"გია, ძმაო, გთხოვ, დაბრუნდი! ვეძებ ძმას! ის აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, მაგრამ ბოლოს თურქეთში ცოცხალი ნახეს" - კვირის პალიტრა

"გია, ძმაო, გთხოვ, დაბრუნდი! ვეძებ ძმას! ის აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, მაგრამ ბოლოს თურქეთში ცოცხალი ნახეს"

"ვეძებ ძმას! ის აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, 1993 წლის სექტემბრის შემდეგ მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია... თუმცა წლების მერე იყო 2 შემთხვევა, რომელმაც ჩემი იმედი, რომ გია (ერმინე) ცოცხალია, კიდევ უფრო გააღვივა... ამჟამად არის 57 წლის, დაბადებულია 1965 წლის 14 მარტს", - მიყვება ქალბატონი მაია ჭითანავა და თან ცრემლებს ვერ იკავებს. ჯიუტად სჯერა, რომ მის ძმას აქვს მიზეზი, რის გამოც სახლში არ დაბრუნდა; ფიქრობს, რომ მისი "ნატანჯი გია" დაღუპული თანამებრძოლების მშობლებთან შეხვედრას ვერ შეძლებდა, აკი, წასვლის წინ ერთ-ერთი მეგობრის დედას დაჰპირდა, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ თქვენი შვილი ვერ დაბრუნდება, მე კი ცოცხალი გადავრჩი, ბოლნისში კი არა, საქართველოშიც არ გავჩერდებიო...

- აფხაზეთში არეულობა რომ დაიწყო, შინ ვეღარ ჩერდებოდა. კუჭის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ომისთვის, როგორც ასეთ დროს ამბობენ, "დაბრაკული" გახლდათ, მაგრამ ვერ მოისვენა, როგორღაც ქართული სამხედრო ბილეთი გააკეთებინა და მაინც წავიდა.

- ბოლნისიდან ხართ?

- დიახ და მისი ოჯახის წევრები დღემდე აქ ვცხოვრობთ, არსად წავსულვართ. 29 წლის იყო, როცა ომში წავიდა. დაოჯახებული არ გახლდათ და ამას ვდარდობდით, განსაკუთრებით - დედა და ხშირად ეუბნებოდა: გია, უკვე დაოჯახების დროაო. ის კი, - ჩემი ცოლი ეს არისო, - იტყოდა და ავტომატზე მიგვითითებდა: - სამშობლოს ვჭირდები, რა დროს ცოლიაო. ბოლომდე იბრძოლა.

- ვიდრე ომი დაიწყებოდა, თქვენი ძმა სად მუშაობდა?

- ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ბოლნისი-თბილისის ხაზი ჰქონდა. ის თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და სადაც საქართველოს უჭირდა, მაშინვე იქ ჩნდებოდა იარაღით ხელში. თავიდან აფხაზეთში საომრად ჩემი მეუღლე, მახო წავიდა, ოფიციალურად გამოიძახეს, როგორც ავღანეთში ნაბრძოლი და გამოცდილების მქონე. გია ამას ვერ ეგუებოდა. ეუბნებოდა, შენ ცოლ-შვილი გყავს, მე კი - არაო და ამის მერე იყო, რომ ბოლნისის კომისარიატში სამხედრო ბილეთი გააკეთებინა. ის თავის დროზე, 2 წელი პოლონეთში მსახურობდა, სამხედრო ვალდებულება მოხდილი ჰქონდა. ბოლნისელი ბიჭები, პირველად რომ წავიდნენ საომრად, მალევე უკან დააბრუნეს, მაგრამ რატომ, ეს ზუსტად არ ვიცი. რაღაც პერიოდის შემდეგ, 1993 წლის 18 სექტემბერს ისევ მობილიზაცია გამოცხადდა და რადგან ჩემი ძმა ბოლნისის ბატალიონის ათმეთაურად იყო დასახელებული, ვიღაც მოადგა ჩვენს სახლს, - დეპეშა მოვიდა, თქვენი წასვლა აუცილებელიაო. თუმცა ესეც ტყუილი აღმოჩნდა: ჩემი მული, რომელიც ფოსტაში მუშაობდა ტელეგრაფისტად, იმ დღეს მორიგე იყო. შინ რომ დაბრუნდა, გაუკვირდა, - ეგ ტელეგრამა მე მივიღე და მხოლოდ პოლიციის გამოძახების ბრძანება იყო, სხვები რატომ წაიყვანესო? იმ დღეს ჩემს მეუღლეს, მახოსაც უნდოდა წასვლა, მაგრამ გიამ უარი უთხრა, - შენ მაიას სჭირდები, უნდა დარჩეო. ამ გამოძახების დროს ბოლნისიდან 14 კაცი წავიდა...

- მას მერე აღარ დაბრუნებულა?

- აღარ! რომ მიდიოდა, ვთხოვე, - შენც დარჩი-მეთქი. გაეღიმა, - ნუ გეშინია, დაიკო, ხომ იცი, რუსებს ჯერ ჩემი მოსაკლავი ტყვია არ გამოუჭედავთო... ჯვარი მოვიხსენი და გულზე დავკიდე... როცა "წითელმა ჯვარმა" უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და გარდაცვლილი მეომრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, "დე-ენ-ემის" ანალიზი და რაღაცები ჩვენც გვთხოვეს. გვკითხეს, რამე ისეთი ნიშანი ხომ არ აქვს ან რამე აქსესუარი ხომ არ ჰქონდა, რითიც ამოცნობის პროცესს გავიადვილებთო. მაშინ ვუთხარი, წმინდა ნინოს ვერცხლის ჯვარი დავკიდე-მეთქი...

ჩემმა დამ ამის შემდეგ გვიამბო: ეგ ჯვარი მას აღარ აქვს. როცა მიდიოდნენ, ავტობუსს რაღაც მანძილზე გავყევი ბიჭებთან ერთად. დამშვიდობებისას ჯვარი კისრიდან მოიხსნა და მე დამკიდაო. არადა, მანამდე თავს ვიიმედებდი, რომ ეს ჯვარი ყველაფრისგან დაიცავდა...

ასევე დაგაინტერესებთ: "ხშირად ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში"

- თქვენი ძმის შესახებ აფხაზეთიდან რამე ცნობა მოვიდა?

- არა, არანაირი ცნობა არ მიგვიღია. მჯერა, რომ ცოცხალია, ასე ვგრძნობ სულ.

- ეს არ მიკვირს, რადგან ხელჩასაჭიდი მიზეზებიც გიპოვიათ...

- დიახ და ახლა ამ ფაქტებზე გიამბობთ: 2003 წელს, შევარდნაძის გადადგომის პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნიდან რეკავდნენ ტელევიზიებში და ქართველებს გვილოცავდნენ გამარჯვებას. სახლში ვსაქმიანობდი და ტელევიზორს ვუსმენდი. ლატვიიდან დარეკა ვიღაცამ: რუსლან ტაბკევსკი ვარო, მოგვილოცა ეს დღე და იქვე დასძინა, გვერდით ქართველი მეგობარი, მებრძოლი მყავს; მასაც სურს საქართველოს მიულოცოს შევარდნაძის გადადგომაო და ყურმილი გადასცა. იმ კაცმა საუბარი რომ დაიწყო, ხმა თითქოს მეცნო. სათქმელი ლექსად ჩამოაყალიბა (მე და ჩემი ძმა ლექსს ხშირად ვწერდით)... ჟურნალისტმა ჰკითხა, რა გქვიათო? რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ, ერმინეო. გამიკვირდა, ეს სახელი ხომ ბევრს არ ჰქვია, თან სიხარულისგან აზრები ამერია. მივხვდი, ის იყო... თქვა, 10 წელია, სამშობლოში არ ვყოფილვარო და ზუსტად ამდენი ხნის დაკარგული გახლდათ ჩემი ძმაც. მას ჰკითხეს, - რამე რომ იყოს, საქართველოში არ დაბრუნდებითო? - მხოლოდ მაშინ, თუ ჩემი ხალხი დამიძახებსო, - ასეთი იყო პასუხი.

მეორე ეპიზოდი თურქეთს უკავშირდება...

- 2011-12 წლებში შვილებმა სოციალაური ქსელი "ოდნოკლასსნიკი" გამიხსნეს, რომლის მეშვეობითაც დამიკავშირდა ქართველი ქალბატონი, ვინმე ვერიკო, რომელმაც მომწერა, რომ ჩემს ძმასთან დაკავშირებით რაღაც ჰქონდა სათქმელი და როცა მის წერილს ვნახავდი, მისთვის დამერეკა. ხელები ამიკანკალდა, მაგრამ მაშინვე ავკრიბე ნომერი. ქალბატონმა აიღო ყურმილი და ასეთი რამ მიამბო: თქვენმა ძმამ მოგიკითხათ. მან თქვენი მოძებნა მთხოვა, ვიზიტკაც მომცა... ამას წინათ თურქეთში ვიყავი, ტაქსი გავაჩერე და მასში ჩაჯდომის დროს შარვალი დამესვარა, რის გამოც ქართულად დავიწუწუნე. მძღოლმა მაშინვე მომხედა: ქართველი ხარო? გზაში საუბარი გავაბით და მითხრა, რომ იმ დღეს სატაქსაოდ ძმაკაცის ნაცვლად გამოვიდა. ვერიკოს ვკითხე, გარეგნულად როგორი პიროვნება იყო-მეთქი? დეტალურად აღმიწერა, ჩემი ძმის თვალის ფერიც კი დამისახელა. - უკან ვიჯექი და სარკეში ვუყურებდი, ძალიან ნატანჯი სახე ჰქონდა; ჭაღარა, გვერდებში მელოტი, თხელი თმა. მაღალი, მხარბეჭიანი კაცი იყოო. მას უთქვამს, ჩემს დას, მაიას ორი შვილი ჰყავსო და მართლაც, როცა გია აფხაზეთში წავიდა, მაშინ ორი შვილი მყავდა, ახლა კი 5 შვილის დედა ვარ.

- რა ერქვა მეთქი? - ისმაილიო... ამ ქალბატონთან საუბრისას იმდენად დავიბენი, ვიზიტკაზე მიწერილი ტელეფონის ნომერი კი ჩავიწერე, მაგრამ მისამართი არ მიკითხავს. ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ ვიზიტკისთვის ფოტო გადაეღო და ჩემთვის გამოეგზავნა. შემრჩა მხოლოდ ტელეფონის ნომერი, რომელსაც ხან ქალი იღებდა, ხან ბავშვი და ვინაიდან თურქული არ ვიცი, მათ ნათქვამს ვერ ვიგებდი...

- ვინმე, თურქულენოვანი ვერ იპოვეთ, რომ იმ ქალს გასაუბრებოდა?

- სამწუხაროდ, ვერა... ცოტა ხნის წინ, როცა პოსტი დავდე ჯგუფში "ვეძებ", ერთ-ერთი გოგო, რომელიც სტამბოლში იყო, გაისარჯა და იმ სავაჭრო ცენტრში ("ასორია") მივიდა, სადაც ისმაილმა ვერიკო აიყვანა. იქ ტაქსის მძღოლები გამოკითხა, ყველას ეკითხებოდა ქართველ გიას, ერმინეს ხომ არ იცნობთო და ყველა უარს ეუბნებოდა. გვიან მოვისაზრე, გია კი არა, ისმაილი უნდა ეკითხა, მაგრამ ის გოგონა უკვე საქართველოში ბრუნდებოდა...

- ხომ გაქვთ ვერიკოს ტელეფონის ნომერი, მას რატომ არ ურეკავთ ვიზიტკა რომ მოგაწოდოთ?

- იმ ნომერზე, რომლითაც ამ ვერიკოს ვესაუბრე, ზარი გადის, მპასუხობენ და მეუბნებიან, სხვაგან მოხვდიო... ასე რომ, ეს კვალიც დავკარგე, ასე გამოდის...

და კიდევ ერთი, როცა ეს ამბავი დედაჩემს ვუამბე, ცრემლი წამოუვიდა: ჩემს ძმას, სულიკოს (ბიძაჩემი, რომელსაც აქამდე სულიკოდ ვიცნობდი და მეორე სახელი თუ ჰქონდა, ვერც წარმოვიდგენდი) ისმაილი ჰქვიაო. თურმე, ბებია არ რჩებოდა ორსულად. მოლას უთქვამს: თუ გინდა ნაყოფი შეგრჩეს, მუსლიმანური სახელი დაარქვიო და ისმაილი შეურჩევიათ.

ანუ თურქეთშიც ისეთი სახელი დაირქვა, რომელიც მისთვის უცხო არ იყო.

ძალიან ბევრი რამ არის, რის გამოც იმედი მომეცა, რომ ცოცხალია.

ლატვიიდან რომ დარეკეს 2003-ში, მაშინ საელჩოში მივედით, იქნებ რამეში დაგვეხმარონ-თქო. მითხრეს, ტაბკევსკი პოლონური გვარია, პოლონეთს და ლატვიას კი უვიზო მიმოსვლა აქვთ და არაა გამორიცხული, ამ ქვეყანაში უბრალოდ გადმოსულები ყოფილიყვნენო. ჩემმა მულმა ამ სიუჟეტის შესახებ რომ გაიგო, ლატვიის ფოსტაში გადარეკა, იქნებ ნომერი ამოიცნოთ და გვითხრათ, ზარი საიდან განხორციელდაო?.. უთხრეს, ერთ-ერთი ჯიხურიდან დარეკეს და ვერაფრით დაგეხმარებითო.

ასევე დაგაინტერესებთ: "ვეძებთ 4 ბავშვს! - ჩემი ქმარი ლამის გადარეულა, დაულეწავს ყველაფერი"

- ბოლნისიდან რამდენიმე მებრძოლი წავიდა და მათგან არავინ დაბრუნებულა, რომ რამე ეამბნათ თქვენთვის? რა ვითარებაში ჩამოსცილდნენ მეგობრებს?

- რამდენიმე, ჩემი ძმის მსგავსად, უგზო-უკვლოდ დაკარგულია, ზოგს გარდაცვალების შესახებ მოუვიდა ცნობა, ხოლო ვინც დაბრუნდა, იმათი ამბავი ცოტა უცნაურია და აქ ამის მოყოლა არ მინდა. თუმცა ერთს ვიტყვი, ჩვენს მებრძოლებზე, თავიანთ მეგობრებზე მათ არანაირი ამბავი არ ჩამოუტანიათ... როცა ბიჭები აფხაზეთში მიდიოდნენ, ლიდა დეიდამ, კარის მეზობელმა მიაძახა ჩემს ძმას: გია, იცოდე, ისე არ დაბრუნდე, ჩემი ვახა რომ არ ჩამოიყვანოო. გიამ უპასუხა: ნუ გეშინია, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ვახა ცოცხალი ვერ ჩამოგიყვანე, ბოლნისში კი არა, საქართველოშიც ვერავინ მნახავსო. მისი ეს სიტყვები ხშირად მახსენდება და ჩემი მეუღლეც მეუბნება: ხომ იცი, გია რა ტიპია, მოკვდებოდა და სიტყვას აუცილებლად შეასრულებდაო.

- ანუ ის ბიჭი არ დაბრუნებულა და თქვენი აზრით, გიაც ამიტომ არ ჩამოვიდა?

- როგორ არა, ვახა დაბრუნდა, მაგრამ სხვები ხომ ვერ დაბრუნდნენ?! ისინიც ხომ გიას მეგობრები იყვნენ!.. არავინ იცის, რა გადაიტანეს ომის წლებში ჩვენმა ბიჭებმა და მათ შორის, გიამ, მაგრამ თუ მას მე გავახსენდი, ე.ი. გონება არ აქვს დაკარგული. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შინ არ დაბრუნდა, შესაძლოა ის არის, რომ იცის, ბოლნისელი ბიჭებიდან ვინ დაიღუპა და მათ მშობლებთან შეხვედრას ვერ გაუძლებს; არ იცის, მათ რა უთხრას, რით ანუგეშოს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ბიჭების მშობლებიდან ზოგი აღარც არის ცოცხალი და ჩვენც მხოლოდ დედა გვყავს, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი.

- და ბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- თუ გია ქართულ ამბებს ეცნობა ინტერნეტით, იქნებ ეს სტატიაც წაიკითხოს და თუ უფლის ნებით ასე მოხდება, მინდა იცოდეს, რომ ვეძებ! მისი დაბრუნების იმედი არასდროს დამიკარგავს. ოდესმე თუ მოვკრავ თვალს, სიხარული ცხოვრებას გამიხანგრძლივებს. ოღონდ დაბრუნდეს, ოღონდ ვიცოდე, რომ ცოცხალია და რაც შემეძლება, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. როგორიც უნდა იყოს, ყველანაირს მივიღებ...

გია, ძმაო, გთხოვ დაბრუნდი, ნუ ჩამაქნევინებ ყველაფერზე ხელს და ნუ დამაკარგვინებ შენი ხილვის უკანასკნელ იმედს...

P.S. ჩვენ თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს დავუკავშირდით და მოცემულ ნომერზე დარეკვა ვთხოვეთ. არ დაგვზარდა, მაგრამ სამი დღის მანძილზე ყურმილი არავინ აიღო... თუმცა, ჩვენ ქალბატონი მაიას გახარების იმედს არ ვკარგავთ. უმორჩილესად გთხოვთ, დააკვირდით ფოტოს და თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ერმინე (გია) ჭითანავას შესახებ, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 5(92) 54.98.89 ან 5(58) 25.60.81. წინასწარ გიხდით მადლობას! ანონიმურობა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ: "იყვირა, იტირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. თურმე, კიოდა, ეს ჩემი არააო... ხელითაც კი შეეხო"

"რომ მცოდნოდა, ექიმებს როგორი მტაცებლური სქემა ჰქონდათ მაშინ, აუცილებლად მოვიკრებდი ძალას, მაგრამ ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?"

"ყური მოვკარი, ბებიაჩემმა ჩემს უფროს შვილს უთხრა: შენ დარჩი აქ და დედაშენი გავაგდოთო"

"მისი მამა რუსეთში მაღალი თანამდებობის პირი იყო და როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ფოთში ჩავიდა და დაუკავშირდა "იქს" პიროვნებას, რომელთანაც მოლაპარაკება გაიმართა..."