ონკოპაციენტის ჩანაწერები
ონკოპაციენტის ჩანაწერები - დასაწყისი
ონკოპაციენტის ჩანაწერები - ნაწილი 1
ონკოპაციენტის ჩანაწერები - ნაწილი 2
ონკოპაციენტის ჩანაწერები - ნაწილი 3
ონკოპაციენტის ჩანაწერები - ნაწილი 4
ბავშვობაში მე და ჩემს დას, ასევე ჩემს ბიძაშვილ-დეიდაშვილებს, ძირითადად, დედაჩემი გვჭრიდა თმას, გვჭრიდა რა, ბიჭურად, უმოკლესად გვკორტნიდა, სადღაც შუბლის შუა ნაწილზე დაყენებული "ჩოლკით", იმავე წინამოთი. ასე რომ, მთელი ბავშვობა გრძელ თმასა და ბაფთებზე ვოცნებობდით... წლების მერე რომ ვეკითხებოდით, ასე რატომ გვიმეტებდიო, გვეუბნებოდა, სად მეცალა თქვენი გრძელი თმის მოსავლელადო... მართლაც სად ეცალა? - ოჯახი, სახლი, ეზო-კარმიდამო, ბიბლიოთეკა... ტრიალებდა ციბრუტივით დილის ექვსი საათიდან გვიან ღამემდე, მართლაც მოსწრებაზე იყო... თუმცა ეს აღმოჩნდა ჩემი ბავშვობის ისეთი დანაკლისი, რომ მთელი ცხოვრება ვერაფრით ავინაზღაურე... ოდნავ მოვიზარდე თუ არა და საკუთარი თავის მოვლა შევძელი, იქიდან მოყოლებული დღემდე გრძელ თმას ვატარებდი და ასაკის მატებასთან ერთად, თითქოს ზუსტად ვიცოდი, რომ დრო იყო დავმშვიდობებოდი და ახლებურ იმიჯზე მეფიქრა, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე, ვერაფრით შეველიე... ახლა კი, როცა მეუბნებოდნენ, რომ მესამე ქიმიის შემდეგ მომიწევდა თმასთან დამშვიდობება, ჩემი ბავშვობის ბაფთებზე მეოცნებე პატარა გოგოს განცდები მიბრუნდებოდა, თან ცოტა ირონიულად ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ნებით ვერა და აგერ ძალით მოგიწევს ახალ იმიჯზე ზრუნვა-მეთქი... ასეთია კიბო, მასთან დაპირისპირება გაცლის ფერს, თმას, ენერგიას, ნერვებს. თითქოს გამჭვირვალე ხდები, გგონია, მინის ჭურჭელი ხარ და მთელი შენი შიგთავსი ყველასთვის თვალხილულია... თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მქონდა...
მანამდე კი...
ვაგზლის მოედანზე ამოვედი მეტროდან, გადავჭერი ქუჩა თამარ მეფის გამზირისკენ და ქუჩას დავუყევი. მალევე მივადექი აფთიაქს, სადაც იყიდებოდა ეს საკრალური "კეიტრუდა". შესასვლელთან გავჩერდი, თაკოს ველოდებოდი. რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი გამოცემიდან დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს მათ დოკუმენტურ ფილმში მიმეღო მონაწილეობა, როგორც პაციენტს, რომლის მკურნალობას სახელმწიფო სრულფასოვნად არ აფინანსებდა და იძულებული იყო საკუთარი ძალით მოეპოვებინა საჭირო თანხა. როგორც ამიხსნეს, ფილმი ონკოლოგიური მიმართულებით სამედიცინო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე იქნებოდა და მნიშვნელოვანი მედიკამენტების დაფინანსების აუცილებლობის შესახებ კამპანიის წამოწყებასაც ისახავდა მიზნად. უარი არ მითქვას, ვცადოთ რა გამოვა-მეთქი და... ახლა აგერ ვიდექი და თაკოს ველოდებოდი, გოგოს, რომელიც მომავალი ფილმის ოპერატორიც იყო და რეჟისორიც. მალევე გამოჩნდა, მანამდე მესენჯერში ვილაპარაკეთ, ძალიან მომეწონა და გადაღებას დავთანხმდი. რეალობაში კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა მასთან ურთიერთობა. მომიბოდიშა, დამაგვიანდაო და აპარატურის გამართვას შეუდგა - მიკროფონი დამიმაგრა და შევედით აფთიაქში, სადაც სამი პროვიზორი იყო. მათგან ერთთან იდგა კლიენტი, მეც მის გვერდით მივაჭერი და ვუთხარი, რომ "კეიტრუდა" უნდა მეყიდა და რეფერალურ პროგრამაში წასაღებად კალკულაცია და ანგარიშფაქტურა მჭირდებოდა... გადაღება არ აუკრძალავთ, რიგი სხვა დაწესებულებების მსგავსად, რაც ცოტა გაგვიკვირდა...
დაფინანსების სქემა რომ უფრო ნათელი გახდეს, მოკლედ განვმარტავ. ამჟამად საქართველოში ასეთი სისტემაა: როდესაც დიაგნოზი დადასტურებულია და მკურნალობა უნდა დაიწყოს, არჩეული კლინიკა მონაცემებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში გზავნის. იქიდან მოდის კოდი, რის მიხედვითაც მოთხოვნილი მედიკამენტები კლინიკას მიეწოდება. პარალელურად, თუ საჭიროა ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს, განაცხადი რეფერალურ პროგრამაში უნდა შეიტანო.
მოკლედ, ფორმა 100-ით მიდიხარ აფთიაქში, სადაც პრეპარატი იყიდება, კალკულაციას იღებ და მიგაქვს ფორმა 100-თან ერთად რეფერალურ პროგრამაში, სადაც შენს მოთხოვნას ორ კვირაში განიხილავენ... აი, სწორედ ამ ფორმა 100-ით ვიდექი აფთიაქში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ რაღაც პროგრამაში არ ვიყავი დარეგისტრირებული და კალკულაციასაც ვერ გამატანდნენ. იქ გავიგე პირველად, რომ ჩემი მონაცემები პარალელურად, ონკოპაციენტების რეესტრშიც უნდა ყოფილიყო ასახული.
ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკე. წარმომადგენელმა მითხრა, რომ ეს პროცესი პარალელურად უნდა მომხდარიყო. თუ ჩემი მონაცემები ბაზაში ჩნდებოდა, რეესტრშიც უნდა ასახულიყო. გადაამოწმა და მითხრა, რომ აჯობებდა, ჩემს ონკოლოგს მონაცემები ონკოპაციენტების რეესტრში ხელით შეეყვანა. იქ მისულს, კალკულაციის გარეშე წამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ ექიმი იმ დროს პაციენტთან იყო გასული და სატელეფონო ზარს ვერ პასუხობდა. ასე წამოვედით მე და თაკო ხელცარიელი...
თუმცა მანამდე იყო ერთი საინტერესო, უფრო სასაცილო მომენტი - როცა პროვიზორს და მენეჯერს ველაპარაკებოდი, გვერდით შუახნის ქალი წამლებს ყიდულობდა, "კეიტრუდას" ფასს რომ მოჰკრა ყური, ინტერესმა ისე სძლია, თავი ვერ შეიკავა და მკითხა, ეგ რისი წამალიაო? მე კი ღიმილით ვუპასუხე - კიბო, კიბო მჭირს-მეთქი. სახე გაეყინა, ისეთი რეაქცია ჰქონდა, გამეცინა. სასოწარკვეთილი მიყურებდა, ფიქრობდა ალბათ, დიაგნოზის გაგების მერე გაგიჟდა ეს საწყალიო...
ასე წამოვედით მე და თაკო აფთიაქიდან, გზად კიდევ დავგეგმეთ, რას და როგორ გადავიღებდით... მეორე დღეს ისევ წავედით, კალკულაცია წამოვიღეთ და რეფერალურ სამსახურში მივიტანეთ. იქ კი აღმოვაჩინე, რომ მედიკამენტის მოსათხოვნად ფორმა 100 და პირადობის მოწმობის ასლი საკმარისი არ ყოფილა და კიდევ უნდა მიმეტანა ცნობა, კერძო დაზღვევამ დამიფინანსა თუ არა... კიდევ კარგი, ფიზიკური დოკუმენტი არ მომთხოვეს და დაზღვევიდან ელექტრონულად გამოგზავნილი ცნობაც მიიღეს...
ჰო, აქ აუცილებლად უნდა დაიწეროს, რეფერალურში მოთხოვნის შეტანისას, მე და თაკოს გვარიან რიგში მოგვიწია დგომამ.
აი, ეს ყველაფერი ხომ თითქოს დეტალებია, მაგრამ აბურდული ბიუროკრატია დიდ ენერგიასა და ძალას გართმევს... თან ძალიან უცნაურია, ტექნოლოგიური რევოლუციის პარალელურად, ქაღალდებით რომ გიწევს ადამიანს სირბილი უწყებიდან უწყებაში...
მოკლედ, დავდიოდი მე ამ ქაღალდებით და დამყვებოდა თაკო თავისი კამერით... გზადაგზა პატარ-პატარა ინტერვიუებს ვწერდით. იდგა ჩემთან ერთად გაუთავებელ რიგებში. ზოგან კამერას რომ ხედავდნენ, იმალებოდნენ, ერთი-ორგან გვეჩხუბნენ კიდეც. თუმცა ეს მე და თაკოს უფრო გვართობდა, ვიდრე გვაშფოთებდა.

22 ივლისი
- შენ ახლა ამპარტავნება გალაპარაკებს, უფალმა მოგცა საშუალება, სძლიო ეს მანკიერება, თავი დაიმდაბლო და გადარჩენის გზასაც გიჩვენებს, - მითხრა რუსამ მას მერე, რაც ვუთხარი, თუ როგორ მიჭირდა დახმარების თხოვნა. არადა, დრო ბევრი აღარ რჩებოდა, ან მხოლოდ ქიმიოთერაპიით უნდა დამეწყო მკურნალობა, ან იმუნოთერაპიისთვის საჭირო თანხა საზოგადოებისთვის უნდა მეთხოვა. სამსახურიდან ჩემს პოსტს ელოდნენ "ფეისბუკზე", კამპანია რომ დაეწყოთ და გიორგი ამას მალიმალ მახსენებდა... რუსას გარდა ეს ვისაც არ უნდა ეთქვა, ჩემგან მკვახეზე მკვახე პასუხს მიიღებდა, მაგრამ მისგან ისეთი ბუნებრივი მოსასმენი იყო, დამაფიქრა... სხვა ადამიანი არც ვიცი, რომელშიც ასე ერწყმის ერთმანეთს თეოლოგიური ცოდნა და სრულიად პირველყოფილი, ბავშვური და უკიდურესად გულუბრყვილო რწმენა... ჩვენ კოლეგები ვართ. როცა ჩემი ამბავი გაიგო, დამირეკა და მითხრა, - მე ბევრ რამეში შეიძლება ვერ დაგეხმარო, მაგრამ სულიერ გზაზე შენი გზამკვლევი ვიქნები, ოღონდ უნდა გამომყვეო... კლინიკის რომელიღაც მორიგ რიგში ვიდექი და ბოლომდე ვერც გავიგე, რას მეუბნებოდა. კი, კი-მეთქი, დავთანხმდი... წინ რა მელოდა, ამაზე ცოტა ხანში მოგიყვებით...
ორი დღე ვწერდი ტექსტს, რომელიც "ფეისბუკზე" უნდა გამომექვეყნებინა, ვცდილობდი მაქსიმალურად ლაკონიურად, ზედმეტი ემოციების გარეშე, იმედიანად და არა შემაშინებლად დამეწერა. ყოველ სიტყვას ვარჩევდი... განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობდი ახლობლებზე, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ ჩემი დიაგნოზი, ვიცოდი, როგორ იდარდებდნენ...
როგორც იქნა, 22 ივლისს, დილით ადრევე გავბედე და გამოვაქვეყნე. მერე რაც ხდებოდა, სიზმარში ნანახივით მახსოვს... არ ჩერდებოდა ზარები, შეტყობინებები ტელეფონზე, მესენჯერში, ვოცაპში, ინსტაგრამზე და ა.შ. ჩემი პოსტიდან 15 წუთში "პალიტრის" ყველა პლატფორმაზე, რადიოსა თუ ტელევიზიაში უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია ჩემზე. ამას აჰყვა თითქმის მთელი ქართული მედია... ჩემი კოლეგები სხვადასხვა გამოცემიდან აზიარებდნენ პოსტს, ჰყვებოდნენ ჩემზე ამბებს, რომელიც რიგ შემთხვევაში მე არც მახსოვდა, არ იშურებდნენ ყველაზე თბილ და სიკეთით სავსე სიტყვებს. მთელ სოციალურ ქსელში მე ვიყავი... უკვე შესვლასაც ვეღარ ვბედავდი, რადგან ცრემლები თავისით მომდიოდა. დიაგნოზის დასმიდან მოყოლებული არაფერზე მიტირია, მაგრამ აბსოლუტურად უანგაროდ და სიყვარულით გაცემულ ამხელა სიკეთეს ჩემმა ემოციურმა მდგომარეობამ ვერ გაუძლო... ვცდილობდი ყველასთვის იმედიანად მეპასუხა, მადლობა გადამეხადა, ახლობლები დამემშვიდებინა...
საბანკო ანგარიშებიდან ჩარიცხვის შეტყობინებები კიდევ კარგა ხანს არ გაჩერებულა, მაგრამ მათი ნახვა კარგა ხანს ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა, რადგან ჩემთვის გამეტებული ყოველი თეთრი მადლიერების ისეთ ტალღას იწვევდა, ტირილს ისტერიულად ვიწყებდი... ახლა მთელი საბანკო ამონაწერები მაქვს ამ ადამიანების, რომელთა შორის ჩემი ნათესავების, ახლობლების, მეგობრების, კოლეგების, რესპონდენტებისა და ნაცნობების გარდა, უამრავი სრულიად უცნობი ადამიანია... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მათ გვარ-სახელებს ხშირად ვკითხულობ, ვცდილობ დავიმახსოვრო, როგორც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი...
არ ვიცი, ეს მართლაც ქვაზე დადებული სიკეთე როგორ შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა, ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ასევე სხვების უანგარო დახმარებით...
ასე, ლამის 3-4 დღეში მოხერხდა ჩემი იმუნოთერაპიისთვის საჭირო თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის შეგროვება... ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ ჩემი მკურნალობის გზა უნდა მექცია სხვა ონკოპაციენტების იმედად და მებრძოლა მათი უფლებებისთვის.
არ არსებობს სიტყვები ჩემი მადლიერების გამოსახატავად... დიახ, ეს ჩვენ ვართ, ის საზოგადოება, რომლის თანადგომაც სჭირდება ახალი საქართველოს აშენებას და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ! კიდევ უკიდეგანოდ მადლიერი ვარ ადამიანების, ქალების, რომლებიც მწერდნენ, რომ ძუძუს კიბო ჰქონდათ და დაამარცხეს. მათ გამანდეს და გამიზიარეს საკუთარი გამოცდილება...
რამდენიმე დღეში რეფერალურისა და კერძო დაზღვევის დაფინანსებული 2 გადასხმისთვის საჭირო 4 ამპულა უკვე წამოვიღე აფთიაქიდან, ოთხიც თურქეთში შევუკვეთე და მის ჩამოსვლას ველოდებოდი. მნიშვნელოვანია მისი შენახვის პირობები, რაც 2-8 0ჩ ტემპერატურას გულისხმობს, ამიტომ გადაადგილებისას ყინულებში უნდა იყოს მოთავსებული, შინ კი მაცივარში. ჰოდა, მოვიტანე შინ პირველი დოზები და იმ დღეს მთელ საქართველოში გაითიშა ელექტროენერგია, კიდევ კარგი, თერმოჩანთები და ყინული მომარაგებული მქონდა და ამპულები მომენტალურად გადავიტანე ჩანთებში... მსგავსი რამ კიდევ რამდენიმე დღეში განმეორდა... მას მერე ისეთი შეშინებული ვარ, ჩვენი შინ არყოფნისას დენი არ გაითიშოს, მედიკამენტებს ვინახავ მეზობელთან, ოჯახში, სადაც ვიცი, რომ დღის განმავლობაში ვიღაც მაინც სახლშია.

რუსა
“
"ლახვრითა განიგმირე, მხსნელო, ჯვარს-ეცვი რა გვერდით შენით წყარონი ღმრთივ-ბრწყინვალენი უკვდავებისანი ჩვენ მოკვდავთა ამათ აღმოგვიცენენ, უკვდავ-მყვენ ჩვენ".
დიდი კურთხევანი.
ლოცვა ლახვრითა და ჯვრით
პარასკევი ღამდებოდა, მომდევნო ორშაბათს უკვე ჩემი პირველი გადასხმა იყო დაგეგმილი. წინა დღეებში ნატა და გაბრიელი ჩამოვიდნენ, სოფელში იყვნენ, მეც შაბათს ვგეგმავდი წასვლას.
რუსამ დამირეკა და მოკითხვის მერე მითხრა, ხვალ საღამოს სამებაში გელოდები მამა თეოდორეს უნდა შეგახვედროო...
- რა სამება, რუსა, ხვალ სოფელში მივდივარ, - ვუპასუხე დაუფიქრებლად, ისე, რომ ჩვენი წინა საუბარი სულ არ მახსოვდა...
- აკი დამპირდი, რომ გამომყვებოდი, იცოდე, არ მოგეშვები, თან მამა თეოდორე შევიპირე, შენი გულისთვის მოდის, უნდა მოხვიდე - გამომიცხადა ისე, რომ სხვას ალბათ, უარს ვეტყოდი, მაგრამ მივხვდი, რუსასთან ეს არ გამივიდოდა და დავთანხმდი...
მეორე დღეს, 5 საათზე, სამებაში ვიყავი. ძალიან ცოტა ხალხი იყო, ვაჟთა გუნდი გალობდა. რუსაც მალევე მოვიდა, მამა თეოდორეს აგვიანდებოდა... სადღაც კუთხეში ჩამოვჯექით.
რუსა გეგმავდა, იქნება დღეს მამა თეოდორე დავითანხმო, ხვალ რომ ეზიაროო...
- რას ნიშნავს ვეზიარო, ამისთვის საერთოდ არ ვარ მზად, თან ხომ იცი, მე არ მჯერა დიდად...
- არა აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა, მთავარია, მე მჯერა, რომ თუ ეზიარები, კარგად იქნები! აუცილებელია ქიმიებისას ეზიარო ხოლმე, ჩვენი პატრიარქი ილიაII ამბობდა, ავადმყოფობის დასამარცხებლად 50% რწმენაა, დანარჩენი 50% მედიცინაო...
- რუსა, არ გესმის, არ ვარ მე ზიარებისთვის მზად...
რუსა აშკარად არ მისმენდა, თავისთვის გეგმავდა როდის და როგორ გააგრძელებდა სულიერების გზაზე ჩემს მეგზურობას. უცებ სამაჯურები მოიხსნა, თეთრი და შავი, ეს ჩემგან, საქართველოში სიწმინდე არ არის ალბათ, სადაც არ იყოს მოლოცვილი...
და ამასობაში მამა თეოდორეც მოვიდა... სამების ერთ-ერთ ფრთაში, პატარა სამლოცველოში შევაბიჯეთ. მამა თეოდორემ გამომკითხა ავადმყოფობის ამბავი, სტადია რომ გაიგო, მაგას სიმსივნედაც აღარ განიხილავენო...
- ზიარება მიგიღია აქამდე როდისმე?
- ვიყავი აღმსარებელიც და მოზიარეც...
- ეგ რამდენი წლის წინ იქნებოდა?
- ბევრი წლის წინ...
- ჰმ, აქ მე მრევლის წევრები მყავს, ერთი კვირა რომ არ ეზიარებიან, იძახიან, ეშმაკები შეგვიძვრნენო, შენ რა დღეში იქნები?!
გამეცინა, შევხედე - მასაც ეღიმებოდა, იცინოდა რუსაც... მამა თეოდორე საკურთხეველში შევიდა და იქიდან ცოტა ხანში პატარა ხანჯლითა თუ შუბით დაბრუნდა...
მე ყურადღებით ვათვალიერებდი, ისევ ღიმილი ჰქონდა სახეზე დაფენილი - მოდი, დავლახვროთ შენი ავადმყოფობაო...
ლახვრის ლოცვის ამბავი ბუნდოვნად მახსოვდა. ამ ლოცვისას მღვდელი ჯვრითა და ლახვრით, რომლითაც პურს აკურთხებენ ლიტურგიაზე, ლოცულობს სნეულის სულიერად და ხორციელად განსაკურნებლად, ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლისა და წყლის მადლზე მითითებით.
რუსას დიდი მოწადინების მიუხედავად, რომ მეორე დღესვე ვეზიარებინე, მამა თეოდორემ ერთი კვირის მერე დამიბარა აღსარებაზე...
სამებაში მე და რუსა კიდევ ცოტა ხანს გავჩერდით. სანთლები დავანთეთ. შინ გაორებული გრძნობით დავბრუნდი - თან ჩემი კითხვები, ეჭვები არ მაძლევდა მოსვენებას, თან მამა თეოდორეს გადამდები სიმშვიდე და სილაღე. ამასთან, რუსას იმედი და ნდობა საოცარ სიმშვიდეს მანიჭებდა და აუხსნელი სიხარულით მავსებდა...
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)