"ამის მერე ბავშვური სილაღე დავკარგე... ერთხელაც ეს ქალი მარტო მოვიდა, შავები ეცვა. კაცი მოუკლავთ და მგლოვიარე იყო" - გაშვილებული ქალის ემოციური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ამის მერე ბავშვური სილაღე დავკარგე... ერთხელაც ეს ქალი მარტო მოვიდა, შავები ეცვა. კაცი მოუკლავთ და მგლოვიარე იყო" - გაშვილებული ქალის ემოციური ინტერვიუ

"ცხოვრებაში არასდროს არაფერი ამსრულებია, მაგრამ მაინც ვცდი: 1990 წელს წყნეთის ბავშვთა სახლში საერთო ნათლობა გაიმართა. იმ პერიოდში ჩვენთან ორი სტუდენტი გოგო მოდიოდა, ხატვას გვასწავლიდნენ ყოველ შაბათ-კვირას. ერთ-ერთმა გოგომ მომნათლა მე. რატომღაც ერთ შაბათ დღეს ვერ მოვიდნენ და იმ დროს მეც გამაშვილეს. ნათლია, თუ აქ ხარ, იცოდე, გეძებ! მე ვიყავი ნატალია გოგაძე. ამჟამად გვარი შეცვლილი მაქვს და ვარ ოქროპირიძე...

ვიცი, არ ამისრულდება ნატვრა, მაგრამ მაინც ვცდი. სამწუხაროდ, სახელი და გვარი არ მახსოვს..." - ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ნატალიას ტელეფონის ნომერი მოვიძიე და დავუკავშირდი, თუმცა, ნათლიაზე ამბის გარდა, მას მოსაყოლი ბევრი რამ აღმოაჩნდა და თანაც, საკმაოდ მძიმე ისტორია აქვს:

თავის დროზე ჩვილ ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, სადაც ბიოლოგიურმა დედამ, როგორც ახსოვს, ერთხელ მიაკითხა. 6 წლისა სხვა თავშესაფარში გადაიყვანეს, მერე გააშვილეს და ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ბიოლოგიური დედა ეძებდა...

ნატალიას მონაყოლიდან ჯერჯერობით, მხოლოდ მცირე ნაწილის დაბეჭდვის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, რადგან ისტორია მძიმეა და თანაც, არ მინდა, ბიოლოგიური მამის ძიების პროცესში შეეშალოს ხელი...

- გორში დავიბადე. ბიოლოგიური დედა ერთ-ერთი სოფლიდანაა და 5 თვემდე, ფაქტობრივად, მეზობლის სახლში გამზარდა, სახლში ვერ მივყავდი გარკვეული მიზეზების გამო და ჩემს სანახავად იქ მოდიოდა. იმ პერიოდში დედა ვეტექიმად მუშაობდა სოფელში და მთელი დღე ჩემთან რომ ყოფილიყო, ამისთვის ვერ იცლიდა.

ერთხელაც, ის ქალბატონი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა, ცუდად გახდა, ყურადღებას ვეღარ მაქცევდა და დედამ, ალბათ, სხვა გზა რომ ვერ ნახა, თელავის ჩვილ ბავშვთა სახლში წამიყვანა. ანკეტაში, რომელიც იქ შეავსო, წერია:

"დედა - მისი სახელი, გვარი, ასაკი. მამა - საგზაო ინჟინერი..." ასევე, აღნიშნული იყო, რომ დედამ შემოიყვანა ბავშვი დროებით აღსაზრდელად და ამის შემდეგ წერია ჩემი სახელი: ნატალია როინის ასული, მაგრამ გვარი არც იქაა დაფიქსირებული.

როცა, დაახლოებით, 5 წლის გახლდით, მახსოვს, ჩემს სანახავად მოვიდა და დედაც დავუძახე, გავეტირე კიდეც... ამის შემდეგ დედა და დეიდაჩემი სასწავლებლად წასულან რუსეთში, მე კი, დაახლოებით, ერთ წელიწადში გადამიყვანეს წყნეთის ბავშვთა სახლში, რადგან უკვე სასკოლო ასაკის ვიყავი - ეს მოხდა 1986 წელს. 2 წელი ვისწავლე იქ, პირველი-მეორე კლასი დავამთავრე, მერე კი - გამაშვილეს.

- როგორც ამბობთ, ამ პერიოდში მოინათლეთ...

- დიახ, ბავშვთა სახლში მოაწყვეს მასობრივი ნათლობა. იმ პერიოდში, შაბათ-კვირას, ჩვენთან ორი ახალგაზრდა გოგო მოდიოდა: ერთი გამხდარი და ერთიც - ცოტა პუტკუნა, ისინი ხატვას გვასწავლიდნენ. სხვათა შორის, ამ ბავშვთა სახლში გავატარე ბავშვობის საუკეთესო წლები, მერე ისეთი ლაღი აღარასდროს ვყოფილვარ... გვასწავლიდნენ ცეკვას, სიმღერას, წერა-კითხვას და ა.შ. ვმართავდით კონცერტებსაც და ერთხელ ფილარმონიაშიც კი გამოგვიყვანეს, მე გუნდთან ერთად "ჩემო კარგო ქვეყანა" ვიმღერე...

მოკლედ, ნათლობის დროს, გამხდარმა გოგომ ჩემზე თქვა: ამას მე მოვნათლავო, მერე კი ოქროს ყელსაბამი და ჯვარი დამკიდა, რომელსაც უკანა მხარეს ეწერა "ჩვენთან არს ღმერთი". მან მომიტანა ფანქრები, ფლომასტერები, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა მაშინ და მოუთმენლად ველოდი შემდეგ შაბათ დღეს, რომ შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც სითბო მაგრძნობინა... იმ დღეს, ჩემი ნათლიის ნაცვლად მოვიდა ცოლ-ქმარი, უკვე ასაკში მყოფი ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ ბავშვს, კონკრეტულად კი - ბიჭს (რადგან საკუთარი შვილი გარდაცვლიათ 16 წლის ასაკში, სისხლის გათეთრებით), მაგრამ დირექტორმა მათ ჩემი თავი შესთავაზა...

likas-masala-2-1656508146.jpg

- რატომ? ხომ იცოდა, რომ დროებით ჰყავდით დედას დატოვებული?

- ეს ფურცელზე კი ეწერა, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, არავის მოუკითხავს. მხოლოდ ერთხელ, როგორც გადმოცემით ვიცი, ვიღაც ორი ქალი ყოფილა, ვითომ ბებია და დეიდაო, მაგრამ არ მახსოვს. ჰოდა, რომ ნახეს, მომკითხავი არავინ მყავდა, ეტყობა ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი გაშვილება. ამ წყვილისთვის დირექტორს უთქვამს, - გოგოა, მაგრამ არავინ აკითხავს და თუ სურვილი გექნებათ, წაიყვანეთ, გაზარდეთო. ვითომ მადლი გააკეთა ჩემთვის, სინამდვილეში კი ამის მერე ბავშვური სილაღე დავკარგე... მე ნათლიას ველოდებოდი მთელი გულით. დღემდე მინდა, ვნახო ეს ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ანგარების გარეშე, ჩემში ბავშვი დაინახა, მოვეწონე ან უბრალოდ შემიყვარა და საკუთარი ნებით მომნათლა. სხვათა შორის, ის ნათლობის ჯვარი და ყელსაბამი მომხსნეს ბავშვთა სახლში, ვითომ არ დაკარგოსო და მას მერე თვალითაც აღარ მინახავს. გული მწყდება, რომ დავკარგე, ვერ მოვუფრთხილდი, სხვებს დავუთმე...

- რატომ ამბობთ, რომ გაშვილების შემდეგ თქვენი ბავშვობა დასრულდა?

- იმდენად მორცხვი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი, უნებურად, სიჯიუტეში გადამდიოდა. დედობილმა სახლში მიყვანისთანავე ჩამავლო ხელი და ველურივით აბაზანაში შემაგდო; ისე დამბანა, როგორც რომელიმე ცხოველს დაბანდნენ და ამის შემდეგ ავითვალწუნე. ერთი კვირის მერე, ისევ წყნეთში რომ ამიყვანა, აღარ მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ, აბა, მე ვინ რას მკითხავდა?.. თანაც, მაშინ მახსოვს, ერთ-ერთმა ძიძამ ჩემზე უთხრა: ეს ისეთი ჯიუტი ბავშვია, ცემა სჭირდება ხოლმეო და ეს ჩაიხვიეს ამათმაც, მას მერე არ დამკლებია არც სილის გაწნა, არც ჯოხი და არც ქამარი...

ერთი კია, სკოლაში მიმიყვანეს. მესამე კლასი რომ დავამთავრე და მეოთხეში გადავდიოდი, იმ პერიოდში ჩემი ბიოლოგიური დედა მისულა ბავშვთა სახლში. ამის შესახებ ჩემი დედობილ-მამობილი გააფრთხილეს და იმათმაც გადაწყვიტეს, თბილისიდან შორს წასულიყვნენ: სახლი ჰქონდათ გრემისხევში და იქ გადავბარგდით. მას მერე სოფელში ვცხოვრობდით, სადაც უამრავი საქმე უნდა მეკეთებინა: დილაუთენია თხები მომეწვალა, რაღაცები მიმელაგებინა და მხოლოდ ამის მერე შემეძლო სკოლისთვის მოვმზადებულიყავი, სადაც წასვლა ნამდვილად არ მიხაროდა, რადგან ხშირად ვხდებოდი ბულინგის მსხვერპლი, თუნდაც ჩემი ჩაცმულობის გამო...

მე მეკრძალებოდა გაპრანჭვა, სახლიდან დიდი ხნით გასვლა, მეგობრებთან სათამაშოდ გადასვლა და ა.შ. ხელში მუდამ უნდა მჭეროდა თოხი ან ბარი, არადა, ბავშვს თამაშიც ხომ მინდოდა? ჰოდა, რომ დაიძინებდნენ, მერე ვიპარებოდი სათამაშოდ ან მეზობელი რომ შემოვიდოდა, მიხაროდა, რადგან ვიხელთებდი დროს და გავრბოდი. ძალიან ვირული შრომა მქონდა, გადატვირთული ბავშვობა.

- ბიოლოგიურმა დედამ მაინც გიპოვათ, არა?

- კი, ასეა. ერთ დღესაც, სახლში მისულს, უცხო ქალი და კაცი დამხვდა. ცხადია, ამან გამახარა, რადგან ჩემთვის ვერავინ მოიცლიდა და სათამაშოდ წასვლას შევძლებდი. ამის შემდეგ ამ წყვილს ჩვენთან ხშირად ვხედავდი. მეზობლები მაგონებდნენ, რომ ეს ქალი ჩემი ბიოლოგიური დედა იყო, მაგრამ მათი ეს სიტყვები გულთან არ მიმქონდა. სახლში კი არავინ არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ იმას მიკიჟინებდა დედობილი: მიდი, გაეკარე, რას გარბიხარო. კაცი, რომელიც ჩემს ბიოლოგიურ დედას ახლდა ხოლმე, უფრო დიდ სითბოს ამჟღავნებდა ჩემდამი, სულ თბილ სიტყვებს მეუბნებოდა. მერე ფოტოებიც გადამიღო, მაგრამ მე ყველგან ვიბღვირებოდი, რადგან არ მინდოდა, ამ ვიღაც ქალთან ერთად გადაეღოთ ჩემთვის სურათი. მოდიოდნენ და ჩემთვის მოჰქონდათ ტკბილეული, ტანსაცმელი და ა.შ. მაგრამ მათი მოტანილი სამოსი არასდროს ჩამიცვამს; განა იმიტომ, რომ არ მინდოდა? უბრალოდ, დედობილი ამ ყველაფერს არ მაკარებდა, ყიდდა...

ერთხელაც ეს ქალი მარტო მოვიდა, შავები ეცვა. აღმოჩნდა, რომ კაცი მოუკლავთ და დედა მგლოვიარე იყო.

likas-masala-3-1656508169.jpg

- საბოლოოდ როდის გამოგიტყდნენ, რომ ეს ქალი, რომელიც სტუმრად ხშირად მოდიოდა, შენი ბიოლოგიური დედა იყო?

- კარგა ხანს არ უთქვამთ. მეც არ ვსვამდი კითხვას, არ ვიცი, რატომ, ეტყობა რაღაცის მეშინოდა. შეიძლება იმის, რომ ამის მერე უფრო დამაბულინგებდნენ თანატოლები... მეცხრე კლასი რომ დავამთავრე და ატესტატი უნდა ამეღო, იმ წელს ბიოლოგიურმა დედამ ჩემს დედობილ-მამობილს შესთავაზა, ერთი კვირით გორში წავიყვან, იქაურობას დავათვალიერებინებ, რაღაცებს ვუყიდი და უკან ჩამოგიყვანთო. თან, თუ მოუნდება და ჩემთან წამოვა, სწავლასაც გავაგრძელებინებო. მერე მე მკითხა, რაზე ოცნებობო? ვუთხარი, რომ მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, რადგან ყველაზე უკეთ ეს საქმე გამომდიოდა. დამპირდა, რომ სასწავლებელში მიმიყვანდა. მოკლედ, გამაყოლეს ამ ქალს, რომელმაც ძლივს მიმიჩვია, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ის ნამდვილად დედაჩემი იყო...

როცა სახლში მიმიყვანა, მაშინ პირველად შევხვდი ბიოლოგიურ ბებიას, რომელსაც ნამდვილად არ გახარებია ჩემი დანახვა. მას არ ვუყვარდი და ვერასდროს მიმიღებდა, ეს ცხადი იყო. მტრულად დამხვდა და შემდეგშიც დიდი როლი ითამაშა, რომ მე და დედაჩემს ურთიერთობა გაგვფუჭებოდა. ეს ქალი დღესაც ცოცხალია და თუ ამ სტატიას წაიკითხავს, მინდა, მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვა: რა დავუშავე? ჩემი დანაშაული ისაა, რომ დავიბადე, მაგრამ ეს ხომ თავად არ მითხოვია. პირიქით, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო არა ერთხელ ვცადე საკუთარი თავისთვის რაღაც დამეშავებინა, მაგრამ არასდროს გამომივიდა, ყოველთვის ვიღაცამ ან რაღაცამ გადამარჩინა. გამოდის, უფლის ნებაა ყველაფერი... მოკლედ, როცა დედამ სახლში მიმიყვანა და ეკითხებოდნენ, ეს ბავშვი ვინააო, ხან ამბობდნენ, მეგობრის შვილიაო, ხან ნათესავის მეგობრისო...

- ბიოლოგიური დედა რადგან გეძებდათ, ე.ი. თქვენ მიმართ ჰქონდა დედაშვილური გრძნობა. არ მესმის, რატომ არ გაღიარებდათ?

- თავიდან მას ამის უფლება არ ჰქონდა, თურმე, ჩემმა აღმზრდელებმა, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან, იმ პირობით შემოუშვეს, რომ ამას არ მეტყოდა, მაგრამ როცა მის სახლში მოვხვდი და ბებიამაც ასე ცუდად მიმიღო, მერე უკვე პირდაპირ ვკითხე, შენ ნამდვილად დედაჩემი ხარ-მეთქი? კიო, - უკვე აღიარა. ჩვენ ვცადეთ ურთიერთობის აწყობა, ერთი კვირა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, აღარ გამიშვა, მაგრამ მერე იქიდან ისევ აღმზრდელებთან გამოვიქეცი, ეს მაიძულეს და ამაში, პირველ რიგში, დედისიანებს მიუძღვით ბრალი... აღმზრდელებმა კი მიმიღეს უკვე 19 წლის გოგო, მაგრამ ამის მერე ცდილობდნენ, როგორმე გავეთხოვებინე და ყველას, ვინც ჩემს ცოლობას მოინდომებდა, უარით რომ ვისტუმრებდი, გიჟდებოდნენ, ამის გამოც კარგად მხვდებოდა. ბოლოს იძულებული გავხდი და გავთხოვდი ადამიანზე, რომელზეც თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ უფლის, რომ გვერდით მყავს და ჩემი სამი ვაჟის მამაა.

- როცა გათხოვდით, იმ პერიოდში დედა მხარში გედგათ?

- 2001 წელს გავთხოვდი და დღემდე არ იცის, სასახლეში ვცხოვრობ თუ ბოსელში. მეორე შვილი რომ მეყოლა, ჩავედი გორში, მინდოდა, ბავშვებს ბებია გაეცნოთ. ვერ გეტყვით, რომ ეს შეხვედრა დაუვიწყარი იყო. თანაც, ყური მოვკარი, ბებიაჩემმა ჩემს უფროს შვილს უთხრა: შენ დარჩი აქ და დედაშენი გავაგდოთო... იმ დღეს ნახა დედამ ჩემი ორი შვილი, მესამესთვის კი თვალიც არასდროს მოუკრავს, რადგან მე მასთან აღარ ჩავსულვარ... ქალი, რომელიც ძმისშვილებსა და დისშვილებს თან გადაყოლილია, მათი გამზრდელია, საკუთარი შვილი მიატოვა, ასე გამოდის...

- ახლა, როგორც ვიცი, მამას ეძებთ და რაღაც კვალს დაადექით კიდეც.

- თავიდან დედა კი დამპირდა, როცა გაიზრდები, მის ვინაობას გაიგებო, ცოტა რამ ხელჩასაჭიდი მაშინვე მითხრა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს სასტიკად ეწინააღმდეგება. არ უნდა, რომ ბიოლოგიური მამის შესახებ რამე ვიცოდე. არადა, შეკრებილი ამბებით ვიპოვე ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით მამაჩემია, დაველაპარაკე კიდეც, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მტკიცე უარი მითხრა დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზეც, მიზეზით: ოჯახი მყავს და შეურაცხყოფას მაყენებო?.. არადა, ყველა გზა მისკენ მიდის.

მე დავიბადე 1982 წლის 22 სექტემბერს. ბიოლოგიური დედა კი ვიცი ვინც არის, მაგრამ არც მას ვჭირდები, სამწუხაროდ, და როგორც ვხვდები, მამას ჩემი დაბადებაც კი არ სჭირდებოდა. თუმცა, მე მაინც გავარკვევ სიმართლეს, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, სად იწყება მათი ფესვები.

ასე რომ, გთხოვთ, თუ რამე იცით ჩემი ბიოლოგიური მამის შესახებ, ანონიმურად მაინც შემატყობინეთ. პირობას საჯაროდ გაძლევთ, თქვენ არასდროს არსად გახსენებთ.

P.S. ნატალიასგან განსხვავებით, მე მჯერა, რომ ოცნებები ხდება და იქნებ ნათლია მაინც ვაპოვნინოთ ქალს, რომელმაც წლები გაატარა იმ გოგოსთან შეხვედრის ნატვრაში, რომელმაც ოდესღაც ბავშვობა გაულამაზა.

რაც შეეხება ბიოლოგიური მამის თემას, თუ ამ ამბავზეც გექნებათ რაიმე მოსაყოლი, დაგვიკავშირდით რედაქციაში ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81. ანონიმურობის დაცვა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"დედას ქმარმა და დედამთილმა გაუშვილეს პატარა მხოლოდ იმიტომ, რომ მესამე გოგონა იყო ოჯახისთვის"

"ხშირად ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში"

"მიმღებში მსუქანი ქალი იყო, შესვლისთანავე უყვირა ჩემს ექიმს: ასე ცუდად მყოფი აქ როგორ მოიყვანეთო? - რას ჰყვება ქალი, რომელიც ტყუპს ეძებს

"ვეძებთ 4 ბავშვს! - ჩემი ქმარი ლამის გადარეულა, დაულეწავს ყველაფერი"

"ბავშვის მოშორებას კატეგორიულად მთხოვდნენ... 1990-იანი წლები იყო და დიდ სირცხვილად ითვლებოდა უკანონოდ შვილის გაჩენა..."