"დიახ, უკრაინა რთული და სახიფათო ზამთრისთვის ემზადება..." - რას გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკი და კიდევ რა საფრთხე ემუქრება კიევს?! - კვირის პალიტრა

"დიახ, უკრაინა რთული და სახიფათო ზამთრისთვის ემზადება..." - რას გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკი და კიდევ რა საფრთხე ემუქრება კიევს?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „აშშ ზედმეტად არის ფოკუსირებული ახლო აღმოსავლეთზე და რუსეთზე მისი ზეწოლა არასაკმარისია“ - რას აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტატიაში, სადაც უკრაინის ლიდერთან ინტერვიუს შინაარსია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

კიევის ცენტრში მდებარე [პრეზიდენტის] ოფისში BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტ სარა რეინსფორდთან საუბრისას, უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიმართ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა: მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შეფერხებას უკრაინელთა სიცოცხლე ეწირება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს აშშ რუსეთზე არასაკმარისად ძლიერ ზეწოლას ახორციელებს. ასევე „უცნაური“ უწოდა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც იგი ვლადიმერ პუტინთან ერთად არის გადაღებული და რუსეთის მეთაურს „ჩემს მეგობარს“ უწოდებს.

ტრამპისა და პუტინის „უცნაური მეგობრობა“

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ რა გრძნობა დაეუფლა მას, როცა თეთრი სახლის მეთაურის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვლადიმერ პუტინისა და დონალ ტრამპის ერთად გადაღებული ფოტოსურათი დაინახა წარწერით „ჩემი მეგობარი“.

„რა თქმა უნდა, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ... ჩემი აზრით, ეს უცნაურია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - „ის აგრესორია და მკვლელი... ის ვერ იქნება მეგობარი. უბრალოდ, ვერ იქნება... თუ მათ ესოდენ ახლო პირადი ურთიერთობა აქვთ, [დონალდ ტრამპს] ასეთი მიმართვა ჟურნალისტების გარეშეც შეუძლია. მე ძალიან გული მტკივა იმ ოჯახებზე, რომლებმაც შვილები დაკარგეს და რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის იმედი აქვთ. ჩვენს გვაქვს იმედი ჩვენი მოკავშირეების მიმართ! როგორ უნდა შევხედოთ ჩვენს მკვლელს, როცა აშშ გვეუბნება, რომ პუტინი მისი მეგობარია? მან ხომ ფაშიზმი 21-ე საუკუნეში გადმოიტანა! არა, პუტინი ტრამპის მეგობარი ვერანაირად ვერ იქნება. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ეთქვა ადოლფ ჰიტლერზე მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ ის მისი კარგი მეგობარია“.

სამშვიდობო მოლაპარაკება; „რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს...“

2025 წელს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან გამართული მძიმე შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებს.

აშშ-ი პრეზიდენტის ორი წარმომადგენელი ცდილობს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს და შეწყდეს ომი, რომელიც ადამიანთ უდიდეს მსხვერპლს იწვევს. თუმცა, ხშირად ისე ჩანს, რომ ორივე მომლაპარაკებელ-შუამავალი უფრო მოსკოვის პოზიციას იზიარებენ, ვიდრე კიევისას.

ამ თვის დასაწყისში, აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვითარება ასე აღწერა: „რაც უფრო მეტს ვიგებთ, მით უფრო მეტ პრობლემას ვხედავთ“. მისი თქმით, მოლაპარაკებების განახლება დეკემბერშია მოსალოდნელი.

ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ გასულ კვირას, ჩინეთში პუტინთან გამართულ შეხვედრაზე, მან რუსეთს მოუწოდა, „შეწყვიტოს ნებისმიერი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა „სავსებით შესაძლებელია“. თუმცა, საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით, აშკარა ხდება, რომ რუსეთი ყველა საკითხთან დაკავშირებით თავის თავდაპირველ, უკომპრომისო პოზიციას დაუბრუნდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, მიიღებენ თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას ევროპელი წარმომადგენლები - მიუხედავად იმისა, რომ კრემლი თითქოსდა თანახმა იყო მათ ჩართვაზე. როგორც ჩანს, კრემლი მაინც წინააღმდეგობას უწევს.

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება წარმატებული მოლაპარაკებები, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ხუთი დამქანცველი წელი დასრულდეს.

რუსეთის დარტყმები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო ხშირი და მომაკვდინებელი ხდება: დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობა რეკორდულად მაღალია. ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში მიმართა „ნამდვილ და სასარგებლო მოკავშირეებს, რომ მათ, შედეგების მისაღწევად, რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ“. მან ასევე მოუწოდა ამერიკას, რომ გაამართლოს თავისი როგორც „ძლიერი, გავლენიანი და პატივცემული“ ქვეყნის რეპუტაცია.

„როდესაც აგრესორის მიმართ სრულიად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობ... ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერ როგორც მსხვერპლს, ისე აგრესორს. ეს არასწორი მოქმედებაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში.

აშშ აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტის პრინციპის ერთგულია და აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარება რთული პროცესია. თეთრი სახლი ეძებს მხარეებს შორის ისეთი სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს, რომელიც მყარი იქნება.

ამასობაში კიევი თავისი ცის დაცვას ცდილობს.

„მოგვეცით Patriot-ის რაკეტები...“

საჰაერო განგაშის სიგნალები, რომლებიც დღე და ღამე ისმის, ყოველდღიური ცხოვრების დამქანცველ ნაწილად იქცა. რუსული ბალისტიკური რაკეტები ელექტროსადგურებსა და ხიდებს ბომბბავენ, ხოლო კიევის ცენტრს (ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებს) ყოველდღიურად უტევენ რეაქტიულძრავიანი დრონები. საპასუხოდ, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო და ეკონომიკურ სამიზნეებს ასობით დრონით უტევს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიას უკვე შეუძლია რუსეთის ყველაზე სწრაფი დრონების დაახლოებით 70% გაანადგუროს. ეს მაჩვენებელი დღითიდღე უმჯობესდება.

თუმცა, უკრაინა ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად საჭირო P-2 და P-3 „რაკეტა-დამჭერების“ (ანუ ანტირაკეტების) დიდ დეფიციტს განიცდის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ აჭიანურებს Patriot-ის საზენიტო კომპლექსების (დანადგარების) რაკეტა-დამჭერებით უზრუნველყოფას. „სამწუხაროა, რომ მათ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და იქაურ ქვეყნებს უფრო მეტად ეხმარებიან... ძალიან სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ, - ჩვენთვის ამ რაკეტების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლის გაწირვას ნიშნავს“.

რატომ შეიზღუდა Starlink-ის მოქმედება?

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის სატელიტური კავშირგაბმულობის სისტემა Starlink-ისა და მისი სამხედრო ვერსიის Starshield-ის მოქმედება უკრაინის არმიისათვის კვლავ შეზღუდულია.

სხვათა შორის, უკრაინული დრონების ქვედანაყოფების ოპერატორებმა BBC-ის ჟურნალისტებს უამბეს არსებული პრობლემების შესახებ: მათი დამჭერი დრონები ვეღარ აჩერებენ რუსულ „შაჰედებს“, რის შედეგადაც, ისინი შეუფერხებლად აღწევენ უკრაინის სიღრმეში.

მაშ, ​​ვისი გადაწყვეტილებაა Starlink-ისა და მისი სამხედრო ვერსიის Starshield-ის მოქმედების შეზღუდვა? „ტექნიკური თვალსაზრისით - SpaceX-ის, პოლიტიკური კუთხით კი... არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი“, - უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტს, - „ეს ჰგავს... პინგ-პონგს. ერთ მხარეს მივმართავთ, ისინი კი ამბობენ, რომ საქმე მეორე მხარეს ეხება“.

დარტყმა რუსულ გემზე ლიბიაში: იტალია აპროტესტებს...

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ რუსულ სამიზნეებზე შორი მოქმედების რაკეტებით და დრონებით დარტყმები გაახშირა: მათ შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და გემები, რომლებსაც იარაღი ან საწვავი გადააქვთ.

26 ნოემბერს, ხუთშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმამ, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ ლიბიაში მდგარი რუსული სამხედრო ხომალდი ჩაიძირა, შესაძლოა ომი ხმელთაშუა ზღვის რეგიონშიც გაავრცელოს, რაც იტალიისათვის სრულიად მიუღებელია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების ქმედება დაიცვა და სარაკეტო ხომალდ „მერკურის“ განადგურებას „აბსოლუტურად სამართლიანი მიზანი“ უწოდა. მან აღიარა, რომ მსგავსი დარტყმები მართლაც „ძალიან სახიფათოა“, თუმცა დასძინა, რომ უკრაინის ძალები პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე ასეთ შეტევებს „არასდროს ახორციელებენ“. მან თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან.

ასევე დაგაინტერესებთ: "ბრძოლის ყოველი დღე მეტ ტანჯვას გვანიჭებს... ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ერთ-ერთ ამერიკულ ფილმშია - „არ აიხედო" - ალექსი გონჩარენკოს გეგმა, რომელმაც უკრაინაში დიდი სკანდალი გამოიწვია

აიათოლას მაგივრად "დიდი ექვსეული" ანუ ვინ მართავს დღეს ირანს სინამდვილეში?! - The Economist

სამთა სამიტი: „რა სურდათ პუტინს, ტრამპს და სი ძინპინს და რა მიიღეს?!" - The Daily Telegraph

10 მთავარი მოვლენა, რომელიც შეიძლება 2027 წელს მოხდეს: ომები, რეკორდული სიცხე, ხელოვნური ინტელექტის დილემა და წონაში დაკლების ელექსირი - The Economist

რთული ზამთარი: „რუსეთს სურს, რომ ჩვენ კიევიდან გავიქცეთ“

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქვეყანა რთული და სახიფათო ზამთრისთვის ემზადება.

კიევზე განხორციელებული ბოლოდროინდელი თავდასხმების სამიზნე მდინარე დნეპრზე გამავალი ხიდები იყო - როგორც ჩანს, რუსეთის მიზანი ქალაქის ორ ნაწილად გაყოფაა.

ზოგიერთმა მცხოვრებმა ზამთრის გასატარებლად უკვე დატოვა ქალაქი, ხოლო ბიზნესები დაიხურა, რადგან ელექტროენერგიის გათიშვებმა და ლოჯისტიკურ ქსელებზე განხორციელებულმა დარტყმებმა საოპერაციო ხარჯები ძალიან გაზარდა. ქალაქის დიდი ნაწილი სიბნელეშია ცაძირული.

„[რუსეთს], რა თქმა უნდა, სურს, რომ ჩვენ გავიქცეთ“, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - „ხალხს შეუძლია წასვლა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, ნებისმიერი გზით დავიცვათ ჩვენი დედაქალაქი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი დედაქალაქი, რომლის გარეშე ქვეყანა არ არსებობს“.]

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო