"ექიმებმა დედას ჯერ ის უთხრეს, მგლის ხახა აქვსო, მერე - კურდღლის ტუჩიო, ბოლოს - სასქესო ორგანო აქვს განუვითარებელიო" - რას ჰყვება ქალი, რომელიც დას ეძებს? - კვირის პალიტრა

"ექიმებმა დედას ჯერ ის უთხრეს, მგლის ხახა აქვსო, მერე - კურდღლის ტუჩიო, ბოლოს - სასქესო ორგანო აქვს განუვითარებელიო" - რას ჰყვება ქალი, რომელიც დას ეძებს?

"ვეძებ დას, რომელიც დაიბადა 1993 წლის 24 აპრილს, ნაძალადევის N1 სამშობიაროში (ბავშვი დღენაკლული იყო). 10 დღე მოუხდათ მანდ ყოფნა, შემდეგ დედა და ბავშვი გადაიყვანეს დიღომში, მომდევნო დღეს კი მშობლებს გამოუცხადეს, ბავშვი მოკვდაო, ცხედარი არც აჩვენეს... დედა საავადმყოფოდან ისე გამოწერეს, არანაირი საბუთი არ გამოატანეს და ეგ უფრო მიჩენს ეჭვს, რომ ჩემი მარიამი (ასე დაარქვეს მას ჩემებმა) ცოცხალია... ამ ტრავმის შემდეგ დედამ სხვა შვილები აღარ გააჩინა და დავრჩი ასე, დედისერთად... გთხოვთ, დამეხმარეთ და მაპოვნინეთ ჩემი და", - გვეუბნება ელენა ბაბაიანი, რომელსაც ძალიან უჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ შესაძლოა, მისი და ცოცხალია, საქართველოში ცხოვრობს და მის შესახებ არაფერი იცის.

- "ახლა ვიყავი იუსტიციის სახლში, ჩემი დის გარდაცვალების მოწმობა მოვითხოვე და არ მოიძებნა. თბილისში თუ არის დაბადებული, ყველა ვარიანტში იქნებოდაო ბაზაში, მაგრამ ვერ იპოვეს... ცუდად ვარ, ხალხო, დედმამიშვილის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია და ახლა იმედი მომეცა, რომ ჩემი მარიამი ცოცხალია; ატირებული და აკანკალებული გამოვედი სამინისტროდან. გეხვეწებით, ტესტის შეძენაში დამეხმარეთ, რომ მალე ვიპოვო..." - ელენა, ეს თქვენი პოსტია, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჯგუფში "ვეძებ" გამოაქვეყნეთ.

- როდის გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, თქვენი მარიამი არ მომკვდარა და ის გაყიდეს?

- ეჭვი მას მერე გამიჩნდა, რაც ამდენი გაყიდული, წართმეული ჩვილის შესახებ წავიკითხე. თუმცა, თავიდან დედას ამაში არ ვუტყდებოდი, არ მინდოდა, ენერვიულა. თუმცა, ბოლოს ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი და იუსტიციის სამინისტროში გაყოლა ვთხოვე, სადაც ჩემი დის არც დაბადების და არც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. უფრო მეტიც, დედას უფიქსირდება მხოლოდ ერთი მშობიარობა. ახლა მითხარით, სხვა რა უნდა ვიფიქრო, თუ არა ის, რომ ბავშვი წაართვეს?

likas-masala-2-1662383228.jpg
ელენას დედა

- ალბათ ამის შემდეგ დედასთან გულახდილად ისაუბრეთ იმ პერიოდზე, როცა თქვენს დაზე იმშობიარა. რას იხსენებს?

- ბავშვი დაიბადა დღენაკლული, წონით 1 კგ 700 გრამი. თურმე, ექიმებმა დედას ჯერ ის უთხრეს, მგლის ხახა აქვსო, მერე - კურდღლის ტუჩიო, ბოლოს - სასქესო ორგანო აქვს განუვითარებელიო. დედამ, - ეს კი მითხრეს, მაგრამ მსგავსი არაფერი ეტყობოდა, ლამაზი ბავშვი იყო, თეთრი პირისახის, შავი თმითო. მოკლედ, 10 დღე იყვნენ ნახალოვკის საავადმყოფოში, რათა პატარა მოძლიერებულიყო. გვერდით პალატაში იწვა ქალბატონი, თუ არ ვცდებით, ქუთაისიდან, რომელიც ამბობდა, რომ მკითხავი იყო და თურმე, მან დედას ჭორი გაუვრცელა, ვითომ მას შვილის სახლში წაყვანა არ უნდოდა. ამის შესახებ რამდენიმე ადამიანს უკითხავს დედასთვის: მართლა საავადმყოფოში ტოვებო? დედა გიჟს ჰგავდა, თურმე, ამის გამო, საიდან მოიტანეთო?!.

- იმ ქალს რაში სჭირდებოდა ასეთი ჭორის გავრცელება?

- არ ვიცი... დედას ახსოვს, რომ ის ქალი მკურნალობის კურსს გადიოდა. თურმე, რამდენჯერაც დაფეხმძიმდა, ნაყოფს ვერ ინარჩუნებდა, მუცელშივე უკვდებოდა... ვინ იცის, იქნებ მან დაადგა თვალი ჩემს დას?! ვერაფერს გეტყვით...

- რატომ გახდა ჩვილის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი?

- მეათე დღეს დედას უთხრეს, ბავშვი ცუდად გახდა და სასწრაფოდ დიღომში უნდა გადაიყვანოთო. არადა, ინკუბატორში მყოფი ჩვილი ცუდად თუ იყო, ხომ უნდა გადაეყვანათ რეანომობილით ან რაიმე საბუთები ხომ უნდა გაეტანებინათ? არც საბუთები გაატანეს და უფრო მეტიც, ჩემებმა ბავშვი მეზობლის მანქანით წაიყვანეს იმ საავადმყოფოში... ახლა მამა დარდობს, - ნეტავ, ბავშვი პირდაპირ სახლში მომეყვანა, ახლა ხომ გვერდით გვეყოლებოდა ან ის მაინც გვეცოდინებოდა, რომ ნამდვილად გარდაიცვალაო...

მოკლედ, დაბადებიდან მეათე დღეს გადაიყვანეს დიღომში და მეთერთმეტე დღეს თქვეს, რომ პატარა დაიღუპა. ბებია, მამაჩემის დედა ამბობდა, თურმე: მე ვნახე მიცვალებული, ეგ იყოო. მაგრამ ამის არ მჯერა. მიცვალებული, გალურჯებული ბავშვი ყველა ერთმანეთს ჰგავს. თანაც, მამაჩემს რომ უნდოდა ნახვა, როცა ყუთით გამოატანეს დასამარხად, ბებიამ მისი გახსნის უფლება არ მისცა: რად გინდა ნახვა, ცუდად გახდებიო.

likas-masala-1-1662383261.jpg
ელენას მამა

- ანუ ცხედარი გამოატანეს?

- როცა გარდაცვალების შესახებ უთხრეს, მამას მისი ცხედარი მოუთხოვია. ჯერ უარი უთქვამთ, მაგრამ მერე, დაახლოებით ერთ საათში ყუთი გამოუტანეს, რომელშიც, როგორც გითხარით, არავინ იცის, რა იდო... ამიტომ, ახლა გადავწყვიტეთ ეგზჰუმაცია ჩავუტაროთ. ხომ იცით, ამას წინათ ვიღაც წერდა: შვილის საფლავი რომ გათხარეს და ყუთი გახსნეს, იქ ჩვილის კი არა, პარკში გახვეული ქათმის ფეხები იპოვესო და კაცმა არ იცის, ჩვენს შემთხვევაში რა აღმოჩნდება.

- კი, მაგრამ ბებია რატომ მოიტყუებოდა?

- უკვე მასზეც გვაქვს რაღაც ეჭვები, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის და ვერაფერს ვკითხავთ. დედა ამბობს, იქნებ იმასაც აურიეს ტვინი და დაარწმუნეს, რომ ბავშვი ავადმყოფი იყო, მისი წაყვანა არ ღირდა, ამიტომ გადაწყვიტა, დაეტოვებინაო. ეს ადვილი შესაძლებელია.

- სხვა დედმამიშვილი არ გყავთ, ხომ?

- არა, მხოლოდ ერთი და მყავს (ახლა 29 წლის იქნება) - ასე ვიტყვი, რადგან მგონია, ცოცხალია... ამ ტრავმის შემდეგ ჩემს მშობლებს აღარ უფიქრიათ ბავშვის გაჩენაზე. მამაჩემს ნერვიულობისგან გარკვეული პრობლემებიც შეექმნა... ახლა ყველას გვაქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან, მარიამი გამოჩნდება. ძალიან მინდა დამიბრუნდეს, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ.

likas-masala-1662383274.jpg
ელენა ბაბაიანი

- გედოთ პოსტი, რომ მამამ ვიღაც გოგოს იმდენად მიგამსგავსათ, რომ თქვენ ეგონეთ...

- ვიპოვე ის გოგო და დავუკავშირდი, მაგრამ მითხრა, - გამორიცხულია, აყვანილი არ ვარო. არადა, ძალიან მგავს. წარმოიდგინეთ, ჩემს მეუღლესაც შეეშალა: ამ გოგოს ფოტო გავუგზავნე და მომწერა, - რა, კიდევ შავად შეიღებე თმაო?.. იმ გოგონამ მითხრა: 1992 წლის 17 სექტემბერს დავიბადე. თქვენი და ვერ ვიქნები, მშობლებისთვის უმცროსი შვილი ვარო. უფროსი და-ძმაც ჰყოლია.

- ახლა რას აპირებთ? ტესტის შეძენა გსურდათ და ეს მოახერხეთ?

- დიახ, ტესტის ყიდვაში დამეხმარნენ და 2 კვირაში ჩამომივა, ამის იმედიც მაქვს, რომ დის მოძებნაში დამეხმარება. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. მჯერა, აუცილებლად ვიპოვი მარიამს, რომლებიც მშობლებს ხელიდან წაგლიჯეს და უგულოდ გაუყიდეს.

P.S. თუ ვინმეს გეცნობათ ელენას მოყოლილი ამბავი და რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 5(58) 25.60.81.

წინასწარ გიხდით მადლობას! ანონიმურობა გარანტირებულია!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"რომ მცოდნოდა, ექიმებს როგორი მტაცებლური სქემა ჰქონდათ მაშინ, აუცილებლად მოვიკრებდი ძალას, მაგრამ ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?"

"ყური მოვკარი, ბებიაჩემმა ჩემს უფროს შვილს უთხრა: შენ დარჩი აქ და დედაშენი გავაგდოთო"

"ხშირად ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში"

"მიმღებში მსუქანი ქალი იყო, შესვლისთანავე უყვირა ჩემს ექიმს: ასე ცუდად მყოფი აქ როგორ მოიყვანეთო? - რას ჰყვება ქალი, რომელიც ტყუპს ეძებს