პირველად საჰაერო ბრძოლების ისტორიაში - უკრაინელების ამერიკულ F-16-ს რუსული Су-35 ჩამოუგდია
უკრაინულმა F-16 გამანადგურებელმა პირველად ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი საჰაერო ბრძოლაში.
ამის შესახებ აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა .
„ცოტა ხნის წინ ჩვენ პირველი საჰაერო ბრძოლის მომსწრე გავხდით, რომლის დროსაც უკრაინულმა F-16-მა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო,“ - დაადასტურა ამერიკელმა გენერალმა.
დიდი ალბათობით, ლაპარაკია 8 ივლისს მომხდარ ფაქტზე, როდესაც თავად რუსმა სამხედრო ბლოგერებმაც აღიარეს, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა საბრძოლო მოქმედების დროს დაკარგეს Су-35С ტიპის შედარებით თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლის მფრინავმაც მოასწრო კატაპულტირება და გადარჩა.
აქამდე ბოლომდე არ იყო ცნობილი, თუ როგორ შეძლეს უკრაინელებმა შორ დისტანციაზე ამ რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება, თუმცა პირველმა ამერიკელმა სამხედრომ -გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ამაში სიცხადე შემოიტანა - საჰაერო ბრძოლაში რუსული თვითმფრინავი უკრაინელების ამერიკული წარმოების F-16-ს დაუჯაბნავს, რაც ამ ხუთწლიან ომში უკრაინელი მფრინავების პირველი ასეთი სახის წარმატებაა...
არადა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2023 წლის 23 აგვისტოს ამავე ბლოგის სტატიაში „ამერიკული F-16 VS რუსული Су-35 - ვინ ვის მოუგებს უკრაინის ცაში?“, სწორედ ასეთი საჰაერო ბრძოლების გარდაუვალობას განვიხილავდით...
„...პირველი F-16-ების გამოჩენა უკრაინის ცაში შეიძლება ამ წლის ბოლომდეც კი ვიხილოთ, შესაბამისად, არაა გამორიცხული საჰაერო ორთაბრძოლების გამართვაც, მაგრამ ვის შეიძლება შეებრძოლონ უკრაინელების F-16-ები?
დიდი ალბათობით, ესენი შეიძლება რუსული Су-35-ები გახდნენ...
მკითხველს უყვარს ასეთი შეჯიბრი - ვინ ვის გაასწრებს სირბილში, ვინ ვის მოუგებს ფეხბურთში და... ვინ ვის ჩამოაგდებს უკრაინის ციდან, მაგრამ სამხედრო ავიაციაში ცოტათი გათვიცნობიერებულიც კი მაშინვე კითხვას დამისვამს -პატივცემულო ბლოგის ავტორო, ხომ არაფერი გეშლებათ? - სად 12-ტონიანი და ერთძრავიანი ამერიკული F-16 და სად 34-ტონიანი ორძრავიანი რუსული Су-35, ისინი ხომ სხვადასხვა კლასის საბრძოლო თვითმფრინავები არიან, როგორ შეიძლება მათი შედარება, განა უპრიანი არ იქნება, F-16-ი МиГ-29-ს შევადაროთ? ისინი თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით ხომ უფრო ახლოს დგანანო...
მკითხველი, რა თქმა უნდა, მართალი იქნება, ოღონდ... არც მე ვცდები იმ უბრალო თუ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინასთან ომში საერთოდ არ იყენებენ МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებს და, შესაბამისად, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის შემდეგ, მათ საჰაერო ორთაბრძოლების შანსი ყველაზე მეტად სწორედ რუსულ Су-35-ებთან ექნებათ, რომელიც რუსეთის ყველაზე თანამედროვე სერიული წარმოების გამანადგურებელს წარმოადგენს...
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ Су-35-ი ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების არსენალში, ის სხვა არაფერია თუ არა იმ საბჭოთა Су-27-ის მორიგი მოდიფიკაცია, რომელიც გასული საუკუნის 1970-80-იანი წლების მიჯნაზე გამოჩნდა და, შესაბამისად, ის შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული F-16-ის თანაწლოვნად.
... უკრაინის ცაში ყველაზე რეალურად სწორედ F-16-ისა და Су-35-ების „შეხვედრები“ მოჩანს, მაგრამ რომელმა მათგანმა შეიძლება გაიმარჯვოს ამ საჰაერო ორთაბრძოლებში?
ეს ძალზე რთული სათქმელია, რადგან ისეთი შთამბეჭდავი, ახლო საჰაერო ბრძოლები, როგორც ეს მკითხველს მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმებში უნახავთ, უკრაინის ცაში ძნელად თუ გაიმართება, რადგან როგორც F-16-ის, ისე - Су-35-ის პილოტები ეცდებიან, რაც შეიძლება შორი დისტანციიდან რადიოლოკაციური დამიზნების „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტების გამოყენებით ჩამოაგდონ მოწინააღმდეგე და ახლოს არ მიუშვან.
ეს დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე:
პირველი - საჰაერო სიტუაციის ანალიზი და მართვა ანუ რომელი მხარეც უკეთესად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, სახმელეთო და საჰაერო ბაზირების რადიოლოკატორებით, ადრეულად აღმოაჩენს მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეებს და მათზე სწრაფად გაიყვანს თავის გამანადგურებლებს, მეტი შანსი ეძლევა გამარჯვების.
მეორე - რომელი გამანადგურებლის საბორტე რადიოლოკატორი უფრო ძლიერია და მით უფრო შორს და მეტ საჰაერო სამიზნეს ხედავს.
მესამე - ახლო, საშუალო და შორი მოქმედების სითბური და რადიოლოკაციური (როგორც ნახევრად აქტიური, ისე - აქტიური) დამიზნების საბორტე „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტების დიდი არსენალი.
მეოთხე - საბორტე რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული მართვადი რაკეტების დამიზნების სისტემების (როგორც სითბურ, ისე - რადიოლოკაციურ დიაპაზონებში) ჩასახშობად.
მეხუთე - საბრძოლო თვითმფრინავის მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები - ფრენის სისწრაფე, სიმაღლე, დიდი სიჩქარის სწრაფად „აკრეფვის“ უნარი, საწვავის მარაგი, მანევრირება...
მეექვსე და შეიძლება ყველაზე მთავარიც - თავად მფრინავის მომზადების დონე და რისკზე წასვლის საბრძოლო ჟინი...
უკრაინისთვის შეპირებული ნიდერლანდური და დანიური „მებრძოლი შევარდნები“ 1980-იანი წლების ბოლოსაა გამოშვებული, მაგრამ მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ისინი მაღალი საბრძოლო შესაძლებლობებით გამოირჩევიან, რადგან გავლილი აქვთ Mid-Life Update (MLU) პროგრამით მოდიფიცირება და იწოდებიან, როგორც F-16AM/BM Block 20 MLU, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის ავიონიკითა და საბორტე რადიოლოკატორით შეესაბამებიან „მებრძოლი შევარდნის“ ბევრად თანამედროვე მოდიფიკაციას F-16C/D Block 50/52-ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევისთვის გადაცემულ F-16-ებს რუსული Су-35-ის აღმოჩენა ცაში არანაკლებ 250 კმ-ის სიშორიდან შეეძლება, ხოლო საშუალო სიშორის მოქმედების „ჰაერი-ჰაერის“ კლასის AIM-120 AMRAAM ტიპის მართვადი რაკეტის გამოყენება კი 120-180 კმ მანძილზე (გამომდინარე ამ რაკეტის მოდიფიკაციიდან).
რუსულ Су-35-ს ფაზირებულანტენიანი საბორტე რადიოლოკატორი უყენია, რომელსაც F-16 -ის ზომის საფრენი აპარატის აღმოჩენა არანაკლებ 250-270 კმ-ის სიშორიდან ძალუძს, რის შემდეგაც შეუძლია, გამოიყენოს Р-37М-ის ტიპის შორი მოქმედების „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 200 კმ-ს უახლოვდება.
როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგე მხარეების საბორტე რადიოლოკატორების და მთავარი კალიბრის რაკეტების ტექნიკური შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საჰაერო მოწინააღმდეგის დროულად აღმოჩენა და მფრინავის ოსტატობა.
თუკი შორი და საშუალო სიშორის რაკეტები მათ ერთმანეთს ააცილეს, მაშინ საქმე შეიძლება მართლაც მივიდეს ახლოსაჰაერო ბრძოლაზე, სადაც საქმეში ახლოსიშორის სითბური დამიზნების რაკეტები და საავიაციო ქვემეხებიც კი ჩაერთოს.
რუსულ Су-35-ს რეაქტიული ძრავების საქშენები მოძრავი აქვს, რაც მის მანევრირებას ზრდის, თუმცა არანაკლები მანევრირებით გამოირჩევა ბევრად მსუბუქი F-16-ც და რუს პილოტს შეიძლება ვერც ასე გაპიარებულმა „პუგაჩოვის კობრამ“ უშველოს…“
8 ივლისს შემდგარი საჰაერო ორთაბრძოლის, რომელშიც უკრაინელების ამერიკული წარმოების F-16-მა რუსული Су-35-ი ჩამოაგდო, დეტალები კიევსა და მოსკოვში ბევრად დაწვრილებით ეცოდინებათ, მაგრამ ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს და ასეთი საჰაერო ბრძოლების გამეორების დიდი ალბათობა ნარჩუნდება, მათი გასაჯაროება ნაკლებად მოხდება...
ასევე დაგაინტერესებთ: „მფრინავი „ბე-ემ-პეს“ მეთაური უკრაინის არმიის მთავარსარდალი ხდება
რუსული „დათვისთვის“ კუდი მართლაც მოუჭრიათ...
ისე კი, 2026 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, Oryx-ის მონაცემების (რაც დადასტურებულია ფოტოვიდეოკადრებით) თანახმად, რუსეთს ამ ომში დაკარგული აქვს 188 თვითმფრინავი (მათ შორის - 159 განადგურებულია, ხოლო 29 დაზიანებული), აქედან განადგურებულთა სიაში 9 ერთეული Су-35С ტიპის თვითმფრინავიცაა.
უკრაინის ავიაციის დანაკარგი შეადგენს 119 თვითმფრინავს (მათგან 114 განადგურებულია, 4 დაზიანებული, ერთი კი ალაფად აღებული), რომელთა შორისაცაა 4 ერთეული განადგურებული F-16-იც.