"ორდერი" მკვლელობისთვის?! - ირანთან ომში „შერცხვენილი" ტრამპი თავისი შანტაჟით უკრაინასაც ომში წაგებისკენ უბიძგებს
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ისტორიამ შეიძლება არანაკლებ მკაცრად შეაფასოს, ვიდრე - აგრესორი რუსეთის „მუდმივი“ პრეზიდენტი პუტინი, იმ ქმედებებისთვის, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბის კრიზისები გამოიწვია, როგორც ეკონომიკური, ისე - პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისითაც...
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა თავისი ქვეყანა ჩაფლო ირანთან ომის „ჭაობში“, რომლითაც მსოფლიოს ბაზარზე ნავთობპროდუქტების კატასტროფული დეფიციტი და, შესაბამისად, ძალზე გაძვირება გამოიწვია, მაგრამ... ამ ყველაფრის დაბრალება ტრამპს სურს იმ უკრაინისთვის, რომელიც მისი ქალაქების დაუნდობელი დაბომბვების საპასუხოდ ცდილობს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მწყობრიდან გამოყვანას, რათა რუსულ ბომბდამშენებს შემოაკლდეთ საავიაციო ნავთი, უკრაინული დასახლებული პუნქტების დასაბომბად, რუსულ ტანკებს გაუთავდეთ დიზელი უკრაინულ სოფლებზე „გადასავლელად“, ხოლო ბენზინის მასობრივი დეფიციტი იგრძნოს იმ მილიონობით რუსმა ავტომობილისტმა, რომლებიც ჯერ კიდევ იწონებენ პუტინის არმიის შეჭრას მეზობელ ქვეყნებში...
ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგა, ენერგეტიკულ სფეროში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც „დაუყოვნებლივ“ ამოქმედდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დაუყოვნებლივ ძალაში შედის „ენერგეტიკული ზავი" რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი! მადლობა ყურადღებისთვის“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
მაგრამ საოცრება ის გახლდათ, რომ ამაზე არაფერი იცოდნენ როგორც კიევში, ისე - მოსკოვში და კრემლმაც გუშინ ხარკოვის ელექტროსადგური „ჩვეულებისამებრ“ დაბომბა...
ტრამპმა სანქცია დროებით მოუხსნა რუსული დიზელის საწვავის ექსპორტს, სამაგიეროდ, არაფერი მოსთხოვა პუტინს - თუნდაც ის, რომ რუსეთს აღარ გაეგრძელებინა საჰაერო შეტევები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, მაგრამ სამაგიეროდ კატეგორიულად ითხოვს კიევისგან, რომ უკრაინამ სასწრაფოდ შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რადგან თურმე სწორედ ეს იწვევს დიზელის საწვავის დიდ დეფიციტს მსოფლიოს ბაზარზე და ამიტომაც უძვირდებათ დიზელზე ფასი ამერიკელ კომბაინერებსა და ტრაილერების მძღოლებს...

ფოტო: პუტინი - აბა რა გეგონათ, ვის მხარეზეა ტრამპი?!
სინამდვილეში კი დიზელის, ისევე, როგორც სხვა ტიპის საწვავის დეფიციტსა და გაძვირებას იწვევს სწორედ ჰორმუზის სრუტის ორმხრივი ბლოკადა, რის გამოც ვერც ირანს გამოაქვს თავის ნედლი ნავთობი (მათ ამერიკული ხომალდები აკავებენ) და ვერც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს, რომელთა ტანკერებსაც ირანელები აფეთქებენ კამიკაძე-დრონებით, ფრთოსანი რაკეტებითა თუ საზღვაო ნაღმებით, მიუხედავად იმავე ტრამპის მორიგი დატრაბახებისა, რომ ამერიკულმა სამხედრო ფლოტმა, თურმე, მთლიანად გაწმინდა ჰორმუზის სრუტე ირანული საზღვაო ნაღმებისგან...
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ტრამპი უკვე ღიად ემუქრება კიევს და არა მარტო უკრაინის პრეზიდენტის შეცვლით, არამედ - იმ ორი მიმართულებითაც, რაც ბევრად გააუარესებს უკრაინის არმიის მდგომარეობას ფრონტის ხაზზე და ამასთან, კიდევ უფრო დაუცველს დატოვებს უკრაინის მაცხოვრებლებს რუსული საჰაერო თავდასხმების დროს...
მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში „მეორედ შეაბიჯა“ პრეზიდენტმა ტრამპმა, მან, ფაქტობრივად, მთლიანად დაბლოკა მისი წინამორბედის პრეზიდენტობის დროს უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამა და ყველაფრისთვის ფულის გადახდა მოითხოვა.
ამისთვის ამოქმედდა PURL (Prioritised Ukraine Requirements List) პროცესი. ის ითვალისწინებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და ნატოს ერთობლივი შესყიდვებისა და დახმარების მექანიზმს, რომელიც შეიქმნა უკრაინის სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით უზრუნველყოფისთვის ანუ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო მარაგებიდან იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის მიწოდებას, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები და კანადა აფინანსებენ.
და ახლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია კულუარულად ემუქრება კიევს, რომ დაბლოკავს PURL-ის პროცესის შესრულებას, თუკი უკრაინელები უარს არ იტყვიან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებზე.
არადა, სწორედ რუსულ ნავთობობიექტებზე თავდასხმა რჩება უკრაინული მხარის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პასუხად, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და მასზე ნებაყოფლობით უარის თქმა მაშინ, როდესაც კრემლი არ აპირებს უკრაინულ ენერეგეტიკულ ობიექტებზე შეტევების შეჩერებას, არალოგიკური და ყველანაირად წამგებიანი გამოვა, ხოლო PURL-ის პროცესის შეჩერება ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ფრონტის ხაზზე უკრაინის თავდაცვით ძალებზე.
მეორე მიმართულება, რისი დაბლოკვითაც ემუქრებიან უკრაინის პრეზიდენტს ტრამპის ქვეშევრდომები, არის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინის გენშტაბისთვის ოპერატიულად მიწოდების შეჩერება.
საქმე ის არის, რომ ამერიკულ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი გარკვეულწილად იყენებს ოკუპირებულ მიწებსა და რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების დასაგეგმად, მაგრამ ამერიკული თანამგზავრული დაზვერვის მიერ ოპერატიულად გადაცემულ ინფორმაციას ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უკრაინის მილიონობით მშვიდობიანი მოსახლისთვისაც, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით...
ასევე დაგაინტერესებთ: კრემლს შიში აუხდა-რუსეთს აფხაზეთიდან მაინც ბომბავენ...
ამიერიდან, უკრაინის დასაბომბად პუტინს ტრამპი დააფინანსებს რუსული დიზელის შესყიდვით?!
უკრაინელებმა რუსულ "მფრინავ თეფშს" მიაკითხეს - ყველაზე დიდ „მრგვალ“ აეროდრომსაც დაარტყეს
...როდესაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები ფრინდებიან უკრაინის ქალაქებისკენ, ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად, რუსული „ისკანდერების“ კვაზიბალისტიკური რაკეტები იღებენ სტარტს და რუსული ხომალდები შავ ზღვაში ემზადებიან ფრთოსანი „კალიბრების“ ზალპისთვის, ამერიკული გლობალური თანამგზავრული სადაზვერვო სისტემა ამის ადრეულად დაფიქსირებასა და უკრაინელი სამხედროებისთვის ოპერატიულად გადაცემას ასწრებს, რაც საშუალებას იძლევა, უკრაინულ ქალაქებში დროულად გამოცხადდეს საჰაერო განგაში და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოასწროს თავშესაფრებში ჩასვლა...
და თუკი ამასაც დაუბლოკავს ტრამპი უკრაინას, იმის ფონზე, როდესაც „პეტრიოტის“ ანტირაკეტებს სპეციალურად არ ყიდის უკრაინელ მეზენიტეებზე, მაშინ საბოლოოდ გამოჩნდება, თუ ვის მხარესაა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ ომში...
ისე კი, გამოჩნდა, რომ მართალი ვიყავით, როდესაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 16 სექტემბრის „კვირის პალიტრის“ სტატია ასე დავასათაურეთ- „თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს პუტინის კი არა... ტრამპის დამსახურება იქნება“...