჰქონიათ, რაც ცოტა უცნაური იყო. ეს შეიძლება ახსნილიყო იმით, რომ "პუტინის სიამაყეს" - ყირიმის ხიდებს, მოსკოვსა და ვალდაიზე (სადაც პუტინის ერთ-ერთი საპრეზიდენტო რეზიდენციაა) არანაკლებ იცავდნენ ჰაერიდან, ზღვიდან და წყალქვეშიდან.
თუმცა გასულ კვირას ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა და 16, 17 და 19 ნოემბერს უკრაინამ ზედიზედ სამი ზუსტი საჰაერო დარტყმა მიაყენა ყირიმის ხიდებს.
თუკი 16 ნოემბრის საჰაერო დარტყმამ ყირიმის საავტომობილო ხიდის თაღი მხოლოდ დააზიანა და რამდენიმე გრადუსით გადახარა, 17 ნოემბრის დარტყმა გადამწყვეტი გამოდგა - ხელმეორე შეტევის შედეგად თაღი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა, რითაც დროებით დაიბლოკა რუსული გემების გამოსვლა აზოვიდან შავ ზღვაში.
ის, რომ უკრაინამ ოთხ დღეში სამი მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა ყირიმის ხიდზე, მაშინ, როდესაც ამავე ხიდზე წინა სამი შეტევისთვის მას ოთხი წელი დასჭირდა, ორ რამეზე მიუთითებს:
პირველი - უკრაინის გენშტაბმა, სამხედრო დაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურმა მიაგნეს ახალ ტექნიკურ საშუალებას, რომელიც მათ აღარ ხდის დამოკიდებულს ილონ მასკის "სტარლინკის" სამხედრო თანამგზავრულ კავშირზე, რომელსაც მასკი უკრაინელ სამხედროებს გაუფრთხილებლად უზღუდავს, რითაც ხელს უშლის საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მიერ "სტარლინკის" ექსპლუატაციის ყოველთვიურ გადასახადს პოლონეთი იხდის.
SpaceX-ის სამხედრო ქსელზე (Starshield) დაწესებული შეზღუდვებისა და სიჩქარის ლიმიტების გამო (161 კმ/სთ-მდე) უკრაინულმა ძალებმა უარი თქვეს ამ სისტემაზე და დარტყმების სამართავად საკუთარი წარმოების საკომუნიკაციო სისტემა გამოიყენეს.
შორ მანძილზე (ყირიმის სრუტემდე) სიგნალის უწყვეტად გადასაცემად უკრაინელებმა გამოიყენეს ქსელური დრონების ტექნოლოგია - ე.წ. მფრინავი მოდემები და რეტრანსლატორი-დრონები. ჰაერში ეს აპარატები ერთმანეთს სიგნალს ჯაჭვურად გადასცემდნენ, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევდა დამრტყმელი დრონები და რაკეტები რეალურ დროში ემართათ.
რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინული ძალები მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ყირიმსა და მიმდებარე რეგიონებში რუსულ რადარებს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სწორედ იმ რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურებს, რომლებსაც დრონების კავშირი უნდა ჩაეხშოთ.
მრავალეტაპიან იერიშში ჩართული იყო სხვადასხვა ტიპის უკრაინული შეიარაღება: შორი მოქმედების დრონები (Palianytsia, Ruta, FP-1) და ფრთოსანი რაკეტები (Neptune, Flamingo). ქსელური კავშირისა და წინასწარ დაპროგრამებული ნავიგაციის კომბინაციამ მათ ზუსტი დამიზნების საშუალება მისცა;
მეორე - შემთხვევითი არ არის, რომ ყირიმის ხიდზე ზედიზედ სამი "გასროლა" ზელენსკიმ სწორედ იმ დღეებში უბრძანა თავის სამხედროებს, როდესაც აგრესორი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში ხვდებოდა მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს ლიდერს, ტრამპსა და სი ძინპინს და ცდილობდა ისინი დაერწმუნებინა, რომ უკრაინაში ომს იგებს და ხელი არ შეუშალონ. და მაშინ, როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები და ფრთოსანი რაკეტები ზედიზედ სამჯერ აფეთქებენ რუსეთისთვის ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს, როგორიც რუსეთიდან ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებია, ეს კრემლის ბინადარს ამერიკელ და ჩინელ კოლეგებთან სერიოზულად დაამცირებდა.
ყირიმის საავტომობილო ხიდის მთავარი კონსტრუქციის - 227 მ სიგრძის, 45 მ სიმაღლისა და 5 500 ტონა მასის თაღის ჩამოშლა დიდი ხნით შეაჩერებს არა მარტო საავტომობილო მიმოსვლას ამ ხიდზე, არამედ ხელს შეუშლის გვერდით გამავალ სარკინიგზო ხიდზე ეშელონებით საწვავისა და საბრძოლო მასალის გადასროლასაც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და თუკი პარალელურად უკრაინა შეძლებს დონის როსტოვიდან ყირიმისკენ ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალი საავტომობილო გზის ბლოკირებას კამიკაძე-დრონების მასირებული შეტევებითაც, მაშინ ანექსირებული ყირიმი ნახევარკუნძულიდან "კუნძულად" გადაიქცევა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალზე გაურთულებს ოპერატიულ მდგომარეობას ფრონტის სამხრეთ (ზაპოროჟიესთან) და სამხრეთ-დასავლეთ (ხერსონისკენ) მიმართულებებზე.
16-17 ნოემბრის კომბინირებული შეტევების შედეგად მთლიანად განადგურდა და ზღვაში ჩაინგრა ხიდის ერთ-ერთი მთავარი ლითონის თაღი და მის ქვეშ არსებული სავალი ნაწილი. სპეციალისტების შეფასებით, ეს ხიდის ურთულესი საინჟინრო ელემენტია, რომლის ხელახლა დამზადებასა და მონტაჟს, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით (როცა რემონტს რამდენიმე თვე ეყო), შესაძლოა წლები დასჭირდეს.
მხოლოდ დაზიანებული საავტომობილო სექციისა და თაღის აღდგენას, სულ მცირე, ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება.
მუშაობის დაწყებამდე საჭიროა ჩამონგრეული უზარმაზარი ლითონის კონსტრუქციების ამოღება ქერჩის სრუტიდან, რაც ასევე შეაფერხებს საზღვაო მიმოსვლას შავ და აზოვის ზღვებს შორის.
უსაფრთხოდ მუშაობა რთულდება უკრაინის მუდმივი იერიშების გამო - 16 და 17 ნოემბრის დარტყმების შემდეგ ხიდს კვირის განმავლობაში მესამედ შეუტიეს 19 ნოემბრის ღამესაც და, დიდი ალბათობით, უკრაინული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების "დაუპატიჟებელი სტუმრობები" ოკუპანტი რუსეთის მიერ აგებულ ყირიმის ამ ხიდებზე უკვე სისტემატური გახდება, რაც შეუძლებელს გახდის მათ სრულფასოვან აღდგენას.
ასევე დაგაინტერესებთ: ფერფლად ქცეული რეისი: ყველაზე დიდი სარკინიგზო ტრაგედია საბჭოთა კავშირში, რომელსაც 575 კაცი შეეწირა, მათ შორის 181 ბავშვი
ქართული ტანკები დრონსაწინააღმდეგო დაცვით პირველად გამოჩნდნენ
P.S. ყირიმის ხიდზე თავდასხმების საპასუხოდ რუსეთმა სარაკეტო და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევის მთავარ ხიდებზე, ასევე ქვეყნის ოთხ სხვა რეგიონში სატრანსპორტო გადასასვლელებზე.
17 ნოემბრის კომბინირებული შეტევის შედეგად რუსულმა ძალებმა დააზიანეს მდინარე დნეპრზე გადებული ხუთი ხიდიდან ორი, მათ შორის ჩრდილოეთის ხიდი. ამ დარტყმებმა დედაქალაქში საავტომობილო და მეტროს მოძრაობის პარალიზება და მრავალსაათიანი საცობები გამოიწვია.
P.P.S. "ხიდების ომი" ამით არ მთავრდება - უკრაინის ძალებმა 2026 წლის ნოემბერში ორჯერ მიიტანეს იერიში რუსეთის როსტოვის ოლქში მდინარე მიუსზე გადებულ სტრატეგიულ ხიდზე და ის ძალიან დაზიანდა, თუმცა სრულად არ ჩამონგრეულა.
მიუსის ხიდი ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანია. ხიდი მდებარეობს ტრასა R-280-ზე ("ნოვოროსიის" გზა), რომელიც დონის როსტოვს ოკუპირებულ მარიუპოლთან, მელიტოპოლსა და ყირიმთან აკავშირებს.
ქერჩის (ყირიმის) ხიდის თაღის ჩამონგრევის შემდეგ ეს სახმელეთო გზა რუსეთისთვის ყირიმისა და სამხრეთის ფრონტის მომარაგების, ფაქტობრივად, ერთადერთი მთავარი არტერიაა, რის გამოც მიუსის ხიდის მწყობრიდან გამოყვანა რუსულ სამხედრო ლოჯისტიკას კრიტიკულ საფრთხესა და ორმაგი ბლოკადის ეფექტს უქმნის.…