"ბრძოლის ყოველი დღე მეტ ტანჯვას გვანიჭებს... ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ერთ-ერთ ამერიკულ ფილმშია - „არ აიხედო" - ალექსი გონჩარენკოს გეგმა, რომელმაც უკრაინაში დიდი სკანდალი გამოიწვია
ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (FP - Foreign Policy) 23 ნოემბერს გამოქვეყნდა ინტერვიუ უკრაინის პარლამენტის დეპუტატ ალექსი გონჩარენკოსთან, სათაურით: „განა არ დადგა კიევის კომპრომისზე წასვლის დრო?“ (ესაუბრება სემ სქოუვი, ჟურნალის რედაქციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების კორესპონდენტი, რომელიც ვერხოვნა რადას წევრს კიევში შეხვდა).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„უკრაინის პოზიციები დღითი დღე სუსტდება. მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ კონფლიქტი გარდაუვლად დასრულდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით, თუმცა პასუხგაუცემელი რჩება ერთადერთი კითხვა: გაიმართება თუ არა მოლაპარაკება უკრაინის მონაწილეობით თუ მის გარეშე?“, - ამბობს ვერხოვნა რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო, რომელიც კრემლის მიერ ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრშია შეტანილი და რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოსკოვთან კომპრომისის მომხრეა. ამ თვალსაზრისით, მას ჰყავს როგორც მტკიცე მხარდამჭერები, ასევე - შეურიგებელი მოწინააღმდეგეებიც.
ოქტომბერში ალექსი გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს, სტატიის გამოქვეყნების გამო, რომელშიც იგი ორივე მტრულ მხარეს მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. „უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს“, - აღნიშნა დეპუტატმა პუბლიკაციაში, რომელშიც მან მოსკოვისთვის რამდენიმე შესაძლო დათმობა გაითვალისწინა, მათ შორის - რუსული ენის დაცვის გარანტიების კანონით დამკვიდრება. ასეთი ინიციატივები უკრაინაში პოლიტიკოსისთვის სარისკოა. კრიტიკოსებმა მკაცრად დაგმეს ალექსი გონჩარენკოს გეგმა. ისინი თვლიან, რომ დეპუტატი ცდება: მოსკოვს მხოლოდ უკრაინის კაპიტულაცია დააკმაყოფილებს.
მიუხედავად ამისა, დეპუტატი საზოგადოებაში გარკვეულ გავლენას ინარჩუნებს, რასაც ხელს უწყობს როგორც მისი საპარლამენტო მანდატი, ასევე - სოციალურ ქსელებში დიდი რაოდენობით გამომწერები. მის YouTube არხს 1.43 მილიონი გამომწერი ჰყავს. კიდევ 200,000 ადამიანი კითხულობს მას Telegram-ზე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია უკრაინაში.
არ არის გამორიცხული, რომ ალექსი გონჩარენკოს წინადადებები ზოგიერთი უკრაინელისთვის ახლა უფრო დამაჯერებლად გაჟღერდეს: რუსული დარტყმები სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველი ხდება, უკრაინას კი წინ კიდევ ერთი რთული ზამთარი ელოდება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო არასტაბილური ხდება, არმიაში მობილიზაცია კი საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევს. პარლამენტის წევრმა ინტერვიუში ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის - ამას წინათ მიღწეულ შეთანხმებაზეც, უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მისი აზრით, მსგავსი შეთანხმებები შეიძლება, მოლაპარაკებების მოდელად იქნას გამოყენებული.
ალექსი გონჩარენკოს კიევში შევხვდი და ვესაუბრე.
- როგორ აფასებთ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ?
- არა მგონია, ვინმეს განსხვავებული მიდგომა შეეთავაზებინა. ამ სიტუაციაში დონალდ ტრამპის ინდივიდუალური ნაბიჯების კრიტიკა რთულია. ჯერ შედეგები არ არის. თითქმის ერთი თვის წინ მე ჩემი სამშვიდობო გეგმა წარვადგინე. ჩემი აზრით, არსებობს ორი პრობლემა:
პირველი ის არის, რომ თავიდანვე გვინდოდა ფართომასშტაბიანი შეთანხმების დადება, ახლა კი უფრო ამბიციურ მიზანს ვისახავთ - ვსაუბრობთ უკრაინასა და მთელ ევროპულ უსაფრთხოების სისტემაზე ანუ საკითხების სპექტრი მუდმივად ფართოვდება. როდესაც დღის წესრიგში ამდენი მნიშვნელოვანი საკითხია, ძნელია კომპრომისის პოვნა. ამიტომაც ვთავაზობ, რომ მცირედით დავიწყოთ - თუ ტრამპისეული „დიდი ლამაზი გარიგება“ ახლა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, მოდი, მაშინ ცალკეულ საკითხებზე შევთანხმდეთ, რომლებიც შეიძლება უფრო მოკრძალებული და ნაკლებად მიმზიდველი იყოს, მაგრამ - ნამდვილად მიღწევადი. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ხომ მოვახერხეთ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტასა და მარცვლეულის კორიდორზე შეთანხმება?
მეორე პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ ერთი შუამავალი გვყავს - შეერთებული შტატები. პატივს ვცემ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მინდა, რომ მისი წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ რატომ არ უნდა ჩავრთოთ სხვა ქვეყნებიც? მაგალითად, ცალკე მოლაპარაკებებში თურქეთი - შავი ზღვის შესახებ ან ეგვიპტე, ან ინდოეთი. რატომ არ არიან ბრაზილია და ვატიკანი ჩართულები?
- რატომ გადაწყვიტეთ ამ წინადადების ახლა წამოყენება?
- იმიტომ, რომ ბრძოლის ყოველი დღე მხოლოდ მეტ ტანჯვას გვანიჭებს. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიცია დღითი დღე სუსტდება: ის, რისი მიღწევაც 2022 წელს შეგვეძლო, 2023 წელს უკვე მიუღწეველი იყო. იგივე იყო 2024 და 2025 წლებში. ახლა 2026 წელია და მალე 2027 წელი დადგება. სწორედ ამიტომ, დიდი ხანია, მოლაპარაკებებისთვის ვიბრძვი. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ხშირად მეკითხებიან: „კარგი, გვაჩვენეთ რა გეგმა გაქვთ? როგორ წარმოგიდგენიათ?“ ამიტომ გადავწყვიტე პასუხის გაცემა. არ ვამტკიცებ, რომ ჩემი გეგმა იდეალურია, მაგრამ ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული ნაბიჯები დავასახელო, რომელთა გადადგმაც, ვფიქრობ, შეგვიძლია.
ბოლოსდაბოლოს, ვხედავ, როგორ ვითარდება ესკალაცია. ექვსი თვის წინ გემები შავ ზღვაში დაცურავდნენ, ხიდები არ დაზიანებულა და საწყობები ხელუხლებელი იყო. ახლა კი, ყოველ თვესთან ერთად, სიტუაცია უარესდება. ამიტომ გავიფიქრე: მოდი, ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ დაძაბულობის განმუხტვას. ვოლოდიმირ ზელენსკი ყოფილი მსახიობია და ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოებრივი განწყობის მიმართ. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ ხალხს მშვიდობიანი გადაწყვეტა სურს. იმედი მაქვს, ეს მას მოტივაციას მისცემს, უფრო აქტიურად ეძებოს მშვიდობისკენ მიმავალი გზები.
- როგორ აფასებთ თქვენს სამშვიდობო გეგმაზე რეაქციას?
- გეგმა ბრალდებებით „დამიბომბეს“. ზოგიერთმა რუსეთის აგენტი მიწოდა, ზოგმა - MAGA-ს აგენტი, ზოგმა კი - ტრამპის აგენტი. გაირკვა, რომ საზოგადოების ნაწილს საერთოდ არ სურს მოლაპარაკებები. ეს ადამიანები ცოტანი არიან, მაგრამ ძალიან ხმამაღლა საუბრობენ და მათი ხმა მკაფიოდ ისმის. და ესეც პრობლემაა. წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ან ხვალ ამერიკელი მომლაპარაკებლები გამოაცხადებენ: „შეთანხმება გვაქვს“. თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება, ესე იგი, რუსეთის მოსახლეობაც დათანხმდება. მაგრამ უკრაინაში საქმე სხვაგვარადაა: შეიძლება ჩვენმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმება გამოაცხადონ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მათ წინ აღუდგება: „ეშმაკმა წაგიღოთ!“.
ჩემი გეგმის წარდგენამდე ქვეყანაში არც კი ყოფილა განხილვა იმის შესახებ, თუ რა პირობების მიღებაზე ვიყავით მზად და რომელს მივიჩნევდით მიუღებლად. ვფიქრობ, ამ მხრივ სერიოზული ვაკუუმია შექმნილი. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინას ულაპარაკოდ დანებდება. სამწუხაროდ, დღეს ეს არარეალურია. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ერთ-ერთ ამერიკულ ფილმშია - „არ აიხედო“ (Don't Look Up).
- თქვენი აზრით, უკრაინელების რამდენი პროცენტია მზად მოლაპარაკებისთვის?
- ვფიქრობ, უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა ომით სრულიად გამოფიტულია და [გარკვეულ კომპრომისზე, ალბათ, მზად არიან], თუმცა, აქ კვლავ ჩნდება კითხვა: კონკრეტულად რაზეა ხალხი მზად დათანხმდეს? მაგალითად, კრამატორსკის დატოვება, ჩემი აზრით, უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელია, თუმცა, შესაძლოა, ხალხი დათანხმდეს ნატო-სთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას, კონფლიქტის გაყინვას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე ან სანქციების შემსუბუქებას, თუ ეს მშვიდობის ფასია“.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მოსკოვი მზადაა შეარბილოს მკაცრი მოთხოვნები, რომლებსაც საჯაროდ აყენებს მოლაპარაკებების დროს?
- იცით, ეს მოლაპარაკების ტაქტიკაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსული მხარე მზადაა მოლაპარაკებისთვის. ჩემი გეგმის წინააღმდეგ წამოყენებული ერთ-ერთი არგუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან რუსებს არაფერი არ სურთ. უცნაური არგუმენტია. დავუშვათ, რომ მათ სინამდვილეში არაფერი არ სურთ და ჩემი წინადადებები არსად მიგვიყვანს. რას დავკარგავთ ამ შემთხვევაში?
ბოლოს და ბოლოს, მე არ მოვუწოდებ ბრძოლის შეწყვეტის ან იარაღის დაყრისკენ. მე ვამბობ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ უკრაინის არმია წარმატებით აგრძელებს ბრძოლას. თუ ჩვენი არმია ბრძოლას შეწყვეტს, მოლაპარაკებები არ იქნება. უკრაინის არმია დროს ყიდულობს. მაგრამ რა მიზნით? ჩვენი საქმეა, სულ მცირე, მოლაპარაკებების დაწყება ვცადოთ. გაიხსენეთ ოლეშკის ცეცხლის შეწყვეტა, 2022 წლის მარცვლეულის დერეფანი და შავი ზღვის შეთანხმება. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ რუსეთთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. თუ გავაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების დადება შეუძლებელია, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ სიტუაციაში კონფლიქტს დასასრული არ ექნება. თუმცა ისტორიიდან ვიცით, რომ ომები და კონფლიქტები მუდმივად არ გრძელდებიან.
- გყავთ პოლიტიკური მოკავშირეები?
- დიახ, მყავს. მაგრამ ისინი მხოლოდ მოკლედ ეხებიან იმ საკითხებს, რომლებზეც ერთ წელზე მეტია ვსაუბრობ. არცერთი მათგანი არ გვთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებს. ისინი ასევე არ განიხილავენ შესაძლო კომპრომისებს. მათთვის დათმობებზე საუბარიც კი პოლიტიკურად საშიშია და არავის სურს ფასის გადახდა. საინტერესოა, რომ პარლამენტში ჩემმა ბევრმა კოლეგამ საჯაროდ განმიცხადა: „შენ ღრმად სცდები“, მაგრამ შემდეგ ასევე ბევრი მომიახლოვდა და ხმადაბლა მითხრა: „შენ აბსოლუტურად მართალი ხარ“ ან „ბევრი რამით მართალი ხარ“. სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკური პოზიციის ღიად და ყველას გასაგონად გამოხატვა ჩვენთან კვლავ სახიფათოა.
რა თქმა უნდა, მე ყველაფერს ვაცნობიერებ და მესმის, თუ რატომ არიან კომპრომისების მოწინააღმდეგეები. უკრაინულმა საზოგადოებამ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა განიცადა და მიზეზები ნათელია. პრობლემა ის არის, რომ ხალხმა ამდენი სიძულვილი და ბრაზი დააგროვა და მათ არ შეუძლიათ ეს ყველაფერი რუსებზე გადმოიტანონ. ყოველ შემთხვევაში, ჯარისკაცებს შეუძლიათ რუსების მოკვლა, მაგრამ ხალხს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. როდესაც ადამიანს არ შეუძლია თავისი სიძულვილი უშუალოდ მტრის წინააღმდეგ მიმართოს, ის სახლში მტრების ძებნას იწყებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ზოგმა დაკარგა შვილები, ზოგმა - სახლები. დავკარგეთ მთელი ქალაქები, ტერიტორიები... (...)
ასევე დაგაინტერესებთ: აიათოლას მაგივრად "დიდი ექვსეული" ანუ ვინ მართავს დღეს ირანს სინამდვილეში?! - The Economist
სამთა სამიტი: „რა სურდათ პუტინს, ტრამპს და სი ძინპინს და რა მიიღეს?!" - The Daily Telegraph
- აქ, კიევში, ზოგიერთ პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს ვესაუბრე, რომელთა აზრით, რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი საჯარო განხილვა კრემლის პროპაგანდის ხელშეწყობას ნიშნავს. რას ფიქრობთ ამაზე?
- ვფიქრობ, რომ ეს აბსურდია. ახლა რომ უკრაინის არმია მოსკოვის მისადგომებთან იყოს, მაშინ სხვა სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ მჯერა, რომ საბოლოო ჯამში კონფლიქტი რუსეთთან მოლაპარაკებებით დასრულდება - ან უკრაინის მონაწილეობით, ან მის გარეშე. მეორე ვარიანტი ჩვენთვის გაცილებით უარესია.
ავიღოთ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები. იღებენ ახალ სანქციებს, ძველებს კი ან ამსუბუქებენ, ან აუქმებენ. ამერიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, წელს დიდმა ბრიტანეთმა შეამსუბუქა შეზღუდვები ნავთობზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააუქმა სანქციები რუსეთის მოქალაქე ოლიგარქების წინააღმდეგ. ესტონეთმა მოხსნა შეზღუდვები რიგი რუსული კომპანიებისთვის. სია შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ. რა იზამს მომავალს წელს საფრანგეთი უკრაინისა და საფრანგეთის მიმართ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი შეიცვლება? მოკლედ, ანტირუსული სანქციები შემსუბუქებულია და უკრაინა სანაცვლოდ არაფერს იღებს. ეს ყველაფერი ჩვენს გარეშე წყდება. და აი, როგორც ყოველთვის: „თუ მაგიდასთან არ ზიხარ, მაშინ მენიუში ხარ“ (ანუ შეგჭამენ). სულ ესაა. სხვა გზა არ გვაქვს. ამიტომ სისულელეა იმის თქმა, რომ „რუსებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, რადგან ისინი ნაძირლები არიან“. მერე რა?
მოამზადა სიმონ კილაძემ